სტრატეგიული ბირთვული ხელშეკრულების დაპაუზებით პუტინი ამერიკელების დაშინებას შეეცდება
უკრაინასთან ერთწლიანი ომის ჭაობში ჩაძირული რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა კვლავ სცადა "ბირთვული ბერკეტის" გამოყენება, ოღონდ სხვა მხრიდან - არა უკრაინის ტერიტორიის ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაბომბვის დამუქრებით....
პუტინმა "სვლა მხედრით" გააკეთა და ამერიკელების ყველაზე მტკივნეულ საკითხს - სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების კონტროლის მექანიზმს დაარტყა, როდესაც გამოაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს თავის მონაწილეობას "სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის" ხელშეკრულებაში, რომელსაც რუსები СНВ-III-ს უწოდებენ, ხოლო ამერიკელები - Nეწ შთAღთ-ს.
ეს ხელშეკრულება ორ ბირთვულ სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2010 წლის 8 აპრილს გაფორმდა პრაღაში და მას ხელი აშშ-ისა და რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტებმა, ობამამ და მედვედევმა მოაწერეს. მაშინ პრეზიდენტმა ობამამ კრემლთან ე. წ. გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო, რასაც სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები შეეწირა, რადგან ორიოდე წლით ადრე საქართველოში შემოჭრა და მისი ორი რეგიონის ოკუპირება კრემლს შერჩა, რადგან თეთრ სახლში ჩათვალეს, რომ რუსული ბირთვული სარაკეტო საფრთხის შემცირება აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში ბევრად მეტად ჯდებოდა, ვიდრე პატარა საქართველოს შემდგომი ბედი რუსი ოკუპანტების ხელში. 13 წლის შემდეგ პუტინი იმავე კარტის გათამაშებას აპირებს - უკრაინის სამხედრო დახმარების გამო რუსეთი აჩერებს ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობას.
ასეთს რას წარმოადგენს ეს "ბირთვული ხელშეკრულება", რის გამოც თეთრ სახლში შეიძლება სერიოზულად დაფიქრდნენ, გააგრძელონ თუ არა უკრაინის სამხედრო დახმარება. 1972 წლიდან მოყოლებული, ეს მეშვიდე ხელშეკრულებაა, რომელიც ამერიკული და საბჭოთა/რუსული სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების პარიტეტს განსაზღვრავს და ამით არეგულირებს ბირთვულ დაპირისპირებას ამ ორ სახელმწიფოს შორის, რადგან ურთიერთინსპექციებს ითვალისწინებდა სტრატეგიულ ობიექტებზე, რაც თითქმის გამორიცხავდა აღურიცხავი სტრატეგიული ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ფარულად საბრძოლო მზადყოფნაში ქონას. ამ ხელშეკრულებას, მოქმედების ვადა 2021 წელს გაუვიდა, მაგრამ მაშინ თავად პრეზიდენტმა პუტინმა უპრობლემოდ მოაწერა ხელი მის 2026 წლის თებერვლამდე გაგრძელებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას საბრძოლო მზადყოფნაში შეიძლება ჰქონდეთ არა უმეტეს 700 საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა, წყალქვეშა ნავების ბალისტიკური რაკეტა და მძიმე ბომბდამშენი, რომლებზეც განთავსებულია არაუმეტეს 1 550 ბირთვული ქობინი. ასევე საბრძოლო მზადყოფნაში არსებული და არარსებული არაუმეტეს 800 სარაკეტო გამშვები დანადგარი.
ეს ხელშეკრულება მუშაობდა, რადგან 2020 წლის 1-ლი სექტემბრისთვის აშშ-ის შეიარაღებაში ირიცხებოდა 675 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინის გადამტანი, 1 457 ბირთვული ქობინი და 800 საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი გამშვები დანადგარი. რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ბირთვული შეიარაღება კი ასე გამოიყურებოდა: 510 ერთეული სტრატეგიული დანიშნულების ბირთვული ქობინის გადამტანი, 1 447 ბირთვული ქობინი და 764 საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი და არმყოფი გამშვები დანადგარი.
ამ ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობაზე მორატორიუმის გამოცხადება ნიშნავს, რომ შეწყდება ურთიერთინსპექციები და სრულად მოიშლება კონტროლის მექანიზმი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, დაიწყება ბირთვული მილიტარიზაცია ახალი მზარდი ტემპით.