4-სართულიანი ვაზელონის მონასტრის იდუმალი ტალანები - კვირის პალიტრა

4-სართულიანი ვაზელონის მონასტრის იდუმალი ტალანები

იხილეთ დასაწყისი - სიმწვანეში ჩაფლული ფირუზისფერი ტბორები და თეთრი ქვები - ლაზეთის შავი ზღვისპირეთის ჯადოსნური ტრავერტინები

ამჯერად ლაზური მოგზაურობის კიდევ ერთ საოცარ ადგილზე გიამბობთ, რომელსაც თამთა ჭანტურიას მოგზაურთა ჯგუფი ზღაპრული ტრავერტინების შემდეგ ვეწვიეთ და საიდანაც, ასევე, გამორჩეულად მძაფრი ემოციებით წამოვედით, ოღონდ ეს ემოცია სრულიად განსხვავდებოდა დანარჩენისგან. კვლავ ტრაპიზონის პროვინციაში ვიყავით და კვლავ მაჩხის ოლქში ანუ იმავე არემარეში, სადაც სუმელას მონასტერია, თუმცა... სუმელას შესახებ მანამდეც ვიცოდი, ფოტოებიც ნანახი მქონდა, ჩემს ბლოგშიც გიამბეთ, თუმცა საკუთარი თვალით ნანახმა მისმა სიდიადემ გამაოგნა! მაგრამ წარმოგიდგენიათ? - შეიძლებოდა, საერთოდ ვერ აგებულიყო სუმელა, რომ არა მთებსა და კლდეებს შეფენილი უძველესი და დიდებული მონასტერი, სახელად - ვაზელონი.

2-1677443295.(1).jpg
ვაზელონის მონასტერი

ვაზელონის მონასტერი ტრაპიზონიდან, დაახლოებით, 40 კილომეტრითაა დაშორებული. როგორც ვიცოდით, მონასტრამდე მანქანით ვერ მივიდოდით, საკმაოდ დიდი მანძილი ფეხით უნდა აგვევლო ტყეში, მაგრამ... თამთა რისი თამთა იყო, გამოსავალი რომ არ მოეძებნა (განა ფეხით სიარული გვეზარებოდა? დრო უნდა მოგვეგო, რომ ვაზელონის შემდეგ კიდევ ბევრი რამის ნახვა მოგვესწრო)! ჰოდა, სწორედ თამთას წყალობით და ჩვენი მიკროავტობუსის ლაზი მძღოლის - ჯანოს სიყოჩაღით, "გუგლით" ნაპოვნ, ჩვენი შტურმანებისთვისაც კი მანამდე უცნობ, გრუნტის ვიწრო სამანქანო გზას დავადექით, რომელსაც, წესით, მონასტრამდე მაქსიმალურად ახლოს უნდა მივეყვანეთ. გზას ვამბობ, თორემ რა გზააო, სწორედ ამაზეა ნათქვამი - ისეთი ვიწრო იყო, მხოლოდ ჩვენი ტრანსპორტი ეტეოდა, შემხვედრს გვერდსაც ვერ ავუქცევდით, გზის პირი კი ალაგ ციცაბო იყო, ალაგ ფოთლოვანი ხეებით. ალბათ, უნდა შეგვშინებოდა კიდეც, მაგრამ რაკი გამოცდილი მოგზაურები ვიყავით და მძღოლიც გამოცდილი გვყავდა, არათუ არ შეგვშინებია, ფეხზე წამომდგარიც კი ვიღებდი ვიდეოს... ისეთ სიმაღლეზე ავდიოდით, შეგრძნება მქონდა, მთებს ვიპყრობდი. ტყის მონასტრისკენ მიმავალი ბილიკიც ადვილად ვიპოვეთ (თამთას გუმანმა იმარჯვა) და ფეხით ავუყევით ფიჭვნარს შერეულ ფოთლოვან ტყეს. დიდხანს მართლაც არ გვივლია და მონასტრის პირველი ნაგებობაც გამოჩნდა, იქამდე კი მარჯვნიდან უჩვეულოდ ლამაზი კლდე "ამოგვიდგა" მხარში, მარცხნიდან კი ამწვანებული მთები გვტაცებდა თვალს.

3-1677443324.(15).jpg
ფიჭვნარით მონასტრისკენ

4-1677443357.(15).jpg

4-სართულიანი ვაზელონის მონასტერი, დაახლოებით, 270-317 წლებში აუგიათ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის მთიანეთში, ხალდიის რეგიონში (სადაც ანტიკურ ხანაში ხალდები ცხოვრობდნენ). უძველეს წყაროებში მონასტერს ზუვალონად მოიხსენიებენ, დროთა განმავლობაში კი, როგორც ჩანს, სახელწოდებამ მცირე ცვლილება განიცადა და დღეს უკვე ვაზელონად არის ცნობილი. ისტორიული წყაროებით ვიგებთ, რომ ამ რეგიონის რელიგიურ და კულტურულ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ვაზელონის მონასტერი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. იგი მიიჩნეოდა ერთ-ერთ უმდიდრეს მონასტრად, რასაც მოწმობს თუნდაც ფაქტი, რომ სუმელას მონასტერი სწორედ ვაზელონის მონასტრის შემოწირულობებით აიგო.

5-1677443476.(15).jpg

6-1677443434.(15).jpg

მონასტრის სივრცეში რომ მოვხვედრილიყავით, გვარიანად ვიძრომიალეთ და უცებ გრძელ იდუმალ ტალანში აღმოვჩნდით - მარჯვნივ კვლავ კლდე დაგვყვებოდა, მარცხნივ კი თავახდილი კელიების სართულები.

7-1677443496.(14).jpg

8-1677443509.(14).jpg

9-1677443522.(10).jpg

ხანგრძლივი დროის განმავლობაში უსულდგმულოდ ყოფას იქაურობა ძალიან დაუზიანებია, მაგრამ მისი ტალანების იდუმალებას ეს სიცარიელე და სიჩუმე კიდევ უფრო ამძაფრებდა. ვიდრე მომდევნო სართულებზე ავიდოდით თითოეულ კელიას ვესტუმრეთ. კელიების სარკმელებიდან გავყურებდით და დავყურებდით ულამაზეს მთებს და ხან ფოტოს ვიღებდით, ხან ვიდეოს.

10-1677443537.(9).jpg

11-1677443553.(7).jpg

12-1677443567.(6).jpg

წარმოგიდგენიათ? მონასტერი ისე მტკიცედ აუშენებიათ და ისე მოუხატავთ, ფრესკებიც კი შემორჩენილი ჰქონდა. პირველად ნათლისღების ფრესკა მომხვდა თვალში (იმ წუთას არც ვიცოდი და მოგვიანებით შევიტყვე, რომ მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელზე იყო აგებული). მერე კი... ტალან-ტალან და სართულ-სართულ უკვე ერთმანეთზე ლამაზ ფრესკებს ვხვდებოდით, საოცარი ფერებით და შესრულების სტილით.

13-1677443582.(4).jpg

14-1677443594.(2).jpg

პირველი ნაწილის დასასრული.

გაგრძელება იქნება