"გალში მასწავლებელს ქართულად საუბარი ეზღუდება" - კვირის პალიტრა

"გალში მასწავლებელს ქართულად საუბარი ეზღუდება"

ენგურის ხიდი - გოლგოთა, რომელსაც 30 წელიწადია მიუყვება ქართველი კაცი შინისაკენ; ქვეყნის დანაწილების სიმბო­ლო­, სადაც მას აუცილებლად გააჩერებენ და ჰკითხავენ, თუ რატომ მიდის, რა ესაქმება აფხაზეთში? სწორედ აქ, ამ ადგილას მძაფრდება ის დათგრუნვილობისა და პროტესტის გრძნობა, რომელსაც ვერასოდეს მოიშორებ. ჩვენ ამაზე ყველანი ვფიქრობთ, თუმცა სულ სხვაა იმათი დარდი, ვინც ენგურის ხიდს მიღმა მშობლიური ადგილები დატოვა და ამ ადგილის გავლა კიდევ უფრო გაუჯოჯოხეთდა. მათ შორის ჟურნალისტი მაია მიქაიაა. 30 წლის წინ, აფხაზეთის დატოვებისას, მან ენგურის ხიდი გადამწვარი დატოვა, უკან მიბრუნებულს კი იქ უკვე ოკუპანტი მესაზღვრეები დახვდნენ, რომლებისთვისაც შეშვების ნებართვა უნდა ეთხოვა. ეს კოშმარი დღემდე გრძელდება...

- საშინელი განცდაა, როდესაც მთელი­ შენი არსება შინ, სახლისკენ მიილტვის და ამ დროს ვიღაც არ გიშვებს. პასუხობ უამრავ აბსურდულ კითხვას, მათ შორის, რატომ მიდიხარ შენს სახლში, აწვდი ჩანთას, რომ პირადი ნივთები შეგიმოწმოს, მერე "საბუთებს", სადაც საკუთარ სახლში ყოფნის ვადა გაქვს განსაზღვრული. ვადას არ უნდა გადააცილო და უკან ისევ ენგურის ხიდის გამოვლით დაბრუნდე! აი, ასეთია ეს გზა ენგურის ხიდის გავლით მთელი 30 წლის განმავლობაში და ეს წამებაა. 30 წლის წინ კი, როდესაც აფხაზეთს ვტოვებდი, ენგურის ხიდი აფეთქებული დავტოვე. დედასა და ძმასთან ერთად მოვდიოდი, მამა კი აფხაზეთში დარჩა. ჩვენ 25-კილომეტრიანი შემოვლითი გზით მივედით სოფელ შამგონამდე, სადაც ენგურზე ფონია, და წყალში ფეხით გადმოსვლა შეიძლება. თუმცა შეიძლება ფონი სიკვდილადაც იქცეს, რადგან ამ ადგილას წყლის უეცარი მოვარდნა იცის - ხანდახან "ენგურჰესში" დაგუბებულ წყალს უშვებენ…და ხალხიც ამიტომ იხრჩობა იმ ადგილას. ჩვენი გადმოსვლის დროსაც მოვარდა უზარმაზარი ტალღა. ამ დროს ჩემი ძმა ურემზე იჯდა. ტალღამ ურემი გადმოაბრუნა და ჩემს ძმას გადაუარა. მე მის ახლოს ვიყავი და ხელის ჩაჭიდება მოვასწარი. თუმცა მარტო ვერაფერს ვიზამდი, რომ არ მომშველებოდნენ. როდესაც წყალმა გადამიარა, მაშინვე ვიგრძენი, რომ ვიღაცას ამოვყავდით. ამის შემდეგ სამშვიდობოს გამოვედით, მაგრამ დიდხანს არ გვჯეროდა, რომ ვიღაც არ მოვიდოდა და არ ამოგვხოცავდა.

- აფხაზეთში როდის დაბრუნდით?

- ჩემი მშობლები და ძმა მალე დაბრუნდნენ, პირველები იყვნენ და ძალიან მეშინოდა. გალში ყველაზე დიდ ქუჩაზე ვცხოვრობთ და მაშინ იქ მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობდა, ახლა, საბედნიეროდ, ბევრია ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ქართველის ცხოვრება ძალიან ჭირს.

- არ შემიძლია არ გკითხოთ ამას წინათ­ გავრცელებული გალის სკოლის ვიდეოს შესახებ, სადაც გერმანულის მასწავლებელი გაკვეთილს მეგრულ-რუსულ-გერმანულად ხსნის...

- გაკვეთილზე მეგრულ-რუსული მხოლოდ იმით არის გამოწვეული, რომ მასწავლებელს ქართულად საუბარი ეზღუდება. იმ დღიდან, რა დღესაც ქართველობა აფხაზეთში დაბრუნდა, მასწავლებლები გმირები არიან, რომლებსაც არავინ აჯილდოებს. ომის შემდეგ აფხაზეთში, როდესაც ქართულის სწავლებისათვის შეიძლებოდა მასწავ­ლებელი დაეხვრიტათ, ისინი ქართულს ასწავლიდნენ: იცით, როგორ? ხელსაქმისა და სხვა გაკვეთილებზე იპარებოდნენ კლასებში და ქართული წიგნები შეჰქონდათ. მე აფხაზეთში სოხუმის დაცემიდან ოთხი წლის შემდეგ დავბრუნდი. ოთხი წლის შემდეგ ენგურის ხიდზე პირველად შევაბიჯე და თანაც სამი წლის შვილით. იმდენად მენატრებოდა ჩემი სახლი, ოჯახი, იმდენად მინდოდა გამეხარებინა ისინი, რომ გადავწყვიტე, არაფერი მეთქვა მშობლებისთვის,­ ისე გადავსულიყავი აფხაზეთში. მაგრამ ენგურის ხიდზე გადასვლამ გამანადგურა: ვიცოდი, რომ ოკუპანტებს ქართული ლაპარაკი აღიზიანებდათ, ამიტომ სამი წლის ბავშვი დავარიგე, ქართულად ერთი სიტყვაც არ მითხრა, მოითმინე, თორემ ბიძიები ცუდად მოგვექცევიან-მეთქი. აბა, ეს სამი წლის ბავშვისთვის როგორი მოსათმენია.­ თუმცა, დამიჯერა. მახსოვს ხიდზე ვიღაც ურიკიანი კაცი შემოგვხვდა, რომელსაც მგზავრები რუს მესაზღვრეებამდე გადაჰყავდა. რადგან ბავშვიანი ვიყავი, შემეძლო ურიკით მესარგებლა, მაგრამ მისმა დანახვამ ისე გამაღიზიანა, იქით არც გამიხედავს. ბავშვს ხელი დავავლე და სამი კილომეტრი ფეხით გავიარე. ასე მივადექი რუსების საგუშაგოს. გავიარე საზიზღარი რკინებით შეკრული "გვირაბები" და ე.წ. პოსტამდე მივედი.

- რა პროცედურები უნდა გაიაროს ენგურის ხიდის "პოსტებზე" აფხაზეთში მიმავალმა­ ქართველობამ?

- აბსურდული და გამაღიზიანებელი, შეკითხვებით დაწყებული და ნივთების შემოწმებით დამთავრებული. განსაკუთრებით ტექნიკის გადატანა ჭირს. თმის საშრობზეც კი იმხელა ჯარიმაა, ღირ­ებულებაზე სამჯერ და მეტი უნდა გადაიხადო. ეს ვრცელდება ყველა ქართველზე, რომლებიც გალში ნათესავებთან ჩადიან. სამაგიეროდ,A აფხაზები ხიდზე­ შეუფერხებლად გადი-გამოდიან. რაც შეეხება შეკითხვებს, მაგალითად, შეიძლება გკითხონ, ხშირად რატომ არ ჩადიხარ იქ, როდესაც ეს ყოვლად წარმოუდგენელია, თუნდაც იმის გამო, რომ ხიდს კეტავენ, როცა მოუნდებათ, შეგიშვებენ ან არ შეგიშვებენ. დედაჩემის დაკრძალვის დღეებში ენგურის ხიდის ბლოკპოსტთან 8 საათის განმავლობაში ვიდექი. წვიმდა და თოვდა, საპირისპირო მხრიდან კი აფხაზები თავისუფლად გადმოდიოდნენ ზუგდიდში. ეს კარგია, მაგრამ გულისმომკვლელია მაშინ, როდესაც შენ მიზანმიმართულად გექცევიან არაადამიანურად. ამ საშინელ მომენტში ე.წ მესაზღვრეებმა მხოლოდ 8 საათის შემდეგ მაღირსეს სახლში გაშვება, დედის ორმოცზე კი აღარც გამიშვეს. ასეთ დროს უმწეობისა და რისხვის გრძნობა ერთდროულად გიპყრობს, რატომ უნდა ჰქონდეს ვიღაცას იმის უფლება, რომ საკუთარ სახლში არ შეგიშვას?!

- გადასვლისას, ცხადია, დოკუმენტებიც უნდა წარადგინოთ. რა დოკუმენტებია?

- ე.წ. მოწვევა, რომელიც 130 ლარი ღირს. ეს ერთ კაცზე.­ რამდენიც მიდიხართ ოჯახიდან, იმდენჯერ 130 ლარი უნდა გადაიხადო. მოწვევა აფხაზეთში მცხოვრებმა ნათესავმა უნდა გააკეთოს, ამისთვის კი სოხუმში უნდა გადავიდეს. იქ მცხოვრებთ კი დროდადრო ე.წ. ფორმებს (ასე უწოდებენ აფხაზები) უწერენ, რითაც იქ ცხოვრების უფლებას აძლევენ. მას შეიძლება ერქვას, მაგალითად, ფორმა #3, #9 და ა.შ. არსებობს ე.წ. საცხოვრებელი ადგილის ფორმა, ფარატინა ფურცელი, რომელშიც წერია, რომ ქართველი ამა და ამ ადგილზე ბინადრობს. მხოლოდ ბინადრობს, მაგრამ არა საკუთრების უფლებით. როდესაც მამაჩემი გარდაიცვალა, ჩემს ძმას ჩვენი სახლი არ გადაუფორმეს. მისცეს რაღაც ფურცელი, რომელზეც აღნიშნულია, რომ მას ენიჭება ჩვენს სახლში ცხოვრების უფლება - ანუ თუ დასჭირდება აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებას, ჩვენს სახლს წაიღებს.

- "ენგურჰესზე" როგორ შედიან საქართველოდან თუნდაც ინსპექტირებისათვის?

- მისვლა აფხაზეთის შემოვლითაც შეიძლება, სოფელ ჯვრიდან; "ენგურჰესის" თანამშრომლები გალიდან საბჭოთა ავტობუსით დაჰყავთ. მადლობა ღმერთს, "ენგურჰესზე" აფხაზებსა და ქართველებს კონფლიქტი არა აქვთ...

- ყველგან ასეა, სადაც რუსი არ ერევა­, თვით რუსეთში მცხოვრები აფხაზები და ქართველები ხშირად მეგობრობენ.

- ასეა, ქართველები მუსლიმან აფხაზებთანაც მეგობრობენ. ომის დროს სოხუმიდან აფხაზი მუსლიმანები წავიდნენ, რადგან ომი არ სურდათ. ისინი აფხაზეთის კანონით დეზერტირებად ითვლებიან და ვეღარ დაბრუნდებიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველებთან ყველგან იმეგობრებენ. იქნებ ისინიც ინახავენ იმ სიმძიმეს, რომელსაც დევნილი ქართველები ვატარებთ.