„ერთხანს ექსპრეზიდენტის ოჯახში ვმუშაობდი შვილიშვილების მომვლელად“
"ერთხელ, უმუშევრობისას, შინ მხოლოდ პური მეგულებოდა და მასაც ჭიანჭველები დასეოდა. იმ ღამეს მშიერმა დავიძინე... უცხო ქვეყანაში ყოფნა ნამდვილად არ არის ადვილი, უამრავი სიძნელე ახლავს თან. იყო შიმშილი, უმუშევრობისა და ქუჩაში დარჩენის შიში, მაგრამ იმედი არ უნდა გადაიწურო", - ამბობს ძიძია მელიწკაური, რომელიც 27 წელია საბერძნეთში ცხოვრობს.
- მამით ხევსური ვარ, დედით რაჭველი. მესხეთში დავიბადე. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ჟინვალში დავსახლდით. მამაჩემი, ივანე მელიწკაური, წლების განმავლობაში ჟინვალის სკოლის პედაგოგი იყო. დედა "ჟინვალჰესის" სამშენებლო სამმართველოში კომენდანტი იყო. მყავს და-ძმა. მე სასმელი წყლის ქიმიურ ლაბორატორიაში ვმუშაობდი ლაბორანტად. წლების განმავლობაში ვაბარებდი თეატრალურში. მსახიობობაზე ვოცნებობდი.
- რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოდან წასვლა?
- ოჯახი ფიზიკური გადარჩენის საშიშროების წინაშე იდგა. მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. ძმა სამშობლოს დასაცავად წავიდა ჯარში, დედა პენსიის ლოდინში იყო, მე და ჩემი და უმუშევრები ვიყავით. ვიღაცა ხომ უნდა შეშველებოდა ოჯახს და ერთ დღეს მეგობრის რჩევით საბერძნეთში აღმოვჩნდი...
მახსოვს, ახალი ჩამოსული ვარ, ბავშვი მყავდა წაყვანილი პარკში. აქ იმ წლებში თითქმის არაფერი იცოდნენ საქართველოზე. ყველა "როსიას" გაიძახოდა. ჩვენც რუსები ვეგონეთ. უცებ ერთი მამაკაცი მოვიდა ბავშვთან ერთად. მკითხა, ვინ ხარო. როგორც კი ვთქვი, საქართველოდან ვარ-მეთქი, ძალიან გაიხარა. ცნობილი მსახიობი აღმოჩნდა. კოლხ მედეაზე, არგონავტებსა და მითოლოგიაზე ვისაუბრეთ. პირველი ადამიანი იყო, რომელსაც რუსი არ ვეგონე-მეთქი.
უკვე 27 წელია, ემიგრანტი ვარ. ადაპტაციის ეტაპი უმძიმესი გადასატანია. მთავარი ბარიერი უსაბუთობა და ენის არცოდნაა. ამიტომაც სამსახურის მოძებნა ჭირს. ემიგრანტის თვალზე ცრემლი არ შრება. ღამეებს მეგობართან ვათევდი. დღე კი ქუჩა-ქუჩა დავდიოდი სამსახურის საძებნელად. არავინ ახლოს არ მიკარებდა, ბერძნული არ იციო. ისეთ დეპრესიაში ჩავვარდი, მიუხედავად იმისა, რომ ვალი მქონდა, უკან დაბრუნებას ვაპირებდი. ერთ დღესაც ტირილით ავედი ავტობუსში, ბილეთის ჩარტყმა ვერ მოვასწარი, რომ კონდუქტორი დამადგა თავს, უნდა დაგაჯარიმოო. ვცდილობ ავუხსნა, ახლა ამოვედი-მეთქი. პოლიციას გამოვუძახებო. უცებ ერთი ხანში შესული მგზავრი ადგა და კონდუქტორს ჩემი წილი ჯარიმა გადაუხადა. უფალმა გამომიგზავნა დამხმარე. შემდეგ მითხრა, ნუ გეშინია, საბერძნეთი სტუმართმოყვარე ქვეყანააო. ვთხოვდი ეთქვა, ვინ იყო, რომ შემდეგში მისთვის ვალი დამებრუნებინა. არ დამთანხმდა. დარწმუნებული ვარ, რომ შენც იმავეს გააკეთებ გაჭირვებულისთვისო. ეს შემთხვევა ჩემთვის ბრძოლის გაგრძელების მოტივი გახდა. უფლისა და კეთილი ადამიანების წყალობით ნელ-ნელა ფეხზე დგები.
- დღეს იმავე გზას თუ აირჩევდით?
- მიუხედავად იმ სიძნელეებისა, იმავეს გავაკეთებდი, თუკი ჩემი ოჯახის გადარჩენისთვის იქნებოდა საჭირო... მე ბედად მერგო ცნობილ ოჯახებში მუშაობა დამლაგებლად, ბავშვებისა და მოხუცის მომვლელად, მზარეულად... უკვე 17 წელია ერთი ცნობილი ბიზნესმენის ოჯახში ვმუშაობ. ჩემი, როგორც ადამიანის და ქართველის ცხოვრების კრედოა, რომ სამშობლოში ოჯახის დესპანი ვიყო და გარეთ სამშობლოსი. ერთხანს ექსპრეზიდენტის ოჯახში ვმუშაობდი შვილიშვილების მომვლელად. მოხდა ისე, რომ იმხანად ათენში კონცერტს ატარებდა ლიანა ისაკაძე გიორგი ჟორდანიასთან ერთად. მორიდებით შევთავაზე ჩემს დამქირავებლებს, ეგებ დასწრებოდნენ (ამის მიღწევა ძნელია) კონცერტს და ჩემდა გასაკვირად, დათანხმდნენ. უბედნიერესი და ამაყი ვიყავი, როდესაც კონცერტის შემდეგ მადლობა გადამიხადეს, პირველად შენ მოასმენინე ბავშვებს ცოცხალი შესრულებით კამერული მუსიკაო. იგივე განმეორდა სუხიშვილების კონცერტის შემდეგ...
ერთხელ წმინდა ნიკოლოზის ტაძარში შევედი. მღვდელი მომიახლოვდა და მითხრა, რომ კვირა დღეს მსოფლიოს ხალხთა ენებზე წაიკითხავდნენ სახარებას. მე ქართულად უნდა წამეკითხა და იმ დღის შემდეგ ყოველ აღდგომას ქართულად ვკითხულობ სახარებას, რაც დიდ ბედნიერებას და ნუგეშს მანიჭებს.
- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ამ წლების განმავლობაში?
- ეს წლები ოჯახის პრობლემების მოგვარებაში გავიდა. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილებები არ არის. ყველაზე დიდ სულიერ საზრდოს და ბედნიერებას მაინც ადამიანების დახმარება მანიჭებს. ერთი დღე არ არსებობს სამშობლოზე ფიქრის გარეშე. განსაკუთრებით მენატრება ჩემი ჟინვალი, სადაც უბედნიერესი ბავშვობა და ახალგაზრდობა გავატარე.
- რას ეტყვით მათ, ვინც თქვენსავით შორსაა სამშობლოსგან?
- ემიგრანტებს მინდა გამძლეობა ვუსურვო, იმ ოცნებების ასრულება, რომელთა გამო ოჯახები დატოვეს, და რაც მთავარია - სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება.
ოჯახში, სადაც ახლა ვმუშაობ, ხშირად გვყავს სტუმრები. ერMთმა მითხრა, რომ თურმე ნამყოფი ყოფილა საქართველოში. მეუბნება, შენ ყველაზე ლამაზი სამშობლო გაქვს, ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხითო, ქართველი ქალები კი საუკეთესონი ხართ, უმძიმესად შრომობთ, ოჯახებისთვის თავი გაწირეთო. ცრემლებად დავიღვარე...
- აპირებთ დაბრუნებას?
- არ არსებობს ქართველი, რომელიც დაბრუნებას არ ფიქრობდეს. აუცილებლად დავბრუნდებით. ადამიანის ყველაზე დიდი იარაღი, სადაც არ უნდა იყოს, რწმენა და სიყვარულია... ბევრი ოცნება მაქვს, მაგრამ რაც ასაკში შევდივარ, სულ ვფიქრობ, ყველაზე დიდი ოცნებაა ადამიანური დანიშნულება გაამართლო. საქართველო ჩვენი სამშობლოა, უფალივით ერთადერთი, რისთვისაც ვცოცხლობთ. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ მოთმინებისათვის უფალი ოდესღაც დაგვაჯილდოვებს!
რუსუდან შაიშმელაშვილი