"კვარას ეფექტი" ანუ "მომეცით საქართველოს მოქალაქეობა" - კვირის პალიტრა

"კვარას ეფექტი" ანუ "მომეცით საქართველოს მოქალაქეობა"

"გოლ, გოლ, გოლ, კვარა, კვარა, კვარა... ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა, ქართველად ვგრძნობ თავს, ქართველი ვარ!"... იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე­ "კვარას ეფექტზე" გვიამბობს...

- დაახლოებით 11 წელია იტალიაში ვცხოვრობ და ამ ბოლო დროს ვხედავ, როგორ თანდათან იზრდება საქართველოს პოპულარობა. 11 წლის წინანდელი რეალობა სულ სხვა იყო, თითქმის თითოეული იტალიელისთვის ახსნა მიწევდა, სად იყო საქართველო და მიუხედავად უდიდესი წარსულისა და კულტურისა, რატომ რჩებოდა ჩრდილში ათწლეულების განმავლობაში. ახლა საქართველოს უფრო კარგად იცნობენ და ამაში ლომის წილი ქართველ ემიგრანტებს მიუძღვით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ცდილობენ საქართველოსა და მისი კულტურის პოპულარიზაციას. თუმცა ხვიჩას "ნაპოლიში" გადმოსვლის შემდეგ უდიდესი ნახტომი მოხდა - ზუსტად ორი მატჩის შემდეგ, სადაც ხვიჩამ სამი გოლი გაიტანა, უკვე მთელი იტალია და სოციალური ქსელი საქართველოზე ლაპარაკობდა. საოცარი ეფექტი მოახდინა ხვიჩას გამოჩენამ, ძალიან შეგვიმსუბუქა მდგომარეობა ემიგრანტებს და რაც მთავარია, ინტერესი გააჩინა არა მარტო მისი პერსონის, როგორც ქართველის, არამედ ყველაფერი იმის მიმართ, რაც ქართულია... შემიძლია ერთი მაგალითი მოგიყვანოთ - ახლა ხშირად მეპატიჟებიან იტალიურ სპორტულ გადაცემებში. ჟურნალისტები საოცარ ინტერესს იჩენენ და მე მაქსიმალურად ვცდილობ ამ შესაძლებლობის გამოყენებას, რომ ვისაუბრო საქართველოს ისტორიაზე,­ კულტურაზე, ტრადიციებზე. ერთ-ერთ ბეჭდურ ინტერვიუში, რომელიც იტალიურ გამოცემას მივეცი, წინა პლანზე წამოვწიე ქართული ფეხბურთის ისტორია და მისი ლეგენდები - სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ასევე ახალი თაობა. მეორე დღეს, ერთ-ერთი ტელევიზიიდან მთხოვეს ჩართვა და სწორედ ამ თემაზე დამისვეს კითხვები, გადაცემის წამყვანს ინტერვიუ წაუკითხავს და დაინტერესდა. მე ამას "კვარას ეფექტს" ვეძახი.

- სხვა ქართველი ფეხბურთელები თუ გაუგონიათ?

- ძველ თაობას წარსულში საქა­რთველოსა და იტალიას შორის გამართული მატჩებიც ახსოვს. ახალ თაობასთან კი მიწევს ახსნა, რომ საბჭოთა კავშირის მარწუხებისა და რკინის ფარდის გამო, ქართველი ფეხბურთელები იზღუდებოდნენ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ქვეყანაში ისეთი სავალალო მდგომარეობა იყო, მიუხედავად შესანიშნავი­ ფეხბურთელებისა, საფეხბურთო ბაზარზე ამ სფეროს განვითარება ვერ მოხერხდა. თუმცა ქვეყანამ საფეხბურთო სამყაროს მაინც აჩუქა ისეთი­ შესანიშნავი ფეხბურთელები, როგორიც არიან კალაძე, არველაძე, ქინქლაძე...

adriano-1677842078.jpg

- როგორც ვიცი, თავადაც ესწრებით თამაშებს...

- დიახ, და ეს ენით აუწერელი გრძნობაა, მით უმეტეს, როდესაც ხედავ, რომ შენ თვალწინ იქმნება ისტორია, იბადება­ ლეგენდა. სასუოლო-ნაპოლის თამაშის შემდეგ, სადაც ხვიჩამ გოლი გაიტანა, ნეაპოლელებმა ერთხმად აღიარეს, რომ ეს იყო მარადონასებური გოლი. მატჩის მსვლელობისას სასწაული ხდებოდა ჩემს მესინჯერში. იტალიელი კოლეგები აღფრთოვანებას მიზიარებდნენ. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ერთი მეგობარი სპორტის ჟურნალისტის, napolimagazine.com-ზე რედაქტორ ადრიანო პასტორეს ხმოვანი შეტყობინება: "გოლ, გოლ, გოლ, კვარა, კვარა, კვარა... ქართველი სინათლეა, მომეცით საქართველოს მოქალაქეობა, ქართველად ვგრძნობ თავს, ქართველი ვარ!" - იმ მომენტში მივხვდი, რომ ეს ადამიანი ძალიან გულწრფელი იყო და, მგონი, კეთილი შურით შეშურდა, მე რომ საქართველოს მოქალაქეობა მქონდა.

მატჩის შემდეგ კონფერენციაზე სპალეტის სწორედ ხვიჩას შესახებ დავუსვი შეკითხვა. გულშემატკივრებს მაშინ ჯერ კიდევ ვერ გაერკვიათ, ხვიჩას გაუმართლა რამდენიმე თამაშში თუ მართლა ისეთი ტალანტი აქვს და სპალეტიმ მიპასუხა, დროა საჭირო და ხვიჩა გვაჩვენებს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი კლუბისთვის ღირსეული მოთამაშეაო და ასეც მოხდა... სხვათა შორის, ამ პერიოდში ისე საფუძვლიანად შევისწავლე ეს სფერო, რომ სპორტის ჟურნალისტიკაზე დავფიქრდი.