რატომ გაძვირდა წამლები?!
ჯანდაცვის სამინისტრო ცალკეულ ფარმაცევტულ კომპანიებს არაკეთილსინდისიერ ქმედებასა და ფასების ხელოვნურად ზრდაში ადანაშაულებს. მათი განცხადებით, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული იმავე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრა. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ მედიკამენტზე ქრონიკული და ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფასის ზედა ზღვარი დააწესა, რაც 15 თებერვლიდან შევიდა ძალაში. ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას კი მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადების გავრცელება ფასის რეგულირების ამოქმედებიდან რამდენიმე დღეში ყოვლად დაუშვებელია. მით უმეტეს, როდესაც მიმდინარეობს ბაზრის ადაპტაცია ცვლილებებთან და კანონით განსაზღვრული ზღვარი არ დარღვეულა. რაც შეეხება თურქული მედიკამენტების იმპორტს, ასოციაციის განცხადებით, თურქეთის მთავრობამ შეზღუდა ექსპორტზე გასატანი მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობები. ამასთან, ფასები გასული წლის დეკემბრიდან თითქმის 37%-ით გაიზარდა და თვეზე მეტია, გაძვირებული ფასებით შემოდის. ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით კომენტარს არ აკეთებს. ამბობენ, რომ დაწყებულია მოკვლევა, რაშიც კონკურენციის სააგენტოც ჩაერთვება და მისი დასრულების შემდგომ მოახდენენ რეაგირებას. რამდენად საფუძვლიანია წამლების სააგენტოს დასახელებული მიზეზები თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ფასის გაზრდის შესახებ და რა კავშირი შეიძლება იყოს ამ ტენდენციასა და რეფერენტული სისტემის ამოქმედებას შორის, რადგან ეს ორი საკითხი ერთად მოხვდა სამინისტროს განცხადებაში, და რა მიაჩნიათ გამოსავლად, ამ საკითხებზე "ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილს ვესაუბრეთ.
- სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ფასები ხელოვნურად გაიზარდა, რამაც მოსახლეობა დააზარალა, და არის ეჭვი, რომ ეს მოხდა გარკვეული კომპანიების შეთანხმების საფუძველზე. ზრდა კანონდარღვევა არ არის. კანონი არ არეგულირებს, რამდენი შეიძლება იყოს წამლებზე მოგება, მაგრამ თუ ეს მოხდა რომელიღაც კომპანიების შეთანხმებით, რა თქმა უნდა, დარღვევაა. თუმცა ასეთი ინფორმაცია მე არ გამაჩნია და საერთოდ, ასეთი რამ ძნელი წარმოსადგენია, რადგან ძალიან მაღალია კონკურენცია. საქართველოში რეგულაციები ძალიან ლმობიერია და შესაბამისად, ბევრი მოთამაშეც არის, მათ შორის, იმპორტიორი, და ყველას შეთანხმება ცოტა ძნელი წარმოსადგენია. თუმცა, რაკი ეჭვი გაჩნდა, უნდა შეისწავლონ. ეს იყო მხოლოდ განცხადება, რამე სტატისტიკის გარეშე. თუკი თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასმა მოიმატა, ობიექტური მიზეზებიც არის: თურქეთის მთავრობის 2022 წლის 13 დეკემბრის დადგენილებით, მედიკამენტებზე ფასი 36,7%-ით გაიზარდა; რეგულატორების გადაწყვეტილებით, შეზღუდეს მთელი რიგი მედიკამენტების ექსპორტი, რომლებიც თურქეთშიც იმპორტირებულია. ეს ნიშნავს, რომ ამ ტიპის მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა გაძნელდა. ამ ობიექტურმა პირობებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მედიკამენტების გაძვირება. ხაზს ვუსვამ, შესაძლებელია, რადგან მე ეს ინფორმაცია არა მაქვს.
- თურქეთში ძალიან მაღალია ინფლაციის ტემპი და ლირის კურსის დაცემა. გაძვირებაც შესაძლოა ამით იყოს განპირობებული და ამას რატომ უნდა მოეხდინა გავლენა საქართველოში ფასებზე, მაგალითად, ევროში ან დოლარში ხომ არ გაზრდილა?
- წამლების ფასს თურქეთში კი არ ადგენენ, არამედ თურქეთის მთავრობა ადგენს გაცვლით კურსს მედიკამენტების იმპორტზე, რადგან თურქეთში ინფლაცია მაღალია, მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფასები რომ არ გაიზარდოს. უნდა ავხსნათ, რას ნიშნავს ფასების არგაზრდა - თურქეთში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ანაზღაურებადი ჯანდაცვის სადაზღვევო სისტემა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წამლებში ან საერთოდ არაფერს იხდის, ან იხდის ძალიან ცოტას, რადგან სახელმწიფო აფინანსებს. ამიტომ ხდება იმ გაცვლითი კურსის ფიქსაცია, რომლითაც ხდება მედიკამენტების ყიდვა და იმპორტი. დეკემბერში სწორედ ეს კურსი გაიზარდა, რაც, ლირაში მის გასაყიდ ფასზე აისახა.
- სწორედ ამას გეკითხებით, ლირაში გასაყიდ ფასზე რომ აისახა და ლირა რომ დოლარსა და ევროსთან უფასურდება, საქართველოში შემომტანისთვის, ვინც იქ ლირაში ყიდულობს, რატომ გაძვირდა წამალი? ლირა ხომ უფასურდება და ვთქვათ, 100 დოლარად, ევროდ თუ ლარად რამდენ წამალსაც ყიდულობდა, ამ ფულს ლირაზე რომ გადაახურდავებს და ამ ლირებით იყიდის, ხომ დაახლოებით ისევ იმდენი მოუვა?
- აბსოლუტურად ლოგიკურად ამბობთ, რადგან ლირაც უფასურდება და პირდაპირი კავშირი მედიკამენტების ფასის ზრდასთან შესაძლოა არ იყოს, მაგრამ განსაზღვრული კორელაცია არის. როგორც ვთქვი, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. მეორე, თუ იყო რეგულაციების დარღვევა, ამის მორალურ ასპექტზე ვერ ვიმსჯელებ, ეს არ არის ჩემი საქმე. მე მაინტერესებს, თუ დაირღვა რამე, სამართლებრივად რა დაირღვა და სახელმწიფოს განცხადებას რა იურიდიული კონტექსტი აქვს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი კონკურენციის სააგენტოს მოკვლევა, რათა გაირკვეს, რასთან გვაქვს საქმე და არის თუ არა ეს დარღვევა.
- სხვა რა მიზეზები შეიძლება არსებობდეს, რომ თურქეთიდან იმპორტირებულის ფასი ევროპიდან იმპორტირებულის ფასს გაუთანაბრდეს?
- კითხვა ასე უნდა დავსვათ: რატომ არის თურქეთში მედიკამენტების ფასი დაბალი? ამას არავინ კითხულობს და ყველაზე ხშირად გვესმის, იაფია და მოდი, იქიდან შემოვიტანოთო. ამან რაღაც ნაყოფი, რა თქმა უნდა, გამოიღო, მაგრამ, ჩემი მოსაზრებით, ეს არის მოკლე და საშუალოვადიანი ეფექტი. თურქეთში სახელმწიფო აფინანსებს მედიკამენტებს და ამიტომ კომპანიებს, 80-მილიონიან ბაზარზე რომ შედიან, უღირთ მედიკამენტებზე ფასის დაწევა. მაგრამ თურქეთში რა წამლებიც არის მიმოქცევაში, თურქეთის მოსახლეობისთვისაა და მოგვაქვს ის, რაც იქ ჭარბადაა. თუმცა სიჭარბე ყოველთვის ერთნაირი ხომ არ არის და ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით ამის იმედად? საქართველოში პაციენტი, მით უმეტეს, ქრონიკული დაავადების მქონე, არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, მომწოდებელმა მისთვის საჭირო წამლის შოვნა მოახერხა თუ ვერა. ევროპიდან პირდაპირი მწარმოებლები გვაწვდიან. ეს წელიწად-ნახევრით ადრე იგეგმება და პაციენტს საქართველოში რაოდენობა გარანტირებულად აქვს. თუ ჩვენ დავეყრდნობით იმას, რომ რადგან თურქეთში იაფია, შედარებით ფრაგმენტულზე სრულად გადავერთოთ, არის რისკი, რომ შესაძლოა მოწოდება შეფერხდეს. გამოსავალი ის არის, რომ საქართველოში დავნერგოთ ის სისტემა, რომელიც თურქეთშია.
- სხვა რამეს გეკითხებით, თურქეთიდან შემოტანილის ფასი, რომელიც ევროპულზე გაცილებით იაფია, რატომ გაუთანაბრდა საქართველოში ევროპიდან შემოტანილის ფასს?
- არ ვიცი, ასეთი სტატისტიკა არსებობს? როდესაც სხვადასხვა მომწოდებელი გყავთ, გაცილებით ხარჯიანია ეს პროცესი და შესაძლოა ესეც იყოს მიზეზი. ამიტომ, როცა ითქვა, რომ ვიღაცამ ფასი გაზარდა, შესაძლოა ასეც იყო. მე დისტრიბუტორების სახელით ვერ ვისაუბრებ, შესაძლოა ვინმემ მოგების გაზრდა გადაწყვიტა. გამოსავალი შეიძლება იყოს ფასნამატის განსაზღვრა, თუ რამდენი პროცენტის დამატება შეუძლია გამყიდველს. საუბარი ხომ იმაზეა, რომ ვიღაც ძალიან დიდ მოგებას იღებს და ეს ვიღაც მაინცდამაინც საცალო გამყიდველები ხომ არ არიან? თქვენი კითხვა, ეს რატომ მოხდაო, ალბათ, უფრო დისტრიბუტორებთან შესასწავლი საკითხია.
- მოსახლეობისთვის წამლების სიძვირე ძალიან მტკივნეულია. ამიტომ დაიწყო რეფერენტული ფასების სისტემის დანერგვაც. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში თურქეთიდან შემოტანილი წამლების ფასი და რეფერენტულ სისტემაში პრობლემები ერთად არის მოხსენიებული და ერთმანეთს რატომ დაუკავშირდა?
- ჩემი აზრით, რეფერენტული ფასების დაკავშირება თურქეთიდან შემოტანილი წამლების ფასთან, უსაფუძვლოა. არსებობს ასეთი მოსაზრება, თუ სახელმწიფო აწესებს რომელიღაც ტიპის მედიკამენტებზე რეფერენტულ ფასს და კომპანიებს მოუწიათ ამ მედიკამენტებზე ფასის დაწევამ, ისინი ეძებენ გზას დანაკარგის ასანაზღაურებლად და ასეთი გზაა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები. თუმცა რეფერენტული ფასწარმოქმნა ჯერჯერობით მხოლოდ საცდელ ეტაპზეა და მისი მონიტორინგიც ჯერ ვერ ხერხდება. ფაქტობრივად, არ ამოქმედებულა ბოლომდე, ეს ორი პროცესი ერთმანეთს რომ დავუკავშიროთ.
- მაშინ რატომ მოხვდა განცხადებაში ეს კონკრეტული საკითხი?
- დავიწყოთ იმით, რომ ამ განცხადებაში სახელმწიფო კი მიუთითებს, რომ ზოგიერთ კომპანიაზეა საუბარი, მაგრამ სანამ გაირკვევა, ვისზე და რაზეა საუბარი, ეს გარკვეულწილად უარყოფითად ყველას იმიჯზე მოქმედებს. თვით რეფერენტული ფასწარმოქმნა რთული ტექნიკური პროცესია, რომელშიც დღეს ინტენსიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. საჭიროა მთელი რიგი პროგრამული ცვლილებები, რათა შემოწმდეს, რომ წამლებს ყველა რეფერენტულ ფასად ყიდის. იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესი ტექნიკურადაც რთულია და ცხადია, ჯერჯერობით, ტექნიკური ხარვეზებით მიმდინარეობს, რაც უნდა აღმოიფხვრას, სხვანაირად სისტემა კარგად ვერ იმუშავებს. ამიტომ არ ვიცი, ჯანდაცვის სამინისტრომ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა ეს განცხადება. ჩვენს ორგანიზაციაში არიან ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები და ამ ტიპის განცხადებას ჩვენს თავზე არც ვიღებთ, რადგან მსგავს ქმედებებში არც ჩართული ვართ, არც გვაქვს ინფორმაცია და არც გვაქვს ეჭვი, რომ მსგავსი რაღაც ხდება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ განცხადებას უნდა მოჰყვეს ახსნა-განმარტება, ფაქტების მიწოდება. არ გამოვრიცხავ, რომ იყოს ასეთი ფაქტებიც, უბრალოდ, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ თუ არსებობს და რამდენიმე კომპანია თუ მართლა შეთანხმდა, რომ ფასი ასწიონ, ეს უკვე დარღვევაა და, რა თქმა უნდა, ასეთი კომპანიები უნდა დაისაჯონ.
რუსა მაჩაიძე