ამბავი ქართულ-ინგლისური სიყვარულისა
ალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი ინგლისელი მკვლევრისა და მოგზაურის, ჯეიმზ კუკის შესახებ. ის უდიდესი ზღვაოსანი, გეოგრაფი და კარტოგრაფი გახლდათ, ასობით კუნძული აღმოაჩინა, კუკის გემებმა ("ინდევორი" და "რეზოლუშენი") სამჯერ შემოუარეს დედამიწას და ექვსჯერ გადალახეს ეკვატორი. ეს წერილი მის შთამომავალს ეკუთვნის, ჰერტრუდა კუკს, რომელშიც დიდი ბაბუის სისხლმა იყივლა და ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში მოგზაურობა გადაწყვიტა. საბაბიც ჰქონდა, ბიძაშვილს მისი ცოლად შერთვა სურდა, ჰერტრუდა კი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. რომანტიკოსი ინგლისელი გოგონა დიდ სიყვარულზე ოცნებობდა, ინგლისური ეტიკეტი და ტრადიციები კი სხვას სთავაზობდა... ამიტომ გადაწყვიტა, ახლობლებისთვის "სასარგებლო ტყუილი" ეთქვა: კავკასიაში მოგზაურობა გადავწყვიტე მეგობრებთან ერთად, საქართველოს მოვინახულებ, დავბრუნდები და მერე გავყვები ჩემს ბიძაშვილს ცოლადო... ჰერტრუდას საინტერესო მოგზაურობისა და ცხოვრების შესახებ მისმა შვილთაშვილმა, ექიმმა ხათუნა კანდელაკმა მიამბო. ხათუნას დედა, დოდო ჯორჯაძე, ჰერტრუდას შვილიშვილი გახლდათ. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა საგულდაგულოდ შეუნახავს არქივი, სადაც ბებიის საქართველოში ჩამოსვლას და მის დიდ სიყვარულს აღწერს. სანამ ჰერტრუდას სიყვარულს ამბავს მოგითხრობდეთ, ჯერ მისი ფესვები და ინგლისელი პაპა მინდა გავიხსენო.
სახელოვანი ინგლისელი პაპა
ცნობილი გეოგრაფი და მკვლევარი ჯეიმზ კუკი ინგლისის სოფელ მარტონში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაბადებულა 1728 წელს. მამა მდიდარი ინგლისელების მამულებში მიწას ამუშავებდა, 7 წლის ჯეიმზი კი მამას ეხმარებოდა... 17 წლისა ზღვისპირა სოფელში თევზის გამყიდველს შეგირდად დასდგომია. მაშინ პირველად ნახა ზღვა და მისით "მოიწამლა". მალე ნახშირის გადამზიდ გემზე იუნგად მოეწყო, სადაც კაპიტნის თანაშემწის წოდებას მიაღწია... შეEმდეგ გემის კაპიტანი და მსოფლიო ექსპედიციების ხელმძღვანელი გახდა.…ჯეიმზს 6 შვილი ჰყავდა. სწორედ ერთ-ერთის შვილთაშვილი გახლდათ ჰერტრუდა კუკი.
ერთ-ერთი ვერსია, რომლის თანახმადაც, ჰავაის აბორიგენმა კაციჭამიებმა თითქოს კუკი შეჭამეს, სინამდვილეს არ შეესაბამება. მკვლევრებმა სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ როცა ჯეიმზის გემმა ჰავაისთან, კუნძულ კეალაკეკუასთან ჩაუშვა ღუზა, თავდაპირველად, ადგილობრივებს კუკი ღმერთი ეგონათ და მის ეკიპაჟს საკვებსა და ძვირფასი ხის ქერქს არ აკლებდნენ. შემდეგ აბორიგენებსა და ინგლისელებს შორის განხეთქილება მოხდა. შეხლა-შემოხლაში კუკი დაიჭრა, ადგილობრივებმა ის ვერ გადაარჩინეს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მისი ორგანოები: გული, ღვიძლი, თირკმელები ხის ყუთში ჩადეს და პატივისცემის ნიშნად გემზე მყოფ ინგლისელებს გაუგზავნეს. ეკიპაჟის წევრებს ჰგონებიათ, რომ კუკი კაციჭამიებმა შეჭამეს, სინამდვილეში კი, ჰავაისა და მის ახლომდებარე კუნძულებზე ასეთი ტრადიცია ჰქონიათ: როცა "დიდი კაცი" გარდაიცვლებოდა, ძვლებს აცალკევებდნენ და მიწაში ფლავდნენ, ორგანოებს კი შეძლებული ოჯახის მამები ინახავდნენ, როგორც თილისმასა და დიდ განძს. აბორიგენებმა ღმერთად შერაცხილ კაცს პატივი მიაგეს და ორგანოები ინგლისელებს გადასცეს. ეკიპაჟის წევრები კვლავ აბობოქრდნენ და კატეგორიულად მოითხოვეს სახელოვანი კაპიტნის სხეულის ნაწილები (ცხედარი აღარც არსებობდა!). როგორც იქნა, დაიბრუნეს…და ღუზა აუშვეს, შემდეგ კი, მეზღვაურთა წესის თანახმად, ზღვის ფსკერს მიაბარეს ზღვაზე უსაზღვროდ შეყვარებული გეოგრაფის სხეულის ნეშტი.
წლების მანძილზე, ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ, ჯეიმზს ფულით, სიგელებით და უმაღლესი ტიტულებით აჯილდოებდნენ. მისი შთამომავლობა შეძლებულად ცხოვრობდა, მამულებიც ჰქონდათ, ქონებაც და იქით ქირაობდნენ მუშახელს.
ცისფერთვალება ჰერტრუდა
შთამომავალთაგან სახელოვანი წინაპრის გზას არავინ გაჰყოლია. მხოლოდ ერთს, კაფანდარა და ცისფერთვალება ჰერტრუდას გაუწია გულმა მოგზაურობისკენ. მას სამშობლოში გული აღარ უდგებოდა. მისმა ბიძაშვილმა თვალი დაადგა და ცოლობა სთხოვა. იმდენად დარწმუნებული იყო ქალიშვილის თანხმობაში, რომ ქორწილისთვისაც დაიწყო მზადება,…ჰერტრუდას კი ნამდვილი სიყვარული სურდა. ინგლისში ჩვეულებრივი ამბავი კი იყო ბიძაშვილ-დეიდაშვილების ქორწინება, მაგრამ გოგონა ასეთ ნათესაურ კავშირს ეწინააღმდეგებოდა.
ჰერტრუდა-ჯეინ რობერტის ასული კუკი 1867 წელს, საპორტო ქალაქ დუვრში დაბადებულა, ინგლისში, საზღვაო საზღვართან ახლოს. ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა დაობლდა და მას უშვილო დეიდები ზრდიდნენ. ჰერტრუდა ჯერ ინგლისში სწავლობდა, შემდეგ გერმანიაში პრესტიჟულ ლაიფციგის ქალთა სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სამშობლოში დაბრუნებულს დეიდებმა უთხრეს, რომ მისი გათხოვების დრო დადგა, საქმროდ კი მდიდარი ბიძაშვილი შეურჩიეს... ჰერტრუდამ შემთხვევით გაიგო, რომ ტურისტული ჯგუფი ეგზოტიკურ საქართველოში სამოგზაუროდ ემზადებოდა. აბა, ამაზე კარგი საბაბი, რომ იქაურობას მოშორებოდა, რა უნდა ყოფილიყო? ჩათვალა, რომ ღმერთმა წყალობის თვალით გადმოხედა, სასწრაფოდ ჩაალაგა ბარგი და დეიდებს უთხრა, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებული გამიჯნურებულ ბიძაშვილზე ჯვარს დაიწერდა.
1890 წელს 23 წლის ჰერტრუდა კუკი თბილისში ჩამოვიდა. მის აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა საქართველოს კუთხეები დაათვალიერა. უცებ გაილია ლამაზი დღეები, სულ მალე უკან უნდა დაბრუნებულიყო, არადა, გული დარჩენას სთხოვდა. ამჯერადაც გაუმართლა. სულ რაღაც ორიოდე დღე იყო დარჩენილი გამგზავრებამდე, როცა შემთხვევით სასტუმროს ფოიეში გაკრულ განცხადებას მოჰკრა თვალი: ყვარლელი, სოფელ საბუეს მკვიდრი თავადი ზაქარია ჯორჯაძე ეძებდა უცხო ენების მცოდნე, განათლებულ ახალგაზრდა ქალს შვილების აღმზრდელად. ფიქრის დრო აღარ იყო. ჰერტრუდა მეორე დღესვე გაემგზავრა ყვარელში. ზაქარია ჯორჯაძე თავადაც განათლებული კაცი გახლდათ, ინგლისელი ქალი დანახვა-გასაუბრებისთანავე მოეწონა და მიხვდა, მისი შვილები ჰერტრუდასგან არა მარტო ინგლისურ-ფრანგულ და გერმანულ ენებს ისწავლიდნენ, არამედ დახვეწილ მანერებსაც.
უეცარი "შემოფეთება"
ზაქარია ჯორჯაძე დიდი მამულისა და ზვრების პატრონი იყო, კარგი მეურნის სახელიც გავარდნოდა მთელ კახეთში. უზარმაზარი სახლის პირველ სართულზე მარანი ჰქონდა, სადაც საუკეთესო ხარისხის ღვინოს და კონიაკს ამზადებდა. მან პირველმა გაიტანა ქართული კონიაკი პარიზში საერთაშორისო გამოფენა-დეგუსტაციაზე და იქიდან ოქროს მედალიც ჩამოიტანა. ეს მედალი ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კარგა ხანს ინახებოდა, მერე კი გაქრა.(!) ზაქარიას ოჯახში ყოველ შაბათს თავს იყრიდა მაშინდელი კახეთის თავადობა. ერთ დღესაც მას ახალგაზრდა ბიძაშვილი, გრემელი თავადი, ახოვანი დიმიტრი (ტიტო) ჯორჯაძე ესტუმრა. ტიტოს განათლებასა და მამულიშვილურ საქმეებზე მთელი კახეთი ლაპარაკობდა. ნურავინ იტყვის, ბედისწერა არ არსებობსო. ბედმა ჰერტრუდა შორეული ინგლისიდან საქართველოში წამოიყვანა, ტიტომ კი, რომელსაც უამრავი ქართველი თუ რუსი ქალი ეტრფოდა, სიყვარული ზაქარიას ოჯახში იპოვა. მას ყველა ასე მოიხსენებდა: "კრასავეც ტიტო". როცა ის ბიძაშვილთან სტუმრად მივიდა, მორიდებულმა ინგლისელმა აღმზრდელმა თვალებით მოიძია ნაქები ტიტო. ქართველ ვაჟკაცსაც არ გამოჰპარვია ცისფერთვალება "გუვერნანტკა". ეს იყო წამიერი შეთვალიერება, კახელები "უეცარ შემოფეთებას" რომ ეძახიან. ჰოდა, სწორედ ამ შემოფეთებიდან დაიწყო მათი სიყვარულიც.
ტიტოს მიჯნურობის ამბავი მალე მთელ კახეთს მოედო. ჰერტრუდა თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, მით უფრო, იმ ეშხიანი ქართველი ქალებისგან, რომლებიც ტიტოს გარს ეხვივნენ. ის თხელი, ტანწერწეტი, ფერმკრთალი, ჩუმი და უწყინარი გახლდათ. არავის შეაწუხებდა თავისი არსებობით.…აი, თვალები კი საოცარი ჰქონდა, ზღვის ფერი, კამკამა და ღრმა, სიყვარულიც ასეთივე იცოდა. ჰერტრუდას ძალიან ხიბლავდა ტიტოს რაინდული თვისებები. ერთხელ თურმე ახალგაზრდა ჯორჯაძემ ბოქაული იმის გამო სცემა, რომ მან გლეხებს სარწყავი წყალი გადაუკეტა. მაშინ კი, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თაოსნობით გრემშიც გადაწყდა დაწყებითი სკოლის გახსნა, ტიტომ თავისი სახლის პირველი სართული უსასყიდლოდ დაუთმო ამ მნიშვნელოვან საქმეს.
ქართველების ინგლისელი რძალი
ტიტოს დედა, მაიკო ჭავჭავაძე, დიდი ილიას ალალი ბიძაშვილი იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი ინგლისელი რძალი. ტიტოს და ჰერტრუდას 8 შვილი შეეძინათ. მათგან 4 ადრეულ ასაკში დაეღუპათ და დარჩათ 4, ყველა თეთრყირმიზა და ქერა. ჰერტრუდამ აღარ და აღარ გაიხედა ინგლისისაკენ, არადა, დეიდებმა რამდენჯერმე შემოუთვალეს: ან შენ ჩამოდი, ან რომელიმე შვილი გამოგზავნე, რომ მათ დავუტოვოთ მემკვიდრეობაო. ქართულად შეუცხადებია ჰერტრუდას, რომელი ერთი გავიმეტო უცხოეთში გადასაკარგავადო...
რახან ვერ ეღირსნენ ნათესავები ჰერტრუდას ხილვას, ადგნენ და უზარმაზარი ამანათი გამოუგზავნეს, რომელშიც ძვირფასი საგვარეულო ნივთები ელაგა. ამანათის დახსნა ძვირი ჯდებოდა, ჰერტრუდას არავის შეწუხება არ უნდოდა, ამიტომაც ხელი ჩაიქნია. დედამთილმა იცოდა რძლის მორიდებულობის ამბავი და გადაწყვიტა, თავად ეზრუნა ჰერტრუდას საგვარეულო ამანათის გამოხსნაზე. მართლაც, მან მიმართა ბიძაშვილს (მაშინ ილია იყო საქართველოს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე) და მისი დახმარებით ამანათი გამოისყიდეს. სამწუხაროდ, გასაბჭოების შემდეგ უამრავი ნივთი დაიკარგა...
ამბები, რომელიც თაობიდან თაობას გადმოეცა
ჩემმა რესპონდენტმა ხათუნა კანდელაკმა კიდევ ბევრი საინტერესო ეპიზოდი მიამბო ჰერტრუდას და ტიტოს ცხოვრებიდან: - დედაჩემი, დოდო ჯორჯაძე, მათი ერთ-ერთი ვაჟის, ნოშრევანის შვილი გახლდათ. მე ვერ მოვესწარი ჰერტრუდას, ის 87 წლის ასაკში, 1954 წელს გარდაიცვალა, მაგრამ დედაჩემს უსაზღვროდ უყვარდა და ძალიან ხშირად იხსენებდა. ჰერტრუდას გაზრდილი იყო ბევრი შვილიშვილი, მათ შორის დედაჩემიც. დედა ამბობდა, ბებოსგან ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონიაო. როცა დოდო შეუჩნდებოდა, რამე გაიხსენე შენი ბავშვობიდანო, სევდიანად გაიღიმებდა და ეტყოდა, აბა, რა გიამბო, ობლობაში გავიზარდე, რაც კი კარგი და სასიამოვნო მახსოვს, საქართველოში გატარებული პერიოდიაო. მართლაც, 23 წლისა წამოვიდა და 64 წელი აქ იცხოვრა. ის და ტიტო ტკბილად შეაბერდნენ ერთმანეთს. თუმცა იმას კი ამბობდა, პატარაობაში უფროსები ზღაპრებს კი არ გვიკითხავდნენ, დიდი პაპის, ჯეიმზის საოცარ თავგადასავლებს გვიამბობდნენ და ეს ამბები ზღაპრებზე უფრო საინტერესო იყოო.
ჰერტრუდას იოლად უსწავლია ქართული, მაგრამ ხორხისმიერი ბგერების წარმოთქმა მაინც უჭირდა. უფროსი თაობის ნათესავისგან გავიგეთ ტიტოს და ჰერტრუდას ჯვრისწერის ამბავი. როცა ტიტოს გადაუწყვეტია ჰერტრუდას ცოლად მოყვანა, გრემის მთავარანგელოზის ეკლესიაში მისულა მღვდელთან ჯვრის დასაწერად. ხუცესს უარი უთქვამს. პატარძალი ანგლიკანური სარწმუნოებისააო. გაბრაზებულან ტიტოს მეგობრები და მისჭრიან ხუცესს, როგორ ბედავ სიყვარულის წინააღმდეგ წასვლასო... ხუცესსაც სხვა გზა აღარ დარჩენოდა და ღვთის წინაშე აკურთხა მათი შეუღლება... მეგობრებს მოელვარე ხანჯლების ქვეშ გამოუტარებიათ ნეფე-პატარძალი. საოცრად ლამაზი შესახედავი ყოფილან თეთრ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი ქართველი ვაჟკაცი და თეთრი საპატარძლო კაბით დამშვენებული ცისფერთვალება ჰერტრუდა.
თურმე ჩემს დიდი ბებოს ისე ჰყვარებია გრემის სახლ-კარი, რომ თბილისში დიდხანს ვერ ჩერდებოდა, გული გრემისკენ მიუწევდა. ტიტოს დედას, მაიკოს ისეთი ჩინებული ბაღი ჰქონდა გაშენებული, რა აღარ ხარობდა. დიდ ეზოს ყოფდა მოჩუხჩუხე წყარო, ნაირ-ნაირი ყვავილები ჰქონდა დარგული, ნამდვილი ედემი იყო და რა გასაკვირია, რომ ასე ჰყვარებოდა ჰერტრუდას ეს სახლ-კარი. რაც მთავარია, ტიტოს აღმერთებდა და რა უნდა ეთხოვა ქმარს მისთვის, რომ უმალ არ შეესრულებინა მისი თხოვნა. სხვათა შორის, ჩემი ბაბუის, ნოშრევანის ერთ-ერთი უფროსი ძმა, შაქრო, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო. როცა შაქრო ოჯახიდან გაქრებოდა, ჰერტრუდა ღიმილით ამბობდა თურმე, ალბათ, ქაქუცაა ყვარელში და აბა, შაქროს შინ რა გააჩერებსო.
P.S. ასეთია ტიტო ჯორჯაძისა და ჰერტრუდა კუკის საარაკო სიყვარულის ამბავი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დიდ გრძნობას საზღვარი არ გააჩნია.
მარინა ბაბუნაშვილი