„ოცნება“ დღესაც იმიტომ არის ცუდ დღეში, რომ უკრაინის მხარდაჭერა ვერ გაბედა“ - კვირის პალიტრა

„ოცნება“ დღესაც იმიტომ არის ცუდ დღეში, რომ უკრაინის მხარდაჭერა ვერ გაბედა“

"შარშან რომ დავიწყეთ ჩხუბი "ქართულ ოცნებასთან" უკრაინის გამო, დღემდე არ შეგვიწყვეტია, მაგრამ არ ვიყავით 24 თებერვლის აქციაზე. საჭიროდ არ მივიჩნიეთ, იმიტომ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. ეს იყო სიმბოლური და სოლიდარული აქცია, არ იყო კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული", - ამბობს პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. რუსეთ-უკრაინის ომის გამო დაპირისპი­რებულ ქართველ საზოგადოებაზე, საქართ­ველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასა და ოპოზიციის გეგმებზე იაგო ხვიჩია­ გვესაუბრება:

- "გირჩს" შარშანდელი 24 თებერვლიდან მოყოლებული დღემდე წუთითაც არ შეუწყვეტია უკრაინის საჯარო მხარდაჭერა და საქართველოს ხელისუფლების გაკრიტიკება მისი პოზიციის გამო რუსეთ-უკრაინის ომზე. ამ ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამოიკვეთა ხელისუფლების ამორალური განწყობა რუსეთ-უკრაინის ომზე. ამ ამორალობის გაგრძელება იყო ნარატივი "აბა ომი გინდათ?!". ვფიქრობ, "ქართული ოცნება" დღესაც იმიტომ არის ცუდ დღეში, რომ უკრაინის მხარდაჭერა ვერ გაბედა. მმართველი გუნდის ლიდერები ამ ქვეყნის სახელს რაღაც უხერხულად ახსენებენ. ეს მოხდა იმიტომ, რომ თავიდანვე არ დაიკავეს სწორი და მორალური პოზიცია. "ოცნება" დღემდე ამ პოზიციის ტყვეობაშია და რაც არ უნდა თქვას, არაფერი გამოსდის დამაჯერებლად და სწორად.

- იყო თუ არა მნიშვნელოვანი, რომ ხალხის დიდმა ნაწილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსულ-უკრაინულ დაპირისპირებაში უკრაინის მხარდაჭერა?

- კარგია, რომ ხალხმა უკრაინელებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ცუდი ის არის, მხოლოდ უკრაინელებს გამოუცხადეს და არა ოპოზიციას. ეს არ არის ერთი და იგივე.

- ის ხალხი, რომელიც გამოდის უკრ­აინის მხარდასაჭერად, თქვენი აზრით, რატომ არ უჭერს მხარს ოპოზიციას, რომელიც სწორედ უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავს?

- იმიტომ, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა არ გა­აჩნია. პოლიტიკოსებმა უნდა იპოვონ ის გადაკვეთის წერტილი, რომელიც ხალხთან დააკავშირებთ. სხვა პარტიებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ "გირჩი" ჯერ ძიების პროცესშია. გვინდა საზოგადოების პულსზე გვედოს ხელი.

- ცოტა ხნის წინ დაგმეთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"­ კანონპროექტი და თქვით, რომ ის რუსული­ კანონპროექტია, გზა, რომელიც რუსეთმა უკვე გაიარა.

- ეს კანონი ზუსტად იმ სიტუაციას გვახსენებს, რაც დღეს რუსეთშია. თავის დროზე პუტინი ამბობდა, ამერიკული რაღაც შემოგვაქვსო. ზუსტად ამას ამბობენ ესენიც. არ არსებობს ამ კანონის საჭიროება, არც ერთი პრობლემა არ აღმოიფხვრება. არანაირი მსგავსება, რაც ამერიკაში არსებობს, რასაც ლობიზმის თავისუფლებას ვუწოდებთ, საქართველოში არ არსებობს. ჩვენთან პოლიტიკური ლობიზმი, ფაქტობრივად, აკრძალულია. ჩვენ პოლიტიკური ლობიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობა ისეთ დროს შემოგვაქვს, როცა აკრძალულია. რუსეთის გზას ვადგავართ. ეს არის "ქართული ოცნების" იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ამორალური ვუწოდეთ. ეს კანონი იმისთვის უნდათ, რომ პუტინს უთხრან, აი, ჩვენც ვაკეთებთ იმას, რაც თქვენ გააკეთეთო. სხვა აზრს ვერ ვხედავ.

- თქვენც ფიქრობთ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყნის კურსის შეცვლას ცდილობს?

- დასავლური ცივილიზაციისთვის­ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა არ არის დამახასიათებელი. საზოგადოება, რომელიც ერთპიროვნულ მმართველობას უჭერს მხარს, გარკვეულწილად ცვლის კურსს - ანუ საქართველოს მოსახლეობამ დასავლური კურსი ნაწილობრივ თავადაც შეცვალა, როდესაც "ნაცების" შიშით "ქოცებს" დაუჭირა მხარი. შესაბამისად, როდესაც ევროპელები გეუბნებიან, ნუ იქნები ერთპარტიულიო, ეს ეხება იმასაც, რაც ჩვენ არჩევნების შემდეგ მივიღეთ. იმისათვის, რომ დასავლეთს დავანახოთ ჩვენი პროდასავლურობა, არ უნდა გვქონდეს ერთპარტიულობა და ერთპიროვნული მმართველობა.

ხათუნა ბახტურიძე