ომიდან ერთი წლისთავი, პოლიტიკოსების სიბნელე და კავკასიური გასაღები
როდესაც ჩემ გარშემო, ხანდახან ისევ მესმის რუსეთი და უკრაინა ერთია, ერთი ფუძე აქვს და იმედია, შერიგდებიან... ასეთ ადამიანებს მინდა ვუპასუხო, რამდენი დედა გახსენდებათ საკუთარ შვილზე რომ უარი თქვა, მოიცილა, ან საერთოდ, ნაგვის ბუნკერზე გადააგდო. ნუთუ, ასეთ დროს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი დედა-შვილი არიან, ნუ ჩავერევით და იქნებ, გული მოულბეთ? ასეთი მიდგომით ხომ დედამიწაზე არ იარსებებდა სამართალი, კანონი...
ამით იმის თქმა მინდა, - დიახ, კიევი იყო დედა ყოველივე რუსული ცივილიზაციისა, მაგრამ რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, თავის „შვილს“, გნებავთ თავის აკვანს დაარტყა და ამით საკუთარი „შინაგანის“, „არსის“ შეუქცევადი განადგურების დაწყებას შეუწყო ხელი.
მთელი ჩემი ცხოვრება მიკვირს, როგორ მოვიდა რუსეთი 21-ე საუკუნემდე ასეთი პოლიტიკური ხედვით.. ვგულისხმობ, ჰეგემონობას, თუნდაც საკუთარ ხალხთან, სიბნელეს, არაადამიანობას მთელ რიგ საკითხებში და სიცრუეს, რომლითაც იმართება ეს ქვეყანა.
სულ ერთია სათავეში პუტინი იქნება თუ სხვა, რუსეთი განვითარებას არასოდეს ცდილობს. როგორც ზოგი პოლიტოლოგი იტყოდა, დღეს პუტინს დასავლეთზე მეტად შიდა ე .წ ელიტის უფრო ეშინია და შესაძლოა მასზეა გათვლილი პუტინის ბოლოდროინდელი განცხადებებიც. ნაწილობრივ ვეთანხმები პოლიტოლოგებს, მაგრამ აქვე ისიც ხომ უნდა ითქვას, რომ სულ ცოტა, ამ ეგრეთ წოდებულმა ელიტამ დააჯერა პუტინს, რომ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა მხარს დაუჭერდა მას და სწორი სვლა იყო ომისთვის...
„ პუტინს ისევე დააჯერეს მცდარი ნაბიჯი, როგორც სააკაშვილს საკუთარმა გარემოცვამ აქ ჩამოსვლის შესახებ“- ეს უკვე ჩემს გარშემო გაგებული მოსაზრებებია.
არ არის გამორიცხული, მოატყუა მისმა გარემოცვამ აქ არსებულ განწყობებთან დაკავშირებით, რომ ჩამოვიდოდა და მის ციხესთან დაუსრულებელი აქციები მოეწყობოდა. გეგმით უკვე გარეთ უნდა ყოფილიყო, ფარულ ჩანაწერში ხომ ამბობდა მერე დაიწყება ხალხის სისხლის ღვრა და ვინ იცის კიდევ რა.
როგორც რუსეთის მთავრობა ცდილობს გადააბრალოს თავის უაზრობა გარე ძალებს, ისევე ცდილობს გადააბრალოს ნაც. მოძრაობამ თავისი უსუსურობა გარე ძალებს... როგორც რუსეთშია დღემდე ინფორმაციის მონოპოლია, ეს საბჭოთა სისტემის გადმონაშთი, ისევე იქცევიან პოლიტიკური და განსაკუთრებით ოპოზიციური ძალები... დღეს ითქმის არა ქვეყნისთვის საჭირო სიტყვა, არამედ ვისმენთ ზედაპირულ, იდეებისგან დაცლილ ამბებს...
ის, ვინც მიშას და ევროპას აიგივებს და სხვა გზას არ გვიტოვებს, უპირველესად შევახსენებ, რომ იმ ევროპასა და ამერიკაშიც აქედან გაქცეულმა „ნაცებმა“ დაიწყეს „ჩალიჩი“ და შავი ბიზნესებით აკეთებენ ფულს, არანაირ ევროპულ ღირებულებებს არ ცნობენ და არც იციან რას ნიშნავს... ზუსტად ამ გაურკვეველმა „ძალებმა“ მის ჩამოსვლამდე სამთავიან გველეშაპად აქციეს საკუთარი მაუწყებლობები და მაქსიმუმ 1000 კაცზე მეტი მაყურებელი დღემდე ვერ მოიპოვეს, დღემდე ვერ მართავენ პოლიტიკურ სიტუაციას, რადგან ხალხი ხვდება სიყალბეს.
ევროპულ ღირებულებებზე მელაპარაკება ის ჯგუფი, რომლებმაც დღემდე ვერ გაანალიზეს რა იყო სააკაშვილის სისტემის ნაკლი! (არ არის გამორიცხული, -სწორედ ამ ძალებმა „დაღუპეს“ ის) მისმა პოლიტიკურმა ძალამ ისიც არ იცის,- რაც არ უნდა სასწაული აკეთოს ადამიანმა ქვეყნისთვის, შესაძლოა დღესაც ცოცხალია და პროდუქტიული, მაგრამ მისი დრო ჩავლილია! გესმით? ჩა-ვლი-ლი!
მხოლოდ რუსეთი ხეირობს ჩვენი დაქსაქსულობით და ვინ აკეთებს ამას? პასუხი ცალსახაა. კრიტიკაც მონოპოლიზებული როგორ შეიძლება იყოს, როგორც რუსეთში?
ჩვენი პრობლემა პრობლემად რჩება, როდესაც გარეგნულად აღვიქვამთ ევროპას, ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე და არ ვუშვებთ მას შინაგანად, არსებითად ჩვენში. არ ვუშვებთ ცივილურ თანამშრომლობას, პროცესების სიღრმისეულ განხილვას. ვიღებთ და ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც ერთმანეთის წინააღმდეგ წარმატებით გამოყენებაში გვეხმარება, რის გამოც სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ადამიანი ხდება პოლიტიკური დევნის მსხვერპლი. მოსახლეობა კი ვერ ვითარდება.
რასაც ვხვდები, პოლიტიკოსებისთვის, განვითარებული ქვეყნები არის მხოლოდ დიდი ფული! (ის რაც ზემოთ ვახსენე) ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის კი ევროპა არის ჩვენი იდენტობა, სამართლიანობის განცდა და განვითარებულობის შეგრძნება ყველა სტრუქტურაში. მაშინ, როცა ევროპისკენ სწრაფვა მხოლოდ შენს პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება, ეს არ არის პროევროპულობა. არ-არ-ის!!!
და, საერთოდ, მხოლოდ ევროპა არ არის პანაცეა. ჩვენი უნიკალურობა კავკასიაშია, ჩვენს თვითმყოფადობაშია. ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის გასაღები აქ არის, ქვეყნის შიგნით და არა სადღაც,! მოქალაქეები ვითხოვთ ვიცოდეთ, რას ვიღებთ და რას ვაძლევთ ევროპას... თუ ევროპაში არ გავწევრიანდებით, არ უნდა განვითარდეთ? საკუთარი ხალხი ადამიანებად არ უნდა ჩავთვალოთ, ღირსება არ უნდა გახდეს ფასეული? მუდამ პოლიტიკური ცანცარის წიაღში ვიყოთ?...
ხელისუფლება სულ ცოტა ტრიბუნიდან ტრიბუნამდე მძრომელ შიდა მტრებს ვერ გაუმკლავდა. ვერ აღიარა რა იყო სააკაშვილის მთავრობის დროს სწორად გაკეთებული „ნახტომი“, ვერ განავითარა დანარჩენი. ქურდები და მამაძაღლები ისევ თავზე დაგვასვა, ისევ შიში ჩანერგა მოსახლეობაში...
ვიდრე ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოების ყურადღება ჩამოშორდეს მთავარ საკითხს - მანკიერ მენტალიტეტს და მანკიერ სისტემას, რომელიც ყველა პრობლემის სათავეა და უნდა ვფიქრობდეთ, შევცვალოთ ის, არ დამეზარება და პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ შევახსენებ: თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას, ყველა ადამიანის (გლეხიდან პრეზიდენტამდე) წესებში მოქცევას, გამჭვირვალე სისტემას ყველა დარგში, ყველა პოლიტიკური ძალის მიერ შეცდომების აღიარებას და არა ერთი კაცის ძალაუფლებასა და მოსვლა-წასვლას, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.