„პუტინი უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე“ - კვირის პალიტრა

„პუტინი უნდა დაჯდეს საბრალდებო სკამზე“

მიეცემა თუ არა პუტინი პასუხისგებაში­ უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის, შეიქმნება თუ არა სპეციალური ტრიბუნალი მისი და რუსი მაღალჩინოსნების გასამართლებისთვის, ამ კითხვაზე პასუხი დღეს ყველას აინტერესებს. საინტერესოა, არსებობს თუ არა საერთაშორისო მექანიზმი, რომლითაც დაიწყება გასამართლების პროცესი და რა დროა საჭირო ამისთვის. ცნობილია, რომ ამ საკითხზე უკვე მსჯელობენ დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერები. ბევრი პუტინის ჰააგაში გასამართლებას ემხრობა. ამ საკითხებზე გვესაუბრება ცნობილი იურისტი ლია მუხაშავრია:­

- უკვე გაისმა ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მოწოდებები, რომ შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი ომის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებისთვის, მსჯავრდადებულის სკამზე დასასმელი უპირველესად ვლადიმირ პუტინი იქნება. სწორედ ის არის უკრაინაზე თავდასხმაში მთავარი დამნაშავე. ძალიან რთულია ასეთ საკითხზე ვარაუდებით საუბარი, როცა არ იცი, რა მტკიცებულებებია მოგროვებული, დამაგრებული საქმეში და წარდგენილი სასამართლოს წინაშე.

- ნიურნბერგის სასამართლო პროცესია მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გასამართლდნენ ომის დანაშაულებზე მაღალი თანამდებობის პირები. შეიძლება ეს სქემა გამოიყენონ?

- საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაარსდა. მას უნდა გაესამართლებინა დამარცხებული სახელმწიფოს, გერმანიის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო პირები.­ ნიურნბერგის პროცესი იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც შეიკრიბა საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცა ფაშისტური რეჟიმის დანაშაულებისთვის. მაშინ არ არსებობდა საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც აკრძალავდა ომის დანაშაულებს, ხელმომწერი­ სახელმწიფოებისგან მოითხოვდა, რომ მათ გამოეძიათ ომის დანაშაულები, თუ მათ ტერიტორიაზე მოხდებოდა, და დაესაჯათ დამნაშავე პირები. ეს მოგვიანებით გახდა­ შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება, ცნობილი რომის სტატუტის სახელით, რომელიც მიიღეს დიპლომატიურ კონფერენციაზე რომში, 1998 წლის 17 ივლისს და ძალაში შევიდა 2002 წლის 1-ლ ივლისს. რომის სტატუტი არის საერთაშორისო ხელშეკრულება და მიმართულია ომის დანაშაულების წინააღმდეგ. მან დაადგინა ოთხი ძირითადი საერთაშორისო დანაშაული: გენოციდი, დანაშაულები ადამიანურობის წინააღმდეგ, ომის დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები. ისინი არ ექვემდებარება ხანდაზმულობის ვადას. ამის საფუძველზე შეიქმნა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ჰააგის სამხედრო ტრიბუნალი, მაგრამ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, თუ სახელმწიფო არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი, მასზე ჰააგის ტრიბუნალის იურისდიქცია არ ვრცელდება,­ ამიტომ არახელმომწერი სახელმწიფოებისთვის, თუკი ისინი ჩაიდენენ ომის დანაშა­ულს, უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუ­ნალი გაეროს დოკუმენტის­ საფუძველზე. ამის მერე დაიწყება გამოძიება ამ სასამართლოს უშუალო დაქვემდებარებაში. როცა საქმეზე მოპოვებული იქნება საკმარისი მტკიცებულებები, საქმე განსახილველად გადაეცემა სასამართლოს. გავიხსენოთ 90-იანი წლების ომის დამნაშავეთა სასამართლოები იუგოსლავიის ტრიბუნალის სახით. მან გაასამართლა ძალიან მძიმე დანაშაულებისთვის რამდენიმე პირი, რამდენიმე ჯერ კიდევ იძებნება და არ არის გამორიცხული ნებისმიერ დროს მათი დაპატიმრება და წარდგენა სასამართლოს წინაშე. პირის გასამართლება დაუსწრებლად არ ხდება. თუ ვინმეზე გამოწერილია დაპატიმრების ორდერი, მას აქვს უნივერსალური იურისდიქცია და ნებისმიერ სახელმწიფოში, რომელიც არის გაეროს წევრი, თუკი ის პირი მოხვდება, აუცილებლად უნდა დააკავოს იმ სახელმწიფომ და გადასცეს საერთაშორისო ტრიბუნალს. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, პუტინი­ აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე. ჯერ ვფიქრობდი,­ რომ პუტინს აგვისტოს ომის გამო გაასამართლებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, მაშინ სამყარო საამისოდ არ იყო განწყობილი და ამან განაპირობა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ვიცით, რომ ევროსასამართლომ განიხილა საქმეები "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" და დადგინდა, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს რუსეთის ფედერაციას, მაგრამ კონკრეტული დანაშაულების გამოძიება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ჰააგის ტრიბუნალი ამ საქმეს როდის განიხილავს, არ ვიცით, მაგრამ ის, რომ პუტინი არ არის ბრალდებულთა სიაში, ცხადია.­

- პუტინი და რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები რომ გასამართლდნენ, ამისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი?

- აუცილებლად, რადგან არც რუსეთი­ და არც უკრაინა, როგორც მოგახსენეთ, არ არიან მიერთებული რომის სტატუტს. ევროსასამართლოში უკრაინის ომის საქმეები უკვე მიიღეს. "უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ" საქმეებს ევროსასამართლო იძიებს, თუმცა ის არ ადგენს კონკრეტულ დამნაშავეთა ვინაობას, არ ახდენს მათ იდენტიფიკაციას, არ ადგენს მათ პასუხისმგებლობას პერსონალურად, როგორც ეს ხდება სამხედრო ტრიბუნალზე. ამიტომ პუტინი და დანაშაულში მისი თანამონაწილეები სამხედრო ტრიბუნალზე უნდა გასამართლდნენ.

- როგორ წარმოგიდგენიათ პუტინის დაპატიმრება, მას თავის ქვეყანაში დააკავებენ?

- მგონი, თვით რუსეთშიც არსებობს რამდენიმე დაჯგუფება, რომელთაც ექვემდებარება შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ნაწილი, და ისინი­ უკვე არ მალავენ, რომ არ მოსწონთ პუტინის პოლიტიკა. ამიტომ არ არის გამორიცხული, პუტინი თავად რუსეთის ტერიტორიაზე დააკავონ, თუკი საერთაშორისო სასამართლო გასცემს მისი დაპატიმრების ორდერს. გარდა ამისა, უკრაინის პროკურატურაც აგროვებს მტკიცებულებებს და მიმართა ყველას, დაეხმარონ მტკიცებულებების მოგროვებაში. ცნობილია ბუჩის, ირპენის, მარიუპოლის ტრაგედიები, ამის მტკიცებულებად შეიძლება იყოს ის სამარხები, რომლებიც აღმოჩენილია. როგორ ხოცავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ხალხს, არიან ამის მოწმეები და მათი გამოკითხვა უკვე ჩატარდა. უკრაინის ხელისუფლება და მისი სამართალდამცავები სწორად მოქმედებენ, ჩვენმა პროკურატურამ კი არა და არ აღირსა აგვისტოს ომის საქმეებს გამოძიება. ამანაც განაპირობა ჰააგაში ჩვენი საქმეების გაჭიანურება.

იმის გამო, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, ევროპის შუაგულში, სრულმასშტაბიანი ომია, რომელმაც ამხელა მსხვერპლი, ასეთი ნგრევა და ზიანი მოიტანა, ჰააგის ტრიბუნალმა თავისი ინიციატივით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში­ მიავლინა გამომძიებლები. არადა, ჰააგის ტრიბუნალმა თავისი წარმომადგენელი რომ გაგზავნოს ასეთ ცხელ წერტილში, ამისთვის იმ ქვეყანამ უსაფრთხოების ძალიან მყარი გარანტიები უნდა მისცეს. ამ ომის დროს ასეთი გარანტიების გაცემა წარმოუდგენელი იყო, მიუხედავად ამისა, გამომძიებლები მაინც ჩავიდნენ. როგორც კი მოგროვდება საკმარისი მტკიცებულებები რომელიმე­ პირის მიმართ, გამოიწერება დაკავების ორდერი და როცა დააკავებენ, სასამართლო პროცესიც გაიმართება. ხანდაზმულობის ვადები ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე არ ვრცელდება.

- ერთ-ერთი მთავარი ბრალდება შეიძლება იყოს გენოციდი?

- გენოციდი რომ დადასტურდეს, ერთ კონკრეტულ პუნქტში მოსახლეობის არანაკლებ 80-85% უნდა იყოს განადგურებული, მაგრამ ეთნიკური წმენდა დადასტურდება - ქალაქები და სოფლები გასწორებულია მიწასთან.

- შესაძლებელია თუ არა პუტინმა აიცილოს პასუხისმგებლობა?

- საეჭვოა მოახერხოს თავის არიდება, ის პრეზიდენტია, მთავარსარდალი, ამიტომ უშუალოდ მისი კომპეტენციის საკითხია ომის გამოცხადება. ჯერ რთულია დეტალებზე საუბარი, რადგან მის წინააღმდეგ არ არის აღძრული საქმე, თუმცა დარწმუნებული ვარ, პუტინი დაჯდება საბრალდებო სკამზე.

- ვთქვათ, ვერ მოხერხდა პუტინის დაკავებაა, სხვა რა გამოსავალი არსებობს?

- თუ შეინარჩუნებს პოსტს, შეიძლება­ გაჭირდეს, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ქვეყნის სათავეში აღარ იყოს. ომის წაგების შემდეგ რუსები თავად მოსთხოვენ მას პასუხს. სამხედრო ტრიბუნალს გაუსამართლებია პრეზიდენტიც, პრემიერ-მინისტრიც, მილოშევიჩიც იჯდა საბრალდებო სკამზე. ის სერბეთის ეროვნული გმირი იყო და მისი დაკავება სერბეთის ტერიტორიაზე ვერ ხერხდებოდა, მაგრამ ავად გახდა, იტალიის საავადმყოფოში დააწვინეს და იქ დააკავეს. მისი სასამართლო პროცესები ვერ დამთავრდა, რადგან ის ჰააგის­ ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. სადამ ჰუსეინიც გაასამართლა ტრიბუნალმა, სიკვდილი მიუსაჯა და განაჩენიც აღსრულდა. მინდა პუტინიც მალე დაჯდეს საბრალდებო სკამზე. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამის მომხრეა და საამისოდ ყველაფერს გააკეთებს. ეს იქნება საუკეთესო გზა ამ ცივილიზებულ სამყაროში, რომ წერტილი დაესვას აგრესიას. რუსეთი არ დაისაჯა აგვისტოს ომისთვის, 2014 წელს ყირიმში შეჭრისთვის და სათანადო პასუხი არ გაეცა მის აგრესიულ ქმედებებს 90-იანი წლებიდან მოყოლებული - სწორედ ამან წაახალისა პუტინი.