„ეს კათარზისია განსაწმენდად, მაგრამ რის ხარჯზე?!“ - კვირის პალიტრა

„ეს კათარზისია განსაწმენდად, მაგრამ რის ხარჯზე?!“

სოფელში ცეცხლთან რომ იციან ხოლმე მოკალათება, ისე დავსხედით ერთმანეთის პირისპირ მე და პოეტი ტარიელ ხარხელაური და ვიმუსაიფეთ თბილად, გულიანად, დაუგეგმავად... დიახ, პირისპირ ვისხედით, ჩვენ შორის კი ეკრანი იყო, ბატონი ტარიელი მშობლიური სოფლიდან მესაუბრებოდა, მე ოფისიდან ვისმენდი მის ღუღუნა ხმას. ჩვენს საუბარს კი ფონად გასდევდა ღუმელში გამოკეტილი შეშის ტკაცუნი.

- ახლა ვზივარ ფანჯარასთან, ცეცხლი მინთია და ციდან ძალიან მსხვილი თოვლის ფანტელი ცვივა. ასეთი მსხვილი თოვლი თებერვალში იშვიათად იცის. ვიყურები და თან გესაუბრები, თან ამინდს ვათვალიერებ. ფიქრისთვის კარგი გარემოა...­ ამ ბოლო ხანებში დედაზე მეფიქრება ხშირად. ახლა ზუსტად იმ ფანჯარასთან ვზივარ და იმ სკამზე, სადაც დედა იჯდა ხოლმე. ყოველ დილით აქ შემოვდივარ, მის ოთახში. სამწუხაროდ, დედა ძალიან გვიან შევიცანი.­ დედაჩემს არ უყვარდა ალერსი, მოფერება და მეგონა, არ ვუყვარდით შვილები. თურმე სასწაულად ვყვარებივართ. წასვლის დღეE მახსოვს მისი ამ წუთისოფლიდან, როგორ არ მომცა უფლება, რომ მისი თვალსაწიერიდან გავმქრალიყავი... მაშინ მივხვდი, რამხელა სიყვარულს ატარებდა და როგორ იტანჯებოდა ამ სიყვარულის გაუმჟღავნებლად. ჩვენ კაცად გვზრდიდნენ და არ უნდოდა ზედმეტ ალერსსა და ფუფუნებას მივჩვეულიყავით. მაშინდელი თაობის შეხედულება იყო ასეთი. ასე ზრდიდნენ და დღევანდელი გადასახედიდან ზოგჯერ მეჩვენება, რომ მართალნიც იყვნენ.

- სიყვარული ნაკლებად უნდა გამოამჟღავნო?

- ყველგან ზომიერება გვმართებს. მტრო­ბაშიც კი. სიძულვილსაც აქვს ზომი­ერება, ზიზღსაც, სადღაც ხომ უნდა შეჩერდეს. ჩვენ ამ ზომიერების ფარგლებიდან გასულები ვართ. რა მოგვაბრუნებს? - გამახსენდება ხოლმე ილია ჭავჭავაძის მოხევესთან საუბარი "მგზავრის წერილებიდან", როცა ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნება და ჩვენი საკუთრება იქნება, მაშინ უკვე მობრუნებულები ვიქნებით. არ ვეკუთვნით საკუთარ თავს... თითქოს რაღაც ნაბიჯების ხმა მესმის ამ მიმართულებით, რომელიც გახსენებს შენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მაგრამ შორიდან... 77 წლის კაცი ვარ და ჯერ არასოდეს მომისმენია პოლიტიკოსისგან, ჯერ ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესებიაო. მე არა ვარ არც ერთი ხელისუფლების გუნდრუკის მკმეველი, არც ერთი ხელისუფლების არც მტერი ვარ და არც მოყვარე. მე ჩემი ქვეყნის მოყვარე ვარ. ყველაზე წინ ჩემი ქვეყანაა, მერე დანარჩენი... ჩვენ უნდა შევიცნოთ, რომ ეს ქვეყანა ჩვენი საკუთრებაა, ჩვენ გვეკუთვნის.

- რა გვიშლის ხელს, ასე რომ არ ხდება?

- რა გვიშლის და, სულ ის მაგალითი მახსენდება, მამამ რომ შვილები გამოცადა. თითო ისარი ყველამ გადატეხა, მაგრამ ერთ კონად რომ შეუკრა ბევრი ისარი, ვერ მოერივნენ. ჩვენც ერთიანობა გვინდა და გაერთიანების საშუალებას არ გვაძლევენ.

ახლა ვკითხულობდი დავით აღმაშენებლის ისტორიულ ქრონიკებს, ანალოგიური მდგომარეობაა. დღეს არ არიან ერისთავები, მაგრამ დღესაც ინტელიგენციის ნაწილს ყურადღება გადატანილი აქვს საკუთარ კეთილდღეობაზე. საკუთარი მოაწყონ უკეთესად და ყველაფერს ჩაიდენენ. შენ თავზე ნაკლებად უნდა იფიქრო. უნდა იფიქრო სხვაზე, სხვისთვის რისი გაცემა შეგიძლია. ჩვენ ერთმანეთისთვის თვალებში არ ჩაგვიხედავს, ამდენი წელიწადია ვამბობთ, რომ თავისუფალი ვართ, ამდენი წელიწადია ვამბობთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ თუ ასეთია თავისუფლება, დემოკრატია, შემირცხვენია­ ერთიც და მეორეც. თავისუფლება ეს არაა, რასაც დღეს ვუყურებთ. თავისუფლება თვითონ მიგანიშნებს, როგორი სიტყვაა - ჯერ თავის უფალი უნდა იყო, შენს თავს ფლობდე, შენი თავი უნდა იცოდე, რამდენის გაღება შეგიძლია. იმაზე მეტის გაღებას ვერ შეძლებ, რამდენზედაც შინაგანად ხარ მზად. ამიტომ ბრძოლა დაუმთავრებელია, არ ნელდება... ჭკუა ვერ ვისწავლეთ.

- კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ჭკუა ვისწავლოთ? ისევ ვნაწევრდებით.

- დააკვირდი, სამყარო რა მდგომარეობაშია. მთელი სამყარო ბორგავს. ესაა ჟამი, რომელმაც უნდა გამოიწვიოს სამყაროს გონის განახლება. შექმნის ყველანაირ კრიზისს. ეს კათარზისია განსაწმენდად, მაგრამ რის ხარჯზე?! ღირს ამდენი ბავშვის ცრემლად, ამდენი კაცის სიცოცხლედ, ღირს?! უკრაინის ომს ვგულისხმობ. რომელი ქვეყანაა დაზღვეული, რომ ეს იქ არ მოხდება. როცა საუბარია მეორედ მოსვლაზე, განა ერთბაშად მოვა, ასე, ნაწილ-ნაწილ მოვა. ახლა გვმართებს დიდი სიფრთხილე, რომ ეს ყველაფერი ნაკლებ მსხვერპლად და ნაკლებ სისხლის ღვრად დაუჯდეს კაცობრიობას. ეს ჩვენ დავიმსახურეთ ჩვენი ქცევით, ჩვენი ცხოვრების წესით.

- მოდი, ხიდჩატეხილობაზეც ვთქვათ.

- ხიდჩატეხილობის პრობლემაზე ათე­უ­ლობით წლების წინ ილია ჭავჭავაძემ ისაუბრა. ეს პრობლემა მაშინაც გვაწუხებდა ჩვენი ხასიათიდან­ გამომდინარე. იმიტომ, რომ მე არ მინდა ჩემზე უკეთესსა და ჩემზე ჭკვიანს მოვუსმინო. მე მსიამოვნებს, როცა ჩემზე ნაკლები გონების პატრონსა­ და ნაკლებად ჭკვიანს ვესაუბრები, იმიტომ, რომ ჩემი უპირატესობა ჩანს. არა! ის უნდა გსიამოვნებდეს, როცა შენზე ჭკვიანს ესაუბრები და შენზე ჭკვიანს უგდებ ყურს, ეს საუბარი შენს გონებას უნდა დაუტოვო ანალიზისთვის, რომ შენი შეხედულებები მერე ამ ჭკვიანი კაცის შეხედულებებთან დააახ­ლოო. ჩვენ ვფიქრობთ, ჯერ მე, მერე დანარჩენი სამყარო. არადა, ისინი თუ არ არიან, შენ ყოფნას რა აზრი აქვს?! მამათა­ და შვილთა ბრძოლა დღეს ნაკლებად­ შეიმჩნევა, თუმცა ჩატეხილი ხიდის­ გაერთიანების სურვილი არ არის ისეთი მძაფრი, როგორიც გინდა, რომ იყოს. მე ვიცი, რომ მოვა ეს დრო. მოდის ის თაობა, რომელთაც ხიდჩატეხილობის პრობლემა ყველაზე ნაკლებად ექნებათ. იმიტომ, რომ ჩვენზე გონიერნი და ღონიერნიც მოდიან.

- რა კარგი იქნება, პირდაპირ რეცეპტი რომ იყოს, რომლითაც ამ ხიდჩატეხილობასა თუ პოლარიზაციას აღმოვფხვრით.

- მაინც არ გამოვიყენებთ, იმიტომ, რომ ეს რეცეპტი შენ შექმენი, მე მინდოდა­ დამესწრო შენთვისო. რეცეპტი არ გვიშველის, თუ განათლება არ გვექნა. განათლება­ ნიშნავს ტრადიციების, ისტორიის, ხასიათის და შენი დანიშნუ­ლების ცოდნას, რა მისია გაკისრია ამ წუთისოფელში.

ყველაზე უკეთესი ქართველები ვართო... არა ვართ ყველაზე უკეთესი. ასე ფიქრმა დაგ­ვღუპა, ამან დაანგრია აზროვნება. ყველაფერი უკეთესი, რაც სხვასაც აქვს, შენ უნდა მიიღო. უზომოდ მიყვარს ჩემი ქვეყანა, სხვანაირი აზროვნების ვართ - "ვეფხისტყაოსნის" დამწერი ერი, ქართული ცეკვისა და სიმღერის შემ­ქმნელი ერი. ეს უნდა აჩვენო და სხვისგან წამოიღო ის, რაც გაკლია.

- იქნებ ზედმეტად ამპარტავნები ვართ?..

- ამპარტავნება გაუნათლებლობის ნიშანია. საზოგადოება საკუთარ თავში თუ არაა დარწმუნებული, თავის ძალას თუ არ გრძნობს, ის ცხვრის ფარას ჰგავს, რომელსაც მდინარეში გასვლა არ შეუძლია, თუ წინ ვაცი არ გაუმძღვარე, რომელსაც ცოტა მეტი გონება აქვს. თუ ის გავიდა, მერე მთლიანად რომ გაწყდეს და დაიღუპოს, მაინც გადაჰყვება ვაცს.

- ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილის საკითხი გვაფერხებს... ერთი მხარე ამბობს, მსახიობიაო, მეორე - ცუდადააო!

- ერთმა მეფემ საზოგადოების გამოცდა მოინდომა და მგელი დამერია, მგელიო, იძახდა. მოვარდა ხალხი და ნახა, რომ არ არის მგელი, მოატყუა მეფემ. მეორედაც ასე მოიქცა, მესამედ და მეოთხედ, როცა მართლა დაერია მგელი, საზოგადოებამ ყურადღება აღარ მიაქცია. ანალოგიური მდგომარეობაა დღესაც. ისე შეაჩვიეს სააკაშვილის ავადმყოფობას საზოგადოების ყური, რომ სიმართლე რომ იყოს, მაინც ეჭვქვეშ აყენებ. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ცუდი მინდოდეს, ადრეც ვთქვი, ჩემი შვილის მკვლელი ვერ შევიძულე-მეთქი, ჩემი ქვეყნისთვის ერთი კაცის სიცოცხლის დაკარგვაც ძალიან დიდი დანაკლისი იქნება. მაგრამ მე არ ვიცი რამდენად არის ავად, ამდენი ხნის ძახილით, საზოგადოებაც შეაჩვიეს და გარე სამყაროც...

- ნაწილი ამბობს, ჩვენი გზა ევროპისკენააო, მეორე ნაწილი ხელისუფლების პრორუსულობაზე საუბრობს.

- ან პროევროპული ვიქნებით, ან პროთურქული, ან პრორუსული, ან პროსომხური, ან პროაზერბაიჯანული, მაგრამ მე არც ერთი "პროს" არ მჯერა, მჯერა მხოლოდ პროქართულის. ამის გარეშე არც ერთ გაერთიანებაში არ მინდა შესვლა. მე მინდა ჩემი თავი მე მეკუთვნოდეს. რაც ხდება ევროპაში, თუ ასეთია ევროპა, მაინცდამაინც სახარბიელო არ ყოფილა. ჩვენ აქედან გვინდა თავი დავაღწიოთ, მაგრამ თუ ასეთ გაერთიანებაში გინდა შეხვიდე, მაშინ სადღა გარბიხარ?!

- რას გულისხმობთ?

- ევროპარლამენტში რაც ხდება კორუფციასთან დაკავშირებით. თუ იქაც ისეთივე პრობლემებია, როგორიც მე მაქვს, მაშინ მე რაღა მინდა იქ.

მეორე მხრივ, რუსეთი მე არასდროს მაინტერესებდა, არც ბავშვობაში და არც მერე. ჩემი ქვეყნის გარეთ მხოლოდ ჩემზე უკეთესთან მისვლის სურვილი მაქვს. ჩემი გვარი რომ გადარჩენილიყო, წიკლაურების გვარს შეეფარა, რომ შეენარჩუნებინა სიცოცხლე. დიდი გვარი იყო და ძლიერი. ასე უნდა წახვიდე. შენზე უკეთესი უნდა იყოს, სადაც და ვისთანაც მიდიხარ.დღეს საზოგადოება ნაკლებად არის დამნაშავე ერთი ქვეყნისა, მეორე ქვეყნისა, მესამე ქვეყნისა, დამნაშავეა მაღლა ვინცაა, პოლიტიკური ელიტა. წეღან მოგიყევი ცხვრის ფარის მაგალითი, საზოგადოებას რომ უარი ეთქვა, ეს მის თავს არ მოხდებოდა, მაგრამ საზოგადოება გაჰყვა ლიდერს ცხვარივით და ვარდება იმ უფსკრულში, საიდანაც ძალიან გაუჭირდება ამოსვლა და გადარჩენა. ყველაზე ცუდია, რომ უკრაინა გამოჩნდა პოლიგონად, რუსეთთან საბრძოლო იარაღად.

- წიკლაურების და ხარხელაურების ისტორია ცოტა ვრცლად მომიყევით...

- ხევსურეთში სისხლის აღება საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა. ეტყობა, ჩვენი გვარი არ იყო ისეთი, რომ ყველაფერს შერიგებოდა. მცირერიცხოვანი გვარი იყო და ხშირად შურისძიების მსხვერპლი ხდებოდა და ვერ მრავლდებოდა. ერთადერთი გზა გადარჩენისა წიკლაურებთან შეერთებით მოიძებნა. წიკლაურების, როგორც დღეს ამბობენ, ქოლგის ქვეშ გაერთიანებამ გვარს მისცა ამოსუნთქვის საშუალება. ჩვენ დღესაც ერთად ვართ, ერთ სალოცავში დავდივართ და გვაქვს მისვლა-მოსვლა.

- როგორ ხდებოდა წიკლაურებთან შეერთება?

- გვარით შედიოდი მთლიანად, როგორც ახლა ევროკავშირში უნდა შეხვიდე.­ ხარხელაურების გვარმა ჯერ მოიპოვა სტატუსი, მერე კანდიდატობა და ბოლოს წიკლაურების გვარის წევრი გახდა. გავლილი გვაქვს ეს გზა ხარხელაურებს... ხომ სწორი მაგალითია. ყველაზე მცირერიცხოვანი გვარი ყველაზე მრავალრიცხოვანთან შევიდა. მაშინ კორუფციაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, კაცობაზე იყო ლაპარაკი და ღირსებაზე. ერთიც ჰქონდათ და მეორეც წიკლაურებს. ხარხელაურებიც კაცობით და ღირსებით შევიდნენ ამ ხალხთან. ასევეა საქართველოც.

- დრო გადის, მაგრამ რჩება ფასეულობები.

- ახლა ჰეროდოტეს ისტორიას ვკითხულობ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ანალოგიური მდგომარეობა იყო. ახალს არაფერს იგონებ, ეს უნდა მოიხადო,­ გაიარო, რომ გაიზარდო. უბრალოდ, გეჩქარება, შენს დროში გინდა მოხდეს, რომ მოესწრო. ფრთხილად ვიაროთ, ყოველი ჩვენი სიტყვა მოზომილი უნდა იყოს. არ უნდა დააზიანო შენი ღირებულებები და ღირსეულად უნდა შეხვიდე ისეთ ღირსეულ სამყაროში, როგორზეც დიდი ილია ფიქრობდა. ფიქრი უნდა ვაქციოთ რეალობად. ასეთი საშინელი ნაბიჯი, რომელიც რუსეთმა გადადგა უკრაინაში, ჯერ ჩვენთანაც ხომ გააკეთა, მაშინ მსოფლიომ წაუყრუა, იმიტომ, რომ აქლემი იმათ კარზე არ იყო დაჩოქილი. აქლემი მათგან შორს იყო, ჩვენსავით პატარა ქვეყანასთან, ეს არაფრად მიიჩნიეს. დღეს მიხვდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ეს ღვთივკურთხეული პატარა ქვეყანა. მარტო მე კი არ უნდა გავუფრთხილდე, შენი ვალიცაა, გაუფრთხილდე და თავისი ინდივიდუალურობით, გამორჩეულობით შეუნარჩუნო მომავალ სამყაროს. იმპერიული სიხარბე არც ერთ ქვეყანას არ გამოადგა, ყველა დაღუპა. ასევე დაიღუპება რუსეთიც.

იცი, შვილო, ცხოვრებაში რა არის მთავარი? - გწამდეს შენი თავის და შენი შინაგანი მუხტის, რომელიც გამოძრავებს. სიყვარულის გარეშე არც ტრადიცია ვარგა, არც ზნეობა. თუ სიყვარული არ გაგაჩნია, ვერც ერთის დამცველად ვერ გამოდგები. სიყვარულს, რომელიც ჩვენში არის, მივცეთ ლაპარაკის საშუალება, სიყვარული იყოს ჩვენ შორის მეგზური, ელჩი... არაფერმა არ გადაარჩინა სიცოცხლე დედამიწაზე, გარდა სიყვარულისა. წუთისოფელი ხარბია. გარკვეული დრო გაქვს სიცოცხლისთვის და შენმა სიხარბემ არ უნდა დაგძლიოს, გაგაბოროტოს, წაგაქეზოს შენი ქვეყნის დასანგრევად. ვამოციქულოთ ერთმანეთთან სიყვარული. მხარეებად დაყოფა უნდა დავამთავროთ.