"მან სხვა ოჯახი შექმნა, იქ შვილი ჰყავს, ზურგი გვაქცია და ამას განიცდის ჩემი ბიჭი... ვხედავ, სერიოზულად აპირებს მასზე შურისძიებას" - კვირის პალიტრა

"მან სხვა ოჯახი შექმნა, იქ შვილი ჰყავს, ზურგი გვაქცია და ამას განიცდის ჩემი ბიჭი... ვხედავ, სერიოზულად აპირებს მასზე შურისძიებას"

ჩვენი რესპონდენტი მარტოხელა ქალია, რომელსაც ერთადერთი შვილის გაზრდა მარტოს მოუხდა. მართალია, ქმარს ოფიციალურად გაშორებული არ არის, მაგრამ წლებია, მისი მეუღლე საქართველოდან წასულია. ახალგაზრდა ქალმა შვილი წვალებით გაზარდა, ახლა ამბობს, რომ შვილთან ურთიერთობა ბოლო დროს დაეძაბა და გამოსავალს ეძებს.

ლალი ნ.

- მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი სიყვარულით შევქმენით. ერთმანეთი ჩემი ნათესავის სახლში გავიცანით და დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე დავქორწინდით. მართალია, ქალაქში გაზრდილი ვარ, მაგრამ სოფელში ცხოვრებაზე არ დავფიქრებულვარ, რადგან ძალიან მიყვარდა. დედისერთაა ისიც, ჩემი დედამთილი ცხოვრობდა ჩვენთან ერთად და ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩემს ქმარს სამსახური ჰქონდა, ჩემი დედამთილი პედაგოგია, სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა და ვცხოვრობდით ბედნიერად. მეც ჩავაბარე პედაგოგიურზე, მაგრამ მალე ფეხმძიმედ დავრჩი, ბიჭი შეგვეძინა და უნივერსიტეტში სიარული ვეღარ შევძელი, ამიტომ აკადემიური ავიღე...

ლევანი ძალიან გახარებული იყო შვილის დაბადებით. ბავშვს ქალივით უვლიდა, თავისი ხელით ბანდა, საჭმელს აჭმევდა და მართლა თავს გვევლებოდა დედა-შვილს. ბედნიერები ვიყავით, ასე 4 წელი ვიცხოვრეთ, ერთად და არასოდეს გვიჩხუბია.

ერთ დღეს სამსახურიდან წამოსვლა მოუხდა, რაიონში ასე ადვილი აღარ იყო ახალი სამსახურის შოვნა და ეკონომიკური პრობლემები შეგვექმნა. ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი დედამთილის ხელფასით ვცხოვრობდით. ამას თვითონაც განიცდიდა.

ერთ დღეს მისი ნათესავი რუსეთიდან ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა, სტუმრად, მან შესთავაზა ლევანს, რომ ტრაილერით რუსეთში მანდარინი წაეღოთ. ფული იმ ადამიანს ჰქონდა, ნაწილი ვალებით აიღეს, ასე დატვირთეს ორი ტრაილერი და წავიდნენ რუსეთში. მაშინ წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო და გვეგონა, იშოვიდა გარკვეულ თანხებს. თუმცა ასე არ მოხდა და დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით.

- რატომ?

- ისეთ ვალებში ჩავარდა, რომ უკან დასაბრუნებელი ფულიც აღარ ჰქონდა, თან აქაც ვალები ჰქონდა გასასტუმრებელი. ხალხს გამოართვა მანდარინი და მათთვის ხომ უნდა გადაეხადა? პირველად, ერთი თვის მერე გამოჩნდა და ეს ამბავი რომ გავიგეთ, თავზარდაცემულები ვიყავით. გამოსავალი ხომ უნდა მოგვეძებნა? მითხრა, ცოტა ხანი აქ ვიმუშავებ, ფულს მოვაგროვებ, ვალები რომ გავისტუმროო. კარგა ხანს უმუშევარიც იყო, მერე დაიწყო სამუშაო და ის ფული იქ არ ჰყოფნიდა. მერე კარგა ხანს ტელეფონზეც არ გველაპარაკებოდა. აქ ჩვენ გვაწუხებდნენ მევალეები და ვერაფერს ვეუბნებოდით.

ერთხელ 500 დოლარი გამოგზავნა და ვინც ყველაზე მეტად გვაწუხებდა, ეს ფული იმას მივეცით. მერე ჩემმა დედამთილმაც გამოიტანა ბანკიდან სესხი და თანხის ნაწილი იმით დავფარეთ. მაგრამ უკვე სესხის თანხის გადახდა უწევდა ჩემს დედამთილს და ჩვენ ვრჩებოდით შემოსავლის გარეშე, ეს რომ შევჩივლე, მაშინ ცოტა თანხა ისევ გამოგზავნა და მითხრა, ბავშვთან ერთად მასთან ჩავსულიყავი რუსეთში - ჩამოდი და დაგხვდებიო. ვიცოდი, იქაც ნახევრად უმუშევარი იყო, შემეშინდა, შვილის რჩენას ვეღარ შევძლებდით, უცხო ქვეყანაში დასახმარებლად ვისთვის უნდა მიმემართა და ამიტომ, წასვლაზე უარი ვთქვი. თან ჩემს დედამთილს ხომ არ დავტოვებდი ასე, მევალეებთან.

სიმართლე გითხრათ, შემდეგაც რამდენჯერმე დამირეკა, წამოდითო, მაგრამ ვერ გავრისკე. დღეს კი ძალიან ცუდ დღეში ვარ, ახლა ჩემს შვილს ვერ ვიმორჩილებ და მეშინია, ცუდ წრეში არ მოხვდეს. ფაქტობრივად, ჩემი შვილი უმამოდ, ობოლივით გაიზარდა, ის ძალიან განიცდიდა ამას, ძალიან ემოციური ადამიანია და ისე იყო გაბრაზებული, რომ როცა მამამისი რეკავდა, საერთოდ აღარ ელაპარაკებოდა ტელეფონზე.

ერთხელ სკოლიდან ტირილით მოვიდა, ბავშვს უთქვამს, უპატრონო ხარ, მამამ მიგატოვაო და ეს ამბავი ისე ძალიან განიცადა, კარგა ხანს სკოლაშიც არ უვლია. ძალიან დათრგუნული იყო, მე და ბებიამისი ვამშვიდებდით და ვუხსნიდით, რომ მამამისი სამუშაოდ იყო წასული. ვხედავდი, მხოლოდ დედამთილის ხელფასით თავს ვეღარ გავიტანდით და ამიტომ თბილისში წამოვედი სამუშაოდ, აქ ვაჭრობა დავიწყე. ბავშვი ბებოსთან დავტოვე და ერთად დადიოდნენ სკოლაში. ძალიან ბევრს ვშრომობდი, არანაირ სამუშაოს არ ვთაკილობდი, დრო რომ გამომიჩნდებოდა, სახლის დალაგებებზეც დავდიოდი და ასე, წვალებით მოგროვებული ფულით ჩემი ქმრის დატოვებული ვალები ბოლომდე გავისტუმრეთ.

ორ კვირაში ერთხელ ჩავდიოდი ჩემს შვილთან, დატვირთული და ვცდილობდი, მას არაფერი მოჰკლებოდა, ასე წვალებით გავზარდე. უმამოდ რომ იზრდებოდა, ცოტა გათამამებული მყავდა. არაფერს ვუშლიდი, არ მინდოდა, გული სტკენოდა. აქცენტი მის სწავლა-განათლებაზე მქონდა და სულ იმას ვაკონტროლებდი, ცუდ წრეში არ აღმოჩენილიყო. დღეს უკვე დიდია, ვიცი, არაფერს მოიპარავს, მაგრამ მის გულკეთილობას სხვები ბოროტად იყენებენ და ეს ძალიან მაღელვებს.

- რას გულისხმობთ?

- უბნის ბიჭები სულ მის გვერდით ტრიალებენ, რადგან იციან, რომ კეთილია და არაფერზე უარს არ იტყვის. ორი ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა. ისინი ციხიდან ურეკავენ ჩემს შვილს და ხშირად ფულს სთხოვენ. ამის გამო ბევრჯერ ვალიც დამახვედრა და იძულებული გავხდი, გადამეხადა. ბოლო დროს ძალიან აგრესიული გახდა, შენიშვნასაც აღარ იღებს, სულ ვკამათობთ, რადგან არ მინდა, ცუდ წრეში იტრიალოს. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ფულის გამო თავისი ოქროული ლომბარდში დააგირავა და ამან ძალიან ამაღელვა. ისიც იმ ბიჭს ჩაურიცხა, მის ოჯახს საშუალება არ აქვსო. გამოვისყიდე ეს ოქროული, მაგრამ მეშინია, იგივე არ განმეორდეს ან ამ გარემოცვამ რამე შარში არ გახვიოს. ცოტა ხნის წინ ისიც გამომიცხადა, მამაჩემის საძებნელად უნდა წავიდე და მე ვიცი, მას როგორ გავუსწორდებიო. ჩემგან მალულად, თურმე, საბუთებსაც ამზადებდა. უკვე იმის მეშინია, შვილიც არ დავკარგო.

- მამაზე რას ამბობს?

- მამამისს ვერ ჰპატიობს, რომ მიგვატოვა, ამბობს, არასდროს ვაპატიებ მამაჩემს, რომ მარტო დაგვტოვაო. განსაკუთრებით მას შემდეგ აფორიაქდა და შეიცვალა, როცა შეიტყო, რომ იქ ლევანმა სხვა ცოლი შეირთო და შვილიც გაუჩნდა. ვატყობ, მას შემდეგ ძალიან აირია, უფრო გულჩათხრობილიც გახდა. თუ ადრე დედა-შვილს საიდუმლო არ გვქონდა, ახლა ჩვენ შორისაც გაჩნდა კონფლიქტი. ვხედავ, ძალიან შეიცვალა და ამას განვიცდი, რომ ჩავეძიები, არაფერს მპასუხობს.

ბებო ძალიან უყვარს და მისთვისაც უთქვამს, მამაჩემს არ ვაპატიებ შენ და დედას ასე რომ მოგექცათო. ჩვენი ოჯახის ახლობელი იმ ქალაქშია, სადაც მამამისია და იმასთანაც დაურეკავს, დამეხმარე, რომ ჩამოვიდე რუსეთშიო. იმ ბიჭისგან გავიგე, ვიზის გაკეთებას რომ ცდილობდა. ბებიამ დიდი თხოვნით, ცოტა ხნით გადააფიქრებინა, ბებო ძალიან უყვარს და ხათრი ვერ გაუტეხა. თან ის ბიჭი დაჰპირდა, მე ჩამოვალ ამ ზაფხულს საქართველოში და მე წამოგიყვანო. ამის გაფიქრებაც არ მინდა. არ მინდა, იქ ჩავიდეს.

ახლა იმასაც ვფიქრობ, შეიძლება მეც დავაშავე რამე და დავაკელი შვილს აღზრდაში, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა, გადარჩენისთვის ვიბრძოდი და სულ ვშრომობდი. ის ხედავდა, როგორ თავგადაკლული ვშრომობ. ძალიან ამაყი და თავდაჯერებულია, იცის, რომ მისთვის არაფერი დამიკლია, არც მე და არც - ბებიამისს. ვგრძნობ და ვხედავ იმასაც, რომ ძალიან ვუყვარვარ. გაიზარდა და უნდა, რომ შეხვდეს მამამისს და მას მოსთხოვოს პასუხი ამ საქციელისთვის.

- თქვენი მეუღლე აღარ გეკონტაქტებათ?

- მას შემდეგ, რაც ცოლი მოიყვანა, უკვე რამდენიმე წელია, ერთმანეთს არ ვეკონტაქტებით. ხანდახან დედამისს თუ დაურეკავს და მოიკითხავს. ბავშვი ისედაც არ ელაპარაკება.

- ფინანსურად არ გეხმარებათ?

- არა, კარგა ხანია, არაფერი გამოუგზავნია შვილისთვის. ის უკვე გითხარით, რომ მე და დედამისმა გადავიხადეთ წვალებით მისი დაგროვილი თანხები. 16 წელია, წასულია საქართველოდან და ნუთუ, მთელი ამ დროის განმავლობაში ვერ იშოვა იმის ფული, რომ ვალები გაესტუმრებინა?! თავი არ შეუწუხებია, ეს წლები მაქსიმუმ 1500 დოლარამდე ექნება გამოგზავნილი. ახლობლების სახლიდან ჰქონდა ის მანდარინი წაღებული და ჩვენ ვერ ვიკადრებდით, რომ მათთვის ზარალი მიგვეყენებინა, ამიტომ ჩვენ გადავიხადეთ. ჩემი დედამთილი ძალიან კარგი ადამიანია, ამდენი წელია, მისი შვილი წასულია სახლიდან და ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. წვალებით გავზარდეთ ჩემი შვილი და სულ გვერდში მედგა, დედასავით. ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩემი შვილი არ წავიდეს რუსეთში. მე უკვე შევეგუე ჩემს ცხოვრებას. ბევრი ტკივილიანი დღე გავიარე და ახლა, სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ის მინდა, რომ შვილი კარგად მყავდეს, ისწავლოს და თავისი ცხოვრება მოიწყოს. მისთვის ვცოცხლობთ მე და ჩემი დედამთილი. მე მის აქედან წასვლას ვერ გადავიტან, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის აქედან არ გავუშვა.

- თქვენ ფიქრობთ, რომ მამას რამეს დაუშავებს?

- მამას რომ შვილის ნახვის სურვილი ჰქონოდა, ამდენი წლის განმავლობაში ჩამოვიდოდა. მან სხვა ოჯახი შექმნა, იქ შვილი ჰყავს და ფაქტია, გაქრა ის გრძნობა, რაც ჩვენ შორის იყო. ალბათ, შვილიც არ ენატრება, თორემ ასე არ მოიქცეოდა. ბოლო წლებში საერთოდ გვაქცია ზურგი. ამას განიცდის ჩემი ბიჭი და ვხედავ, სერიოზულად აპირებს მასზე შურისძიებას. თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის არ გავუშვა. ახლა სტუდენტია და იმედია, მამაზე შურისძიების სურვილი გაუქრება. ფსიქოლოგიც ჩავრთეთ და ისიც დაგვეხმარება.

(სპეციალურად საიტისთვის)