"ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი და სუსტი მხარეები" - POLITICO - კვირის პალიტრა

"ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი და სუსტი მხარეები" - POLITICO

ამერიკული გაზეთი "პოლიტიკო" (Politco) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ვოლოდიმირ ზელენსკის ძლიერი და სუსტი მხარეები" (ავტორი - ჯეიმი დეტმარი), რომელშიც გადმოცემულია უკრაინის პრეზიდენტის პოლიტიკური პორტრეტის შტრიხები - როგორც საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერის სახე, განხილულია მისი დადებითი და უარყოფითი ხასიათის გამოვლინებები.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთის არმიის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი მინისტრები და სხვა ექსმაღალჩინოსნები იმედგაცრუებულები იყვნენ. ისინი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას თხოვდნენ, რაც მას არჩევიდან თითქმის ორი წლის განმავლობაში არ გაუკეთებია. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში, ასევე, მოუწოდებდნენ პრეზიდენტს, უფრო მეტად დაეფინანსებინა ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ითხოვდნენ უკრაინელი რეზერვისტების არმიაში გაწვევას - იმ დროისთვის უკვე გახშირდა აშშ-ის გაფრთხილებები რუსეთის სავარაუდო შეჭრის თაობაზე - მაგრამ პრეზიდენტი სამხედრო მოქმედებების დაწყებას ნაკლებად სავარაუდოდ თვლიდა. ოპოზიცია ითხოვდა სამოქალაქო თავდაცვის გაძლიერებას, რათა მოსახლეობას სცოდნოდა, რა უნდა გაეკეთებინა, როცა ქვემეხები დაიქუხებდნენ.

"უკრაინა ხაფანგში მოხვდა ისეთი ეროვნული ლიდერი გამო, რომელიც სტრატეგიულად ვერ აზროვნებს", - მითხრა ლესია ვასილენკომ, პარლამენტის დეპუტატმა, ლიბერალური პროევროპული პარტიის - "გოლოსის" წევრმა, ომის დაწყებამდე ხუთი დღით ადრე, ჩემი კიევში ყოფნის დროს.

"ვფიქრობ, მას ამაში მოგვიანებით ბრალს წაუყენებენ. საქმე ის არაა, რომ ყველაფერი იცოდე. საკითხი ეხება იმას, რომ გარემოცვაში არც ექსპერტები გყავს, რომლებსაც სიტუაციის ანალიზი შეუძლიათ და არც - მრჩევლები... იმიტომ, რომ მათ თქვენზე მეტი იციან და შეიძლება შეგეწინააღმდეგონ კიდეც", - აღშფოთებული ამბობდა ლესია ვასილენკო.

რა თქმა უნდა, ვოლოდიმირ ზელენსკის ის შეცდომები, რასაც ბევრი სხვა ოპოზიციონერი კანონმდებელი ხედავდა, ომის დაწყების შემდეგ, შეიძლება ითქვას, შეუნდეს, მაგრამ - არავის დავიწყებია. პრეზიდენტის მიერ დაშვებული შეცდომები საფუძველია იმ შეშფოთებისა, რომელიც ომისშემდგომი უკრაინის მომავალს ეხება. ისინი ხედავენ იმ კანონზომიერებას, რომელიც კიდევ უფრო საგანგაშო გახდება, როცა ქვემეხების გრიალი მიყუჩდება. მათი აზრით, პრეზიდენტის - ლომგული და მამაცი ლიდერის - ომისდროინდელი ძლიერი მხარეები მშვიდობიანი დროისთვის ნაკლებად გამოდგება.

ომმა ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუთმენელ ხასიათზე მმართველობის იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებიც არ მოძრაობენ ისე სწრაფად, როგორც მას სურს ან საკმარისად არ კონტროლდებიან. ის უპირატესობას ანიჭებს დიდ საერთო სურათს, უგულებელყოფს დეტალებს და მიჩვეულია სანდო მეგობრების ვიწრო წრეზე დაყრდნობას.

მაგრამ კომიკოსი, რომელიც პრეზიდენტად გადაიქცა, დღეს დიდების მწვერვალზეა - იგი დასავლეთისთვის გმირია. მისი გამოსვლები და მოწოდობები მაყურებლებსა და მსმენელებს გულის სიღრმეში სწვდებათ - ვაშინგტონამდე და ლონდონამდე, ბრიუსელამდე და ვარშავამდე... არადა, ომის დაწყებამდე მისი რეიტინგი განუხრელად ეცემოდა. ცოტას თუ სჯეროდა, რომ მას კიდევ ჰქონდა რამე შანსები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ არჩევისათვის: საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები მეტყველებდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის 2021 წლის ბოლოს მხარს მხოლოდ ელექტორატის 31% უჭერდა.

იგი მოსახლეობას ბევრს ჰპირდებოდა - როგორც ჩანს, იმაზე უფრო ძალიან ბევრს, ვიდრე შესრულება შეეძლო, მაგრამ ფაქტია, რომ მან ძალიან ცოტას მიაღწია.

"უკრაინას დღეს ორი ძირითადი პრობლემა აქვს: ომი დონბასში და იმ ადამიანების შიში [კორუფციის მიმართ], რომლებსაც ქვეყანაში ინვესტიციები შემოაქვთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ყველასთვის სამწუხაროდ, მისი ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩიხში შევიდა, ხოლო დონბასის პრობლემის გადაწყვეტის მცდელობებმა ნაყოფი ვერ გამოიღო. მან ვერ მიაღწია რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას, რადგან ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ზოგიერთები ვოლოდიმირ ზელენსკის იმ დროს აკრიტიკებდნენ, რომ მას გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს თავის თავზე და თვლის, რომ დარწმუნების ძალით და დიდი ქარიზმით არის სხვებისაგან გამორჩეული.

"ის ფიქრობდა, რომ მშვიდობის დამყარება იოლი საქმეა - მთავარი იყო ვლადიმერ პუტინის "თვალებში ჩახედვა" და მასთან გულწრფელი საუბარი", - მეუბნება დეპუტატი ნიკოლაი კნიაჟიცკი, - "იგი პრეზიდენტი გახდა ისე, რომ რამე პოლიტიკური საქმიანობისა და სახელმწიფო სტრუქტურების მართვის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. იგი ფიქრობდა, რომ სახელმწიფოს მართვა ძალიან ადვილად შეიძლება: ვთქვათ, მიიღებს გადაწყვეტილებას და ის რეალიზებული უნდა იყოს... და როცა საქმე ისე არ მიდიოდა, როგორც მას სურდა, რეაქცია ყოველთვის ასეთი იყო: "ყველაფერი მისი წინამორბედების ბრალია, რომლებიც ციხეში უნდა ისხდნენ".

და მაინც, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაქცევა მშვიდობისდროინდელი იმედგამაცრუებელი ლიდერიდან მსოფლიოში პოპულარულ პიროვნებად - ფრანგი ინტელექტუალის ბერნარ-ანრი ლევის ჰიპერბოლური ნათქვამის მიხედვით, თავისუფალი სამყაროს "ახალ, ახალგაზრდა და დიდებულ დამფუძნებელ მამად" - მაინც საოცარი იყო. მისი კრიტიკოსებიც კი აღნიშნავენ ვოლოდიმირ ზელენსკის - როგორც შესანიშნავი კომუნიკატორის ძლიერ მხარეებს: იგი ყოველდღიურად მიმართავს უკრაინელებს და ამხნევებს, რწმენას უმტკიცებს, მორალურ სულს უმაღლებს იმ დროსაც კი, როცა გასაგები მიზეზების გამო, მდგომარეობა გაუარესებულია. უკრაინელები აღიარებენ იმას, რომ პრეზიდენტმა ქვეყანა გადაარჩინა - როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან გაყვანა შესთავაზა და იგი მის წინადადებას არ დათანხმდა.

"შეიძლება ითქვას, იგი უძლეველი ლიდერი გახდა", - ამბობს ადრიან კარატნიცკი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მეცნიერი-თანამშრომლი და ავტორი წიგნისა "ბრძოლის ველი უკრაინაში: დამოუკიდებლობიდან რუსეთთან ომამდე". მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც კომუნკატორის ძლიერი მხარეები სიტუაციას შეესაბამება: "იგი წარმატებულია იმ დროს, როცა საზოგადოებრივი აზრის წარმართვაა საჭირო. მისი მოქმედება განსაკუთრებით ეფექტიანია დღეს, როცა ქვეყანა უკვე დარაზმულია, როცა უფრო მტკიცედაა დარწმუნებული თავის იდენტურობაში, ინტერესებსა და მიზნებში. იგი ისევ ის ბიჭია, როგორიც იყო - მსახიობი და შემსრულებელი, მაგრამ, იმავდროულად, წარმოგვიდგება სამხედრო ლიდერადაც, რომელსაც შეუძლია საზოგადოების იმპულსი დიდ ძალად გარდაქმნას".

მაგრამ როცა ნორმალური პოლიტიკის გატარებაა საჭირო და ამ დროს საზოგადოება ერთიანი არ არის, მაშინ ზელენსკი არათანმიმდევრული ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც სცენარებს ცვლის და მოვლენებს თავისებურად წარმოაჩენს, რათა საზოგადოების კაპრიზებს მიჰყვეს: "როცა საზოგადოების მიზანი ნათელია, მას დიდი ძალა აქვს. აი, ახლაც, როცა საომარ პერიოდში ყველაფერი ყველასათვის გასაგებია, მიზანიც და ინტერესებიც, მის უკან სახელმწიფოს აბსოლუტური ხელისუფლება დგას. მაგრამ როგორც კი "ეტლი ისევ გოგრად გადაიქცევა", მას სულ სხვა ქვეყნის წინაშე მოუწევს პირისპირ დგომა", - ასკვნის ადრიან კარატნიცკი.

ასეთი პერსპექტივა მართლაც მოსალოდნელია: შიდაპოლიტიკური კრიტიკა მატულობს, რასაც საერთაშორისო მასმედია ნაკლებ ყურადღებას აქცევს, უცხოელები ჯერჯერობით ისევ აღფრთოვანებულნი არიან ვოლოდიმირ ზელენსკის ქარიზმატული მიმზიდველობით და მოხიბლულნი არიან "დავითის ბრძოლით გოლიათის წინააღმდეგ".

ამასობაში კი ვერხოვნა რადაში - ქვეყნის პარლამენტში - იმედგაცრუება და გულგატეხილობა ვრცელდება: კანონმდებლები ჩივიან, რომ მთავრობამ, რომელიც ომამდეც ვერ იტანდა ზედამხედველობას, ახლა სულ მთლად აიშვა და ხშირად ისე იქცევა, როგორც მოესურვება, საპარლამენტო კონტროლს იგნორირებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ოპოზიციის ლიდერებს მხოლოდ ერთხელ შეხვდა რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ - ერთი წლის წინ.

"რადაში მინისტრების მოსმენა აღარ ხდება, ეს საკითხი უყურადღებოდ არის მიტოვებული", - აცხადებს ოპოზიციური დეპუტატი ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, პარტია "ევროპული სოლიდარობის" წევრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს.

"ცხადია, როცა ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობაა გამოცხადებული, სიტუაცია სწრაფ გადაწყვეტილებებს ითხოვს და ამისთვის პროცედურების შემოკლებაა საჭირო. ეს გასაგებია", - ამბობს დეპუტატი, - "მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებების მიღება სულ უფრო ხშირად ხდება ცენტრალიზებული წესით და ეს ყველაფერი მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ხელშია კონცენტრირებული, რაც დიდ გავლენას ახდენს პოლიტიკური ხელისუფლების ბალანსზე. ეს ზიანს აყენებს მართვის [დემოკრატიულ] სისტემას, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვცდილობთ... ხელს უშლის დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას იმ კრიტერიუმებით, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციის სტანდარტებს შეესაბამება".

ივანა კლიმპუშ-ცინცაძე შეშფოთებულია იმით, რომ ამასწინანდელი დაჭერა-დაპატიმრებების ტალღა კორუფციასთან ბრძოლის სახელით, ალბათ, უფრო მეტად "კვამლით დაბურული გათამაშება იყო" უკრაინა-ევროკავშირის თებერვალში გამართული სამიტის წინ, რომელმაც ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი ცენტრალიზება შეიძლება გამოიწვიოს. "თუ ვინმე ფიქრობს, რომ ხელისუფლების ცენტრალიზება პასუხია ჩვენ წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ის ძალიან ცდება", - აცხადებს დეპუტატი, -" მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ყურადღებით ვადევნოთ თვალი ანტიკორუფციული საქმეების წარმოებას, რომ ვიცოდეთ, მიმდინარეობს თუ არა ღია და გამჭვირვალე გამოძიება და დაცული არის თუ არა კანონის უზენაესობის პრინციპი".

ადრიან კნიაჟიცკის თქმით, "ჩვენ მხედველობიდან არ გამოგვრჩენია ის ფაქტი, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი პოპულისტ პოლიტიკოსს წარმოადგენს და რასაკვირველია, იგი დაზღვეული არ არის ამ სახის პოლიტიკოსების ნაკლოვანებებისაგან", თუმცა, იმავდროულად, ოპოზიციონერი კანონმდებელი პოზიტიურად უყურებს იმ ფაქტს, თუ როგორ გაძლიერდა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება ომის პირობებში, როგორ განმტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობა საომარი სიტუაციის შესაბამისად, მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით და როგორ აწყობილად მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურები - კერძოდ, რკინიგზები და ენერგოსექტორი. "სწორედ ეს - ეროვნული იდენტურობის ძლიერ გრძნობასთან ერთად, რომელიც ომმა ჩამოაყალიბა და განამტკიცა, გახდება ომისშემდგომი მომავალი ძლიერი უკრაინის საფუძველი", - ასკვნის დეპუტატი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ