"მე მიკვირს, სად არიან ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტობა, რომელიც მომავალს კარგავს" - კვირის პალიტრა

"მე მიკვირს, სად არიან ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სტუდენტობა, რომელიც მომავალს კარგავს"

"ხალხის ძალის" კანონი დასასრულის დასაწყისია, ის იქნება ნაბიჯი უკან, საბჭოეთის ჯურღმულში, - ამის შესახებ მოძრაობა „თავისუფლებისთვის-წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის" ლიდერმა, აკია ბარბაქაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

როგორც აკია ბარბაქაძემ აღნიშნა, აქციაზე მდგომმა ხალხმა უნდა მიაღწიოს იმას, რომ არათუ არ მიიღონ, არამედ არც კი განიხილონ აღნიშნული კანონი.

მისივე თქმით, უკვირს, თუ სად არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოება და სტუდენტები, რადგან კანონის წინააღმდეგ მოქმედება, გამოსვლა და გაპროტესტებაა საჭირო.

„ხალხის ძალის" კანონი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" არის განაჩენი. ამ კანონით დემოკრატია, ფაქტობრივად, სრულდება და ჩვენ ბოლშევიკურ რუსეთში ვბრუნდებით. ეს არის კანონი, რომელიც მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას, განსხვავებულ და თავისუფალ აზროვნებას კლავს. ეს არის ევროპასთან, დასავლურ ცივილიზაციასთან და განათლებასთან წყვეტა. ჩვენს მომავალ თაობას ნორმალური განვითარების თეორიული პერსპექტივაც კი ეზღუდება. ამ კანონის მიღება დასასრულის დასაწყისია. ამას მოჰყვება რეპრესიები, დაჭერები, აკრძალვები, შეურაცხყოფები. ჩვენ გვახსოვს, როგორ დასდევდნენ ოპერატორებს. ეს იქნება ნაბიჯი უკან, საბჭოეთის ჯურღმულში.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არათუ მიიღონ, არამედ არც კი განიხილონ ეს კანონი. ვხედავთ, რომ აქ, ჯერჯერობით, სიცარიელეა, მაგრამ ბრძოლას აზრი აქვს. ეს საკითხი საბრძოლველია და აქ გაჩერება არ შეიძლება. მე მიკვირს, სად არიან ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიკვირს, სად არის სტუდენტობა, რომელიც მომავალს კარგავს. ასევე, მიკვირს, სად არის ის ხალხი, რომლებიც ყოველდღე, თავმომწონედ, ტელევიზორებიდან გველაპარაკებიან. მხოლოდ ლაპარაკითა და შეძახილით ხე არ ხმება. ქმედება, გამოსვლა და გაპროტესტებაა საჭირო.

მე ვდგავარ, ვიდგები და ყოველთვის შევასრულებ დანაპირებს. დროა, ხალხმა საკუთარი დანაპირების შესრულება თავად დაიწყოს. თუ ნორმალური ცხოვრება გინდათ, სახლებიდან უნდა გამოხვიდეთ და დადგეთ!, - განაცხადა აკია ბარბაქაძემ.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიცირების გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, "რუსული კანონი" მიზანმიმართული საბოტაჟია და მისი მიღება ევროპული მომავლის დაკარგვის ტოლფასია.

IPN