"როდესაც ეს საშინელება მოხდა, ბავშვების დედა სახლიდან გაგდებული იყო, მეოთხე, ახალშობილ შვილთან ერთად. დანარჩენები კი წაართვეს და თავად დაიტოვეს" - კვირის პალიტრა

"როდესაც ეს საშინელება მოხდა, ბავშვების დედა სახლიდან გაგდებული იყო, მეოთხე, ახალშობილ შვილთან ერთად. დანარჩენები კი წაართვეს და თავად დაიტოვეს"

სტაბილური, თუმცა კვლავ მძიმე რჩება ძალადობის 2 წლის მსხვერპლის მდგომარეობა, რომელიც გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანეს სამკურნალოდ. ბავშვი კლინიკაში 23 თებერვალს, სხეულის მრავლობითი დაზიანებითა და დამწვრობით შევიდა. კლინიკის მედპერსონალის განცხადებით, მას ხელის მოტეხილობა, სხეულის მრავლობითი დაზიანება, ანემია და მუცელში სითხე აღმოაჩნდა. ბავშვის ბებიის განცხადებით, გოგონაზე დედამ იძალადა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების დროს გაქრა...

პროკურატურამ კი ძალადობაში ბრალი 24 თებერვალს დაკავებულ ბავშვის მამას, ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებს - ა.მ.-ს წარუდგინა. 37 წლის მამაკაცს ბრალი 11’117 მუხლით ედება. რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 9-დან 13 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. შემთხვევის ემოციურად მძიმე დეტალი ასევე ბებიის მიერ ბავშვის დედის, 26 წლის მ.ხ.-ს დადანაშაულებაც აღმოჩნდა, რაც საზოგადოების აგრესიის საფუძვლად იქცა და რომელიც, ასევე, ბავშვის დედის დაპატიმრებასაც ითხოვს.

ამ ყოველივეს შესახებ "კვირის პალიტრასთან" ოჯახის ახლობელი საუბრობს, რომლის ვინაობას, ცხადია, არ ვასახელებთ:

- ა.მ. ჩვენი სოფლის მცხოვრებია, ამ ამბით ყველანი შეძრული ვართ. მსგავსი გარშემო არასოდეს მომხდარა და ღმერთმა დაგვიფაროს, კიდევ მოხდეს. თუმცა, ამ საწყალი ბავშვის ოჯახური მდგომარეობა ისეთია, რომ ადამიანურად არც თავად და არც მისი დედმამიშვილები გაზრდილან. ოჯახს ოთხი შვილი ჰყავს. მათგან უფროსი 6 წლის არის, უმცროსი კი ახალშობილია, დაახლოებით 3 თვის. ეს პატარა გოგო, რომელიც მამამ ასე არაადამიანურად სცემა, ოჯახში მესამე ბავშვია. როდესაც ეს საშინელება მოხდა, ბავშვების დედა სახლიდან გაგდებული იყო, მეოთხე, ახალშობილ შვილთან ერთად. ქმარსა და დედამთილს 2 თვის წინ გაექცა მშობლებთან, სხვა სოფელში. საწყალს სახლიდან მხოლოდ ახალშობილი ბავშვი გაატანეს, რადგან არ იცოდნენ, რა ეჭმიათ. დანარჩენი ბავშვები კი წაართვეს და თავად დაიტოვეს. ვითომ ბებია და მამა ზრდიდნენ. თუმცა, როგორ გაზარდეს და რა ჩაიდინეს, ვნახეთ.

- წარმოუდგენელი ამბავია. დედას შვილები ჩამოართვეს? როგორ? ამის უფლება არავის აქვს, სასამართლოს გარდა.

- ამ შემთხვევაში, ასე არ არის. თანაც, ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც საბრალო გოგოს ბავშვებს ართმევენ... როდესაც ცოლ-ქმარს ჩხუბი მოუვა და ქალს სახლიდან აგდებენ, ბავშვები რომც წაიყვანოს, ქმარი და დედამთილი მიდიან და ბავშვები უკან მოჰყავთ.

- რატომ? იქნებ დედის სოფელში ბავშვებს ცუდად უვლიან?

- არა, რას ამბობთ. ბავშვები მამის სახლში დათრგუნვილები არიან, დედის მშობლებთან კი - გახარებულები. ის ხალხი მდიდარი არ არის, მაგრამ ბავშვები უყვართ და უვლიან, მაგრამ ბავშვების დედას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვს და ვერც ვამტყუნებ, - ამდენი ბავშვით რომ მიდის მშობლებთან, იქნებ, რცხვენია კიდეც სარჩენად რომ აწვება. ალბათ ქმარსაც იმიტომ ურიგდებოდა ხოლმე. ბოლო დროსაც შერიგებულები იყვნენ, მაგრამ მეოთხე ბავშვი რომ გაჩნდა, კიდევ იჩხუბეს და გოგო მშობლებთან წავიდა. ბავშვები კი დედამთილმა და ქმარმა არ გაატანეს.

- რა გარანტია ჰქონდა ბებიას, რომ ბავშვებს დედა არ მოენატრებოდა ან თავად დედის როლს შეასრულებდა, ან მატერიალურად შეეძლო მათი უზრუნველყოფა?

- ეს ოჯახი სახელმწიფოდან 2000 ლარიან შემწეობას იღებს და ბავშვების კვებას რატომ არ შეძლებდნენ? თუ ამის სურვილი გააჩნდათ, რა თქმა უნდა.

- მამამ რატომ გაიმეტა შვილი, რა მიზეზით? მერე, ნუთუ მეზობელმა მაინც ვერ გაიგონა გამწარებული ბავშვის კივილი? როგორც აღმოჩნდა, ძალადობის შემდეგ, დღე-ღამის განმავლობაში პატარა კიდევ შინ იყო. ალბათ ხელმოტეხილი და ცხელ ღუმელზე მიხეთქებული ბავშვი მთელი დღე-ღამის განმავლობაში ტიროდა...

- როგორ არ გაიგონა? რომ გაიგონა და ბავშვიც აღარ გაჩერდა, სწორედ მეზობელმა გამოიძახა სასწრაფო და არა - ბებიამ და მამამ. ჩვენც იმ მეზობლისაგან ვიცით ეს ამბავი. თუმცა, რატომ სცემა მამამ და რას აკეთებდა ამ დროს ბებია, ეგ არავინ იცის, რადგან, ამაზე ლაპარაკი არ სურთ...

მე პირადად რომ მკითხოთ, 13 წელიწადი კიდევ ცოტაა ასეთი მამისთვის. როდესაც გამოვა, შვილები იმდენად დიდები არ იქნებიან, მათზე ძალადობა რომ ვეღარ შეძლოს და ალბათ, იმავეს გაიმეორებს, რაც ახლა გააკეთა...

(სპეციალურად საიტისთვის)