ომი უკრაინაში უფრო "გაიზრდება"... თუკი ჩინეთი რუსეთის მხარეს აშკარად დადგება
რუსეთ-უკრაინის ომი შესაძლებელია უფრო ფართომასშტაბიანი გახდეს, რადგან მასში პირდაპირ თუ ირიბად ახალ-ახალი სახელმწიფოები ერთვებიან. თანდათანობით ყალიბდება იმ ქვეყნების კოალიციები, რომლებიც აქამდეც ერთმანეთთან მეტ-ნაკლებად დაპირისპირებული იყვნენ და ახლა ეძლევათ საშუალება, რომ ამ ომში თავიანთი "მებრძოლები" აირჩიონ, რომლებსაც "უგულშემატკივრებენ" და აშკარად ან ფარულად სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ.
უკრაინის "ფანატთა კლუბი" თითქმის საბოლოოდ ჩამოყალიბდა დასავლური კოალიციის სახით, რომელშიც ნატოს წევრი ქვეყნების (უნგრეთის გამოკლებით) გარდა, სხვა კონტინენტების სახელმწიფოებიც არიან.
რუსეთის საქმე კი ცოტა სხვანაირადაა, რაზეც გაეროს ბოლო რეზოლუციის, რომელმაც დაგმო კრემლის სამხედრო აგრესია, ხმის მიმცემთა და მოწინააღმდეგეთა სიაც მეტყველებს.
სერბეთს, რომელსაც მოსკოვი ევროპაში რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად მიიჩნევდა, ბოლო დროს ანტირუსული პოზიცია აქვს და მალე, ალბათ, შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ ეკონომიკურ სანქციებს. თვით უნგრეთიც, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია და არაერთხელ გაუშრო ამ ორგანიზაციებს სისხლი რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების დაბლოკვით, ოფიციალურად გმობს რუსულ სამხედრო აგრესიას უკრაინაში.
სამაგიეროდ, შეიძლება გამოიკვეთოს ევროპიდან ძალზე მოშორებით მდებარე ორი ქვეყანა, რომელთა სამხედრო დახმარება რუსეთის საოკუპაციო ძალებს ძალიან წაადგება. ირანის ფარულ დახმარებაზე რუსი ოკუპანტებისთვის "შაჰიდის" კამიკაძე-დრონების სახით დიდი ხანია ცნობილია და ამან არცთუ ცოტა პრობლემა შეუქმნა უკრაინის დამცველებს, მაგრამ ირანის გვერდით მალე შეიძლება აღმოჩნდეს (თუ უკვე არ არიან) აზიის კიდევ ორი ქვეყანა.
ჩრდილოეთი კორეა, დედამიწაზე ყველაზე "გარიყული" ქვეყანა, ათწლეულების განმავლობაში დადებული ათასნაირი სანქციის მიუხედავად (თუმცა უკვე "აჯობა" რუსეთის ფედერაციამ, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვიურად ახალ-ახალ სანქციებს უწესებენ), გამოთქვამს სურვილს, რომ უკრაინასთან ომში დაეხმაროს რუსეთს როგორც ცოცხალი ძალით, ისე საბრძოლო საჭურვლით.
ავტომატის ხელში ამღები ხალხის რესურსი და ჭურვებისა თუ ვაზნების მარაგი რომ ჩრდილოეთ კორეას ნატოს ერთად აღებულ ბევრ ქვეყანაზე მეტი აქვს, ამას გარკვევა არც სჭირდება - ფხენიანი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული ქვეყანა იყო და არის დედამიწაზე. ამასთან, ჩრდილოეთ კორეის არმიის შეიარაღების უდიდესი ნაწილის სტანდარტი ემთხვევა საბჭოთა დროინდელს - ანუ ჩრდილოკორეელების არსენალში დაგროვილი ვაზნების, საარტილერიო ნაღმების, ჭურვების თუ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების უმართავი რაკეტების გასროლა უპრობლემოდ შეიძლება რუსეთის არმიის საარტილერიო დანადგარებიდან.
მეორე სახელმწიფო, რომლის ოკუპანტი რუსეთის გვერდში დადგომამაც შეიძლება კარდინალურად შეცვალოს სიტუაცია კრემლის სასარგებლოდ უკრაინასთან ომში... ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაა, რომელიც აშშ-ის დონის ზესახელმწიფოა და უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუ რა პოზიციას დაიკავებს რუსეთ-უკრაინის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში - დარჩება ნეიტრალური თუ აშკარად ან ფარულად დაუჭერს მხარს ერთ-ერთ მებრძოლ მხარეს. რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ჩინეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა "მშვიდობის გეგმა", რომელმაც, ოფიციალური პეკინის აზრით, უნდა შეწყვიტოს ეს ომი. ჩინურ 12-პუნქტიან გეგმაში საუბარია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე, "ცივი ომის" მენტალიტეტზე უარის თქმაზე, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე, მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებასა და ცალმხრივი სანქციების მოხსნაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა ჩინელების გეგმა და ის კრემლისთვის სასარგებლოდ მიიჩნია, თუმცა უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები აღმოჩნდა ჩინელების "სამშვიდობო გეგმის" პირველი პუნქტი - ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, რისი შესრულებაც რუსი ოკუპანტების უკრაინის ტერიტორიიდან სრულად გასვლას ნიშნავს.
მაგრამ ოფიციალური პეკინის ცდა, გახდეს მთავარი მომრიგებელი ამ ომში, ეტყობა, მარცხს განიცდის, რადგან დასავლეთი ამას არ დაუშვებს, რაც დაადასტურა კიდეც თეთრი სახლის დაუყოვნებელმა უარყოფითმა შეფასებამ და იმანაც, რასაც ამერიკული გავლენიანი საინფორმაციო საშუალებები ამერიკული სპეცსამსახურებიდან შეგნებულად გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებენ: "ჩინეთის კომერციულ სტრუქტურებს ისედაც შეაქვთ ექსპორტით რუსეთში არალეტალური სამხედრო დანიშნულების პროდუქცია, მათ შორის ჯავშანჟილეტები, სამოქალაქო დრონები თუ სამხედრო უნიფორმა", - აცხადებენ აშშ-ის სპეცსამსახურების ინკოგნიტო წარმომადგენლები და დასძენენ, ჩინეთი აპირებს რუსეთის არმიას ლეტალური დანიშნულების სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს საბრძოლო საჭურვლის სახითაცო.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, მან ჯერ კიდევ გასულ წელს პირადად გააფრთხილა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, რომ ჩინური შეიარაღების რუსეთისთვის მიწოდება იქნება "წითელი ხაზის" გადაკვეთა, რის გამოც აშშ-ის საპასუხო რეაქცია მყისიერი და მკაცრი იქნება...
ტაივანის ფაქტორი მატერიკული ჩინეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალივითაა და არც პეკინი იტყოდა უარს სამხედრო ძალის გამოყენებით ამ პატარა კუნძულების სრულ გაკონტროლებაზე, თუმცა უკრაინის გვერდით მძლავრი დასავლური სამხედრო-პოლიტიკური კოალიციის დროის მცირე მონაკვეთში ჩამოყალიბებამ, წესით, პეკინი კარგად უნდა დააფიქროს, რადგან ტაივანის შემთხვევაში ასეთ კოალიციაში აშშ-ის გვერდით აუცილებლად აღმოჩნდებიან ავსტრალია, იაპონია და შეიძლება სამხრეთი კორეაც...მოკლედ, რუსეთ-უკრაინის ომი მორიგ ფაზაში გადადის, სადაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება რესურსების მარაგს და, წესით, რუსეთის ფედერაციას ძალზე გაუჭირდება უკრაინის ზურგს უკან მდგარ დასავლურ კოალიციას აჯობოს, მაგრამ თუკი მოსკოვს ირანის შემდეგ ჩრდილოეთი კორეა და მით უმეტეს, თვით ჩინეთიც მნიშვნელოვან სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ, მაშინ მსოფლიო ორ მკვეთრად დაპირისპირებულ ბანაკად გადაიქცევა.