რა დროს მიმართავს სახელმწიფო ფასების რეგულირებას
ინფლაციასთან ბრძოლას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სურსათის ფასების რეგულირებითაც გეგმავს და ამ მიზნით ეკონომიკის სამინისტროს, სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად, კანონპროექტის მომზადება დაავალა. ღარიბაშვილის თქმით, "იმპორტიორებს ექნებათ განსაზღვრული მარჟები, ფასნამატები და ასევე რიტეილს ექნება თავისი განსაზღვრული წესები". მისივე თქმით, "ეს არის გამოსავალი, რაც ამ მოკლე ორკვირიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა". "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასები შემცირდეს, არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს ძირითადი პროდუქტები. ეს ჩვენს მოსახლეობაზე, ჩვენს ხალხზე აისახება. როცა ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ინფლაციის გასული თვის მაჩვენებელი 9,4% იყო. აქედან 6,1% არის სურსათის ფასები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ როგორც კი დარეგულირდება ეს საკითხები, და ეს შეიძლება ძალიან მალე მოხდეს, ინფლაციაც ჩამოვა იმ ნიშნულზე, რომელიც ჩვენ გვაქვს განსაზღვრული - დაახლოებით 5%-ზე ამ წლის განმავლობაში... ასეთი გამოსავალი გამოვნახეთ, რომ პრაქტიკა, რომელიც ევროპამ უკვე გაიარა, ჩვენს ქვეყანაში გადმოვიტანოთ. ამით რეალურად სამართლიანი წესები დაწესდება... სხვა შემთხვევაში, უბრალოდ, გამოსავალი არ ჩანს, არ მინდა ვინმეს გავუჩინოთ განცდა, რომ მთავრობა უხეშად ერევა ბიზნესის საქმიანობაში", - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე. არის თუ არა ეს გამოსავალი, ბიზნესში ჩარევად მაინც ჩაითვლება თუ არა, რას გულისხმობს ფასების რეგულირების ევროპული გამოცდილება და რაც მთავარია, ამ სისტემის საქართველოში გადმოტანამ კონკრეტულად რა პროდუქტებზე და რამდენით შეიძლება შეამციროს ფასი, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ:
- მოდი, ზუსტად ნუ ვიტყვით იმას, რაც ჯერ არ ვიცით. საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე და არა კონკრეტულ პროექტზე. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ - როდესაც კრიზისული ვითარებაა, ფასების რეგულირებას ძალიან ბევრი სახელმწიფო მიმართავს. პანდემიისა და უკრაინაში ომის პირობებში ზოგიერთი ამერიკელი ეკონომისტი იმასაც კი მოითხოვდა, ფედერალურ მთავრობას ნავთობპროდუქტებზე დაეწესებინა ფიქსირებული ფასი. მსგავსი მიდგომები ახალი არ არის და სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება. რაც შეეხება "თავისუფალ ბაზარს", უნდა ვიცოდეთ, რომ ის ბუნებაში არ არსებობს. ეს არის თეორიული კონსტრუქცია, რომლითაც სტუდენტებს ეკონომიკის საფუძვლებს ვასწავლით. ამასთან, ამ ტერმინს ხშირად იყენებს საქმეში ნაკლებად გათვითცნობიერებული ზოგიერთი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი. სინამდვილეში, "თავისუფალი ბაზარი", როგორც ასეთი, არასდროს არსებულა და რეალურადაც შეუძლებელია არსებობდეს. ამიტომ "თავისუფალი ბაზრის" პრინციპი, რომ ფასწარმოქმნა ყოველთვის არის თავისუფალი, რომ მარტო მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა განსაზღვრავს ფასს, ეს მხოლოდ ეკონომიკის სახელმძღვანელოებშია, და ისიც არა ყველა თავში. რაც შეეხება თავად ფასების რეგულირებას, აქ, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი საფრთხე და, თუ ოქროს შუალედს არ დაიჭერ, შესაძლოა ფასების დაფიქსირებით, ფასებზე მკაცრი რეგულირების გამოყენებით, სასაქონლო დეფიციტი გამოიწვიო. ესეც გასაგებია, რადგან, თუ ბიზნესი ვერ ხედავს გარკვეულწილად დამაკმაყოფილებელ მოგებას, მიწოდებას შეწყვეტს, სხვა საქონელზე გადაერთვება ან საერთოდ გავა ბაზრიდან, სულაც სხვა ქვეყანაში წავა. ეს ჩვეულებრივი ამბავია და შეიძლება გამოიწვიოს ის, რაც კომუნისტური რეჟიმის დროს იყო სხვადასხვა ქვეყანაში, ანუ დეფიციტი. ფასწარმოქმნის გაუმართლებლად შეზღუდვამ, როდესაც მას არა აქვს ობიექტური საფუძველი, და მექანიზმი მოქნილი არ იქნება, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს. იმავდროულად, ფასების გარკვეული რეგულაციის კანონმდებლობა ევროკავშირშიც გამოიყენება. ამ ეტაპზე კანონპროექტი არ არის დამუშავებული და ჯერ მხოლოდ დავალება აქვთ მიცემული შესაბამის სტრუქტურებს. როცა კანონპროექტი მომზადდება, შემდეგ უფრო საქმიანად შევძლებთ მის განხილვას.
უნდა გვახსოვდეს, ქვეყანაში არის კონკურენციის სააგენტო, რომელიც მუშაობს, რათა არ გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც დომინირებულ მდგომარეობას თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესი არ არის ქველმოქმედება, ბიზნესის ინტერესი რაც შეიძლება მეტი მოგების მიღებაა. სახელმწიფოს ამოცანა არის ის, ბიზნესს არ შეუშალოს ხელი და ამასთან, დაიცვას მოსახლეობა, რათა მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
- ცოტა ხნის წინ წამლების ფასებზე იგივე მოხდა, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ ახლახან განაცხადა, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა რაღაც ხვრელები მაინც მოძებნეს და ფასები კვლავ მაღალია. რა გარანტიაა, რომ სურსათის ფასებზე რეგულაციების დაწესება ფასების ზრდის პრობლემას მოაგვარებს?
- კარგად ვიცით, რომ თურქეთიდან შემოტანილ წამლებზე დაბალი ფასები იყო და ამან შეღავათი მისცა საქართველოს მოქალაქეებს. ახლა გამოჩნდა, რომ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტები გაძვირდა. იბადება ლოგიკური კითხვა - რის გამო მოხდა ეს, თურქეთმა გააძვირა თავისი პროდუქცია თუ ქართველმა ბიზნესმენებმა გამოიყენეს თავისი მდგომარეობა ბოროტად და ინვოისებში ხელოვნურად გაზარდეს ფასები? რა თქმა უნდა, გვესმის სააფთიაქო ბიზნესში დაკავებული მეწარმეების, მათ სურთ მეტი მოგება ნებისმიერ ფასად, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა, რომ ეს მოხდეს ნებისმიერ ფასად, რადგან ამის უკან დგანან რიგითი მოქალაქეები. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ მსოფლიოში ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც თავიდან განაპირობა პანდემიამ, ხოლო შემდგომ რუსეთის ომმა უკრაინაში და ამის გამო რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა. ამ ვითარებაში კი, როდესაც რუსეთს "ნავთობის ომი" და "სასურსათო ომი" აქვს მსოფლიოსთან, ბუნებრივია, ფასების დარეგულირების საკითხი დგება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რაც განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომ გამოყენებულ იქნეს მთავრობასა და ბიზნესს შორის ურთიერთობის ე.წ. მეგობრული ფორმატი, სადაც იქნება არა ფასების თავს მოხვევა, არამედ საუბარია იმაზე, რომ ბიზნესმა გაუგოს მთავრობას, მოსახლეობას, რადგან ამ ვითარებაში იმპორტდამოკიდებულ ქვეყანას სხვა არჩევანი არა აქვს. მსოფლიოში მაღალი ინფლაციის გამო ჩვენთან იმპორტირებული საქონელი ისედაც ძვირია და ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მოგებას, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მეწარმეები, რათა საკმარისი იყოს ბიზნესის განვითარებისა და მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ არა ისე, რომ გამოიყენონ თავისი მდგომარეობა და ზემოგება ნახონ იმ პროდუქტებზე (მაგალითად, პურზე ან წამლებზე), რომელთა ჩანაცვლება მოქალაქეებს არ შეუძლიათ. ამიტომ მთავარია, მთავრობა იყოს კონსტრუქციული, ითანამშრომლოს ბიზნესთან. რაც შეეხება კანონს, პრემიერმა განაცხადა, რომ ის იქნება ევროპული რეგულირების საფუძველზე შექმნილი და, თუ ის ევროკავშირში მუშაობს, რაღა საქართველოში ჩამოანგრევს ბიზნესს?
- ევროკავშირის ეს რეგულაცია კონკრეტულად რას ითვალისწინებს?
- ვნახოთ, როგორ კანონპროექტს მოამზადებს საქართველოს მთავრობა და მერე შეიძლება მისი შედარება ევროპულ სტანდარტებთან, რადგან ჩვენ მივდივართ ევროკავშირის მიმართულებით, რაც ჩვენი მოსახლეობის არჩევანია, თანაც ისტორიული. ევროკავშირის სტანდარტის საქართველოში გამოყენება სავალდებულოც არის ევროკავშირის საკანონმდებლო სივრცესთან დაახლოების ფორმატში.
- რა სტანდარტზეა ლაპარაკი? ეს იყო გათვალისწინებული ასოცირების ფარგლებში კანონმდებლობების დაახლოების კონტექსტში? და თუ იყო ეს რეკომენდაცია, აქამდე რატომ არ შესრულდა?
- ღმერთმა დაიფაროს, ქვეყანა მხოლოდ რეკომენდაციებით ცხოვრობდეს. ეს ავადმყოფური მიდგომაა. მაინცდამაინც რაღაც რეკომენდაცია უნდა გვქონდეს? პატარა ბავშვები ვართ? 90-იან წლებში ეს გასაგები იყო, რადგან ქვეყანა დამოუკიდებელ არსებობას თავიდან იწყებდა და ყველაფრის სწავლა სჭირდებოდა. ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდით, რა და როგორ გაგვეკეთებინა. ახლა თუ რეკომენდაციის გარეშე რომელიმე ევროპულ სტანდარტს ავიღებთ, ეს რატომ უნდა იყოს გამაღიზიანებელი? რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, კონკურენციის სააგენტო სწორედ ამ შეთანხმებით შეიქმნა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ჯერ საერთოდ გაუქმდა, შემდეგ კი მხოლოდ ფორმალურად არსებობდა და ამის გამო ევროკავშირთან სერიოზული პრობლემებიც კი გვქონდა. ევროკავშირში კონკურენციის ხელშემწყობი ერთიანი რეგულაცია არ არსებობს, რის გამოც შესაბამისი კანონმდებლობა საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მაგალითად, შვედური მოდელი მალტის მოდელისგან ძალიან განსხვავებულია. ამიტომ მთავარია, ჩვენ არ "გავცდეთ" რომელიმე ამ უკიდურესობას, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება გვჭირდება. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებები გაიზარდა, გაიზარდა მისი საკადრო უზრუნველყოფაც და, თუ კანონმდებლობაში რამე ცვლილებები მოხდება, ის ისევ ევროკავშირთან ჰარმონიზაციის კონტექსტში უნდა იყოს.
- კონკურენციის სააგენტო თუ ეფექტიანად მუშაობს, რატომ გვაქვს დღეს კონკურენციის პრობლემები? პრემიერი გააკეთებს რაღაც განცხადებას, აძლევს დავალებას და ისინიც ამბობენ, დავიწყეთ შესწავლაო. ერთადერთი საქმე, რაც გვახსენდება, ცოტა ხნის წინ ნავთობკომპანიები ფასების შეთანხმებაში დაადანაშაულეს, მაგრამ ამ კომპანიებმა დავა სასამართლოში მოიგეს.
- საქმე ის არის, მთავრობა პოლიტიკური, კონკურენციის სააგენტო კი პროფესიული ორგანოა და უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილებებია, ყოველთვის უფრო ჟღერადია და ყოველთვის ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში, ხოლო პროფესიული ორგანოს გაწეული მუშაობა ასეთი არ არის. მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მოხდა, ეს ორგანო პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში სწავლობს ბაზარს, მაგრამ ამას ყოველთვის არ მოჰყვება "ცხელი ამბები" და არც მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება. რაც შეეხება სასამართლოს, უშეცდომო ორგანოები არ არსებობს და სასამართლო იმისთვის არის, რომ ნებისმიერს შეეძლოს თავისი ინტერესების დასაცავად ამა თუ იმ გადაწყვეტილების გასაჩივრება და სამართლიანობის აღდგენა.
- ფასების რეგულირებას დავუბრუნდეთ. რა ითვლება სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციად, რაზე დაიწევს ფასები და ამ პროდუქტების ჩამონათვალი კანონში უნდა გაიწეროს? და რამდენით შეიძლება გაიაფდეს?
- ინფლაცია სამომხმარებლო კალათით დაიანგარიშება. ეს კალათა შედგება როგორც სამომხმარებლო პროდუქტებისგან, ასევე მომსახურებისგან. კანონში რამდენად მკაფიოდ იქნება გამოკვეთილი პროდუქციისა და მომსახურების ჩამონათვალი, არ ვიცი. თუმცა, ალბათ, აჯობებს, განისაზღვროს ძირითადი სამომხმარებლო საქონელი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. რა თქმა უნდა, ეს არის გარკვეული სახეობის კვების პროდუქტები, მედიკამენტები და ის პირველადი საჭიროების მომსახურება, რომლის გარეშეც ადამიანებს არსებობა, უბრალოდ, არ შეუძლიათ.
- თუ ამ ე.წ. სასიცოცხლო პროდუქტებზე დაიწევს ფასები, ხომ არ არის საფრთხე, რომ გაიზრდება ისეთ პროდუქტზე, რომელიც ამ რანგში არ გადის, მაგრამ, ფაქტობრივად, ყველა იყენებს და აქედან მიიღონ მოგება. ეს მოსახლეობის მდგომარეობას შეამსუბუქებს?
- რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ როდესაც ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი არ არის და შედარებით სუსტად არის განვითარებული, შეჭირვებული მოსახლეობის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი, ვთქვათ, გაჭირვებული ადამიანისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა ღირს, მაგალითად, "კოკა-კოლა", ტელევიზორი ან მუსიკალური ცენტრი. მისთვის მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ღირს პური, შაქარი, რძის პროდუქტი, რამდენი უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიაში, გაზში... ამიტომ სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქციაზე ფასებს ყოველთვის აქვს პრიორიტეტული მნიშვნელობა სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის, ასეთი ფენა კი ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს. აი, ამაზეა საუბარი. მაგალითად, ამერიკაში ეკონომიკური განვითარების დონე ბევრად მაღალია, ამიტომ სოციალურად შეჭირვებული ფენა ნაკლებია, ხოლო ჩვენისთანა და ჩვენზე უარესი მდგომარეობის ქვეყნებში, რა თქმა უნდა, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ფენა დიდია და მის წარმომადგენლებს სულ არ აღელვებთ, რა ღირს, მაგალითად, ანანასი...
- რეგულაციები მუდმივი უნდა იყოს თუ დროებითი?
- მე ვთვლი, რომ ყველაზე სწორი სტრატეგიული მიმართულება იქნებოდა, რომ ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლებად იყოს იმპორტდამოკიდებული. ინფლაციის პრობლემა გარკვეულწილად იმიტომაც დგას, რომ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ. როდესაც მთელ მსოფლიოში ინფლაცია მაღალია, ძვირდება საქონელი და მომსახურება. ამ დროს ქვეყანაში საქონლის იმპორტთან ერთად ჩვენ ვახორციელებთ ინფლაციის იმპორტსაც. რაც უფრო მეტად განვითარდება საქართველოს ეკონომიკა, მისი რეალური სექტორი, რაც უფრო ამოქმედდება სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, მით ნაკლები იმპორტი დაგვჭირდება და, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, იმპორტული ფასების პრობლემაც ნაკლებად მწვავე იქნება. რაც შეეხება ვადებს, ამ ეტაპზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან, როგორც გითხარით, პროექტი ჯერ არ არსებობს.
- ფასების რეგულაციის შემოღების გამო რამდენად არის მოსალოდნელი, რომ ინვესტორები დაფრთხნენ? და ამას ხელისუფლება მოქმედ ბიზნესთან ურთიერთობაში იმგვარად ხომ არ გამოიყენებს, რომ სხვები ვეღარ შემოვლენ და ეს მათთვის უფრო სარგებლიანი შეიძლება აღმოჩნდეს?
- ინვესტორები დაფრთხებიან იმ შემთხვევაში, თუ ფასწარმოქმნაში ჩარევა იქნება აგრესიული, ხოლო თუ იქნება ევროპული სტანდარტით, ინვესტორები ევროპაში დამფრთხალი არ ჩანან. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი შინაარსით შემუშავდება კანონპროექტი და რა ვერსიას მიიღებენ. თუ ინვესტორები ევროკავშირში არ ფრთხებიან, საქართველოში რატომ უნდა დაფრთხნენ? თუ მიღებულ იქნა აგრესიული კანონპროექტი, რომელიც ევროპულ მოდელს გასცდება, და რომელიც იგულისხმებს იმას, რომ მთავრობამ მკაცრად უნდა არეგულიროს ფასები, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება არა მარტო ინვესტორებზე, არამედ საგარეო ვაჭრობაზეც.
- ფასებზე რეგულაციების დაწესება ერთი საკითხია, ხოლო მეორე, როდესაც მიმწოდებლები ხშირად ჩივიან, რომ მაღაზიებში საქონლის შეტანისას პრობლემები ექმნებათ. ეს როგორ შეიძლება მოგვარდეს?
- პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებითაც ილაპარაკა, რომ საცალო ვაჭრობაში გარკვეული რეგულაციებია შემოსაღები. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს, რადგან ეს აძვირებს პროდუქციას. მიმწოდებელი არაგონივრული ხარჯებისგან უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საცალო სექტორი დავაზარალოთ. კანონში უნდა გაჩნდეს რეგულაცია, რომ, თუ მიმწოდებელს პროდუქციის განთავსებაზე დამატებით თანხას მოსთხოვენ, მას ამის გასაჩივრება შეეძლოს. რაც შეეხება სავაჭრო ქსელში შეტანაზე უარის თქმას, ვერავინ ვერავის ვერაფერს აიძულებს, მაგრამ თქმა, შემოგატანინებ, თუ დამატებით თანხას გადამიხდიო, ეს უკვე არაკანონიერია. ამიტომ ამ საკითხის დარეგულირება აუცილებელია. მთავარია, ეს არ იყოს აგრესიული ჩარევა მოთხოვნა-მიწოდების ფორმირებაზე, რადგან აგრესიული ჩარევა მხოლოდ დეფიციტამდე მიგვიყვანს.
რუსა მაჩაიძე