ხვიჩას Victory
"მოქანდაკე და მხატვარი", "უცხოპლანეტელები", "ჰარმონიული ტანდემი", "ქიმია, რომელიც წარმოუდგენლად ბუნებრივი და სახიფათოა", "მეტოქეებს ლომებივით ათვინიერებენ"... - ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას დუეტი ეპითეტებს ვეღარ ითვლის. "ნაპოლის" ვერც ერთ ტურნირში რომ ვერ აჩერებენ, დიდწილად სწორედ ოსიმენი-კვარაცხელიას ტანდემის დამსახურებაა: ქართულ-ნიგერიულმა წყვილმა სერია "ა"-ს და ჩემპიონთა ლიგის 25 მატჩში... 32 ბურთი გაიტანა!
"მოქანდაკე და მხატვარი"... თუ ამ "ნაპოლის" ერთი მატჩი მაინც გინახავთ, "მხატვრის" გამოცნობა არ გაგიჭირდებათ, მით უფრო, როცა ხვიჩას კიდევ ერთ მეტსახელს, "კვარავაჯოსაც" გაიხსენებთ.
Victory კი... ინგლისურ ენაზე "გამარჯვებას" ნიშნავს. გამარჯვებას, რომელიც ასე ახლოს არის და ნეაპოლელებმა ძალიან უნდა "მოინდომონ", "სკუდეტო" ხელიდან რომ გაუშვან!
"ნაპოლიმ" (კვარამაც) უკვე იპოვა თავისი ვიქტორი - 24 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, რომელიც ნეაპოლის მთავარ კლუბში მესამე სეზონს ატარებს და ასეთი შედეგიანი არასდროს ყოფილა. ამიტომაც სუბიექტურობას ვერავინ დაგვწამებს, როცა ოსიმენთან ერთად ხვიჩასაც ვახსენებთ: მთელი ევროპა ხედავს, რომ კვარაცხელიას ჯადოსნური გადაცემები და ქართველი შემტევის გასანეიტრალებლად დახარჯული რესურსი ნიგერიელ ფორვარდს ძალიან ეხმარება ბომბარდირთა სიის სათავეში ყოფნაში.
32 ნიგერიულ-ქართული გოლი 25 მატჩში ("ემპოლის" წინააღმდეგ 25 თებერვალს გამართული მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის. - რ.შ.) ადასტურებს, რომ დღეს ოსიმენი-კვარაცხელიას დუეტი მართლაც საუკეთესოა ევროპულ ფეხბურთში. "ნაპოლის" შემტევებს ვერც ნაქებმა იტალიურმა დაცვამ მოუხერხა რამე და ჯერჯერობით მათი გამჩერებელი არც ჩემპიონთა ლიგაზე ჩანს.
ჩვენს ბიჭზე ახალი რაღა უნდა ვთქვათ, აი, ოსიმენი კი... გნებავთ, სუპერ-მენი დაუძახეთ, მით უმეტეს, რომ სისწრაფე და მოქნილობა ნამდვილად სუპერი აქვს. ხასიათიც. შემთხვევითი არ არის, მას და ხვიჩას ყველაზე კარგად რომ ესმით ერთმანეთისა - მოედანზეც და მის მიღმაც.
ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში "აინტრახტთან" ვერგატანილი პენალტის შემდეგ ხვიჩასთან პირველი სწორედ ვიქტორი მივიდა, გაამხნევა და თავი ააწევინა იმის ნიშნად, რომ "კვარავაჯომ" თავი და "ფუნჯი" არასდროს არ უნდა დაუშვას!
პენალტი ვის არ აუცილებია?! ბაჯო, მესი, პლატინი... ნაკრების მწვრთნელის ხუშტურებს თუ არ ჩავთვლით, რა მოაკლდა რობერტო ბაჯოს (გულშემატკივართა დიდი ნაწილის შეხედულებით ყველა დროის საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელს!) სიდიადეს იმ ავადსახსენებელი პენალტის აცილების გამო?!
თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვის არ გასცუდებია?! თუმცა ხვიჩას ემოციურობა რომ ვიცით, მაინც შეგვეშინდა - გუნებაწამხდარს ხასიათი და თამაში ერთად არ გაფუჭებოდა... საბედნიეროდ, კვარაცხელიას არც ყურები ჩამოუყრია და ჩვეულად აქტიურიც იყო, უიღბლო დარტყმიდან ნახევარ საათში ისეთი პასი "დაუხატა" გუნდის კაპიტან დი ლორენცოს, ვიღას ახსოვდა გამოუყენებელი პენალტი?
უფრო სწორად, "აინტრახტის" მეკარის მოგერიებულ დარტყმაზე ნათლად ვიქტორ ოსიმენის ქმედება გვახსოვს: გაწბილებული ქართველის გასამხნევებლად პირველი სწორედ ნიგერიელი მივიდა, ისევე, როგორც გოლის მისალოცად მირბის ხოლმე! საერთოდაც, ვიქტორ ოსიმენი ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შეინარჩუნო ადამიანობა დიდი წარმატებისა და ფულის მოპოვების შემდეგაც! ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ღარიბ ნიგერიულ ოჯახში გაზრდილი ბიჭი ლაგოსის გზებზე ავტომანქანებს შორის დარბოდა და წყლის ბოთლებს ყიდდა, რათა ქვრივად დარჩენილ მამას და ხუთ და-ძმას დახმარებოდა. დღეს მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე დარბის და უდიდესი შედეგებისა და შემოსავლის მიუხედავად, არ დაუკარგავს "იმ პატარა ბიჭის" თვისებები და ხასიათი. ვიქტორმა, რომელსაც დიდ Vიცტორყ-ზე ოცნება მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ლაგოსის ნაგავსაყრელებზე ეძებდა, როცა საღამოობით, უფროს დას აბარებდა მთელი დღის განმავლობაში მომქანცველი შრომით ნაშოვნ წვრილ ფულს: "პატარა ვიყავი, როცა დედა გარდაიცვალა. სამი თვის შემდეგ მამამ სამსახური დაკარგა... მე და ჩემი და-ძმები ქუჩაში სპორტის გაზეთებს, ფორთოხალს, წყლიან ბოთლებს ვყიდდით. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული წლები, გადარჩენისთვის ბრძოლა. თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ ამ ყველაფერმა ჩამომაყალიბა ისეთ ადამიანად, როგორიც ახლა ვარ", - იხსენებს ოსიმენი.
ეს იყო ოცნებისკენ მიმავალი გზა, რომელიც ვიქტორმა ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ცალ-ცალი ფეხსაცმლით გაიარა, ქუჩის ფეხბურთიდან ლაგოსის საფეხბურთო სექციაში მოხვედრა კი გრძელი გზის იღბლიანი დასაწყისი... ნიჭსა და შრომისმოყვარეობას უკვალოდ არ ჩაუვლია: 15 წლისა ნიგერიის ასაკობრივ ნაკრებში მიიწვიეს, მოგვიანებით კი გერმანულმა "ვოლფსბურგმა" გაუფორმა პროფესიული კონტრაქტი: "როდესაც "ვოლფსბურგთან" ხელშეკრულება გავაფორმე, პირველად მიღებული თანხითა და ბონუსით სასწრაფოდ შევიძინე სახლი ლაგოსში მამაჩემისთვის. ფული მივეცი ჩემს და-ძმებს და დღეს ყველას აქვს თავისი საქმე. მახარებს იმის ცოდნა, რომ მათ საჭმელი აქვთ. ისინი ყოველთვის მეხმარებოდნენ და, ბუნებრივია, მეც მსურს მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო", - ამბობს ნიგერიელი თავდამსხმელი.
არა მარტო თავისი ოჯახის წევრების, ნეაპოლისა და საქართველოს მცხოვრებთა უდიდესი ნაწილის ცხოვრებაც შეცვალა. სუპერშედეგიანობისა და რაც მთავარია, ხვიჩა კვარაცხელიასთან განსაკუთრებული დამოკიდებულების წყალობით, ვიქტორ ოსიმენი ჩვენი "ოჯახის წევრადაც" იქცა...
ვიქტორი - დიდი "ვიქტორისკენ" მიმავალ გზაზე, "სკუდეტოსკენ" (იტალიის ჩემპიონის ტიტული), რომელსაც ნეაპოლი სამ ათეულ წელზე მეტია ელის; სანუკვარი ჯილდოსკენ, რომელიც ოსიმენმა ხვიჩასთან, სპალეტისთან, დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად, აუცილებლად უნდა მოიგოს!
ეს - ხვიჩას და "ნაპოლის" ვიქტორი. ჩვენს ბიჭზე კი ახალი რაღა უნდა ვთქვა?!
მთელი საქართველო ისედაც "ნაპოლის" მატჩიდან მატჩამდე ვცხოვრობთ. 90 წუთის განმავლობაში აღარავის ახსოვს, რამდენი მოვალე ჰყავს, რომელი პარტიის მხარდამჭერია, ნაცია, ქოცი, "შუაშისტი" თუ "არავისტი" - გასული წლის აგვისტოდან ყველანი "ხვიჩისტები" ვართ!
ეს არის მოვლენა, რომელსაც საბჭოეთის დროინდელ თბილისის "დინამოს" შევადარებ, საქართველოს სიმბოლო რომ იყო, ჩვენი იდენტობისა და თავისუფლების (მწვანე მინდორზე 90 წუთის განმავლობაში დაშვებული თავისუფლებისა!). მაშინ იყო "ფეხბურთი ჩვენი არსობისა", მოსკოვის კლუბების დამარცხება კი ერთ კონკრეტულ მატჩში გამარჯვებაზე ბევრად მეტი... ქართული გენის, თვითმყოფადობის, დაუმორჩილებლობის გამოხატულება...
ეს - წლების წინ, დღეს კი, პირველ რიგში, სწორედ ხვიჩა კვარაცხელია იქცა სიამაყის, სიხარულის, დაკარგული იმედის დაბრუნების მიზეზად იტალიაში, საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველებისთვის... არა მგონია, თვითონ ბოლომდე აცნობიერებდეს, რამდენს ნიშნავს ქართველებისთვის. თუმცა ჩვენ ხომ ვიცით?! რაც მთავარია, წარმატებამ და პოპულარობამ ვერ შეცვალა, მოედანს მიღმა, დღემდე ისეთივე მორიდებული და თავმდაბალია, წლების წინ რომ იყო - მაშინ, როცა არათუ სამხრეთ იტალიის ულამაზეს ქალაქზე, თბილისის "დინამოზეც" ვერ იოცნებებდა.
სერია "ა"-ს ეგიდით გამართულ 19 მატჩში კვარამ 10 გოლით და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. ეს ნიშნავს, რომ 19 მატჩში ამდენივე საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა! და ეს ყველაფერი კარიერის დასაწყისში... არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ 22 წლის არის. პატარა ბიჭი, რომელმაც... აქამდე სად იყოო?! - ათქმევინა ალესანდრო კოსტაკურტას; "უკვე 100 მილიონზე მეტი ღირს და მთელ ევროპას ჯადოს უკეთებსო", - დააწერინა "მარკას", ჩორრიერე დელლო შპორტ კი ახალგაზრდა ქართველს "ჰარი პოტერს" ადარებს: "ნამდვილი ჯადოქარია - ბურთით იმას აკეთებს, რაც უნდაო!" რატომაც არა?! თუ ჰარი პოტერი არის "ბიჭი, რომელიც გადარჩა", კვარა ნამდვილად არის... "ბიჭი, რომელიც გამოჩნდა". გამოჩნდა, მეტეორივით შეიჭრა იტალიურ ფეხბურთში და თავდაყირა დააყენა! ბიჭი, რომელმაც საქართველოს გაერთიანება შეძლო, ნეაპოლი კი ჩვენთვისაც მშობლიურ ქალაქად აქცია.
ხვიჩა კვარაცხელია: ვიქტორთან, ლუჩანოსა და დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად - ბევრი დიდი Victory-სკენ!