იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს?!
"კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად", - საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.რა თქმა უნდა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა შეიძლება თქვას, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველო მიიღებს თუ არა ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის სტატუსს, რადგან ადრე თუ გვიან ჩვენი ქვეყანა მაინც შეუერთდება დიდ ევროპულ ოჯახს. ფორმალურად, ეს ასეა. თუმცა გეოპოლიტიკაში ფორმალობები არ არსებობს. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ზრდილობიანი უარი გვითხრეს ნატოში გაწევრების დაჩქარებაზე, თუმცა ფორმალურად აღნიშნეს, რომ საქართველო ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ჰოდა, ეს ფორმალობა შემოგვიბრუნდა აგვისტოს ომის ტრაგედიად და ოკუპირებულ ტერიტორიებად. ბუქარესტის სამიტიდან კი 15 წელი გავიდა. ეს ისე, სტატისტიკისთვის...
მარტო საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ საკმარისი არ არის. ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მიანიჭონ სტატუსი (მიუხედავად ხარვეზებისა) და შემდეგ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია. პირდაპირ რომ ვთქვათ, ევროპის დედაქალაქებში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომ საქართველო მაქსიმალურად "ჩაიხუტონ", რათა რუსულ დათვს გამოჰგლიჯონ თათებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის რისკი, რუსული დათვი ისე ჩაგვეხუტოს, რომ შესაძლოა გაგვგუდოს.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს? ამას ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილში იმედგაცრუება მოჰყვება, ნაწილი კი პირდაპირ აღიქვამს რუსეთისკენ ხელის კვრად. ასე აღიქვამს რუსეთიც. იმედგაცრუებიდან კი ერთი ნაბიჯია, რომ ქვეყანაში დაიწყოს რაღაც ახალი პოლიტიკური პროექტების პედალირება (მაგალითად, "ნეიტრალიტეტი", პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, ახალ ალიანსებზე საუბარი და ა.შ.), რაც პირდაპირ ასხამს წყალს კრემლის წისქვილზე. გარდა ამისა, სტატუსის ვერმიღება საქართველოში გამოიწვევს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ახალ ესკალაციას და ვერანაირ დეპოლარიზაციაზე საუბარი ვეღარ იქნება. სასწორის ერთ მხარეს ეს ცუდი სცენარია და მას ვერ გადაწონის მეორე მხარე, თუნდაც ეს იყოს სააკაშვილის საკითხი, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები ევროპარლამენტზე, უცნაური და უდროო კანონები "გავლენის აგენტებზე" და ა.შ.
საქართველოს კურსი დასავლეთისკენ არც გუშინ აუღია და არც გუშინწინ. 1991 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რა თქმა უნდა, მაშინვე არავინ ალაპარაკებულა ევროკავშირსა და ნატოზე, მაგრამ პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა: "დასავლური კულტურა, ცივილიზაცია, ხელოვნება, პოლიტიკური ნააზრევი, ფილოსოფია, სოციალური და სამართლებრივი სისტემები უაღრესად ახლოა ჩვენთვის, რომ ჩვენი თვალსაზრისით, ამის ათვისება და გათავისება, დასავლური ღია დემოკრატიული საზოგადოების აშენება არის დასავლური ორიენტაცია და არა სხვა რამ".
გამსახურდია "ერთიან კავკასიურ სახლზე" ოცნებობდა და მას ქვეყნის გეოპოლიტიკური მომავალი შესაძლოა ცოტა სხვანაირად წარმოედგინა, თუმცა ფაქტია - რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა ქვეყანას აღარ სურდა. შესაბამისად, როდესაც თბილისმა უარი თქვა დსთ-ში შესვლაზე (რომელიც იდეაში მოდერნიზებული და სახელგადარქმეული სსრკ უნდა ყოფილიყო), ამას მოჰყვა თბილისის ომი (1991 წლის დეკემბერი-1992 წლის იანვარი), ხელისუფლების დამხობა და ქვეყნის ქაოსში ჩაძირვა. ისტორიული ფაქტია - ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზა ორივე დაპირისპირებულ ძალას ამარაგებდა იარაღით. ასე რომ, ეს იყო რუსეთის ჰიბრიდული ომის მეორე სტადია საქართველოს წინააღმდეგ. მეორე იმიტომ, რომ მანამდე სამაჩაბლოში სწორედ რუსეთის ინსპირაციით და რუსული სპეცსამსახურების უშუალო ჩარევით დაიწყო კონფლიქტი სამაჩაბლოში (1990 წელი) და ქვეყანაში პირველი ქართველი დევნილები გაჩნდნენ.
შემდეგ იყო რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გაჩაღებული მესამე ჰიბრიდული ომი - აფხაზეთი და ქართველთა გენოციდი (1992 წლის აგვისტო-1993 წლის სექტემბერი). ეს გაგრძელდა სამარცხვინო სამოქალაქო ომით (1993 წლის ოქტომბერ-დეკემბერი) და აქაც რუსეთი ორივე მხარეს აწვდიდა იარაღს.
მეორე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ სცადა ასეთი ტაქტიკის გამოყენება: დავუთმოთ რუსეთს, რათა იქნებ რუსეთმაც დაგვითმოს. მეტი დათმობა რაღა გინდათ - შევარდნაძემ 1993-1995 წლებში უშუალოდ მოსკოვის მითითებით დანიშნა შს, უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები. პარლამენტში ინიცირებული იყო რეზოლუცია, რომლის მიხედვით, რუსული სამხედრო ბაზები ქვეყანაში 25 წლით კანონდებოდა. მეტიც, საქართველო მზად იყო რუბლის ზონაშიც შესულიყო, მაგრამ... რუსეთს აფხაზეთი კი არა, გალის რაიონის ერთი სოფელი არ დაუბრუნებია. ამიტომ, უკვე 1995-1996 წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთისკენ დაიწყო ყურება (ამაში თბილისს ძალიან დაეხმარა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი). შესაბამისად, რუსეთი მეოთხე ჰიბრიდული აგრესიისთვის მოემზადა. დღეს ბევრს არ ახსოვს გალის 1998 წლის მოვლენები. მაშინ გალში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა და რუსული სპეცსამსახურები არწმუნებდნენ შევარდნაძის ხელისუფლებას (მაშინდელი ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს ეს კარგად ახსოვთ), რომ თუ ქართული ჯარი აფხაზეთში შევიდოდა, რუსები არ ჩაერეოდნენ, რუსი სამშვიდობოები კი გაიწეოდნენ (არ გაგონებთ უახლეს ისტორიას?!). ქართული ჯარი უკვე ზუგდიდში იმყოფებოდა, თუმცა ბოლო მომენტში შევარდნაძემ ვერ გაბედა ბრძანების გაცემა. მომდევნო წლებში ნათელი გახდა რუსების გეგმები - თუ ქართული ჯარი გალში შევიდოდა, ეს მოსკოვის მხრიდან რუს სამშვიდობოებზე თავდასხმად გასაღდებოდა და 1998 წელსვე რუსები მოამთავრებდნენ ყველაფერს (მაშინ საქართველოს არ ჰქონდა დასავლეთის ისეთი მხარდაჭერა, როგორიც 2008-ში).
თბილისი აგრძელებდა დასავლეთისკენ სვლას და დადგა 2002 წლის 22 ნოემბერი. პრაღაში, ევროატლანტიკური საბჭოს სამიტზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა: "ბედნიერი ვარ იმით, რომ ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სამიტზე შემიძლია განვაცხადო: საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო და მზადაა ყოველივე იღონოს, რათა ღირსეულად მოემზადოს ამ ისტორიული მისიისათვის. საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის ეს არც ისე მოკლე გზაა, მაგრამ არც ისე გრძელი, როგორც სულ ორიოდე წლის წინ მოჩანდა..."
სხვათა შორის, 2002 წელს, მაშინდელი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეს "მოკლე გზა" 2007-2008 წლებში უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - 2008 წელს (ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ) რუსეთმა უკვე ღია ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ, რაც ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით დასრულდა. თუმცა საქართველომ მაინც არ გადაუხვია დეკლარირებულ პროდასავლურ კურსს. ასე იყო "ნაციონალების" დროს, 2017 წელს კი, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში, საერთოდ კონსტიტუციით განისაზღვრა პროდასავლური კურსი.
საქართველოს ხელისუფლებების დეკლარირებულ კურსს თავი რომ დავანებოთ, საზოგადოების უდიდეს ნაწილში ვერ მოიკიდა ფეხი პრორუსულმა განწყობებმა ბოლო 32 წლის მანძილზე - ზემოთ ჩვენ ჩამოვთვალეთ, საქართველოს მოსახლეობამ რამდენი ომი და უბედურება გადაიტანა დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდიდან, მაგრამ რუსეთს მაინც არას ეუბნება. საქართველოში კი ვამაყობთ ამით, მაგრამ ალბათ, ეს ევროპის დედაქალაქებშიც უნდა დააფასონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი სცენარი განვითარდება და სიტყვიერი მხარდაჭერა და შეშფოთებები წამალი ნამდვილად ვერ იქნება.
გიორგი კვიტაშვილი