"F-16-ები ზელენსკის ახლა არ სჭირდება" - ჯო ბაიდენი
უკრაინისთვის დასავლური ტანკების გაგზავნა-არგაგზავნის რთული პერიოდის საბოლოოდ გარკვევის პარალელურად, უფრო ინტენსიური გახდა ნახევრად ოფიციალური განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინელი ტანკისტების შემდეგ გულნატკენს არც უკრაინელ პილოტებს დატოვებენ და მათთვისაც მოიძებნება დასავლური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავები.
თუმცა უკრაინის დედაქალაქში მოულოდნელი სტუმრობისა და უკრაინელ კოლეგასთან, ზელენსკისთან პირისპირ საუბრის შემდეგ, ვაშინგტონში დაბრუნებულმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დამცველებისთვის არცთუ სახარბიელო ინფორმაცია გაახმაურა: "არა, ზელენსკის ახლა არ სჭირდება F-16-ები. ჩვენი სამხედროების აზრით, ახლა არ არის იმის საფუძველი, რომ F-16-ები გადავცეთ. მე ამ კონკრეტულ მომენტში ამას გამოვრიცხავ. ზელენსკის სჭირდება ტანკები, არტილერია, საჰაერო თავდაცვა, დამატებით "ჰაიმარსები", რათა ამ გაზაფხულსა და ზაფხულში ფრონტზე წარმატებას მიაღწიოს", - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
არის ეს თუ არა საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის მომლოდინე უკრაინელებისთვის თავზე ცივი წყლის გადასხმის ტოლფასი?
საერთოდ, საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების გადაცემა კიდევ უფრო რთული საკითხია, ვიდრე ტანკების, რადგან ნატოს სტანდარტის სამხედრო ავიაციის ინფრასტრუქტურა, როგორც საფრენოსნო, ისე სააეროდრომო, ძირეულად განსხვავდება უკრაინის საბჭოთადროინდელი ავიაციისგან და დიდ მოსამზადებელ მუშაობას მოითხოვს, რომ დასავლური სამხედრო თვითმფრინავები მუდამ საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ.
საბჭოთადროინდელი ტ-64-დან გერმანულ "ლეოპარდ-2"-ებზე უკრაინელი ტანკისტების სწრაფი კურსით გადამზადებას რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდება. მართალია, მიგ-29-დან F-16-ზე გადასაჯდომად უკრაინელ პილოტებს ბევრად მეტი მომზადება სჭირდებათ, მაგრამ თანამედროვე სიმულატორები ამ საქმეში ძალიან დაეხმარებიან.
მიუხედავად იმისა, რომ თვით აშშ-ის პრეზიდენტმა წერტილი დაუსვა უახლოეს მომავალში ამერიკული F-16-ების უკრაინისთვის გადაცემის პერსპექტივას, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მაინც არ მოხსნილა, რადგან ნიდერლანდები არ გამორიცხავს ამ ტიპის მოძველებული გამანადგურებლების შესაძლო მიცემას უკრაინისთვს, ხოლო პოლონეთის მთავრობამ კი ოფიციალურად განაცხადა, რომ იწყებს უკრაინელი სამხედრო მფრინავების გადამზადებას იმ F-16-ებზე, რომლებიც თავის დროზე აშშ-ისგან მიიღო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პოლონელები ამ ამერიკულ გამანადგურებლებს უკრაინელებს დაუთმობენ, უფრო რეალურია, უკრაინის საჰაერო ძალებს აჩუქონ ის 22 ცალი მიგ-29, რომლებიც ოცი წლის წინ გერმანიისგან შეიძინეს... თითოეული 1 ევროდ!
სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში საქართველოში, ცხაკაიაში (სენაკში) დისლოცირებული 175-ე გამანადგურებელთა საავიაციო პოლკის შემადგენლობაში სწორედ მიგ-29 ტიპის გამანადგურებლების სამი ესკადრილია იყო. ამ პოლკმა მთელ მსოფლიოში იმით გაითქვა სახელი, რომ 1989 წლის 20 მაისს კაპიტანმა ზუევმა სენაკიდან ტრაპიზონში მიგ-29 გაიტაცა.
რას წარმოადგენს ამერიკული "მებრძოლი შევარდენი" F-16 და რა მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა შეუძლია როგორც უკრაინის ცის დაცვაში, ისე რუსი ოკუპანტების სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურებაში?
საქმეც სწორედ ისაა, რომ ჯერ კიდევ 1974 წელს გამანადგურებლის რანგში შექმნილი პირველი F-16A-ს თანამედროვე "შთამომავლები", იგივე F-16E/F Block 60, უკვე მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავია, რომელსაც ჰაერში მოწინააღმდეგის გამანადგურებელთანაც შეუძლია ბრძოლა "ჰაერი-ჰაერი" კლასის შორსმოქმედი რაკეტებით. ასევე, ზუსტად შეუძლია გაანადგუროს რამდენიმე ათეული კილომეტრის სიშორიდან მტრის ტანკი "ჰაერი-მიწა" კლასის მართვადი რაკეტით და არც ზღვაში გაუშვას დაუსჯელად უცხო სამხედრო კატარღა "ჰაერი-ხომალდი" კლასის მართვადი რაკეტის უზუსტესი მოხვედრით. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, რომ უკრაინას F-16-ის ბოლო, თანამედროვე მოდიფიკაციები გადასცენ, მაგრამ ნიდერლანდების (რომელმაც პირველმა გამოიჩინა ინიციატივა ამ გამანადგურებლების კიევისთვის შესაძლო ჩუქებაზე) შეიარაღებაშია F-16AM/BM მოდიფიკაციის 61 გამანადგურებელი თვითმფრინავი.
"მებრძოლი შევარდნების" უკრაინელი პილოტების მიერ ათვისება და საბრძოლო გამოყენება შეიძლება იმ ფაქტორმაც გააადვილოს, რომ უკრაინის ორ კარის მეზობელს - პოლონეთსა და რუმინეთს უკვე ჰყავთ შეიარაღებაში ეს ამერიკული გამანადგურებლები და თავიანთ დიდ გამოცდილებას გაუზიარებენ უკრაინელებს, მათ შორის ამ "შევარდნებისთვის" საჭირო საეროდრომო ინფრასტრუქტურის მოწყობითაც.
"ღირებულება-ეფექტიანობის" კრიტერიუმით, F-16 ერთ-ერთ საუკეთესო საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება მსოფლიოში, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ დღემდე 4 600-ზე მეტი ასეთი სამხედრო თვითმფრინავია წარმოებული, რითაც მეოთხე თაობის რეაქტიულ გამანადგურებლებში F-16 ლიდერობას ინარჩუნებს.აშშ-ის გარდა, F-16-ები მსოფლიოს კიდევ 25 ქვეყანას ჰყავს შეიარაღებაში და მათ რიგს, ადრე თუ გვიან, შეიძლება უკრაინაც მიუერთდეს და თანაც ისე, რომ "მებრძოლი შევარდნები" პირდაპირ ბრძოლებში ჩაებან რუსულ სუ-ებსა და მიგ-ებთან...