"მეწყერმა სოფლის გზა მთლიანად ჩაიტანა და იქ მანქანით შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია" - ზესტაფონის სოფელ პატარა სამების მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
დიდთოვლობამ და უხვმა ნალექმა საქართველოს მოსახლეობას სხვადასხვა კუთხეში პრობლემები შეუქმნა. მართალია, თოვლი ძირითადად, უკვე დადნა, მაგრამ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ იმერეთის, კერძოდ, სოფელ პატარა სამების მაცხოვრებლები. ამ დრომდე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, რადგან ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფლის გზა მთლიანად ჩაიტანა და იქ მანქანით შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია. მეწყერი ამ სოფელში მეორე ადგილასაც ჩამოწვა, ჯერჯერობით გაწმენდა ვერ ხერხდება და ადგილობრივები ხელისუფლებისგან სწრაფ რეაგირებას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, გზის პრობლემა მოსახლეობას ისედაც ჰქონდა და უკვე წლებია, ხელისუფლებისგან ამ პრობლემის მოგვარებას უშედეგოდ ელოდებიან.
სოფელ პატარა სამების მაცხოვრებელი მერაბ მაღლაკელიძე:
"თოვლი მეტრა ნახევარზე იყო, მერე წვიმები წამოვიდა და ახლა უკვე დადნა, მაგრამ სოფელში მანქანა ვერ ამოდის. ძირულაში, სოფელში შემოსახვევი გზა რომ არის იქ ჩვენი სოფლის გზა ჩაწყდა. გვეუბნებიან უნდა განვიხილოთო, მანქანა ვერ ამოდის. არ ვიცით, როდის და რას გააკეთებენ. სოფელში მეორე ადგილას, ზემოთაც ჩამოვიდა მეწყერი და უკვე 15 დღეა გზის გარეშე ვართ. ორი კილომეტრია ცენტრალურ გზამდე და ფეხით ჩამოვედი, მაგრამ ტრანსპორტი აუცილებლად გვჭირდება. საქონლის საჭმელს, პროდუქტებს ვერ ამოვიტანთ ხელით. სოფელში ძირითადად მხოლოდ ასაკოვნები ვართ დარჩენილები, 70 წელს ზემოთ ასაკის ქალები და მამაკაცები, ახალგაზრდები ქალაქში არიან, რადგან აქ არც სამსახურია, არც პირობები და იძულებულები არიან სოფლიდან წავიდნენ. არავითარი შემოსავალი არაა, რომ თავი ირჩინო.
გამგეობა გვეუბნება, გავაკეთებთო, მაგრამ როდის გააკეთებენ, არ ვიცით. დაპირება იციან, თუ არავინ შევაწუხეთ, არაფერი გამოვა. ეს მარტო ზამთრის პრობლემა არ არის, ზაფხულში სულ გზის პრობლემაა, ხომ გვჭირდება მოხედვა. ახლა რომ დაგვჭირდეს პროდუქტები, როგორ უნდა ავიტანოთ, მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ და შეიძლება მე ფეხით წავიდე და ხელით ცოტა რამ ამოვიტანო, მაგრამ ვინც მარტო ცხოვრობს, იმ ქალბატონებმა რა ქნან? სოფელში მეორე ადგილასაც ღვარცოფი და ტალახია ჩამოსული, იქაც გადაადგილება არ შეიძლება, გზა იქაც წაიღო. ღმერთმა ქნას, მოგვხედონ. დენიც კი არ გვქონდა 5 დღე, არც ქარი იყო, არც არაფერი"
ლელა არაბული:
"დედაჩემი ცქიტიშვილია და ამ სოფელშია დაბადებული და გაზრდილი. ისე ძალიან შეგვაყვარა აქაურობა, რომ მეც ჩემი ოჯახით ყოველ წელს ჩავდივარ სოფელში. ახლა დიდთოვლობის გამო სოფელში გზაც არ არის, მაგრამ ეს არ არის მარტო ზამთრის და თოვლის პრობლემა. ზაფხულშიც რომ ჩავდივართ, გაუსაძლისი მდგომარეობაა. სულ ორი გვარი ცხოვრობს ამ სოფელში, ცქიტიშვილები და მაღლაკელიძეები. ზესტაფონის რაიონის სოფელია პატარა სამება, ხარაგაულის გადასახვევთან არის ასასვლელი გზა ამ სოფლამდე. მთაში, 4 კილომეტრია. გზა წლებია ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, მე და ჩემი ოჯახი ზაფხულში რომ ავდივართ, მანქანას ვტოვებთ ქვევით, რადგან იქ გამორიცხულია პატარა მანქანით ასვლა, მხოლოდ ჯიპები ადიან.
იქ ყოფნის დროს ასეთ ფაქტს შევესწარი, ხანძარი იყო სოფელში, სახანძრო ბრიგადა რომ ამოვიდა, ატალახებულ გზაზე მანქანა მოსრიალდა და გადაეკიდა ხევში, უბედურება მოხდებოდა... ეკიპაჟის მანქანა გადაჩეხას გადაურჩა. ეს ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის. მთელი სოფელი ეხმარებოდა ამოყვანაში.
ზაფხულში პატარას ბზიკმა უკბინა და სასწრაფოს რომ დავურეკეთ, მითხრეს ვერ ამოვალთო. გზის უქონლობის გამო, სასწრაფოც კი არ ამოდის სოფელში. ახლა რომ დასჭირდეს მოსახლეობას სასწრაფო დახმარება, ვერ მივა. როგორ შეიძლება ამდენი წელი ეს პრობლემა ვერა და ვერ მოვარდეს? პირადად ჩვენ ვნახეთ იმერეთის გუბერნატორი, ვუამბეთ ამ პრობლემებზე, დახმარებას დაგვპირდა, გვითხრა ჩაგსვამთ ტენდერში და რამდენიმე ეტაპი უნდა გავიაროთო, დავთანხმდით, მეორედაც დავურეკეთ, რადგან ძვრა არ იყო, გვითხრა, სადაც პრობლემური ადგილებია, იმას გავაკეთებთო, ამაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ არაფერი გაკეთდა. საკმაოდ დიდი სოფელია, მოხუცები ცხოვრობენ და რატომ უნდა იყოს ასე მიტოვებული? სასწრაფო ხომ უნდა ამოვიდეს სოფელში?
ასევე არის წყლის დიდი პრობლემა, განსაკუთრებით, ზაფხულში, როცა ახალგაზრდებიც ჩადიან, იმხელა რიგები დგას, აღარ არის წყალი საკმარისი. წყალზე აღარ გვაქვს ახლა ლაპარაკი და გაზზე, ეს არის უკვე კომფორტი, ჩვენ ვითხოვთ ელემენტარულად გზას, შვილი მამასთან რომ მივიდეს და მამა შვილთან. არადა, ულამაზესი სოფელია, მართლა ნახატს ჰგავს.
ნეტავ, რომელ წლამდე აქვს ამ სლოგანს ვადა, რომ იძახიან, ყველა სოფელს წყალი, გაზი და გზაო. რომელი კვარტლის გეგმებში ჯდება? მოხდება რაღაც უბედურება, დაიყრება სოფლის გზაზე ხრეშის რამდენიმე გორა, გაჩნდება სოფელში იმედი, გვეშველაო და ისე ეშველა თქვენს მტერს, ასე გრძელდება, წლებია...
მერე მიდის განხილვები, 2 სოფლის იქით პატარა სოფელს გზა გაუკეთდა, ვიღაცის სიდედრი ცხოვრობს და იმიტომო. აქეთაც ვიღაცის მეზობლის მძახალს უცხოვრია და მათ სულ ბეტონის სარკესავით გზა დაუგესო. ძალიანაც კარგი, ამას რა ჯობია, გზა ყველგან უნდა დააგონ, მაგრამ გამოდის, ჩვენთან არავინ ცხოვრობს არავისთან მონათესავე, უბრალო, მაგარი ადამიანები ცხოვრობენ, შრომობენ, სოფელს აცოცხლებენ და ქვეყანას ამაგრებენ და რატომ უნდა დაზარალდნენ? მე ვარ ამ ქვეყნის, საქართველოს მოქალაქე, მაქვს უფლება მიყვარდეს ჩემი ქვეყანა, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, სოფელს ასე პირისპირ არ ტოვებდეს პრობლემებთან.
ნუთუ, რა გახდა ყველაზე დიდი, ამ 4 კილომეტრიანი გზის გაკეთება?! პატარა სამებაში მშრომელი, მაგარი ხალხი ცხოვრობს, საქონელიც ჰყავთ, ღორებიც, ქათმებიც, ცხვრებიც, ტალღებად მოლივლივე ყანები, ვენახი, სასიმინდე, მარანი, საწნახელი, ჩადგმული ქვევრები, უღელში შებმული ხარები… გული ფეთქავს ჩემს სოფელში, სახლების საკვამურებიდან სიცოცხლე გუგუნებს, გუთანი რძიან მიწას მიაპობს, რიჟრაჟდება ოქროს ნამცეცა ბრჭყვიალებით, ღამდება - სამყაროს ხელა ვარსკვლავით, გგონია, რომ დედამიწა მარტო ეს სოფელია...
ხალხო, 21-ე საუკუნეა, კოსმოსში მალე ჩარტერულ რეისებს ამოქოქავენ და აქ ხალხი ელემენტარულად გზას ითხოვს..."
ჩვენ ბუნებრივია, დავუკავშირდით ადგილობრივ ხელისუფლებას. ეს სოფელი ძირულას ადმინისტრაციულ ერთეულში შედის.
მერის წარმომადგენელი - დათო ებანოიძე:
- დიდთოვლობამ შექმნა პრობლემები, ახლა ძირულას თემში შემავალი ცხრავე სოფელი გაწმენდილია და ყველა სოფელი გახსნილია. უბრალოდ აქ, სოფელ სამებაში უხვი ნალექისგან ჩამოწვა მეწყრული ზვავი და გზა მოწყვეტილია. ეს გზა პირადად მეც მეხება, რადგან ამ გზასთან ახლოს ვცხოვრობ და მეც მიქმნის საფრთხეს. სოფელში ორ ადგილას არის ჩამოსული ზვავი და ძალიან დიდი სამუშაო სჭირდება ამას. დღეს მოდის კომისია, რომ გაირკვეს როგორ შეიძლება პრობლემა მოგვარდეს. სოფელში ვერ შედის ტექნიკა, რომ გაწმენდითი სამუშაო ჩატარდეს. ტრაქტორს ამოვაღებინე მიწა, მაგრამ ამან არ უშველა, ახლა მიდის იმაზე მუშაობა, რომ პატარა მანქანამ მაინც გაიაროს ერთჯერადად. მეორე ადგილასაც მთლიანი მთა არის წამოსული, მთა დაძრულია და იქაც დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, მაგრამ ის რომ გაიწმინდოს, იქამდე მისასვლელი გზის უქონლობა აფერხებს ამას. ახლა თოვლი დამდნარია, მაგრამ მძიმე ტექნიკა უნდა შევიდეს, ისე ვერ გაიწმინდება. შაბათ-კვირა იყო და დღეს მოდის კომისია. ჩინელებიც არიან აქ, მერიასაც ჰყავს ტექნიკა, მაგრამ ეს ადგილები ჯერ გეოლოგებმა უნდა დაათვალიერონ, რომ კიდევ რაიმე საშიშროება არ გამოიწვიოს და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას, რადგან მოწყვეტილია მთის დიდი ნაწილი და სხვა ნაწილიც დაძრულია.
- ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ზაფხულშიც აქვთ პრობლემები, რადგან გზა არ ვარგა და თურმე სასწრაფოც ვერ ამოდის სოფელში.
- ჩატარდა ტენდერი, მოიხრეშა მთლიანად 2-კილომეტრ ნახევარი ეს გზა, ჩემი ხელმძღვანელობის დროს და ყველანაირი მანქანა ადიოდა ამ ზაფხულს იქ.
- მოსახლეობა სხვას ამბობს, მთლიანად რამდენი კილომეტრია ამ სოფლის გზა, ასფალტის გაკეთება რატომ ვერ ხერხდება, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს ამ სოფლის პრობლემა?
- ცენტრალური გზიდან სოფლამდე არის დაახლოებით 3 კილომეტრი. ასფალტს რაც შეეხება, ყველგან უნდა იყოს. ახლა დიდთოვლობამ შეგვიშალა ხელი. ძირულაში და რამდენიმე სოფელში იწყება ბეტონის გზის დაგება და სამომავლოდ იქაც გაკეთდება.
- ამბობენ, რომ სოფელში წყლის პრობლემაცაა, გაზიფიცირება მოხდება?
- მოსულები იყვნენ და ითხოვდნენ გაზიფიცირებას, სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით, არის იმის შესაძლებლობა, რომ გაზი გაკეთდეს. ძირულაში გაყვანილია უკვე გაზის მილები და გარე სოფლებშიც, სადაც არ არის შეყვანილი, იქაც მოხდება გაზიფიცირება. რაც შეეხება წყალს, ეს საკითხიც პრობლემატურია, მაგრამ არის ისეთი ადგილები, სადაც მიეწოდება წყალი. ზოგჯერ ადამიანები წყლისთვის მილებს ითხოვენ და მათ ვაწოდებთ ამ მილებს. ავზებიც დგება. ორი ცალი ხუთტონიანი ავზი დამონტაჟდა ძირულაში და ერთი სოფელი უზრუნველყოფილი იქნება წყლით. ახლა მთავარია გზა გასუფთავდეს და ვმუშაობთ ამაზე.
(სპეციალურად საიტისთვის)