"მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს - ნუ ცდის ორგანიზმს" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს - ნუ ცდის ორგანიზმს"

მიხეილ სააკაშვილს ციხეში ჯდომა არ უნდა და ცდილობს, ციხიდან გავიდეს, ეს გზა აირჩია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მიხეილ სააკაშვილისგან შესაბამისი მცდელობა გამოიხატება იმით, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს და წონაში მკვეთრად დაიკლო.

„,მისი მიზანი არის სხვა - ჩემი სხვა. ჩემი მიზანია, პაციენტი კარგად იყოს, მისი

მიზანია, მდგომარეობა ისეთი იყოს, რომ დამძიმდეს და გაათავისუფლებენ. რამდენიმე თვეა, რაც პაციენტი ჩვენს კლინიკაშია და სულ ამბობენ, კრიტიკულად მძიმეაო. ჩემი გამოცდილებით, 8 თვე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ მინახავს. პაციენტის მდგომარეობა რომ არ დამძიმდეს, ყველაფერი ავუხსენი და ყველაფერზე უარს გვეუბნება“, - განაცხადა ექიმმა.

თამარ დავარაშვილის თქმით, წონაში კლება ისე გრძელდება, რომ პროცესი კახექსიისკენ მიდის.

მან ასევე განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტებს შერჩევითად იღებდა.

„საკვები დედამისს მოაქვს, რაც მას უნდა, თუმცა დედამისმა რაც არ უნდა მოუტანოს, თვითონ თუ არ უნდა, არ მიიღებს. ორი დღის წინ თევზის ბუტერბროდი მოუტანა, მაგრამ უკან გამოატანა. სხვა რამ შეჭამა და ის არა“,-განაცხადა თამარ დავარაშვილმა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი საკვებს შერჩევით იღებს.

„რას იფიქრებდით, როდესაც პაციენტი იღებს ბულიონს, მოხარშულ კვერცხს. ჭამა რომ არ შეეძლოს და ვერ ჭამდეს, ამასაც ვერ მიიღებდა. მოხარშული კვერცხი არ არის ადვილი მოსანელებელი, იგივე ბულიონიც. კარაქით და ხიზილალით ბუტერბროდებს იღებდა, ვუთხარი, რომ მის მიღება ისევ დაეწყო იმიტომ, რომ ცხიმი აუცილებელია ახლა, სხვანაირად მიზანს ვერ მივაღწევთ-მეთქი. ბუტერბროდი მოიტანეს და არ მიიღო“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ წონაში კლება გაგრძელდება, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება და მისი რეანიმაციაში გადაყვანა გახდება საჭირო.

რაც შეეხება ბრალდებებს, თითქოს, "ხელისუფლება კლავს მიხეილ სააკაშვილს", თამარ დავარაშვილი პასუხობს, რომ მკურნალობა მისი და კლინიკის პასუხისმგებლობის საკითხია.

„ხელისუფლება რა შუაშია? ჩემს საქმეში მე ვარ უფროსი. რა უნდა მითხრან, რომ არ გავაკეთო ის, რაც საჭიროა. ბევრ რამეს ვაკეთებ, რომ პაციენტის ინტერესები დაცული იყოს. მდგომარეობა რომ დამძიმდება და მაჩვენებლები ნამდვილად კრიტიკული გახდება, სატურაციას ვერ დავიჭერთ და არტერიულ ჰიპერტენზიას, მას ჩემთან ერთი წუთით არ გავაჩერებ. ამის გამო შეიძლება პასუხისგებაში მიმცენ. ის უკვე სარეანიმაციოო იქნება. როგორც ასეთი მაჩვენებლებით რეანიმაცია არ მიიღებდა, ისე მე ვერ გავაჩერებ. მანამდე არ უნდა მივიდეს, ნუ ცდის ორგანიზმს, ამაზე მაქვს კამათი. მისი, როგორც ადამიანის მესმის. ჩვენ ბევრ რამეზე გვისაუბრია. ამბობს,ასეთი შეცდომა არ უნდა მომსვლოდაო, მაგრამ ფაქტი სახეზე გვაქვს“, - განაცხადა დავარაშვილმა.

როგორც მანა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ნანობს.

გარდა ამისა, თამარ დავარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოს სამედიცინო ისტორია გაყალბდა.

როგორც მან განმარტა, თავს არ იმართლებს, მაგრამ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება ადვოკატმა არ იცის. ის ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ, შიმშილობას შეწყვეტს და მკურნალობას დათანხმდება. „სახალხო დამცველის აპარატმა ისტორია მომთხოვა. ვუთხარი, სანამ საბოლოო ფორმას არ მივცემ, ვერც მოგცემთ - მეთქი. არ მინდა ამდენი შეურაცხყოფა. კლინიკაზე პასუხისმგებლობა როგორ არ არის, მაგრამ იქ უნდა ნახონ, რატომ მოხდა ფაქტი, ექიმმა დაუშვა შეცდომა? ვფიქრობ, რომ როცა მომენტი იქნება, ეს კაცი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა თამარ დავარაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ - "პაციენტს თავიდან სჯეროდა ჩემი, თითქმის ყველაფერს იღებდა: ბოსტნეული, ხილი, ხორცის ნაწარმი - 4 ოქტომბრის შემდეგ კი მარტო 2 ნაჭერ მჭადს, კიტრს და კომბოსტოს სალათს"

იხილეთ ვიდეო ლინკზე