რუსებს ამ ომში ყველაზე ძვირი და იშვიათი ბერიაშვილის თვითმფრინავი დაუზიანეს...
2023 წლის 26 თებერვალი რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის, რაღაცნაირად, 2022 წლის 14 აპრილს დაემსგავსა, როდესაც 750 მლნ დოლარის ღირებულების სარაკეტო კრეისერი "მოსკვა" შავ ზღვაში ჩაუძირეს...
ამჯერად, რუსეთმა, ფაქტობრივად, დაკარგა 330 მლნ დოლარად შეფასებული უნიკალური თვითმფრინავი, რომლის მსგავსი მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი თუ დარჩა...
და თანაც 330 მლნ დოლარის ღირებულების ეს თვითმფრინავი მწყობრიდან გამოიყვანა, სავარაუდოდ, 330 დოლარის ღირებულების დრონმა...
26 თებერვლის დილას ბელარუსის დედაქალაქ მინსკიდან სამხრეთით, ხუთიოდე კმ-ში მდებარე მაჩულიშჩის სამხედრო აეროდრომზე ორი აფეთქების ხმა გაისმა. სავარაუდოდ, ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო აეროდრომზე მდგომ, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების კუთვნილ А-50У ტიპის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავზე (რომლის სარეგისტრაციო ნომერი გახლდათ RF-50608, ხოლო საბორტე ნომერი კი - "43 წითელი"), რის შედეგადაც დაზიანდა თვითმფრინავის წინა და ცენტრალური ნაწილი, ასევე, რადიოლოკატორის "თეფშის" მოწყობილობაც.
ამ თვითმფრინავებს სხვანაირად "რუსულ ავაქსებსაც" უწოდებენ და ისინი ვიზუალურად გამოირჩევიან ფიუზელაჟზე დაყენებული 10,5 მ დიამეტრისა და 2 მ სიმაღლის "თეფშით", რომელიც საბორტე მძლავრი რადიოლოკაციური სადგურის ანტენის გარსაცავს წარმოადგენს.
ამ სპეციალიზირებული თვითმფრინავების წარმოება საბჭოთა კავშირმა 1978 წლიდან დაიწყო, როდესაც Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავზე რადიოელექტრონული აპარატურა დაამონტაჟა და მას ახალი სახელი - А-50 უწოდა.
სატრანსპორტო თვითმფრინავის "ავაქსად" გადაქცევა ტაგანროგის საავიაციო ქარხანაში მიმდინარეობდა, რომელიც ჩვენი თანამემამულის, გიორგი ბერიაშვილის (ბერიევის) სახელს ატარებს და დასავლეთში А-50-ს ხშირად სწორედ "ბერიევადაც" კი მოიხსენიებენ.
რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების განკარგულებაში მხოლოდ ცხრა ასეთი თვითმფრინავია, მათგან ექვსი - მოდერნიზებული А-50У და სწორედ ერთ-ერთი მათგანი იქნა მწყობრიდან გამოყვანილი, სავარაუდოდ, სამუდამოდ, რადგან ფიუზელაჟზე მიღებული კონსტრუქციული დაზიანებების შემდეგ ამ თვითმფრინავის ჰაერში აფრენა შეუძლებელი გახდება.
საბჭოთა "ავაქსები" 1990-91 წლებში შავი ზღვის თავზე დაფრინავდნენ, საქართველოს ცაში "განავარდების" ჩათვლით, საიდანაც "იჭვრიტებოდნენ" სამხრეთით, ერაყის მიმართულებით და აკვირდებოდნენ, თუ როგორ აგროვებდა დასავლეთი კოალიციურ ძალებს ქუვეითიდან სადამ ჰუსეინის საოკუპაციო არმიის გამოსაძევებლად და შემდეგ - ერაყში შესაჭრელად.
შემდგომ ეს "თეფშებიანი" თვითმფრინავები ჩრდილო-კავკასიის თავზე ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების დროს "ჩამოეკიდნენ", ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მთლიანად აკონტროლებდნენ ოპერატიულ სიტუაციას საქართველოს ცაში.
რუსეთმა ეს "მფრინავი რადიოლოკატორები" სირიაშიც გამოიყენა, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ერთი-ორი რუსული "ავაქსი" უკრაინის საჰაერო სივრცის მუდმივ დაზვერვას ახორციელებს ბელარუსისა და რუსეთის ცაში ფრენისას.
არსებული ინფორმაციების თანახმად, მოდერნიზებულ А-50У ტიპის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავს მძლავრი რადიოელექტრონული და ოპტიკური დაზვერვის საბორტე აპარატურის გამოყენებით შეუძლია 800 კმ-ზე ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტის სტარტის დაფიქსირება სარაკეტო ძრავის ფაკელის მიხედვით; ჰაერში მფრენ ბომბდამშენს 650 კმ-მდე, გამანადგურებელს - 300 კმ-მდე, ხოლო ფრთოსან რაკეტას კი - 215 კმ-მდე სიშორეზე აღმოაჩენს.

რუსულ "ავაქსს" მიწაზეც შეუძლია მოძრავი სამიზნეების დაფიქსირება - მობილურ სარაკეტო დანადგარს 300 კმ-ზე "ხედავს", ხოლო ტანკების კოლონას - 250 კმ-ზე.
გასაგებია, რომ ასეთი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების მქონე რუსულმა "მფრინავმა რადარებმა" სისხლი გაუშრო უკრაინის გენშტაბს, რადგან ბელარუსის საჰაერო სივრცეში მფრენ ამ თვითმფრინავს მთელი დასავლეთ უკრაინის დაზვერვა შეუძლია, ხოლო რუსეთის ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდის, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებიდან კი - მთელი აღმოსავლეთ უკრაინის, ამასთან, ანექსირებული ყირიმის თავზე მფრენი ასეთივე რუსული მზვერავი უკრაინის სამხრეთ ნაწილშიც ღრმად "იჭყიტება"...

რუსული "ავაქსი" უკრაინის საზღვრიდან ისეთი დაშორებით დაფრინავს, რომ თეორიულადაც გამოირიცხოს უკრაინელი მეზენიტეების შეიარაღებაში დღეს არსებული საზენიტო რაკეტებით მიწვდომის ალბათობა, ამიტომაც უკრაინელებს რჩებოდაც ერთადერთი გზა - რუსეთის დაზვერვისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული თვითმფრინავი ბაზირების აეროდრომზევე გაენადგურებინათ, როგორც ეს რამდენჯერმე უკვე გამოუვიდათ რუსულ აეროდრომებზე განთავსებული სტრატეგიული რაკეტმზიდ-ბომბდამშენების მიმართ.
მაგრამ ბელარუსის მაჩულიშჩზე სარაკეტო დარტყმის განხორცილება, როგორც ეს "ენგელსი-2"-ის აეროდრომის წინააღმდეგ ორჯერ გააკეთეს, უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არანაირად არ აწყობდა, რადგან ამას შეიძლება ბელარუსის რუსეთის მხარეს ომში ჩართვა გამოეწვია, ამიტომაც მინსკიდან რამდენიმე კმ-ში რუსული "ავაქსის" დრონებიდან დაბომბვა "ბელარუსმა პარტიზანებმა" აიღეს თავის თავზე...
პ.ს. ამ ბლოგის ავტორს 1997 და 1999 წლებში ახლოდან ჰყავს დათვალიერებული А-50 ტიპის ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის თვითმფრინავები, მაგრამ შიგნით არავინ შეუშვა, რადგან მათი რადიოელექტრონული მოწყობილობა დღემდე საიდუმლოდ ითვლება...