კაცი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა - კვირის პალიტრა

კაცი, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძოდა

დამეთანხმებით, ალბათ, ადამიანს სიკვდილი რომ არ უწერია და განგება მას დიდხანს სიცოცხლით აჯილდოებს, მაშინ არც ციმბირში გადასახლება, არც არლოვის კატორღა და არც რამდენჯერმე დაპატიმრება ვერაფერს ავნებს. მეტიც, 100-მდე შთამომავალსაც დატოვებს და სახელსაც. დღეს მოგიყვებით ამბავს კაცზე, რომლის სახელი და გვარი, ისიდორე კუპატაძე, ზესტაფონში ყველამ იცის. ამიტომაც ბევრი ძებნა არ დამჭირვებია მის ოჯახთან დასაკავშირებლად. ისიდორეს შვილი, ბატონი ანზორ კუპატაძე, 88 წლისაა­ და სიამაყით გიამბობთ მამაზე, რომელზეც სოფელში დღემდე ლეგენდები დადის.

- მამაჩემი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც სიტყვის თავისუფლებისთვის­ იბრძოდა საკუთარი სიცოცხლის ფასად. ის ავტობიოგრაფიაში წერს: "ჩვენ ვიბრძ­ოდით თანასწორობისათვის. ვიბრძოდით, რომ სკოლების კარები გაღებულიყო ყველასათვის და იქ შესულიყო როგორც გლეხის შვილი, ისე თავადისა! ჩვენ, გლეხები, ვიბრძოდით სიტყვის თავისუფლებისათვის". წარმოიდგინეთ, ამას ამბობდა 1905-1906 წლებში. იმ დროს ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ, ხვრეტდნენ პროკლამაციის გავრცელებისთვის, ის კი ჩართული იყო მოძრაობაში, რომელსაც სიახლე უნდა მოეტანა, დამარცხებულიყო უსამართლობა.

მამა გლეხის ოჯახში დაიბადა, 1988 წელს. ბაბუაჩემი თავადის მოჯამაგირე­ და პურის მცხობელი გახლდათ. დედა ადრე დაეღუპა და ბაბუამ მალე მოიყვანა მეორე ცოლი. მამაჩემი ვერ შეეგუა დედინაცვალს და სახლიდან წავიდა, მაგრამ ვერ ეგუებოდა მამამისის მოჯამაგირეობასაც, თურმე სულ ამცირებდნენ. ერთ დღესაც მამას ამბავი მოუტანეს, მამაშენი გაამათრახესო - ისე უცემია ბატონს, ძლივს გადაურჩა­ სიკვდილს. ამდგარა მამაჩემი და თავადის საქონელი დაუხოცავს. ეს მაშინ სასიკვდი­ლო განაჩენს უდრიდა. ოღონდ შვილი არ მოეკლათ, ბაბუა შევედრებია ბატონს, ჩემი სიცოცხლე წაიღეთ შვილის მაგივრადო. შენთვის სიკვდილი არხეინობაა, უნდა გაყურებინოთ, როგორი წამებით მოგიკლავთ შვილსო, უთქვამს ბატონს. სხვა გზა არ იყო და, მამას ტყეში­ მოუწია გაქცევამ. რა თქმა უნდა, დაედევნენ მოსაკლავად. მამა ბათუმში დაუკავშირდა იმ პერიოდში ცნობილ რევოლუციონერს თომა ჩუბინიძეს. მამა მაშინ 16-17 წლის ბიჭი იყო და თომა ჩუბინიძის რაზმში ჩაეწერა. მალე მოსახლეობაში დაიწყეს პროკლამაციების გავრცელება. ხალხს უხსნიდნენ, რომ მიწა მხოლოდ ერთ მემამულეს არ უნდა ჰქონოდა, რომ წოდებრივი უფლებები უნდა გაუქმებულიყო, რათა ნებისმიერი წოდების კაცის შვილს მისცემოდა სკოლაში სწავლის უფლება...

მამაზე უკვე ნადირობდა მეფის მთავრობა. მიჩენილი ჰყავდათ დამსმენები და ერთი შეკრების დროს დააპატიმრეს. მაგრამ ხალხის გამოსვლების გამო მალევე გამოუშვეს. ამის მერე უფრო გაძლიერდა მამაჩემის თვალყური და დევნა. მალე შეუკერეს კიდეც ურთულესი საქმე.

"ციხიდან გამოსვლის შემდეგ ორი წელი ფარულად შევდიოდი სახლში. ძირითად დროს ტყეში ვატარებდი, სადაც მაწვიმდა და მათოვდა. უმძიმესი დღეები გავატარე, მაგრამ წინ კიდევ უარესი მელოდებოდა თურმე. მე თუ ჩავბარდებოდი, მომცემდნენ ოთხ წელიწადს, მეტს არა, რახან მხოლოდ აგიტაციას ვეწეოდი და რაც არ უნდა მოენდომებინათ, მკვლელობას ვერ დამაბრალებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა და სულ სხვა სახით გამასამართლეს. ვითომდა ეკლესია გავძარცვე და ოქროს ხატი მოვიპარე" - წერდა მამა დღიურებში.

მამამ მაშინ დიდი ხნით შეაფარა თავი მღვდელს. კითხვა სწორედ მან შეასწავლა. სხვათა შორის, მამა მორწმუნე იყო. პირად ჩანაწერებში გულისტკივილით წერდა, რასაც არასოდეს გავაკეთებდი, ზუსტად ის დამაბრალესო. თურმე ეკლესიის დარაჯს ათქმევინეს, ამა და ამ ადგილას, კედელზე, 12-გირვანქიანი ოქროს ხატი ეკიდა და ის მოიპარაო. არადა, თვითონ მემამულეებმა გააქრეს ეკლესიიდან. ამით ორი საქმე გააკეთეს - ხატი მეფისნაცვალს მიართვეს და მეორე - მამა დაიჭირეს. დაიჭირეს მათთვის ყველაზე საშიში მეამბოხე.

მამა არლოვის საკატორღო ციხეში­ ჩასვეს და სამუდამო პატიმრობა­ მიუსაჯეს! ერთხელ მიამბო: "როდესაც არლოვის საკატორღო ციხეში ვიჯექი, ხელ-ფეხზე ბორკილები მქონდა. საკვები ერთი დიდი ჯამით მოჰქონდათ და ყველა იმ ერთი ჯამიდან ჭამდა. იქ, სადაც მე ვიჯექი, სხვადასხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ. ბევრი კულტურისგან შორს იყო და ამის შემხედვარემ ჭამა მივატოვე და სიკვდილის­ პირამდე მივედი. ეს ამბავი, რა თქმა უნდა, ციხის ხელმძღვანელობამდე მივიდა და უფროსმა მკითხა, რატომ არ ვიღებდი საკვებს. მე ვუპასუხე, ჩვენ, ქართველები, დიდი შინაგანი კულტურით გამოვირჩევით, სხვა ყაიდის ხალხი ვართ და ამიტომ ჩემთვის მიუღებელია საერთო ჯამიდან საკვების მიღება-მეთქი. ციხის უფროსს ხმა არ ამოუღია და წავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა ფაიფურის ჯამითა და კოვზით და იმ დღის მერე ჭამა დავიწყე". მამა ციხეში ლექსებსაც წერდა... რამდენიმე წლის შემდეგ ნიკოლოზ მეორეს შვილი შეეძინა და შეწყალების მიზნით მამას და რამდენიმე პირს მუდმივი პატიმრობა 25 წლით შეუცვალეს. 1917 წელს კი რევოლუცია მოხდა და გათავისუფლდა. მამამ 10 წელზე მეტი გაატარა საკატორღო ციხეში და დაახლოებით 31-32 წლისა დაბრუნდა საქართველოში. მას სიცოცხლის ბოლომდე დიდ პატივს სცემდნენ.

- საინტერესოა დედათქვენისა და მისი შეხვედრის ამბავიც. გასაოცარია, ვისაც ებრძოდა, სწორედ იმ ოჯახის წევრი მოიყვანა ცოლად...

- დედაჩემის, პოლია პერედელსკაიას მამა, წარმოშობით კაზაკი, ნიკოლოზ მეორის კართან დაახლოებული ყოფილა. როცა მეფის მთავრობა დაამხეს, საქართველოში გამოიქცა ოჯახთან ერთად. ერთხელ დედამ გვიამბო, როდესაც ალყაში ვიყავით, ერთხანს მეფესთან მოგვიწია ცხოვრებამ. ისე ახლოს ვიყავი მეფის შვილთან, რომ მეფეს ერთი გამორჩეული ჭრელი ძროხა ჰყავდა, მხოლოდ იმის რძეს სვამდა და მეც მასმევდაო... ბოლოს, როცა ბოლშევიკებმა გასაქანი არ მოგვცეს, იძულებული გავხდით მატარებლით წამოვსულიყავით. გზაში ბოლშევიკებმა გააჩერეს მატარებელი და ჩვენ თვალწინ დახვრიტეს მამა. ჩვენ კი მატარებელმა ზესტაფონში ჩამოგვიყვანა და იქ გავიცანი სწორედ მამაშენი... მიუხედავად იმისა, მამაშენი მეფის მთავრობას ებრძოდა, ამას ხელი არ შეუშლია ჩვენი ურთიერთობისათვის, პირიქით, ძალიან ადვილად გავუგეთ ერთმანეთს და უბედნიერესი დღეები გავატარე მასთანო...

- თომა ჩუბინიძეს რა ბედი ეწია?

- ერთ დღეს მამას ფურცლის პატარა ნაგლეჯი მოუტანეს, სადაც პატარა ასოებით ეწერა, ჩუბინიძე დუშეთის ტყეში დახვრიტესო. მამაზე ამან ძალიან იმოქმედა. სიცოცხლის ბოლომდე სულ იმას ამბობდა, ადამიანი არ უნდა შეეგუოს უსამართლობას, არ უნდა დაკარგოს სიტყვის თავისუფლებაო. მამამ 88 წლამდე იცოცხლა და 4 შვილი, 13 შვილიშვილი და უამრავი შვილთაშვილი დატოვა. ღირსეული კაცი იყო და მუდამ სიამაყით ვამბობ, რომ მე ისიდორე კუპატაძის შვილი ვარ!

რუსუდან შაიშმელაშვილი