"ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" - 40 წელი ფილმის გადაღებიდან და ქეთი დოლიძის გულახდილი ინტერვიუ
1983-85 წლების მონაცემებით, „კუკარაჩა“ მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში 46-მა მილიონმა ადამიანმა ნახა.
ფილმი ეკრანებზე 40 წლის წინ, 1983 წელს გამოვიდა.
"40 წელი გავიდა "კუკარაჩას" გადაღებიდან და მე სულ მგონია, გუშინ თუ იყო ეს ყველაფერი. რაღაც, ძალიან უცებ გავარდა დრო... ამ ქვეყნად აღარ არის მარინა ჯანაშია, რომელიც ამ ფილმში საუკეთესო იყო. პატარა ბიჭი - თამაზიკო (ლადო ტატიშვილი) აფხაზეთის ომში მიდიოდა და სამტრედიაში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა... ასე რომ, გულში ძალიან, ძალიან დიდი ტკივილი მაქვს...", - ამბობს რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც "კვირის პალიტრას" თავის საკულტო ფილმზე ესაუბრება...
- ფილმი "კუკარაჩა" 1982 წელს არის გადაღებული, ეკრანებზე 1983 წელს გამოვიდა... ვერ ვიტყვი, რომ გადაღებას რამე სირთულეები ახლდა. ამ ფილმს რომ ვიღებდით, სწორედ მაშინ ჩემს მეორე შვილს ველოდებოდი... თამრიკო "კუკარაჩას" გადაღებების დროს გაჩნდა. ბოლო წუთამდე ვმუშაობდი და მისი დაბადებიდან ათ დღეში ისევ გადაღებაზე წავედი. ბავშვს კვება რომ უწევდა, ჩემთან, გადაღებაზე მოჰყავდათ...
ფილმის გადაღებების პროცესი ამ მხრივ ჩემთვის ძალიან გამორჩეული იყო და ბიჭი რომ გაჩენილიყო, ალბათ, "კუკარაჩას" შეარქმევდნენ.
ფილმის ნახვა ვეღარ მოასწრეს, მაგრამ რაც მთავარია, შეკრული ფილმის ბოლო ვარიანტი, დაახლოებით, ორსაათნახევრიანი მასალა ვაჩვენე მამაჩემსაც და ნოდარ დუმბაძესაც... ორივეს ძალიან მოეწონა! ნოდარ დუმბაძემ რაც თქვა, ჩემთვის მუდამ ძალიან დიდი პატივია - "ეს არის ნამდვილი ნოდარ დუმბაძეო"... ძალიან დადებითად მიიღო ყველა გმირი.
ლევან უჩანეიშვილის ამ როლზე დამტკიცება არ უნდოდათ. როდესაც ეს საკითხი გავიტანე, რეზო ჩხეიძემ მხარი ძალიან დამიჭირა... ამბობდნენ, ცისფერი თვალები აქვს და საერთოდ არ ჰგავს იმ ბიჭს, რომელიც ნაწარმოებშია აღწერილიო.
მე ეკრანზე ლამაზი ხალხი ძალიან მიყვარს! ასე ვთქვათ, ეს ჩემი გამორჩეული თვისებაა, ასეთი რეჟისორი ვარ... მინდოდა, ჩემი ფილმის ყველა გმირი ძალიან სიმპათიური ყოფილიყო, მურტალოც კი... სულ ვამბობდი, არ შეიძლებოდა ინგასნაირ ქალს მურტალო რაღაცით არ მოსწონებოდა. ის ხომ დასთანხმდა მურტალოს, მარტო შიშის გამო ხომ არა?!
ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი პატივმოყვარეობისთვის, რაც ყველაზე კარგად მასწავლა მამაჩემმა - სიკო დოლიძემ და რაც მთავარია - მიხეილ თუმანიშვილმა, მსახიობების არჩევა თეატრშიც და კინოშიც ზუსტად ვიცი! ჯერჯერობით არასდროს შემშლია.
ჩემს ხელში, ისევე, როგორც მამაჩემის ხელში, ძალიან ბევრი მსახიობი, რაღაცნაირად, თავიდან დაიბადა... მაგალითად, გია როინიშვილი ყოველთვის კომედიურ როლებს თამაშობდა და ყველას მხოლოდ სახასიათო მსახიობი ეგონა... 1996 წელს, სპექტაკლი "სერობა" რომ დავდგი, განაწილების დროს მიხეილ თუმანიშვილმაც კი მითხრა, გია როინიშვილი წმინდა პეტრეს როლზე როგორ შეიძლებაო?!.. ვუთხარი, ბატონო მიშა, დამერწმუნეთ, გია ერთ-ერთი საუკეთესო დრამატული მსახიობია-მეთქი და სპექტაკლმა ამ სიტყვების ჭეშმარიტება დაამტკიცა - გია ერთ-ერთი საუკეთესოა ამ სპექტაკლში!
არასოდეს შევმცდარვარ მსახიობების არჩევაში და ვფიქრობ, ჩემი ეს თვისება ვიღაცამ მაინც უნდა აღნიშნოს. ამას თემურ ჩხეიძე სულ ამბობდა და ისევ ვიმეორებ, მაპატიეთ, რომ პატივმოყვარეობა მაქვს და ვიმეორებ!
- ისევ ფილმ "კუკარაჩას" რომ დავუბრუნდეთ... ის ფრაზები დღემდე ტრიალებს ხალხში...
- ეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების ფრაზებია... გეთანხმებით, ფილმიდანაც ბევრმა აიღო, კინოეკრანი ამას ხელს უწყობს. მოთხრობა "კუკარაჩა" იმდენად პოპულარული იყო, როგორც კი დაიბეჭდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა ენაზე გადაითარგმნა. სწორედ ამან შეუწყო ხელი, რომ ფილმს ამდენი მაყურებელი ჰყავდა. ძალიან პოპულარული იყო თვითონ ნოდარ დუმბაძე და მისი ეს მოთხრობაც და მე მიმაჩნია, რომ მსახიობებთან ერთად, ყველამ ძალიან ღირსეულად გავართვით თავი, რომ ფილმი საუკეთესო გამოსულიყო.
- საზღვარგარეთიდანაც უზარმაზარი ინტერესი იყო...
- დიახ, 38-მა ქვეყანამ იყიდა "კანის" კინობაზრობაზე... 1990 წელს მე იქ ვინ წამიყვანდა? მაგრამ ფილმს უდიდესი წარმატება ჰქონდა...
- მოარულ ფრაზად იქცა თქვენი ნათქვამი ფრაზა - "ჩემი "კუკარაჩა" ნანახი გაქვს?" გეგულებათ ვინმე, ვისაც არ უნახავს?
- არა! ისევე, როგორც თითქმის არავინ მეგულება, ვისაც ნოდარ დუმბაძის მოთხრობები და განსაკუთრებით, ეს მოთხრობა წაკითხული არ აქვს! თუმცა რაღა მიკვირს, ვიღაც კორესპონდეტმა თქვა ამის წინათ, შოთა რუსთაველი მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდაო...
40 წელი გავიდა "კუკარაჩას" გადაღებიდან და მე სულ მგონია, გუშინ თუ იყო ეს ყველაფერი. რაღაც, ძალიან უცებ გავარდა დრო... ამქვეყნად აღარ არის მარინა ჯანაშია, რომელიც ამ ფილმში საუკეთესო იყო; პატარა ბიჭი - თამაზიკო (ლადო ტატიშვილი) აფხაზეთის ომში მიდიოდა და სამტრედიაში ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა... ასე რომ, გულში ძალიან, ძალიან დიდი ტკივილი მაქვს...
- ადრე ფილმს ხშირად აჩვენებდნენ, დღეს გადის ძველებური ინტენსივობით?
- დიახ, სულ ცოტა ხნის წინაც ვნახე რომელიღაც არხზე. უკმაყოფილებას ვერ გამოვთქვამ, რომ არ გადიოდეს... ახალმა თაობამაც იცის ფილმის შესახებ. ვერ ვიტყვი, რა ვითარებაა საზღვარგარეთ, თუ აჩვენებენ, რადგან ძალიან შეიცვალა ყველაფერი და ფილმების გაქირავება სხვანაირად ხდება....
ქართული ფილმი, "კუკარაჩას"...
ჟანრი დრამა, მელოდრამა...
"სიუჟეტი: მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დასასრული. თბილისის ერთ-ერთი უბნის ინსპექტორი, მეტსახელად "კუკარაჩა", სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს უბანში. მისი და რეციდივისტი "მურტალოს" გზები საერთო სიყვარულის გამო გადაიკვეთება... "კუკარაჩას" ზნეობრივი პრინციპებისა და საყვარელი ქალის ღირსების დასაცავად საკუთარი სიცოცხლის გაღება უწევს მსხვერპლად...
სცენარისტები: ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხ. სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
ოპერატორი: მიხეილ მედნიკოვი
მხატვარი: ნოდარ სულემანაშვილი
კომპოზიტორი: გიორგი (გოგი) ჩლაიძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
როლებში: ლევან უჩანეიშვილი (კუკარაჩა), ნინელი ჭანკვეტაძე (ინგა), ზაზა კოლელიშვილი (მურტალო), მარინე ჯანაშია (ანიკო, თამაზის დედა), ლადო ტატიშვილი (თამაზი), გივი თოხაძე (მაიორი საბაშვილი), დუდუხანა წეროძე (მართა), ლია კაპანაძე (ინგას მეგობარი), თამაზ თოლორაია (ალი), ბონდო გოგინავა (კაპიტანი გაბო), გრიგოლ წიტაიშვილი (მოსამართლე), მიხაილ კოზაკოვი, ქეთევან ესაიაშვილი.
ხანგრძლივობა: 91 წთ.
ფერი: ფერადი.
(სპეციალურად საიტისთვის)