„საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იფიქრეს, რომ ამერიკელი ჯაშუში ვიყავი და უნგრეთიდან გამაძევეს“ - კვირის პალიტრა

„საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იფიქრეს, რომ ამერიკელი ჯაშუში ვიყავი და უნგრეთიდან გამაძევეს“

"იმრე პაჰი - წარმოშობით უნგრელი ამერიკაში მცხოვრები არტკოლექციონერი­ და ბიზნესმენი", - ასე ახასიათებს "გუგლის"­ საძიებო სისტემა ჩემს რესპონდენტს. ინტერნეტში უნგრელი არტკოლექციონერის ბიზნესსაქმიანობის, ფონდის და რაც მთავარია, ხელოვნების ნიმუშების უნიკალური კოლექციის შესახებ უამრავ მასალას მოიძიებთ, თუმცა ამ ინტერვიუმდე მას არავისთვის უამბია, რატომ გადაწყვიტა კოლექციონერობა, როდის შეუყვარდა პირველად და რა აკავშირებს მას საქართველოსთან. იმრე პაჰს მსოფლიო უნგრელი სახელოვანი მხატვრის მიხაი მუნკაჩის კოლექციით იცნობს. სწორედ პაჰი ფლობს მუნკაჩის ნახატების მსოფლიოში ყველაზე დიდ კოლექციას. რამდენიმე წლის წინ კი მან მუნკაჩის შესრულებული უნიკალური ნახატი რელიგიურ თემაზე სახელწოდებით "გოლგოთა" უნგრეთის ერთ-ერთ მუზეუმს მიჰყიდა­ ერთი მიზნით, რომ ტრილოგია, რომელიც მუნკაჩიმ შექმნა, ერთად ყოფილიყო განთავსებული. ქალაქ დებრეცენის (უნგრეთი) მუზეუმში დაცული იყო ტრილოგიის ორი ნაწილი და აკლდა ზუსტად ის, რომელიც პაჰის პირად კოლექციაში ინახებოდა. დღეს დამთვალიერებელს შეუძლია მუნკაჩის რელიგიურ თემაზე შექმნილი სამი შედევრი მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში იხილოს. ექსპერტების აზრით, მუნკაჩის ქმნილებები შეუფასებელია, მან აღიარება სიცოცხლეშივე მოიპოვა და მიიჩნევა ერთ-ერთ იმ მხატვრად, რომლის შემოქმედება ტიციანსა და რემბრანდტს შეიძლება შევადაროთ. იმრე პაჰს და მის მშვენიერ მეუღლეს ნელი პაჰს თბილისში შევხვდი. ნელი 1990-იანი წლების სუპერმოდელია და დღემდე მონაწილეობს ფოტოსესიებში. ხშირად უწევდა მუშაობა ისეთ ცნობილ­ დიზაინერებთან, როგორიც არიან კარლ ლაგერფილდი, კელვინ კლაინი, ივ-სენ ლორანი... იმრე და ნელი პაჰი "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობენ.

იმრე: - ხელოვნებასთან ერთად გავიზარდე, ჩემს მშობლებს ჰქონდათ ნახატები სახლში და მეც ვხატავდი ბავშვობაში,­ თუმცა ახლა აღარ ვხატავ. კოლექციონერობა ოჯახური ტრადიციაა, მე მხოლოდ გავაგრძელე და გავაფართოვე. Eეს ჩემი ჰობია. ახლა მე და ნელი ვაგროვებთ ერთად. ჩვენ 27 წლის წინ დავქორწინდით და მას შემდეგ კოლექციას ერთად ვაგროვებთ. მეოცე საუკუნის ხელოვნებიდან არაფერს ვყიდულობ, თუ ნელის არ მოეწონება...

ნელი: - მე ყოველთვის წარმოვიდგენ ნახატს ჩემს კედელზე, როგორ ვიცხოვრებ მასთან ერთად. არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც სიუჟეტის თემიდან გამომდინარე არ ვიქონიებდი...

იმრე: - ჩვენ მხოლოდ უნგრეთის ხელოვნების ნიმუშებს ვაგროვებთ. უნგრელი­ მხატვრის მიხაი მუნკაჩის 80 ნახატი გვაქვს კოლექციაში - მუნკაჩის მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია გვაქვს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მუზეუმის შემდეგ. ხშირად ვითვალისწინებთ ექსპერტების აზრს - თუ მნიშვნელოვანია ნახატი, ჩვენ მას ვიყიდით, თუნდაც დიდად არ მოგვწონდეს­. ეს ნახატები სახლში არა გვაქვს, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში გამოფენებზე "დადიან". მუნკაჩის მხოლოდ ის 10 ნახატი გვაქვს სახლში, რომლებიც ძალიან გვიყვარს, დანარჩენები კი "მოგზაურობენ".

- რა ღირს ახლა მუნკაჩი?

- მე მუნკაჩის მხოლოდ ერთი ნახატი გავყიდე. ამჟამად მისი ნახატების­ ფასი დაეცა, რადგან გემოვნება იცვლება. Aახლა ხალხს უფრო მოდერნი, აბსტრაქცია მოსწონს. ეს მომავალში შეიცვლება. ახლა მუნკაჩის ფასი 1 ან 2 მილიონი დოლარია.

- ეს ძალიან ცოტაა?

- დიახ, მაგრამ 10-20 წელიწადში მისი ფასი ისევ აიწევს. მე მუნკაჩის "გოლგოთა" 10 მილიონზე მეტად გავყიდე. მომავალში 20 მილიონამდე ეღირება.

- რომელ მხატვარს მიუჩენდით ადგილს მუნკაჩის გვერდით?

- ტიციანსა და რემბრანდტს. ერთი ვენელი ცნობილი ექსპერტი წერდა, რომ ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში არ შექმნილა "გოლგოთასნაირი" დიდებული­ ნამუშევარი, რემბრანდტის­ "ღამის მზირების" გარდა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ნახატია. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები - როკფელერები, ჰილტონები, ვანდერბილტები ყიდულობდნენ მუნკაჩის და რემბრანდტთან ერთად აქვთ განთავსებული. 2009 წლის ზაფხულში ერმიტაჟში მუნკაჩის გამოფენა გაიმართა, სადაც ნახატების უმეტესობა ჩვენი კოლექციიდან იყო. 3 თვის განმავლობაში 3,5 მილიონი­ დამთვალიერებელი ესტუმრა მუზეუმს მუნკაჩის სანახავად. ეს გამოფენა გასული წლების ყველაზე წარმატებულ ექსპოზიციად ითვლება...

მუნკაჩის ჰქონდა შექმნილი ტრილოგია რელიგიურ თემაზე, ორი ნახატი მუზეუმში იყო დაცული, მას მესამე, "გოლგოთა" აკლდა, ამიტომაც გავყიდე.

- ნანობთ?

- ჩემთვის ძალიან გრანდიოზული იყო და არასდროს მქონია სახლში. ჩემი მეგობრისგან ვიყიდე იმისთვის, რომ საბოლოოდ მუზეუმში დაედო ბინა. მაშინ გაცილებით ნაკლები გადავიხადე ამ ნახატში დაE ერთადერთია, რომელიც გავყიდე.

- თქვენ 1972 წელს უნგრეთი დატოვეთ, თუმცა თქვენი ნების საწინააღმდეგოდ...

- ამერიკელი გოგო შევირთე ცოლად და საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა იფიქრეს, რომ ამერიკელი ჯაშუში ვიყავი, რადგან ჩემი ცოლის მშობლები­ იცნობდნენ ამერიკის პრეზიდენტ ნიქსონს. პრეზიდენტის მეუღლე ქალბატონი ნიქსონი რეკავდა ხოლმე საელჩოში და კითხულობდა ჩემს ამბავს. უნგრელებმა იფიქრეს­, ვინაა ეს ბიჭი, ამერიკის პრეზიდენტის ცოლი რომ კითხულობსო. მაშინ 23 წლის ვიყავი, გარეთ კი 1973 წელი იდგა. ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემი ქვეყნიდან გაძევება. 1974 წელს ჩავედი ამერიკაში მეუღლესთან ერთად და ცხოვრება თავიდან დავიწყე. იმ პერიოდში რუსულ ხატებს ვაგროვებდი. ამერიკაში რამდენიმე გავყიდე 2000-3000 დოლარად და ჩემი პირველი მანქანა ვიყიდე.

- როგორი იყო ემიგრანტის ცხოვრება?

- ამერიკა იყო დიდი შვება, რადგან არ იყო პოლიტიკური ზეწოლა, პოლიცია არ მეძებდა, მაგრამ არ მქონდა სამსახური. მხოლოდ Oორი თვის შემდეგ დავიწყე მუშაობა. ამერიკის მოქალაქე ძალიან მალე გავხდი, აეროპორტშივე მომცეს მწვანე­ ბარათი, მაშინ ასე გასცემდნენ. შემდეგ დავიწყე მუშაობა და ბევრი მოგზაურობა. ჩემს მეუღლესთან ერთად სწავლა გავაგრძელე და ორივემ მაგისტრის ხარისხი ავიღეთ, - ის ბანკირი გახდა, მე ბიზნესმენი. 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ეს იყო დიდი სიყვარული. საერთო­ შვილები არ გვყოლია. როდესაც განვქორწინდით, მეგობრებად დავრჩით.

- ნელი როგორ გაიცანით?

- ჩემი მშობლების სანახავად მივდიოდი, ერთად უნდა გვესადილა, როდესაც მეგობარმა დამირეკა, ორ ძალიან ლამაზ გოგოსთან ერთად ვსხედვართ რესტორანში, ახლავე აქ მოდიო. როდესაც შევედი და ნელი დავინახე, მაშინვე მომეწონა. იმ დღესვე დავპატიჟე კანის კინოფესტივალზე, მაგრამ უარი მითხრა, ვერ წამოვალო.M მე, რა თქმა უნდა, მაინც წავედი, მაგრამ დაბრუნების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დაიწყო.

ნელი: - მე ნორვეგიაში წავედი, სადაც ბრიტანული "ვოგისთვის" ფოტოგადაღებები მქონდა.

- ვიცი, რომ მამათქვენი საქართველოში­ ცხოვრობდა?

იმრე: - მამა ბიზნესმენი იყო უნგრეთში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. როდესაც საბჭოთა კავშირმა დაიპყრო უნგრეთი, პოლიტიკოსები, ინტელექტუალები და ბიზნესმენები ციმბირში გადაასახლა. მამაჩემს და მის ორ ძმას კი გაუმართლა და თბილისში მოხვდნენ. მაშინ თბილისშიც იყო საკონცენტრაციო ბანაკები. თავიდან ოჩამჩირეში გაუშვეს, შემდეგ კი თბილისში,­ სადაც ორწელიწად-ნახევარი დაჰყვეს. გზებს აგებდნენ. მაშინ თბილისში გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე ციმბირში, ჯერ მარტო კლიმატი იყო შვება, მაგრამ არ იყო საკვები და ხალხი შიმშილისგან იღუპებოდა. მამამ თურმე ერთი ქართველი ბიჭი გაიცნო, რომელიც მასთან მუშაობდა, დამეგობრდნენ და მას მოჰქონდა ხოლმე საკვები სახლიდან. ბიძაჩემი კარგი სკულპტორი იყო და ერთხელაც იესოს სახე გამოაქანდაკა, მამა სკულპტურის გამართვაში ტექნიკურად დაეხმარა და გაყიდეს. ასე დაიწყეს სკულპტურების მცირე ბიზნესი, რითაც საკვებისთვის სამყოფი ფული იშოვეს. ჩემი უმცროსი ბიძა მძიმედ ავადმყოფობდა, თუმცა წამლის ფული არ ჰქონდა და ქართველმა ოჯახმა გადაარჩინა.

- შეხვდით იმ ოჯახს?

- დიახ, ახლა ჩვენ, შვილები ვმეგობრობთ. ამ ინტერვიუს შემდეგ მათთან მივდივართ მე და ნელი, შინ გაკეთებული ხინკალი და ჭაჭა გველოდება. მამას მეგობრის ქალიშვილი 25 წლის წინ ჩამოვიდა­ ამერიკაში და ჩემი მშობლები გვერდში დაუდგნენ. ჩვენ ისინი ოჯახად მიგვაჩნია.

- როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო?

- თბილისში ბოლოს 1989 წელს ვიყავი. Uუამრავი ამბავი მსმენია თბილისზე მამაჩემისგან. აქ მეგობრები მყავს, ერთ-ერთი მათგანი პაატა ბურჭულაძეა, დიდებული ადამიანი. ქართველები ძალიან ხელგაშლილი, სტუმართმოყვარე ხალხი ხართ და ბევრი სმა გიყვართ. ძალიან დიდი სხვაობაა 1989 წლის თბილისსა და ახლანდელ თბილისს შორის. პატარა საქართველო წინ მიიწევს და კიდევ უფრო ვითარდება.

- ნელის მინდა ვკითხო. ვიცი, რომ 90-იან წლებში დაიწყეთ მოდელის კარიერა.

ნელი: - შტუტგარტში ვსეირნობდი მამა­სთან ერთად, უცნობი მომიახლოვდა და შემომთავაზა მოდელის სამსახური. თავიდან თმის პროდუქციის რეკლამაში გადამიღეს, შემდეგ ციურიხში გადავედი და იქ მირჩიეს ფოტოგრაფებმა ნიუ-იორკში გამგზავრება. ამერიკაში მხოლოდ ერთი თვით ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ როდესაც 1992 წლის აგვისტოში ნიუ-იორკში ჩავედი, მივხვდი, რომ ამ ქალაქიდან არსად წამსვლელი არ ვიყავი. ნიუ-იორკს აქვს რაღაც მაგიური.

- თქვენ ლეგენდარულ დიზაინერებთან­ გიმუშავიათ.

- დიახ, ივ-სენ ლორანთან, არმა­ნისთან, დიორთან. ძალიან საინტერესო იყო მათთან მუშაობა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩემთვის კარლ ლაგერფელდი­ა. კარლი ჩემს ტანზე ქმნიდა ხოლმე თავის კოლექციას. ვიდექი, მისი ასისტენტები სხვადასხვა ქსოვილს მარგებდნენ, კარლი კი ხატავდა, მოდელს ქმნიდა. კარლის გარდა, ჩემთვის განსაკუთრებულია Aარმანი, "შანელი" და ივ-სენ ლორანი. 90-იანი წლების მოდელები ძალიან ლამაზები იყვნენ. მაშინ მოდელები ვარსკვლავები იყვნენ, დღეს მხოლოდ ლამაზ სახეებს ხედავთ, ყველა ერთმანეთს ჰგავს. მე მიმუშავია კელვინ კლაინისთვისაც, მონაწილეობა მიმიღია მის ჩვენებებში. კელვინ კლაინი მუშაობის პროცესში ვიზაჟის წინააღმდეგი­ იყო. გოგოებს სათითაოდ გვამოწმებდა და თუ აღმოაჩენდა, რომელიმეს თუნდაც ტუში გვესვა, აუცილებლად მოგვაშორებინებდა. ის აღმერთებდა ბუნებრივ სილამაზეს. ასე რომ, გოგონებს ვურჩევდი მეტ ბუნებრივობას. გახსოვდეთ, მინიმალიზმი ნიშნავს მეტს!