„ჩემს ჯაბას სიცოცხლის უფლება აქვს და ადაპტირებული გარემო სჭირდება!“
გოგიტა და ჯაბა მურცხვალაძის მამაშვილობაზე წიგნი დაიწერება. მათ ერთად დგომით არაერთი დაბრკოლება გადალახეს. ჯაბას ჰიდროცეფალია აქვს. როგორც ოჯახი ამბობს, ის, ჯანმრთელი დაიბადა, სამშობიაროში შეხვევისას დაუვარდათ და მას შემდეგ ავადაა. სასოწარკვეთილ მშობლებს დახმარების ხელი გაუწოდეს და მომავლის რწმენა ჩაუსახეს "კვირის პალიტრის" პირველმა მთავარმა რედაქტორმა ლალი გუნთაიშვილმა და მისმა კოლეგებმა. ამიტომაცაა, რომ ჯაბას დღემდე "კვირის პალიტრის" შვილობილს უწოდებენო, ამბობს ბატონი გოგიტა.
- ჯაბა თუ ნაბიჯს გადადგამდა, ვერც ვიოცნებებდით, მაგრამ ეს სასწაული ბერი გაბრიელის საფლავზე მოხდა. მაშინ ჯაბა 8 წლის იყო. გავლა არ ნიშნავს, რომ ათობით კილომეტრის დაფარვა შეუძლია. ხანდახან თვე ისე გავა, მიწაზე ფეხს არ დგამს. ბათუმში მე-4 სართულზე ვცხოვრობთ, არა გვაქვს ადაპტირებული მისასვლელი, არც ადაპტირებული ლიფტი. ბათუმის მერიას, აჭარის მთავრობას, აღმასრულებელ და საკანონმდებლო მთავრობას წერილით მივმართე. წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში ადაპტირებული გარემო არ ჰქონდეს შშმ პირს, მაგრამ... როდესაც პირველ წერილზე უარი მითხრეს, ვთხოვე, 50/50-ზე მაინც დამიფინანსეთ-მეთქი, ისევ უშედეგოდ.
მერიიდან მოვიდნენ, ბინას რატომ არ გაყიდით, ადაპტირებული გარემოს შექმნა თუ გსურთო? ვთქვათ, გავყიდე, ჩვენს სახლში 2 ოჯახი ვცხოვრობთ: მე, ჩემი მეუღლე, ჯაბა და ჩემი ქალიშილის ოჯახი, მას და ჩემს სიძეს 2 მცირეწლოვანი ჰყავთ და მესამეს ელოდებიან. ეს ბინა რომც გავყიდო, მის საფასურში 2 ბინას ვერ ვიყიდი, და რა ვქნა, შვილიშვილები ქუჩაში დავყარო?!
თამარის დასახლებაში ვცხოვრობთ. ჩვენი უბანი ახლოსაა რესტორან "ოქროს თევზთან". მის გვერდით ადაპტირებული ჩასასვლელია ზღვაზე. ვთხოვეთ აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიას, რომ ბულვარიდან ზღვამდე, წყლის ველოსიპედების მოედნამდე, გააკეთოს ბილიკი შშმ ბავშვებისთვის. ჩასვამ ბავშვს ველოსიპედში, მკერდამდე წყალშია და ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს დამოუკიდებლად ცურავს. ეს დიდი სიამოვნებაა შშმ ბავშვებისთვის. ვთხოვე, ასეთივე ბილიკი მოწყობილიყო ჩვენს უბანში, სადაც ეტლით მოსარგებლე 10 ბავშვი მაინც ცხოვრობს. გამოგვიცხადეს, ამის ვალდებულება არა გვაქვსო. როგორც ჩანს, არც სურვილი აქვთ დიდად. ადგილობრივმა მთავრობამ რომ ყური არ შეიბერტყა, ლევან იოსელიანსა და რატი იონათამაშვილსაც მივმართე. ლევანმა პარტია "მოქალაქეებიდან" აჭარის მთავრობას გადმოუგზავნა ჩემი წერილი, მაგრამ "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამაშვილი, რომელიც თვითონაც ეტლით მოსარგებლეა, ასე უგულოდ თუ მოგვეპყრობოდა, არ მეგონა. ძალიან მეწყინა, წერილზე რომ არ მიპასუხა, ჩამოვედი თბილისში,A შეხვედრა მინდოდა და არც ზარზე მიპასუხა, არც მესიჯზე.
ჩვენი ოჯახი მხოლოდ ხალხის თანადგომაზეა დამოკიდებული. ძალიან როცა გამიჭირდება, "კვირის პალიტრასა" და ამბები. გე-ს ვუზიარებ დარდებს და ამ სტატიებზე გამოხმაურებით გვიდგას სული. სახელმწიფოსგან სასაცილო პენსიის მეტი არაფერი მახსოვს.
- პენსია რამდენია?
- 265 ლარი. შშმ პირს იმდენი წამალი, გამოკვლევა და ანალიზი სჭირდება, ვის რაში ეყოფა ეს თანხა? ჰოლდინგი "პალიტრამედია" რომ არ არსებულიყო, საზოგადოების მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, არ ვიცი, რა მეშველებოდა. ეს ადამიანები მასულდგმულებენ.
- ჯაბაზე მიამბეთ.
- ჯაბა ახლა 30 წლისაა. მართალია, ფეხი აიდგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კილომეტრებს გაივლის. 60 წლის გავხდი უკვე, თან მეც შშმ პირი ვარ, დიაბეტიანი და ინსულტგადატანილი. როცა ჯანმრთელი ვიყავი, კიბეზე ხელში აყვანილი ამყავდა და ჩამომყავდა. წელიწადში 2-3-ჯერ რომ გაიყვან ასეთ შვილს გარეთ, დანაშაულია, არადა, აღარ შემწევს ძალ-ღონე... მთელი საქართველო ლოცულობდა ჩემი შვილისთვის. დღეს ჯაბა ცოცხალია და ვიღაცის გულგრილობას ვერ გადავაყოლებ. მას სიცოცხლის უფლება აქვს და ადაპტირებული გარემო სჭირდება. კვირაში რამდენიმეჯერ რომ გარეთ გავიდეს, აქვს უფლება. მათი იმედი მაქვს, ვინც ამ წერილს წაიკითხავს. მთავრობა თუ არა, საზოგადოება მაინც დამეხმარება და მკურნალობის გარდა, ჯაბასა და მისი მეგობრებისთვის ადაპტირებულ გარემოს მოვაწყობთ.
"საქართველოს ბანკი"
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად
GE42BG0000000162421607
"თიბისი ბანკი"
საქველმოქმედო ფონდი "ხომლი" ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად
GE45TB7420136080100007