"ყველაზე მაგარი მევიოლინე ბიბლიოთეკარებს შორის და ყველაზე მაგარი ბიბლიოთეკარი მევიოლინეებს შორის" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მაგარი მევიოლინე ბიბლიოთეკარებს შორის და ყველაზე მაგარი ბიბლიოთეკარი მევიოლინეებს შორის"

თვითონ მიპოვა. „წარმატებულ ქალთა ორგანიზაციის“ გვერდზე გნახეთ და დაგიმეგობრეთო. მერე პანდემია დაემთხვა, პირადად ვერ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ჩემს სოციალურ სამეგობროში, მგონი, ერთადერთი ადამიანია, ვისგანაც, მიუხედავად ზოგადი მდგომარეობის სიმძიმისა, დღესაც უდიდესი ხალასი მოდის... ერთხელაც, როდესაც ჩაბნელებულ კორპუსებს შორის იდგა და ვიოლინოს უკრავდა ფორთოხლისფერთმიანი შეარქვეს... თუ მინდა დადებითი მუხტი მივიღო, მის მიერ შესრულებულ მუსიკას ვუსმენ. მთავარი არ გამომრჩეს, ეს გვანცა ჩხეიძეა, პროფესიონალი მუსიკოსი და მგონი, პირველი ვიოლონჩელისტი ქალი, რომელსაც მე ვიცნობ. მასთან ინტერვიუს საშუალებით, შევეცდები, მის შესახებ კიდევ ბევრი რამ გავიგო.

- ღმერთო ჩემო, ვიოლინო. როგორი სასიამოვნოა მისი მოსმენა. ბავშვობიდანვე ვიოლინოს სწავლა დაიწყეთ თუ ჯერ პიანინო იყო? აი, მშობლები ძალით, რომ ატარებენ ბავშვებს, ძალიან რომ სძულთ ნოტების სწავლა... არ ვიცი, მე არ მივლია და სულ მიკვირდა, რატომ არ უნდოდათ ბავშვებს მუსიკა...

- 6 წლის ვიყავით მე და ჩემი ტყუპისცალი ძმა, მშობლებმა მუსიკალურ სკოლაში რომ შეგვიყვანეს. ეს ჩვენი მშობლების გადაწყვეტილება იყო, რომლებსაც ძალიან უყვარდათ ვიოლინო. ჩემი პოლონელი დიდი ბაბუა მევიოლინე იყო. ბებია ხშირად მიყვებოდა „ჩერდაკში“ დამალულ, დამტვერილ ვიოლინოზე, რომელსაც მამამისი ინახავდა. მერე, პოლონეთში ომი დაიწყო, ჩემს დიდ ბაბუას ფეხი მოკვეთეს და იძულებულები გახდნენ საქართველოში წამოსულიყვნენ. ალბათ, მამაჩემის სიყვარული ამ ინსტრუმენტისადმი აქედან მოდის.

იმ დროს მუსიკალურში სწავლა უფასო იყო, მშობლებს არც ინსტრუმენტზე ზრუნვა უწევდათ, ამიტომ, მიუხედავად ბავშვის სურვილისა, შვილები მუსიკალურ სკოლაში დაჰყავდათ. ბავშვების უმრავლესობისთვის ეს ტანჯვა იყო... თქვენც აღნიშნეთ და დღეს ბევრი ამბობს, რომ ძალიან სძულდათ მუსიკაზე სიარული, ნოტების სწავლა, მასწავლებლის მათდამი დამოკიდებულება. მუსიკა არ შეიძლება იყოს იძულება, ეს მოთხოვნილებაა, რასაც არასწორი სწავლის მეთოდებით უცვლიდნენ არსს.

- ნებისმიერმა ადამიანმა იცის თუ არა ნოტები და დაკვრა, ის მუსიკის მშვენიერებას მაინც გრძნობს, შეუძლია გაარჩიოს კარგი და ცუდი ჟღერადობა ერთმანეთისგან და ასე შემდეგ... თქვენ რა გაძლევთ დაკვრის საბაბს?

- ჩვენ არ გვჭირდება ცოდნა დედამიწის მიზიდულობის შესახებ, რომ მიგვიზიდოს. ასევე, არ გვჭირდება ცოდნა მუსიკის პარამეტრების, რომ მუსიკა გვესმოდეს და აღვიქვათ. ჩვენმა ორგანიზმმა ისედაც იცის მუსიკა როგორ მოისმინოს, ჩვენმა გონებამ იცის, როგორ გაიგოს, ხოლო ჩვენმა ინტელექტმა იცის - როგორ გაიაზროს. თუმცა, თუ გვინდა, რომ სამყარო შევიცნოთ, უნდა შევისწავლოთ მუსიკის ფენომენი.

პლატონის დროს, მუსიკა და სახელმწიფო ერთმანეთზე დამოკიდებული იყო. პლატონს და სოკრატეს მიაჩნდათ, რომ მუსიკა არის ადამიანის აღზრდის ერთ-ერთი საშუალება. მათ სჯეროდათ, რომ მუსიკის „კილოები“ - დორიული, ფრიგიული, ლიდიური, იონიური, განსაზღვრავდა ბავშვის მომავალს. მაგალითად, თუ ბავშვი ლიდიურ კილოზე იზრდებოდა, ეს განსაზღვრავდა ბავშვის უნარებს - მომავალში ექიმი გამოსულიყო. დორიულ კილოს მებრძოლების აღსაზრდელად იყენებდნენ, იონიურს მასწავლებლის და ა.შ.

ადამიანი მხოლოდ ფიზიკური სხეული არ არის, ის ეთერული სხეულისგანაც შედგება, რასაც ბიოველს უწოდებენ. ადამიანის ტვინი სხეულის გარდა მართავს და აკონტროლებს ემოციურ ატმოსფეროს, რომელიც ეთერულ სხეულშია. ეთერულ სხეულს კი მხოლოდ მუსიკის ენა ესმის და ამავე ენაზე ლაპარაკობს. ძველ საბერძნეთში ეს კარგად იცოდნენ. მკურნალი ავადმყოფს სიმღერით ესაუბრებოდა და ისიც სიმღერით პასუხობდა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი მუსიკის გაგებას ყოველთვის შეძლებს, რადგან ეს მისი ბუნების ნაწილია. ამიტომ არის აზროვნების ეს ფორმა მნიშვნელოვანი, როგორც კრიტიკული აზროვნება ან სხვა. მუსიკა აზროვნების ყველა სახეობასთან თანაარსებობს.

მოცარტის ეფექტი ყველასთვის ცნობილი თერაპიაა, რომლის ეფექტიანობას ბევრი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებდა. შემდეგ, თავიდან ჩაატარეს კვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ნერვული სისტემა 30-წამიანი მონაკვეთებით განისაზღვრებოდა, იმ რითმული ტალღებით, როგორც მოცარტის ნაწარმოებებია აგებული. კვლევებით სხეულის და სულის ჰარმონიას განსაზღვრავს 3000-8000 სიხშირის ბგერები, რასაც ასევე მოცარტის ნაწარმოებებში ვხვდებით.

მე დაკვრის საბაბს თავად ვიოლინო მაძლევს, რომელიც ძალიან ორგანული ინსტრუმენტია. დაკვრისას ყველა უნარის ჩართულობას მოითხოვს. რა ხასიათზეც ვარ, ისე ჟღერს. თითქოს თანამიგრძნობს. ემოციების გამოხატვის, უსაზღვრო შესაძლებლობების ინსტრუმენტია, შენგან დიდ ყურადღებას და სიყვარულს მოითხოვს, რასაც შემდეგ გიბრუნებს.

- გვანცა, მართლა ასე იყო, შესავალში ვთქვი, ყველა ერთსა და იმავე პრობლემის ქვეშ იხარშებოდა, თქვენ ღიმილს და ვიოლინოს არ კარგავდით. პანდემია დასრულდა და სამყარო სულაც არ გახდა მრავალფეროვანი... როგორ ფიქრობთ, მუსიკის მნიშვნელობა რა არის დღეს და ბევრჯერ გადმოგიბირებიათ ადამიანები თქვენ მხარეს?

- პანდემიის პერიოდმა მსოფლიო ახლებურად დააფიქრა. ძველი ღირებულებების გააზრებამ ყველაფრის თავიდან გადაფასება გამოიწვია.

მუსიკა და ხელოვნება მოიაზრება როგორც ცხოვრების აქსესუარი, რომელიც ალამაზებს ან ახალისებს ცხოვრებას, უფრო მეტიც, ზოგისთვის ის მხოლოდ გართობის საშუალებაა, თუმცა ასე მარტივად სულაც არ არის საქმე.

ვერ ვივიწყებ შემთხვევას. სკოლაში ბავშვებს ღონისძიებას მუსიკალურად ვუფორმებდი. განსაკუთრებით ერთ-ერთი თვალებანთებული ბავშვი გულმოდგინედ მისმენდა. გვერდზე მშობელი ედგა. ბავშვმა სთხოვა დედას: „დე, გეხვეწები, მასწავლე რა, ვიოლინოზე დაკვრა?“ დედამ კი უპასუხა: „და, მერე, შენ გგონია, შოკოლადების ფულს ისევ შეაგროვებ?“

არც მორიდებია, რომ პასუხი მეც გავიგე...

ვასწავლიდი ბავშვს, რომლის მშობელიც ცუდად ერეოდა სწავლის პროცესში. 8 გაკვეთილის შემდეგ ბავშვისგან უკვე მელოდიის დაკვრას ითხოვდა. არადა, პროცესია მნიშვნელოვანი, რაც ეხმარება ბავშვს სხვადასხვა უნარის განვითარებაში. ამით იმის თქმა მინდა, რომ მნიშვნელოვანია მშობლის მუსიკისადმი გააზრებული განწყობა და დამოკიდებულება.

პანდემიის პერიოდში, როგორც თქვით, ყველა ერთსა და იმავე პრობლემის ქვეშ იხარშებოდა. ერთ დიდ ტრაგედიაში, რომელმაც ნებით თუ უნებლიედ, ხელოვნების უკვე არსებულ თუ ახლებურ გამოხატვის საშუალებას მიმართა. მალე, ალბათ ამ პერიოდის შედევრებს ვიხილავთ. ჩემს შემთხვევაში კი ელექტრო მუსიკის შესწავლა დავიწყე. გავიარე Ableton live-ის კურსი და სკოლაში ბავშვებს ელექტრო მუსიკას ვასწავლი, რაშიც დიდი ინტერესით ჩაერთვნენ ისინი...

შემეცნებითი განვითარება ბავშვის ფსიქოემოციურობასთან ჰარმონიით უნდა ხდებოდეს, რის საშუალებასაც გვაძლევს მუსიკა, როგორც ადამიანის ემოციური მდგომარეობის ბგერით და რითმით გამოსახვა. დაწერო მელოდია შენი შექმნილი ბგერებით, სიხშირეებით, ნოტებით, შექმნა საკუთარი ხმების ლაბორატორია, ეს არის წარმოსახვის თავისუფალი თამაშის განცდა, რაც ავითარებს თვითრეგულაციის უნარს. თანამედროვე მუსიკალური აზროვნებაც სწორედ ამას გულისხმობს.

ხშირად, ჩემი ამბავი - თუ როგორ დავუბრუნდი ინსტრუმენტს 18 წლიანი განშორების შემდეგ, როცა ვიოლინო მხოლოდ ბავშვობის მოგონებებში არსებობდა, ბევრისთვის მაგალითი და მოტივაციის მიმცემი ხდება. ზოგს მუსიკასთან დაბრუნება, ან სულაც თავიდან შესწავლის სურვილი უჩნდება, რაშიც ვეხმარები ხოლმე და ეს ძალიან მახარებს.

- გარდა, ვიოლინოსი, ზოგადად მუსიკისა, კიდევ რა „ამბებით“ არის სავსე თქვენი ცხოვრება? ვინ არის გვანცა ჩხეიძე?

- ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე კულტურის ინსტიტუტში - კულტუროლოგიის ფაკულტეტზე და პარალელურად ვუკრავდი უნივერსიტეტის ორკესტრში, მამუკა დოლიძის დირიჟორობით. შემდეგ დავოჯახდი. გაჩნდა ლელე, შემდეგ ლუკა და ასე, დაკავებული ვიყავი ბავშვების აღზრდით. ვიოლინოს კი უფრო და უფრო ვშორდებოდი. ის მხოლოდ ბავშვობის მოგონებებში ირეკლებოდა. შემდეგ მუშაობა დავიწყე განათლების სამინისტროში, სადაც გავიცანი საინტერესო ადამიანები, რომლებმაც განაპირობეს ჩემი დღევანდელი მევიოლინეობა. აწყობდნენ საინტერესო საღამოებს... იწვევდნენ სტუმრებს და საუბრობდნენ ხელოვნებასა და კულტურაზე. ერთ დღესაც გავბედე და მათთან ერთად დავიწყე საღამოს გაფორმება. ეს იყო ბითლზის კომპოზიციები. მეგობრების წრის იქით დაკვრას ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა მოხდა ისე, რომ მეგობარი პიანისტი შემომიერთდა და გავაკეთე დუეტი. უფრო გამრავალფეროვნდა ჩემი პროგრამა და თანდათან უცხო მსმენელებთან დავიწყე დაკვრა.

2014 წელს გამომიშვეს განათლების სამინისტროდან და სამსახურის ძიების პარალელურად დაკვრა კაფე-ბარებში დავიწყე, სადაც საინტერესო ადამიანებს ვეცნობოდი. ასე გაგრძელდა სამი წელი. შემდეგ მეგობრის რჩევით გავიარე საბიბლიოთეკო ტრენინგები და გავხდი სკოლის ბიბლიოთეკარი. ამ დროს გავხდი მუსიკის სერთიფიცირებული მასწავლებელიც. თუმცა, ჩემი მიზანი არ იყო ფორმალური გაკვეთილები. ბევრი რამ მქონდა გასახსენებელი და ახლის სწავლაც მინდოდა, ამიტომ კარგი საშუალება იყო საგამოცდო პროგრამის შესწავლა.

როგორც ჩემი მეგობარი მეტყვის ხოლმე - შენ ხარ ყველაზე მაგარი მევიოლინე ბიბლიოთეკარებს შორის და ყველაზე მაგარი ბიბლიოთეკარი მევიოლინეებს შორისო.

- ჰო, მგონი ვიცი. თვალი მოვკარი თქვენს გვერდზე, ერთ-ერთ სკოლაში მუსიკას ასწავლიდით. ჩანდა, ბავშვები სულაც არ წუხდნენ, სიხარულით იღებდნენ გაკვეთილებს. ალბათ, მასწავლებლის დამოკიდებულებას დიდი მნიშვნელობა აქვს?

- მწვანე სკოლის ბიბლიოთეკარი ვარ. მაქვს ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან მიყვარს. აქ მუდამ ფუსფუსია. ვაწყობთ წაკითხული წიგნის პრეზენტაციებს, ვიწვევთ სტუმრებს, წიგნის ავტორებს. გვაქვს შემეცნებითი და გასართობი სამაგიდო თამაშები. ვაწყობთ ინტეგრირებულ გაკვეთილებს... ღონისძიებებს ვაფორმებთ ცოცხალი მუსიკით. ვსაუბრობთ ზოგადად მუსიკაზე და ინსტრუმენტებზე, განსაკუთრებით კი ვიოლინოზე საუბარი მიყვარს. დიდი ინტერესით და ხალისით მოისმინეს „სიმფონიური ზღაპარი,“ რის შემდეგაც ილუსტრაციებით დიდი წიგნი ავაწყვეთ. სკოლის სხვა მასწავლებლები და ადმინისტრაცია ძალიან გვიწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია და მახარებს. ახლა მათემატიკა და მუსიკის თემაზე ვმუშაობ. ბავშვებისთვის გავაკეთე სამაგიდო თამაშები. ზოგი ინტერნეტში მოვიძიე, გადავაკეთე, გადმოვაკეთე - ლოტო, დომინო, ბინგო და სხვა. მორზეს ანბანიც გავაკეთე, რითიც უფროსი კლასელები დიდი ინტერესით თამაშობენ. ჩემი მიზანი თამაშით სწავლებაა, რაც ნამდვილად გამომივიდა. დიახ, სიტუაციას არ ვუშვებ ხელიდან, რომ ბავშვებს მუსიკაზე ველაპარაკო ან მოვასმენინო. მინდა იცნობდნენ სამყაროს, რომელიც მუდამ მათ გვერდითაა. მისი კარები ყველასთვის ღიაა. როცა უნდათ შევლენ და გამოვლენ. უბრალოდ ეს სამყარო ეგულებოდეთ, სამყარო რომელიც მათ ნებისმიერ დროს, მუდამ ელის.

- თანამედროვე ფოტოგრაფები და ზოგჯერ მხატვრებიც თვლიან, რომ თვალებია სულის სარკე და ნახატსა თუ ფოტოზე ხასიათი აუცილებლად უნდა ჩანდეს. თქვენს შესრულებას რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ეს გოგო ალბათ არასოდეს ბრაზდება...

- არა, მეც ადამიანი ვარ (იცინის), რა თქმა უნდა, გაბრაზება ვიცი, მაგრამ, რაც ვიოლინოს ვუკრავ, უფრო სხვანაირად ვბრაზდები. წყობიდან ვეღარ გამოვდივარ... ჩემს ღიმილს და განწყობას მუსიკა იწვევს, რასაც გულწრფელად გამოვხატავ და ალბათ, მსმენელიც მამჩნევს.

- წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამ იცვლება. თუ გაქვთ დროის უკმარისობის გრძნობა და დროს მუსიკით ხომ არ „ებრძვით"?

- ადრე ხშირად ვფიქრობდი, რა იყო ჩემთვის მუსიკა, თუმცა კითხვაზე პასუხი მიძნელდებოდა. ახლა პასუხი მაქვს - მუსიკა ჩემს ცხოვრებას აძლევს ფერს, რომელშიც ყველაფერია.

დროსთან ერთად, ახალი იდეები მომდის, მაგალითად, ვიცი, რომ ევროპასა და ამერიკაში არსებობს სერვისი, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ინსტრუმენტზე შემსრულებელი მუსიკოსები. ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ ამ სერვისს და მიიწვიონ მუსიკოსი - ოჯახის წევრის, მეგობრის, ნაცნობის, ძვირფასი ადამიანის მნიშვნელოვანი დღის გასალამაზებლად. ამ მიზნით გავაკეთე "ფეისბუკ გვერდი" „აჩუქე მუსიკა/Give the gift of music", სადაც შეუძლიათ მომმართონ.

- მშვენიერი იდეაა. წარმატებებს გისურვებთ გვანცა.

სპეციალურად „კვირის პალიტრისთვის“ ნინო ცხვარაშვილი