"თეატრს დავემშვიდობე... მსახიობობას ვაგრძელებ, ოღონდ - კამერასთან"
სერიალში - "სიყვარულს მიღმა" ნათია კვაშალის პერსონაჟი - ეკა ძლიერი, დამოუკიდებელი ქალია, რომლის დაოჯახების თემაც მშობლებისთვის აქტუალური იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეკა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გახლავთ, რის შესახებაც არც მშობლებმა იცოდნენ, არც - მისმა უახლოესმა მეგობრებმა... გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რას ფიქრობს ნათია თავის პერსონაჟსა და სერიალში წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით, ჰქონია თუ არა მსგავს საკითხებთან შეხება რეალურ ცხოვრებაში და უნანია თუ არა პროფესიული არჩევანი...
- როცა ეკრანზე საკუთარ თავს ხედავთ, როგორი განცდა გეუფლებათ?
- საერთოდ, ძალიან თვითკრიტიკული ვარ. მიჭირს ჩემს თავს ეკრანზე მშვიდად ვუყურო. ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმიტომ ვუყურებ, რომ "დავიჭირო", რა არის შესაცვლელი და გასაუმჯობესებელი. სერიალს ვუყურებ, მაგრამ როგორც კი ჩემი მონაწილეობით გადაღებული ეპიზოდი იწყება, მაშინვე საოცრად კრიტიკული ვხდები - ყოველთვის რაღაც პრობლემას ვხედავ...
- მაგალითად, რა პრობლემას?
- ძირითადად, არ მომწონს ხოლმე. არის ეპიზოდები, როცა ვფიქრობ, რომ როლს ბუნებრივად ვასრულებ - კარგად გამოვიდა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც უარყოფითად ვაფასებ: სულ რაღაცას ვეძებ, ჩემს გმირს "ვუჩხიკინებ", რომ უკეთესად ვითამაშო... როცა პანდემია დაიწყო, მოგეხსენებათ, მსოფლიომ 2-წლიანი "ტაიმ-აუტი" აიღო, თან - შვილი გავაჩინე და ისე მოხდა, რომ ახლა, როცა კამერასთან დავდექი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამას პირველად ვაკეთებდი. მსახიობობა ისეთი პროფესიაა, სულ "ჩართული" უნდა იყო, ვითარდებოდე... რაკი დიდი პაუზა გამომივიდა, ძალიან ვნერვიულობდი, კამერასთან როგორი ვიქნებოდი. ამიტომ, საკუთარი თავის მიმართ კიდევ უფრო კრიტიკული ვარ.
- თქვენს სამეგობროში რომ აღმოჩენილიყო ადამიანი, რომლის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იცოდით და ეს ამბავი წლების მერე შეგეტყოთ, საინტერესოა, როგორი რეაქცია გექნებოდათ?
- ნებისმიერ შემთხვევაში, ყველანაირად მხარში ამოვუდგები, გინდა მეგობარი იყოს, გინდა - არა, რადგან კარგად მაქვს შეგნებული, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთ ადამიანებს საკმაოდ ავიწროებენ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავებული ორიენტაციის აღიარება საკმაოდ რთულია. ალბათ, ასეთი ადამიანები ურთულეს გზას გადიან, რომ ოჯახის წევრებს, მეგობრებს სიმართლე უთხრან...
- სერიალში "სიყვარულს მიღმა" თქვენი გმირის - ეკას სექსუალური ორიენტაცია თქვენთვისაც მოულოდნელი ხომ არ იყო, თუ ამის შესახებ თავიდანვე იცოდით?
- მოულოდნელი არაფერი ყოფილა. თავიდანვე შეთანხმებული ვიყავით, რომ საბოლოო ჯამში, ეს გმირი განსხვავებული ორიენტაციის იქნებოდა, მაგრამ სათამაშოდ საკმაოდ რთული გახლდათ: ვგულისხმობ ძიების პროცესს, რომ ეკრანზე ჩემი გმირი ძალიან დამაჯერებელი, ბუნებრივი ყოფილიყო. იმის თამაში, რომ ქალი გიზიდავს, როცა შენივე სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობას მიჩვეული არ ხარ, iolი არ იყო. იმედი მაქვს, ამოცანას თავი გავართვი.
- გვიამბეთ, ამ როლს როგორ ამუშავებდით?
- საერთოდ, როცა მსახიობი ნებისმიერ როლზე მუშაობას იწყებ, ძალიან ბევრს ფიქრობ, სანამ პრაქტიკაში გადაიტან იმას, თუ როგორ დადის, მეტყველებს შენი გმირი, როგორი ემოციის, ბიოგრაფიის მქონეა... ამ როლთან დაკავშირებით, კიდევ უფრო მეტი ვიფიქრე, რომ ჩემთვის უცხო არ ყოფილიყო, კარგად შემესისხლხორცებინა.
- თქვენ და ეკას რა მკვეთრად განმასხვავებელი თვისებები გაქვთ?
- ეკა ძალიან ხისტი და პირდაპირია. ურთიერთობებს საერთოდ არ უფრთხილდება. პირადად მე, ასეთი არ ვარ. ძალიან დიპლომატი გახლავართ.
- თქვენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყებათ?
- როგორც ყველას, მეც მაქვს დადებითი და უარყოფითი თვისებები. მომწონს, რომ გამგები, მშვიდი და დიპლომატი ვარ - ასე ვფიქრობ.
- ადამიანებს ადვილად უმეგობრდებით?
- ძალიან. კომუნიკაბელური გახლავართ. ისეთი ფაქტი საერთოდ არ მახსენდება, რომ ადამიანთან საერთო ენა ვერ გამომეძებნა, სქესის და ასაკის მიუხედავად.
- მეგობარი დაგიკარგავთ?
- არასოდეს და ამით ძალიან ამაყი ვარ. სულ ამას ვიმეორებ, რომ 6 წლის ასაკში, სკოლაში შეძენილი მეგობრები, ასევე - ადამიანები, ვისაც უნივერსიტეტში დავუმეგობრდი, დღემდე ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. 32 წლის ისე გავხდი, არც ერთი მათგანი არ დამიკარგავს. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ცხოვრების გზაზე, გარშემო ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები შემოვიკრიბე.
- ეს როგორ მოახერხეთ?
- იმის გარდა, რომ ჩვენ შორის ისეთი წყენა და გულისტკენა არ ყოფილა, რაც ადამიანს დამაკარგვინებდა, მოვახერხე და ჯერ კიდევ ბავშვობაში, ისეთი ადამიანები შემოვიკრიბე, რომ ჩვენი საერთო ინტერესები არ გაყოფილა. ვიზრდებით, ვიცვლებით, ვვითარდებით, ჩვენს ცხოვრებაში უამრავი სიახლე შემოდის... მეგობრებმა ერთმანეთი აქამდე ისე მოვიყვანეთ, რომ დიდი კონფლიქტი, აზრთა სხვადასხვაობა და პრინციპული შეხედულებები შევინარჩუნეთ.
- უცნობი ადამიანები ეკასთან გაიგივებენ?
- ეს ყოველთვის ასე იყო, არა მხოლოდ ეკასთან, არამედ - მანამდე განსახიერებულ პერსონაჟებთან დაკავშირებითაც - გმირის სახელით მომმართავენ ხოლმე. მაგალითად, მახსოვს, როცა სერიალში - "შუა ქალაქი" ბაჩო ქაჯაიას გმირის ცოლს ვთამაშობდი, ბათუმში ჩასულს მკითხეს, - ბაჩო რატომ არ წამოიყვანე, ქმარი თბილისში რატომ დატოვეო (იცინის)?.. ეკას შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გმირის ორიენტაციას პატარა უარყოფითი ტალღაც მოჰყვა, ქუჩაში ადამიანები გულთბილად მხვდებიან და ეს ძალიან მახარებს.
- ისურვებდით, რომ თქვენს შვილსაც მსახიობის პროფესია აერჩია?
- საერთოდ, მომხრე ვარ, ცხოვრებაში ადამიანებმა გადაწყვეტილებები თავად მიიღონ. ჩემი შვილის გადაწყვეტილებებში არ ჩავერევი (ყოველ შემთხვევაში - იმედი მაქვს, ასე იქნება) ისევე, როგორც ჩემი მშობლები არ ჩარეულან ჩემს გადაწყვეტილებაში, მაგრამ სურვილს რაც შეეხება, არ მინდა, მსახიობის პროფესია აირჩიოს. თუ თავად გადაწყვეტს, რომ ამ გზას დაადგეს, რა თქმა უნდა, მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ ვიქნები. უბრალოდ, ამ პროფესიის სირთულეები კარგად ვიცი: ჩვენს ქვეყანაში, ამ სფეროში განვითარება, საინტერესო რეჟისორებთან მუშაობა, თეატრში მოხვედრა, შემდეგ თეატრში რეალიზება ჭირს...
- ცოტა რამ თქვენი შვილის შესახებ გვიამბეთ...
- ჩემი შვილი არის ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელიც მე გავაჩინე (იღიმის). ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი შვილია. მხიარული, დამჯერი, ცელქი და ჭკვიანი ბიჭი მყავს, რომელიც უკვე ახერხებს, მისით ვიამაყო. ჯერ პატარაა - 3 წლის ხდება, მაგრამ უკვე ამაყი ვარ, რომ დუდუს დედა გახლავართ.
- თქვენს პროფესიულ არჩევანზე ვინ ან რამ მოახდინა ზეგავლენა?
- კარგად მახსოვს, ამ პროფესიის არჩევა მამას უნდოდა, თუმცა მაშინ სხვა დრო იყო, ხელი შეუშალეს - ასე ჯობიაო. მამა მსახიობი არ გამხდარა, მაგრამ არ მახსოვს, ამ ფაქტს ან თავად მამას ჩემზე ზეგავლენა მოეხდინა. მსახიობობა ბავშვობიდან მინდოდა. მერე, გარკვეულ ასაკში, ამაზე უფრო მეტი ვიფიქრე და გადაწყვეტილება თავად მივიღე. ოჯახი ნამდვილად მხარში ამომიდგა: შენ გვერდით ვართ, აბა, შენ იციო...
- ცხოვრების რომელიმე ეტაპზე, ამ პროფესიის არჩევა გინანიათ?
- გარკვეულ ეტაპზე სინანულის განცდა მქონდა, როდესაც თეატრს დავემშვიდობე, როგორც მსახიობი... მაშინ ვფიქრობდი, ჩემი ცხოვრების 8 წელი ტყუილად დაიკარგა-მეთქი, თუმცა დღეს დაკარგულად აღარ მიმაჩნია, რადგან თეატრში მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე, ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, კინოს მსახიობი უფრო ვარ: კამერასთან, ეკრანზე უნდა ვიყო...
- თეატრს საკუთარი სურვილით დაემშვიდობეთ?
- ასე გამოვიდა. გარკვეული ფაქტები მოხდა, რომელთა შესახებ საჯაროდ საუბარი შეიძლება არ მინდოდეს... ამის შემდეგ, თეატრთან თანამშრომლობა შევწყვიტე, როგორც მსახიობმა, თორემ ისევ თეატრის თანამშრომელი ვარ - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი გახლავართ. პარალელურად, მსახიობობას ვაგრძელებ, ოღონდ - კამერასთან.
ეთო ყორღანაშვილი