"თუ რუსეთი დამარცხდა, ღმერთმა უწყის, რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული მხეცი" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი დამარცხდა, ღმერთმა უწყის, რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული მხეცი"

უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის მასშტაბური შეჭრიდან 1 წელი გავიდა. კრემლის გათვლით, "სამხედრო სპეცოპერაცია" სამ დღეში, უკრაინის დენაციფიკაცია-დემილიტარიზაციით უნდა დასრულებულიყო, თუმცა სისასტიკით გამორჩეული ომი უკვე ერთი წელია, რაც მიმდინარეობს. ფაქტია, პუტინის იმპერიალისტური მიზნები უკრაინაში ვერ შესრულდა. როგორც ამბობენ, რუსეთი­ ამ ომიდან ძლიერ დასუსტებული გამოვა და მისი "უძლეველობის" მითიც წარსულს ჩაჰბარდება. პუტინმა ამ უსამართლო ომით ისიც მოახერხა, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დიმიტრი შველიძე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ვერსიებზე გვესაუბრება:

- რამდენიმე დღის წინ დიმიტრი მედვედევმა Telegram-ზე დაწერა, რომ "უკრაინაში რუსეთი გამარჯვების მიღწევის გარეშე თუ გააჩერებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, რუსეთი არ იარსებებს, ის ნაწილებად დაიშლება".­ რეალურად მიგაჩნიათ ეს?

- ძნელია ახლა რუსეთის დაშლა წარმოიდგინო, თუმცა ისტორიას ახსოვს,­ ნიკოლოზ II-ის დამხობის მერე ის მარტივ მამრავლებად რომ დაიშალა - ცალკე იყო შუა აზიის სახელმწიფოები, ცალკე კოლჩაკისა­ და დენიკინის ერთეულები (1917-19-19 წლებში), უკრაინაც რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი, ცალკე იყო ანარქისტი ნესტორ მახნო... ჩრდილო კავკასიაში - თერგის რესპუბლიკა... მაგრამ გავიდა ხანი, რუსეთმა ძალა მოიკრიბა და აღდგა.

- რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების ვერსიები განვიხილოთ...

- მინდა ისტორიაზე დაყრდნობით გავიხსენოთ, როგორ მოქმედებდა რუსეთზე­ ომებში დამარცხება. ის რამდენჯერმე მწა­რედ დამარცხდა:

1. ეს იყო ყირიმის ომი 1853-1856 წლებში, როცა ბრიტანეთისა და საფრანგეთის ფლოტმა ოსმალეთთან კავშირით სასტიკად დაამარცხა რუსეთის იმპერია. ამას მოჰყვა ალექსანდრე მეორის გაიმპერატორება და მისი მნიშვნელოვანი რეფორმები. ბატონყმობა გაუქმდა, მაგრამ მანამდე რუსეთში კინაღამ რევოლუცია მოხდა, ანუ ამ დამარცხებამ რევოლუციური სიტუაცია მოამწიფა, რუსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში კრიზისში იყო და იმპერატორი იძულებული გახდა, რეფორმები გაეტარებინა;

2. რუსეთ-იაპონიის ომი - რუსეთი აქაც დამარცხდა, რასაც მოჰყვა 1905-1907 წლების რევოლუცია და იმპერატორების მონარქია დამხობას ძლივს გადაურჩა. რუს­ეთს ეს დამარცხებაც ძვირად დაუჯდა;

3. რევოლუციიდან 10 წლის შემდეგ, 1917 წელს, რუსული მონარქია მაინც დაემხო. როგორც წესი, დიდი დამარცხება რუსეთში დიდ კრიზისს იწვევს;

4. საბჭოთა დროს ავღანეთის ომში რუსეთის დამარცხებამ საბედისწერო შედეგები მოიტანა - აქედან დაიწყო გორბაჩოვის ე.წ პერესტროიკა, ერების გამოღვიძება და ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა (ესეც ომში დამარცხებას და უკმაყოფილებას მოჰყვა - ამხელა რუსეთმა, ერთი ბეწო ავღანეთი რომ ვერ დაამარცხა).

შეიძლება დავასკვნათ:­ რუსეთში დიდ დამარცხებებს ყოველთვის მოაქვს პოლიტიკური, სოციალური, საზოგადოებრივი, ეროვნული და სხვა სახის კრიზისები.

- წარსულის გათვალისწინებით, რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ახლაც თუ გამეორდება ისტორია და ომის შემდგომი კრიზისები რას მოუტანს ოკუპანტ ქვეყანას?

- თუ რუსეთი დამარცხდა, ქვეყანაში­ მოსალოდნელი იქნება სხვადასხვა ფენის­ - პარტიების, საპარლამენტო ფრაქციების, გენერალიტეტის (სავარაუდოდ, მათ დააბრალებენ მარცხს) უკმაყოფილების ზრდა, რამაც­ შეიძლება მოვლენების რადიკა­ლ­იზაცია გამოიწვიოს. ისიც გასათვ­ა­ლისწი­ნებელია, რომ მაგალითად, ყირიმის­ ომში მარცხის მერე რუსეთში კრიზისი კი იყო, მაგრამ გამოძვრა (ამაში ევროპის როლიც დიდი იყო). 1913 წელსაც რუსეთი­ ისე მოძლიერდა სამხედრო თვალსაზრისით,­ რომ გათამამდა და პირველ მსოფლიო ომში ჩაება. იმავე წელს რუსეთში რომანო­ვების დინასტიის 300 წლისთავი ზარ-ზეიმით გადაიხადეს და ძეხორციელი ვერ წარმოიდგენდა, იმპერია თუ დაეცემოდა. 1917 წლის მონარქიის დამხობის შემდეგაც დიდი უბედურება დატრიალდა რუსეთში, თუმცა­ მერე საბჭოთა კავშირი, ახალი მონსტრი შეიქმნა. რამდენიმე წელში რუსეთი გაძლი­ერდა და ბირთვულ სახელმწიფოდ გადაიქცა. ასევე მოხდა ავღანეთის ომის მერეც - კრიზისი, შიმშილი, ელცინის ხელისუფლება... მაგრამ რუსეთი ისევ აღდგა პუტინის სახით, ანუ რუსეთი ოთხივე შემთხვევაში აღდგა და გაძლიერდა.

სამხედრო ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ამ ომში ორივე მხარის მონაცემებს ვეცნობი. ორივე მხარე­ ცდილობს­ მომატყუოს, ბუნებრივია, არც ერთს არ უნდა თავისი სისუსტეების გამომჟღავნება. ჩვენი ექსპერტებიც ორად არიან გაყოფილი და ორივე მხარე გვატყუებს. ამიტომ ორივე მხარე უნდა გადაამოწმო. რუსეთს ნებისმიერ ომებში ჰქონდა დიდი რაოდენობრივი უპირატესობა (ადამიანური რესურსი) და არასდროს ენანებოდა ცოცხალი­ ძალა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთმა­ თუ ყველაფერი აამოქმედა, ხელის ერთი დაკვრით აიღებს უკრაინას. გასათვალისწინებელია, რომ შეტევის დროს მოიერიშე ჯარისკაცებში მეტია მსხვერპლი, ვიდრე თავდაცვაში მყოფ მხარეს. უკრაინა თავს იცავს და რუსეთი ვერ იყენებს რაოდენობრივ უპირატესობას - ქვეითი ჯარი რომ გადაადგი­ლდეს, ტექნიკა თუ არ მიეხმარა, ის ვერ მომაგრდება ახალ-ახალ ტერიტორიებზე. ასე რომ, ამ დიდ ადამიანურ რესურსს რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს,­ თუ თავდაცვაშია. ამასთან, უკრაინას დიდი უპირატესობა აქვს უახლესი­ ტექნიკით, რომელსაც შესანიშნავად­ იყენებს - ნატო და დასავლეთი ეხმარებიან. ღმერთმა ქნას, უკრაინამ გაიმარჯვოს. ჯერჯერობით, ომში საყაიმო მდგომარეობას ვხედავ, წონასწორობას ვერც ერთი მხარე ვერ არღვევს. თუმცა სამხედრო-საყაიმო მდგომარეობა რუსეთს აძლევს უპირატესობას, რადგან მის ხელშია ძველი და ახალშეერთებული ტერიტორიები. თუ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ეს კონფლიქტის გაყინვა იქნება - რა თქმა უნდა, დასავლეთი არ აღიარებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, არც უკრაინა და შეიქმნება ჩვენი ანალოგიური მდგომარეობა (ე. წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გავიხსენოთ). რუსეთმა შეიძლება აღიარება არ მოსთხოვოს, მაგრამ საომარი მოქმედებების დროებით შეწყვეტას მოითხოვს. უკრაინა­ ამაზე წავა თუ არა, ეს ევროპაზეა დამოკიდებული - თუ დასავლეთმა შესვენება გადაწყვიტა, მაშინ უკრაინას შეუმცირებს­ ან შეუწყვეტს დახმარებას და უკრაინაც იძულებული გახდება ამ ნაბიჯზე წავიდეს. ამას დასავლეთი იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ ის რუსეთისაგან მიიღებს გარანტიას, რომ ახალდაკავებული ტერიტორიებიდან გაიყვანს ჯარს და მხოლოდ დონბასზე იქნება ლაპარაკი.

უკრაინისთვის იდეალური გამარჯვება­ ყირიმის დაბრუნება და უკრაინის 1991 წლის საზღვრებში დაბრუნებაა. თუ უკრაინამ გაიმარჯვა, გაათავისუფლა ტერიტორიები, ზაპოროჟიე, დონეცკი, ლუგანსკი და ყირიმიც, ღმერთმა უწყის, რას მოიმოქმედებს კედელთან მიყენებული მხეცი, გამწარებული რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. ვერავინ იტყვის, რომ ამ შემთხვევაში ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხულია. უკრაინის მარცხი კატასტროფა იქნება - საქართველოს არც ტერიტორიების დაბრუნების და არც მდგომარეობის გამოსწორების პერსპექტივა აღარ ექნება.

- ხშირად ვისმენთ, რომ მარცხის შემთხვევაში რუსეთი სახის შენარჩუნებას საქართველოზე გამოლაშქრებით შეეცდება...

- რუსეთის ხელისუფლებისგან ყველა­ფერია მოსალოდნელი, მაგრამ მას არ სჭირდება ამდენი გართულება. პუტინი კავკა­სიაში ჯარით თუ შემოვიდა, ეს აუცილებლად გამოიწვევს თურქეთის რეაქციას, ის კი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის. ჯარით არა, მაგრამ რუსეთი ძალისხმევას იმისთვის გააძლიერებს, რომ აქ უფრო მორჩილი ხელისუფლება ჰყავდეს. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, მთავარია, რამდენად ერთგულად გაგრძელდება დასავლური სანქციები.­ რუსეთს რაც უნდა დიდი რესურსი ჰქონდეს, ის ხომ ილევა? სანქციების გაგრძელებით კი დასუსტდება და აღარ ექნება ის გავლენები, როგორიც დღეს აქვს.

- საქართველოს ევროინტეგრაციის შანსსა და პერსპექტივაზე რას იტყვით.

- თუ სტატუსი არ მოგვცეს და ეს ამ ხელისუფლებას დააბრალეს (კი იქნება­ ამ ხელისუფლების ბრალეულობაც, მაგრამ არა გადამწყვეტი ფაქტორი), ამის გადამწყ­ვეტი ფაქტორი იქნება ევროპის სიმხდალე. ამაში დასავლეთი იქნება დამნაშავე ისევე, როგორც 90-იან წლებში და 2008 წელს. ჩვენი ხელისუფლება რომ ფრთხილად იქცევა, ცუდი არაა. რაც შეეხება რიტორიკას, შეიძლება თვლიან, რომ ვიღაც ჩვენგან სანქციებთან შეერთებას ითხოვს. ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს მოიტანს ჩრდილო კავკასიის გააქტიურებას, რა თქმა უნდა, რუსეთის ზეწოლით. გააქტიურდება ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩეჩნეთი და ა.შ. საქართველოში რუსეთი ჯარით კი არ შემოვა, საზღვრებს გააძლიერებს, უფრო გახშირდება ათასნაირი პროვოკაცია. ამისთვის არის მზად ჩვენი ქვეყანა?

- არ გამორიცხავენ, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს და სომხეთმა ჩაგვანაცვლოს, ის გახდეს სატრანზიტო ქვეყანა...

- ჩვენ რომ გალაღებული ვართ, განაღდებული რომ გვგონია, აუცილებლად ჩვენ უნდა ვიყოთ სატრანზიტო ქვეყანა, არც ასეა საქმე. სომხეთსა და თურქეთს შორის ჩურჩული რომ დაიწყო, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ხელცარიელი დავრჩეთ. სომხეთის სახით კონკურენტი გამოგვიჩნდა, იმიტომ, რომ მისი ტერიტორია უფრო მოსახერხებელია თურქეთისა და აზერბაიჯანის დაკავშირებისთვის, თუმცა სომხეთს ზღვა არა აქვს და ეს გვაძლევს ცოტა გალაღების საშუალებას. ხელისუფლება არც მწვადს წვავს, არც შამფურს, მაგრამ მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში ევროპაში, ამავე დროს, არც რუსეთს აღიზიანებს. პრობლემაა, რომ საზოგადოებას არც ხელისუფლება განუმარტავს­ არაფერს და არც ოპოზიცია. ოპოზიციამ დღემდე­ არ აღიარა თავისი შეცდომები. ხალხი რომ ხედავს, "ნაციონალები" ბოდიშს არ იხდიან, რატომ უნდა ენდოს? კი, ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. შარშან სტუდენტებისთვის სახელმძღვანელო გამოვეცი - "საქართველოს უახლესი ისტორია". მასში "ნაციონალების" საქმიანობაც არის აღწერილი, საუბარია დიდ პლუსებზე: სახელმწიფოს ფაქტობრივ დაფუძნებაზე, სტრუქტურების შექმნაზე, დამნაშავეთა სამყაროს ნეიტრალიზაციაზე, დასავლეთთან ურთიერთობების დამყარებასა და სხვა უამრავ სიკეთეებზე,­ მაგრამ 2 პარაგრაფი ცუდსაც ეთმობა, მაგალითად, იმას, რომ არ მიაქციეს ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვას.

- რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა რომელ ქვეყანას აწყობს და რომელს არა?

- ომის შეწყვეტა ყველას გაუხარდება,­ შეიძლება ჩინეთს არა, მაგრამ შეურიგდება,­ ვინაიდან ჩინეთს აწყობს - რაც მეტად დასუსტდება რუსეთი და დასავლეთი, ის გაძლიერდება... ამერიკა და რუსეთი ბირთვული სახელმწიფოებია და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვთ პლანეტაზე, ამიტომ მათ შორის უფრო მოსალოდნელია შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ჩინეთსა და ამერიკას შორის. ჩინეთის უკიდეგანოდ გაძლიერება დასავლეთს არ აწყობს. ამიტომ აშშ ყოველთვის მიესალმება რუსეთის დასუსტებას, მაგრამ დაშლას - არავითარ შემთხვევაში.