აღმოჩნდება თუ არა ჩინეთი რუსეთის ბანაკში
უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე პუტინი ისევ თავდაცვით ომზე ლაპარაკობს, რის გამოც მისი სიტყვით გამოსვლა ანალიტიკოსებმა მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე გათვლილად მიიჩნიეს. ერთადერთი, რაც მან ამ გამოსვლაში ახალი თქვა, იყო აშშ-სთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან გასვლა. როგორც მიიჩნევენ, მისი ეს განცხადება ბევრს არაფერს ცვლის, რადგან მას და ობამას შორის ე.წ. გადატვირთვის რეჟიმში გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედი არც ყოფილა და ობამას გადატვირთვის პოლიტიკაც დიდი ხანია წარსულს ჩაჰბარდა. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვნად ჩაითვალა ომის წლისთავზე ბაიდენის კიევში ჩასვლა, მით უმეტეს, რომ ამერიკის პრეზიდენტები იმ ქვეყანაში, სადაც ომია და ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან, როგორც წესი, არ ჩადიან. რაც მთავარია, მან თქვა, რომ დასავლეთი ერთიანია, უკრაინას არ დათმობენ და უფრო მეტიც, აღმოსავლეთ მიმართულებას გააძლიერებენ. ნატოს გენმდივანმა კი განაცხადა, რომ ევროპა უნდა შეიარაღდეს და დაიწყოს სამხედრო წარმოება. ამის პარალელურად აქტიურდება ჩინეთი, რომელიც დასავლეთს რუსეთ-უკრაინის ომის სამშვიდობო მოგვარების გეგმას სთავაზობს და რაც მთავარია, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ მოსკოვში განაცხადა, რომ "ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნების ზეწოლას არ დაემორჩილება და ჩინეთი „აქტიურ პოზიციაში შედის". ამ განცხადებას ბლინკენის პასუხი მოჰყვა, რომ დაუშვებელია ჩინეთმა რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს, მაგრამ ფაქტია, ეკონომიკურად ძლიერი ჩინეთი სამხედრო თვალსაზრისით ცდილობს გაძლიერებას. რას ნიშნავს მსოფლიო ლიდერების ეს განცხადებები, რა შანსია, რომ ჩინეთი რუსეთის ბანაკში მოექცეს და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, გაზრდილია თუ არა მსოფლიო ომის საფრთხე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.
- რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ორ ბანაკად გაყო. ამ ომში ნეიტრალიტეტის დაცვა ძალიან რთულია. არაზუსტი შედარებაა, მაგრამ რომ წარმოვიდგინოთ, როგორი პოლარიზებულია ახლა სამყარო ომის გამო, შეიძლება გავიხსენოთ ესპანეთის სამოქალაქო ომი (1936-1939), როდესაც ევროპაში ყველა დალაგდა ან რესპუბლიკელების მხარეს, ან რესპუბლიკელების წინააღმდეგ. ეს ცოტა უხეში პარალელია, მაგრამ ამას მაგონებს ის, რაც ახლა ხდება. ახლა ყველა არ დგას რუსეთის წინააღმდეგ, თავს ნუ ვიტყუებთ, ინდოეთი და ჩინეთი მშვენივრად ურთიერთობენ რუსეთთან. ეს ორი დიდი სახელმწიფოა, არ არიან ხელწამოსაკრავი. დასავლეთი, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ დგას. ამ პოლარიზაციას საერთაშორისო პოლიტიკაში დაემატა კიდევ რამდენიმე ძალიან უცნაური ფაქტი თუ დამთხვევა - ამერიკის თავზე ჩინური ბალონების ჩამოგდებამ, პრინციპში, რუსეთს არგო, რადგან გაამწვავა ურთიერთობა ამერიკასა და ჩინეთს შორის. ამ სიტუაციაში კი მე იმის მეშინია, რომ ჩინეთი უფრო რუსეთის მხარეს არ გადაიხაროს. ცხადია, ჩინეთს აქვს ძალა. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩინეთი ასე მარტივად და აშკარად არ დადგება რუსეთის მხარეს, რადგან მას სჭირდება ამერიკის ბაზარი და პირიქითაც, მათი ურთიერთდამოკიდებულება ძალზე დიდია. რასაკვირველია, ომმა მათი ურთიერთობა გაამწვავა და ახლა ჩინეთმა უნდა აირჩიოს, სად დადგეს - ან აქეთ, ან იქით.
- ჩინეთის განაცხადი, რომ აქტიურ პოზიციაში შემოდის, რას მოასწავებს?
- როგორც ჩანს, ეს მისი სამშვიდობო გეგმის ნაწილია. რამდენიმე დღის წინ საინტერესო ნიუსი იყო - ჩინეთის მთავრობამ დაიბარა წამყვანი მეცნიერები და დაავალა, დააჩქარონ მაღალი ხარისხის მიკროჩიპების გამოშვებისთვის მუშაობა. როგორც ცნობილია, ჩინეთს დღეს მიკროჩიპების წარმოება არა აქვს, ამერიკისგან ყიდულობს, და ეს იმის ნიშანია, რომ თავადაც ემზადება ამერიკასთან კონფრონტაციისთვის.
- ასეთი სცენარი რომ დავუშვათ, ვთქვათ, მოხდა კონფრონტაცია ჩინეთსა და შტატებს შორის, ძალთა ბალანსი როგორ გადანაწილდება?
- იმედი ვიქონიოთ, რომ საქმე აქამდე არ მივა.
- შარშან იმის იმედიც გვქონდა, რომ რუსეთი ომს არ დაიწყებდა...
- ჩინეთისა და ამერიკის ომი სხვანაირი იქნება - ორივე ატომური სახელმწიფოა. კონფრონტაცია კონფრონტაციაა და ატომური სახელმწიფოების დაპირისპირება - სხვა. განსაკუთრებით ის არის პრობლემური, რომ ასეთ დროს ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოებს ძალიან უჭირთ - შენ კი გინდა დასავლეთში, მაგრამ გვერდით გყავს ბუა, თავისი ჯარით დედაქალაქიდან ორმოც კილომეტრში. ამიტომ, ასეა თუ ისე, ყველა ვარიანტში დაბალანსება გიწევს, ბალანსირება კი ძალიან რთულდება მაშინ, როდესაც სამყაროში ასეთი პოლარიზაციაა.
- აქამდე ჩინეთი ეკონომიკას აძლიერებდა, ახლა კი სამხედრო ძლიერებაზე აქცენტირება შეცვლის ჩინეთის მდგომარეობას, განცხადებებს რომ თავი დავანებოთ და რეალობიდან გამომდინარე ვიმსჯელოთ?
- შევხედოთ, ამ განცხადებებს რა კონკრეტული ქმედებები მოჰყვება, შემდეგი ნაბიჯები რა იქნება. ვნახოთ, ჩინეთის სამშვიდობო გეგმაზე ამერიკის პასუხი როგორი იქნება. რუსეთი, ალბათ, იტყვის, ჩვენ მოგვწონს, დავიწყოთ განხილვაო. მთავარია, ამერიკა ოფიციალურად რას იტყვის და რას მოიმოქმედებს.
- ჩინეთის სამხედრო კონფრონტაცია აზიაში ძალიან დაძაბავს სიტუაციას და არის შანსი, რომ მართლა მსოფლიო ომის მასშტაბი შეიძინოს?
- იმედია, ატომური იარაღის ფაქტორი იმოქმედებს, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს. წამყვან მოთამაშეებს შორის პირდაპირი კონფლიქტი, პრინციპში, გამორიცხულია ატომური იარაღის გამო. ასე რომ, მათ შორის თუ იქნება დაპირისპირება, იქნება სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე. თავისი ტერიტორიის ახლოს ომი არავის უნდა. რუსეთს უკრაინაში რომ აქვს ომი, ეს მისი პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ სამეზობლოშიც კი არა აქვს დალაგებული სიტუაცია.
- ნატოს გენმდივანი ევროპის სამხედრო გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. ეს ნიშნავს თუ არა, რომ მსოფლიო ომის საფრთხე ძლიერდება? თავად ევროპის სამხედრო გაძლიერება ახლო პერსპექტივაში რამდენად მოსალოდნელია?
- ევროკავშირის ეკონომიკა საამისოდ ასე სწრაფად ვერ გადაეწყობა. ეს ერთი, და მეორე, ევროკავშირის ეკონომიკას უკრაინაში ომის გამო ისედაც მძიმე დარტყმა მიადგა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მოქალაქეების მენტალიტეტი ასე მარტივად არ შეიცვლება. ისინი ისე არიან მიჩვეული მშვიდობას და კომფორტს, რომ მათი გადართვა სამხედრო და საომარ ბიუჯეტებზე იოლი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მაინც, ამას დრო სჭირდება.
- ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მესამე მსოფლიო ომის საფრთხე რამდენად რეალურია და ეს საფრთხე ბოლო პერიოდში არის თუ არა იმაზე მეტად გაზრდილი, ვიდრე ეს თუნდაც უკრაინაში ომის დაწყებიდან არსებობს?
- იმედი ვიქონიოთ, რომ არ დაიწყება.
რატომ ჩავიდა ი პუტინთან...
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვანგ ი-ს ვიზიტთან დაკავშირებით პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის: "რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა სწორედ ისე ვითარდება, როგორც გასული წლების განმავლობაში ვგეგმავდით. ის წინ მიიწევს და ვითარდება. რუსეთის ფედერაციასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის". თავის მხრივ, ვანგ იმ აღნიშნა, რომ "ჩინეთი მზადაა რუსეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ეს ურთიერთობა სხვა ქვეყნების ზეწოლას არ დაემორჩილება".
რუსა მაჩაიძე