"ლუკაშენკოს მეგობრული ღიმილი - პუტინის სატყუარა აფხაზებისთვის"
"პუტინის სახიფათო თამაში ბჟანია-არძინბასთან, რომლის მთავარი ფიგურა ლუკაშენკოა", - ასე შეაფასეს ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ბელარუსში ვიზიტი. ლუკაშენკომ ის სასახლეში მიიღო, თუმცა აფხაზები მაინც იმედგაცრუებული დარჩნენ, რადგან ლუკაშენკოს "თბილი და ეშმაკური ღიმილის მიღმა ხელშესახები არაფერი დარჩათ".
შეგახსენებთ, ლუკაშენკო აფხაზეთში 2022 წლის სექტემბერში ჩავიდა და ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა. აფხაზეთში ელოდნენ, რომ ბელარუსი აფხაზეთის აღიარებისთვის წინა პირობებს ამზადებდა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ლუკაშენკომ დუმილი არც ახლა დაარღვია... ბჟანიას მინსკში ჩასვლიდან რამდენიმე საათში აფხაზეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსის მოქალაქეები აფხაზეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ. ინალ არძინბას "უწყების" ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ბელარუსსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები განვითარდება, კერძოდ, ბელარუსში შეიტანენ გასაყიდად აფხაზურ პროდუქციას, აფხაზეთში კი - ბელარუსულს. ასევე, აფხაზი IT-სპეციალისტები ბელარუსში გადამზადდებიან.
აფხაზი მოსახლეობის ცნობით, არძინბასა და ბჟანიას ბელარუსში ჩასვლამდე სოცქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში იგეგმებოდა რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოსთან აფხაზეთის ინტეგრაციის საკითხებზე მსჯელობა. თუმცა ამის შესახებ არც ბჟანიას ლუკაშენკოსთან სტუმრობამდე და არც შემდგომ არაფერი თქმულა. ბელარუსი დიქტატორის თქმით, "არ ესმის თბილისის მწვავე რეაქციის, როდესაც აფხაზებს ხვდება, რადგან ბელარუს ხალხს აფხაზებთან მეგობრული ურთიერთობა სურს".
უკანასკნელ წლებში ბელარუსის მიერ აფხაზეთის შესაძლო აღიარებაზე ინფორმაცია მედიაში პერიოდულად ვრცელდებოდა, თუმცა, აფხაზების თქმით, "ლუკაშენკოს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობასთან დაახლოების მიუხედავად საგარეო მიმართულებაში ჯერაც არაფერი შეცვლილა, რაც მათ პოზიტიურ მოლოდინს არ უჩენს", - წერს აფხაზი ჟურნალისტი.
გამოცემა "Чегемская правда"-ს მთავარი რედაქტორის ინალ ხაშიგის მოსაზრებით, "ლუკაშენკომ მინსკში ბჟანიასთან შეხვედრის შემდეგ ბელარუსულ-აფხაზურ ურთიერთობებში თამასა ასწია. რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფო პროექტში ახალი წევრების ჩართვა ჯერჯერობით არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში ამის დიდი იმედი ჰქონდათ".
აფხაზი ჟურნალისტის თქმით, რუსი ექსპერტები გასულ კვირას წინასწარმეტყველებდნენ "ახალი ეტაპის დაწყებას საკავშირო სახელმწიფო პროექტზე, თუმცა ბელარუსის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტების მოსკოვში ერთდროულმა ვიზიტმა აჩვენა, რომ რუსეთის დედაქალაქში მათი ჩასვლით ასეთი სინქრონიზაცია ჯერ არ არის. არადა, ამ ვიზიტებს ლოგიკური გაგრძელება უნდა ჰქონოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - პუტინს თავის გამოსვლაში არაფერი უთქვამს საკავშირო სახელმწიფოს ახალ კონფიგურაციაზე".
"შარშან ბჟანია ბედნიერი იქნებოდა, თუ მინსკი აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას აღიარებდა. მაგრამ ახლა "სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ" დაუსრულებელი ომის მასშტაბი მიიღო, დნრ და ლნრ რუსეთის ნაწილი გახდა, მთლიანობაში კი, ისინი საკავშირო სახელმწიფო პროექტად აღიქმება, როგორც რეკონსტრუქციისკენ ერთგვარი შუალედური ეტაპი, ან სულაც სსრკ-2 და შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, ოღონდ არ უნდა ვიჩქაროთ", - მიაჩნია ხაშიგს. აფხაზი მოსახლეობის ნაწილს ბელარუსთან დაახლოება სულაც არ მიაჩნია სახარბიელოდ. "ლუკაშენკო დიქტატორია, ის ადამიანის უფლებებს არაფრად აგდებს, არ ცნობს დემოკრატიას, არჩევნების შედეგებს, ციხეში ჰყავს ასობით ოპოზიციონერი და აქტივისტი და მასზე ვაკეთებთ სწორებას? რატომ, რა სიკეთეებისთვის? პუტინს ლუკაშენკოს გარდა არავინ ელაპარაკება. კარგად დავფიქრდეთ, საით ვიღებთ გეზს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს მეგობრული ღიმილი სხვა არაფერია, თუ არა პუტინის სატყუარა - აი, თუ კარგად მოიქცევით, მიწებს, უძრავ ქონებას დაგვითმობთ, ბიზნესის ჩვენს გემოზე კეთების შესაძლებლობას მოგვცემთ, შესაძლოა ბელარუსმაც გაღიაროთო, მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის ხელისუფლება თავად არის მზად რუსეთს შეუერთდეს", - წერს აქტივისტი ლეონ ძიაფშბა.
აფხაზი დელეგაციის მინსკში მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და პრეზიდენტი გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოფიციალურ განცხადებებს არასაკმარისად მიიჩნევს პოლიტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი:
- ეს შეხვედრა რუსეთის გარეშე არ მოხდებოდა. ლუკაშენკოს ბჟანიასთან შეხვედრა, უფრო ადრე კი აფხაზეთში ჩასვლა აფხაზეთისთვის მოფიქრებული, პუტინის "დამოუკიდებლობანას" თამაშია. აფხაზებს ილუზიას უქმნიან, შესაძლოა ბელარუსმა თქვენი დამოუკიდებლობა აღიაროს, გააჩნია, როგორ მოიქცევითო. ამჟამად რუსეთს აფხაზეთის აღიარება არაფერს აძლევს, მაგრამ აფხაზი საზოგადოების სენტიმენტებზე თამაშობს - ჩვენ თუ მოვინდომებთ, ლუკაშენკო გაღიარებთო. რა შეუშლის ხელს, მორალი, სინდისი, პოლიტიკა თუ რა?! ამ შეხვედრების გარეშეც შეეძლო ოკუპირებული რეგიონის აღიარება, მაგრამ ჯერ საქართველოს ხელისუფლებასთან ლავირება სჭირდება - ნუ გეშინიათ, ბიჭებო, არაფერი იქნებაო - ანუ აფხაზების პარალელურად "ოცნებასაც" უქონავენ თავს. ბელარუსის გარდა, ასეთი უპირობოდ გამოსაყენებელი ინსტრუმენტი სხვა არა ჰყავთ, თუნდაც სავაჭროდ, შესაძლო აღიარებაზე სხვას ვერ ალაპარაკებენ. პუტინს სჭირდება ამ სპექტაკლში ბელარუსის მონაწილეობა - აღიარება არა, მაგრამ უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი, მინიშნებებით. ამასთან, ამაზე საუბარი ლუკაშენკომ წამოიწყო და არა რუსეთმა, რათა შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს ის იღებს გადაწყვეტილებას. ლავროვის განცხადება - კარგი იქნება, თუ სოხუმი, თბილისი და ცხინვალი დაიწყებენ მოლაპარაკებებსო - მოსკოვიდან ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ბელარუსის ჩართვა სხვანაირად აღიქმება, მას როგორც მშვიდობისმყოფელი შუამავლის როლის თამაში შეუძლია, რომელიც ქართულ და აფხაზურ მხარეებს შეარიგებს, მშვიდობიან თანაცხოვრებას სთავაზობს.
პუტინმა შეიმუშავა და ლუკაშენკოს შესთავაზა გეგმა, რომელიც ბელარუსის ოკუპირებულ რეგიონთან დაახლოებაზეა ორიენტირებული. გამუდმებით დამაიმედებელი გზავნილები იქნება მანამდე, სანამ უკრაინაში ცეცხლი არ შეწყდება და სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევენ.
- შემდეგ რა მოხდება, იმაზეა დამოკიდებული, რუსეთი რამდენად დასუსტებული იქნება ომის შემდეგ, არა?
- დიახ, უკრაინის ომში რუსეთის დამარცხებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ისეთი პოზიცია უჭირავს, თითქოს ეს ომი მათ არ ეხება. ეს ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენშიც გაახმოვანა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ჩვენი გეგმები გვაქვსო. მაშინ, როდესაც ნატოს გენმდივანმა საქართველოსა და უკრაინაზე ერთ კონტექსტში ისაუბრა - ჩვენ მათ ერთნაირად უნდა დავეხმაროთო, მაგრამ ჩვენ ჯიუტად ვამბობთ, ჩვენს პრობლემებს თავად მოვაგვარებთო. რუსეთსაც ეს უნდა. არადა, რუსეთის დამარცხება სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველო დამარცხდება, ჩვენ დამარცხებულ, დასუსტებულ რუსეთთანაც გვჭირდება დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა. ორ სკამზე კი ერთდროულად ვერ დაჯდები. საქართველო, რომელიც მოერგება პუტინს, მისი მოშორების შემდეგ მედვედევი იქნება, პრიგოჟინი თუ პატრუშევი, მნიშვნელობა არა აქვს, მის მემკვიდრესაც მოერგება. უკვე განაცხადა მედვედევმა, თუ რუსეთი გამარჯვების მიღწევის გარეშე შეწყვეტს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთი დაიშლებაო. რუსეთი არც ერთ შემთხვევაში არ დათმობს საქართველოს დაკარგვას, აფხაზეთი მისთვის ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ მხარესთან სავაჭრო თემა იქნება.
ჩვენს ხელისუფლებას არავითარი სამოქმედო გეგმა არ აქვს. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთი უკრაინის ომში დამარცხების შემდეგ, რაც გარდაუვალია, ისე დასუსტდა, რომ აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზა დახურა და ყველა ნაწილიც გაიყვანა, რას ვაკეთებთ შემდეგ, რა ნაბიჯებს ვდგამთ? ამაზე ნაფიქრი არა გვაქვს, არ გვცალია არც ოპოზიციას და არც მმართველ გუნდს, ოცნება "ნაციონალების" ლანძღვით არის დაკავებული, ოპოზიცია გაყოფით, მიშას კვების კონტროლით... ამას ხედავენ აფხაზეთში. "ქართული ოცნების" გუნდი მზად არ არის, რუსეთის დამარცხების ფონზე გამარჯვებულთა რიგებში საქართველოც მონაწილეობდეს.
რუსეთის ბოროტი ზრახვები თვალსაჩინოა ლუკაშენკოს გამოყენების ვირეშმაკულ სცენარში. თუმცა აფხაზებმა ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, რუსეთის პირისპირ ცხოვრებისას, გააცნობიერეს, რომ მათი ნდობა არ შეიძლება. რუსეთს ისინი სამხედრო ძალის, სოციალური პრობლემების, პროპაგანდის მარწუხებში ჰყავს, მაგრამ მაინც ეწინააღმდეგებიან. მთელი ზამთარია უშუქოდ და უწყლოდ გაატარეს, მაგრამ დღემდე არ არის დასრულებული ბიჭვინთის აგარაკების, უძრავი ქონებისა და მიწების გასხვისების თემა...
"ახალი სამოკავშირეო სახელმწიფოს" თემაც პროპაგანდაა. მასში აფხაზეთი ვერ შევა, თუ ბელარუსმა არ აღიარა. ცხინვალსა და აფხაზეთში რეფერენდუმის თემის შეგდებაც პუტინის სცენარის ნაწილი იყო - ოსების პოზიცია გასაგებია, მაგრამ აფხაზეთში მოსინჯეს ნიადაგი, ქართულ მხარესაც "გაეთამაშნენ", რადგან იციან, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებზე კი არა, ძალაუფლების გამყარებაზე ზრუნავს. დარწმუნებული ვარ, კრემლში ამაზე არ იქნებოდა ლაპარაკი, მაგრამ იციან, რა მესიჯები გაუშვან. რუსეთს აქვს გაწერილი თავისი სამოქმედო გეგმა და აუჩქარებლად მიჰყვება.
- ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას მიმართ იმდენად უარყოფითად არიან განწყობილი, რომ რუსეთის ნებისმიერ ნაბიჯში მის აქტიურობას ხედავენ. ანტირუსული განწყობები კიდეც რომ გაიზარდოს, რა შეიცვლება?
- ეს ნიშნავს, რომ აფხაზები რუსეთისგან საფრთხეს გრძნობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით რა შეიცვლება, ეს უკვე ქართულ მხარეზეა დამოკიდებული.
პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ისევ რჩება მთავარ, მაგრამ ჩრდილოვან მოთამაშედ. გამოხატული პრორუსულობის გამო მას გულზე არ ეხატება ინალ არძინბა, მაგრამ ძალაუფლების მქონე პირებთან დაპირისპირების მწარე გამოცდილება აქვს - რამდენჯერმე ააფეთქეს, ჩაცხრილეს, მძღოლი და დაცვის წევრი მოუკლეს, თავად სასწაულებრივად გადარჩა. მას აქვს გავლენა სხვადასხვა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ წრეში, ასევე, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან და ურჩევნია მათი ხელით ესროლოს ტალახი, ამხილოს, მის პრორუსულ და ანტიაფხაზურ გეგმებზე ილაპარაკოს. არძინბა აფხაზეთში აფხაზური გვარის მქონე რუს პოლიტიკოსად აღიქმება. ალბათ, ურჩევნიათ, ივანოვი ან პეტროვი იყოს გვარად, მის წინააღმდეგ გამოსვლები უფრო გაუადვილდებოდათ. ასე რომ, ძალიან არ უყვართ არძინბა, მისი ეშინიათ და მიაჩნიათ, რომ მისი ყოველი ნაბიჯის მიღმა ახალი საფრთხე იმალება, და ასეც არის. ახლა კრემლი მეორე ფიგურას ამზადებს, ედგარ გვაზავას, არძინბას თანაშემწეს. არც ის უყვართ, რადგან იციან, რომ ისეთივე რუსი პოლიტიკოსია, როგორიც არძინბა. კრემლს სჭირდება მაღალ თანამდებობებზე ამგვარი ახალგაზრდები. ამიტომაც, დიდი ალბათობით, ინალ არძინბა როგორც კი "საპრეზიდენტო" ასაკს მიაღწევს, კენჭს იყრის და გაიყვანენ კიდეც, გვაზავას კი "საგარეო საქმეთა მინისტრის" სავარძელს უმზადებენ. ამ შემთხვევაში კი რუსეთს რეფერენდუმის ჩატარება აღარ დასჭირდება და აღარც ლუკაშენკოს "ოფიციალური ვიზიტები". ერთხელაც რომელიმე დეპარტამენტს მიაბამს აფხაზეთს და ყველაფერი ამით დასრულდება... თუ ქართული მხარე უმოქმედოდ იქნება, რუსეთი ამას გამოიყენებს. უფასო ჯანდაცვაც და გაზიფიცირებაც, რომელიც ცხინვალის მხარეს გაკეთდა, ძალიან სწორი ნაბიჯია, კარგად მუშაობს, მაგრამ საჭიროა ახალი, პოლიტიკური კონტექსტის გაძლიერება. იმაზე საუბარი, თუ რას ვთავაზობთ მათ. როდესაც ევროკავშირმა რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და რუსული პასპორტების მქონე პირებზე შეზღუდვა დააწესა, შეგვეძლო საქართველოს ახალი ვარიანტები მოეფიქრებინა - ევროკავშირისთვის გვეთხოვა, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის სხვა სახის, თუნდაც ევროპაში დაბეჭდილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტაცია შეგვეთავაზებინა, რათა ჰუმანიტარულ ორმოში არ ჩავარდნენ. მაგრამ ევროკავშირთან აფხაზების პრობლემებზე საუბარი კი არა, უცხოური აგენტების თემა შემოაგდეს, რათა ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა გაფუჭდეს.
ვიცი, რომ აფხაზების უფროსი თაობის ნაწილი ქართულ პენსიას იღებს, მაგრამ მხოლოდ სოციალური თემებით პრობლემა ვერ მოგვარდება. ის კი არა, პრორუსული ძალები იმასაც კი ამბობენ, ამ დახმარებით ქართული მხარე "ფულს ათეთრებსო" და ვიღაცებს სჯერათ კიდეც. ამიტომ იმ პოლიტიკოსებს უნდა ველაპარაკოთ, რომელთაც რეგიონში სიტყვა ეთქმით. უფროს თაობას ვგულისხმობ, თორემ თუ არძინბა-გვაზავას თაობა მოვიდა, ის თითო-ოროლა ახალგაზრდაც, რომელთაც თვალი ქართული მხარისკენ უჭირავთ, ამინდს ვერ შეცვლიან.