„მხოლოდ მედიასთან კომენტატორის როლში ყოფნა არ არის საკმარისი, პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება“
საპარლამენტო უმრავლესობის გეგმები, "უცხოური გავლენის აგენტები" პრეზიდენტის პოზიცია, ხელისუფლების საგარეო და საშინაო პოლიტიკა - ამ საკითხებზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი გვესაუბრა:
- პირველი "შედეგი", რაც "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონპროექტს მოჰყვება, იქნება ის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება, რადგან ეს კანონი პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, და არა იმიტომ, რომ ეს ვინმეს უნდა. არსებობს ევროპული კავშირის კანონმდებლობა, რომლის თანახმადაც, ასეთი კანონის მიღება დაუშვებელია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღება სამართლებრივად, ტექნიკურად შეუძლებელი იქნება... რაც შეეხება შედეგებს, ამ კანონს მოჰყვება არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვა, რადგან უამრავი ჩემი კოლეგა არ აპირებს რეგისტრაცია გაიაროს და ნებით დაფიქსირდეს "უცხო ქვეყნის აგენტად". რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი. თუმცა მთლად რუსული კანონიც არ არის, რადგან იქ ამისთვის 5 წელიწადი დასჭირდათ. ძალიან მოინდომეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მედიაც მიებათ. "ხალხის ძალამ" მათი გამოცდილებიდან ისწავლა, შემდეგ რატომ უნდა ვიწვალოთო, და ორივე ერთად პირდაპირ გადაისროლეს აგენტურაში. საქმე გაიმარტივეს.
- "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის მტკიცებით, ასეთივე კანონი მოქმედებს ამერიკაშიც.
- ყაველაშვილს შეუძლია ფეხბურთზე, ოფსაიდზე ილაპარაკოს. არასერიოზულად მიმაჩნია მასთან იმაზე ლაპარაკი, რაზეც წარმოდგენა არა აქვს.
- იმას, ვინც ამის შედეგები გათვალა, ნამდვილად აქვს წარმოდგენა, რას აკეთებს...
- დიახ, ვინც შედეგები გათვალა, კარგად იცის, რომ აქტიური სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ვინც მათნაირ პოლიტიკურ ორგანიზაციებს დისკომფორტს უქმნის, საჯარო სივრციდან რაღაც ფორმით გაქრება. ამავე არგუმენტს იშველიებდნენ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და უნგრეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ორბანიც, როდესაც თავიანთ ქვეყნებში "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონის შემოღებაზე მუშაობდნენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ამოცანა დასავლური ფონდებიდან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შევიწროებაა, რადგან თითქმის ყველა კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია დასავლეთიდან ფინანსდება. ამასთან, სიტყვა "აგენტი" საქართველოში ხომ მხოლოდ უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება?
თუ აქამდე ზოგიერთი მედია აგენტებად მხოლოდ ხალხურ სიტყვიერებაში მოგვიხსენიებდნენ, ამის შემდეგ, ლეგიტიმური საფუძველი ექნებათ, რომ ამ სიტყვით არა მარტო მოგვიხსენიონ, დასავლეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ჭიშკრებთან აქციებიც გამართონ. თუ ასე მოხდება, საპარლამენტო უმრავლესობას პრობლემები შეუმცირდება, რაც ძალიან სჭირდება. უფრო მეტად კი სურთ ყველა წინააღმდეგობრივმა ძალამ დავტოვოთ ქვეყანა, მაგრამ იმედია, ეს არ მოხდება. არსებობს რამდენიმე მექანიზმი, რომ ამ კანონის მიღება გაჭიანურდეს და გადავადდეს. ამისთვის კი უნდა გააქტიურდნენ მედია, ოპოზიცია და მთელი საზოგადოება. ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ გვითხრა, ახლა საქართველო დგას გზაგასაყარზე, უკუსვლის შანსი ძალიან დიდიაო. გასაგებია, რომ სხვადასხვა წინა პირობის გარდა, ამ კანონსაც გულისხმობდა. ევროკავშირის პრესსპიკერმა პიტერ სტანომაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეშფოთებულია "ხალხის ძალის" ინიცირებული კანონპროექტით, რადგან სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ამას ევროკავშირში გაწევრებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს. საქართველოს ხელმოწერილი აქვს პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, რომლის დარღვევაც გაერთიანების უფლების შეზღუდვაა. არ ვიცი, კიდევ როგორ უნდა გაგვაფრთხილონ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
თუ ვინმეს აქამდე ეჭვი ეპარებოდა, ვფიქრობ, დღეს აშკარაა, რომ კრემლში დაწერილი სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობენ. უკრაინაში რუსული აგრესიის დროს ჩვენმა ხელისუფლებამ მთავარ ამოცანად დაისახა აშშ-სა და ევროპის დემონიზაცია. ის, რომ მმართველი გუნდი და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები თავიანთ ნებაზე მოქმედებენ, რამდენიმე მიზეზით არ არის განპირობებული... "ქართული ოცნება", განსაკუთრებით უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, ამომრჩეველს არაფრად აგდებდა, მაგრამ ხალხს ჯერ მაინც არა აქვს განცდა, რომ ფსკერს დავეჯახეთ. როგორც კი ეს მოხდება და მოსახლეობის უმეტესობა მდგომარეობის სიმძიმეს გააცნობიერებს, ვითარება მაშინვე შეიცვლება.
- ამისთვის საჭიროა ალტერნატიული პოლიტიკური ძალა... ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალა, "ნაცმოძრაობა", გაიყო. ერთმანეთში მანდატების დატოვებაზე, ბოიკოტსა და ქუჩის აქციების ეფექტურობაზე კამათობენ, სხვები კი პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან.
- დიახ, ოპოზიციის დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საზოგადოებასთან ეფექტურ კომუნიკაციას ვერ ახერხებენ, რათა პრობლემის ის მასშტაბი დაანახონ, რაც "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას შეუქმნა. ოპოზიცია მდევრის როლშია, დღის წესრიგს თავად ვერ ქმნის. რაც შეეხება "ნაცმოძრაობას", "ოცნებას" ძალიან უნდა ის დასუსტებული იყოს, მაგრამ არა გამქრალი, რადგან ამ შემთხვევაში სხვა პოლიტიკურ ძალებს გაუჩნდებათ გააქტიურებისა და ამომრჩევლის მხარდაჭერის შესაძლებლობა. ეს კი "ოცნების" ინტერესებში არ არის, მას ხელს აძლევს პოლიტიკურ სარბიელზე მოტივტივე "ნაცმოძრაობა", რათა ყოველ დილა-საღამოს "სისხლიანი 9 წელი" იძახოს. ამიტომაც მისთვის ძალიან კომფორტულია მთავარ ოპოზიციად "ნაციონალები" ჰყავდეს.
- ევროკავშირში გაწევრება მოსახლეობის უმეტესობის არჩევანია და თუ ამის ჩაშლის საფრთხეს ვერ აღვიქვამთ, კიდევ რა საფრთხე შეიძლება გაჩნდეს, რომ, როგორც თქვით, საზოგადოება მიხვდეს, ფსკერს დავეჯახეთ?
- მაქვს ჩემი ვერსიები, რა შეიძლება გამოდგეს საზოგადოების თვალის ახელის საბაბად, მაგრამ მედიასთან არ ვილაპარაკებ, არც ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შეხედულებები გადამწყვეტი იქნება. ხანდახან ხალხისთვის ძალიან მცირე მიზეზიც კი საკმარისია - ბევრჯერ იმედგაცრუებული, გაბრაზებული ხალხი გადაწყვეტს, მორჩა, ახლა თუ არ ვიმოქმედეთ, მერე გვიან იქნებაო, მაგრამ ჯერ ეს დღე არ ჩანს.
- პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა გამოეყო დემოკრატიულ თანამეგობრობას და რაღაც მიზეზებით ცდილობს გაამართლოს ყველასათვის გაუგებარი ვითომდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოლიტიკა. რას ნიშნავს მისი მიმართვა?
- იმას, რაც ხდება. მთავრობას ქვეყანა ხელოვნურად მიჰყავს იზოლაციისკენ და საბოლოოდ ეს ცუდად დამთავრდება. უფრო გასაგებად ისაუბრა ევროკავშირის ელჩმა, რომელმაც ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც კი არ დატოვა თავის გამოსვლაში. როდესაც საქმე საერთაშორისო ურთიერთობებსა და ევროკავშირს ეხება, პრეზიდენტი, როგორც წესი, ყოველთვის სწორად საუბრობს, მაგრამ მისი კრიტიკის მიღმა საქმე არ ჩანს, ის არ მოქმედებს, არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეუძლია მიიღოს. სწორად მოიქცა, როდესაც ,,ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო. შესაძლოა ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეს არ ეხება, მაგრამ ასეთი კანონებისგან შედგება სახელმწიფო... თუმცა უამრავი ისეთი საქმეა, რომელთა შესახებ პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება შეუძლია, მაგრამ არ იღებს. მხოლოდ მედიასთან კომენტატორის როლში ყოფნა არ არის საკმარისი, პრეზიდენტს მეტი მოეთხოვება.
მისი განცხადებით, "უცხოური გავლენის აგენტების შესახებ" კანონს ვეტოს დაადებს, მაგრამ კარგი იქნებოდა, ჩართულიყო კამპანიაში, არასამთავრობო სექტორისთვის მისი თანადგომა ძალზე სასარგებლო იქნებოდა. იგივე ითქმის ექსპრეზიდენტის საქმეზეც. თუ სამართლებრივად მივუდგებით, მას მხოლოდ შეწყალება ან სასჯელის შემცირება შეუძლია და არა საავადმყოფოში გადაყვანა. გასაგებია, რომ ამ საკითხზე თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ მე კრიტიკული დამოკიდებულება იმ საქმეების მიმართ მაქვს, რომელთა შესახებაც მისი პოზიცია გაუგებარია. როგორც წესი, მთავრობასთან მისი პრეტენზია ძალიან სწორია, თუმცა არასდროს ჩანს, თავად სად დგას ამ ვითარებაში. მაგალითად, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა, მკაცრი განცხადება გააკეთა, მაგრამ შემდეგ კანონს ვეტო არ დაადო. შესაბამისად, მისი კრიტიკა გაუგებარი ხდება. პრეზიდენტის ვეტოს უფლება იმაში მდგომარეობს, რომ თავისი პოლიტიკური ნება გადაწყვეტილებაში ასახოს. შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობას დაეძლია პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ მისი ნება და პოზიცია უფრო დამაჯერებელი, საქმით გამყარებული იქნებოდა. "უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ" კანონზე თქვა, რომ ვეტოს დაადებს და იმედია, აღარ გადათქვამს, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, პრეზიდენტის პოზიციის გამოხატვა მაინც მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახონ, ამ ქვეყნის პოლიტიკურ ნაწილში საღად მოაზროვნე ადამიანებიც არსებობენ. გარდა ამისა, შეუძლია თავისი აქტიურობით ამ კანონის მიღება არ დაუშვას, ამისთვის კი უნდა ჩაერთოს წინააღმდეგობის კამპანიაში. ვეტოს დაადებს, ჩვენ კი საკონსტიტუციო სასამართლოში ვიჩივლებთ და ამ კატასტროფული მდგომარეობიდანაც ნაკლები ზარალით გამოვძვრებით.