პასუხი იურისტისგან: არასრულწლოვანი და მასთან დაკავშირებული სასამართლო დავები
როგორ ხდება არასრულწლოვანის ქონების განკარგვა, რა შემთხვევაში შეუძლია გაყიდოს ოჯახმა ბავშვის ქონება, როგორ შეუძლია გაიყვანოს შვილი საზღვარგარეთ, თუ ნებართვას არ აძლევს მეორე მშობელი, მკითხველების ამ და სხვა შეკითხვებს პასუხობს სისხლის სამართლის საქმეების, ასევე სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი თამარ ფირცხალავა.
- არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა დასაშვებია სასამართლოს თანხმობით. მაინტერესებს, როგორ არის დარეგულირებული არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის საკითხი?
- ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. ბავშვის საკუთრებაში არსებული 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე. არსებობს იმგვარი საკანონმდებლო ბერკეტი, რომ ბავშვის ქონების განკარგვა სპეციალური ორგანოების ნებართვას საჭიროებს, ხოლო ბავშვის ინტერესის გონივრული შეფასება მათ ზედამხედველობას ექვემდებარება.
ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ქონების განკარგვის მიზანი შეიძლება იყოს ახალი უძრავი ქონების შეძენა ბავშვისთვის, შესაძლოა ქონების გასხვისებით მიღებული თანხა საჭირო იყოს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის, განათლებისა და ყველა იმ პირობების შესაქმნელად, რაც სავალდებულოდ საჭიროა ბავშვისთვის. თუ სასამართლომ დაინახა, რომ ბავშვის ქონების განკარგვის უფლების მოთხოვნის რეალური საფუძველი და მიზანი არასრულწლოვნის კეთილდღეობაა, მშობლებს მიეცემათ უფლება განკარგონ ქონება.
- თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნის ქონების განკარგვის მიზანი არ არის არასრულწლოვნის ინტერესების შესაბამისი, ან როგორ კონტროლდება არასრულწლოვნის ქონების განკარგვა სასამართლოში დასახელებული მიზნით ხდება თუ არა?
- თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით არ ხდება, მშობელს მისი განკარგვის უფლება ვერ მიეცემა. რაც შეეხება იმას, ნამდვილად ხდება თუ არა დასახელებული მიზნით ამ ქონების გამოყენება, აღნიშნულზე სასამართლოს დავალებით კონტროლს ახორციელებს სსიპ "სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სააგენტო". სხვათა შორის, ამ საკითხით სასამართლოსთვის მიმართვა ხშირად უწევთ დევნილებს, რადგან დევნილი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული უძრავი ქონება ფორმდება ოჯახის ყველა წევრზე, მათ შორის არასრულწლოვნებზეც, შემდეგ, როცა ამ ოჯახებს სურთ ქონების განკარგვა, დგება სასამართლოსთვის მიმართვის საჭიროება. დევნილების გარდა, ამ საკითხით სხვებიც მიმართავენ სასამართლოს, ვინაიდან არასრულწლოვნების სახელზე არსებული ქონების განკარგვა ბევრ ოჯახს უქმნის პრობლემას. არასრულწლოვნებთან დაკავშირებულ ამ საკითხს შედარებით მოკლე დროში განიხილავს სასამართლო, თუმცა ზუსტი ვადის თქმა შეუძლებელია.
- რას ურჩევთ ამ საკითხზე სასამართლოსთვის მიმართვით დაინტერესებულ პირებს?
- ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს საფუძვლის, მიზნის სწორად და გასაგებად ჩამოყალიბებას. სასამართლო ითვალისწინებს არასრულწლოვნის აზრსაც. გირჩევთ სასამართლოში მიმართვამდე კონსულტაცია გაიაროთ ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებულ ადვოკატთან.
- რამდენიმე წელია ვიმყოფები საზღვარგარეთ, მეუღლესთან განქორწინებული ვარ, ყოფილი ქმარი უარს მეუბნება შვილის საზღვარგარეთ წაყვანაზე, ასეთ დროს რა გამოსავალი არსებობს?
- როცა ერთ მშობელს სურს არასრულწლოვანი შვილი წაიყვანოს საზღვარგარეთ, მას არასრულწლოვნის პასპორტის ასაღებადაც სჭირდება მეორე მშობლის თანხმობა. თუ ვერ მოხერხდა მოლაპარაკება, საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოში მივდივართ და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. საქმეში ერთვება სოცმუშაკი, ფსიქოლოგი და სასამართლო ყველა დასკვნის საფუძველზე იღებს გონივრულ გადაწყვეტილებას.
- განქორწინებისას სასამართლო გაყოფს თუ არა თანასაკუთრებაში მიღებულ ქონებას?
- გაიყოფა ის ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა საერთო საკუთრებას. საერთო საკუთრება არის ის ქონება, რომელიც მეუღლეთა მიერ შეძენილ იქნა ქორწინების შემდგომ პერიოდში. თუ, მაგალითად, ქორწინების პერიოდში ერთ-ერთ მეუღლეს აჩუქეს ან მემკვიდრეობით გადასცეს რაიმე სახის ქონება, ეს ქონება განქორწინების დროს არ იყოფა. ხშირია, როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე და მათ სარჩენად გადასახდელი სახსრების ოდენობაზე. სასამართლო მოვალეა დაადგინოს, შვილი რომელ მშობელთან დარჩება და რომელ მშობელს რა ოდენობით უნდა დაეკისროს ალიმენტი. თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. სხვა შემთხვევაში, როცა ორივე მხარე თანახმაა განქორწინებაზე და ალიმენტის საკითხებიც გარკვეული აქვთ ერთმანეთში, მაშინ მხარეები ამ პრობლემას იუსტიციის სახლში მისვლით მოაგვარებენ.