"კრედიტ სუისსის“ მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს" - "ემ ქეი დი"
„კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს, - ამის შესახებ ნათქვამია იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ სტატიაში, რომლის გამოქვეყნებაზეც, „ემ ქეი დის“ ინფორმაციით, ევროპულ პრესაში მათ კვლავ უარი უთხრეს.
ივანიშვილის იურიდიული მრჩევლები სტატიას უცვლელი სახით ავრცელებენ.
„ფაქტები, რომლებიც გვაძლევს საფუძველს, რომ გავაკეთოთ დასკვნა:
„კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი დაუფარავად აშანტაჟებს ივანიშვილს და მიზანმიმართულად ანგრევს საკუთარი ბანკისა და შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯს.
მოცემული სტატია წარმოადგენს იმ სტატიათა სერიის ორგანულ გაგრძელებას, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენის სურვილი და მცდელობაც ბატონ ივანიშვილს უკვე ორგზის ჰქონდა მხოლოდ 2023 წლის თებერვლის თვის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ წინა ორ სტატიაში, ბატონი ივანიშვილის მხრიდან კრიტიკა მთლიანად ბანკის მენეჯმენტისკენ მიემართებოდა და შეიცავდა ფაქტებზე დაფუძნებულ მხილებას იმისა, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად გაცნობიერებულად, შეგნებულად, წლების განმავლობაში მოქმედებდა და მოქმედებს ბანკის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რასაც ეწირება შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯიც. ამასთან, ამავე მოქმედებებით, ბანკის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და ეს ყოველივე ხორციელდება დაუფარავად. აღნიშნულის დასადასტურებლად, წინა სტატიაში საილუსტრაციოდ იყო წარმოდგენილი მხოლოდ ერთი, მცირე ეპიზოდი, სადაც ჩანდა, რომ ბანკის მენეჯმენტის მოქმედებებს რაიმე კომერციული ან ბიზნეს ლოგიკა არ გააჩნდა. იქვე გაცხადებული იყო, რომ ამ მცირე ეპიზოდის აღწერას მოჰყვებოდა მორიგი სტატიაც, სადაც უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნებოდა გაჟღერებული. როგორც ყოველთვის, ახლაც, სააშკარაოზე გამოტანილი იქნება მხოლოდ ფაქტები, რომლებიც კონკრეტული მტკიცებულებებითაა გამყარებული, ხოლო დასკვნის გაკეთების პრეროგატივას კვლავ მკითხველს მივანიჭებთ.
მკითხველისთვის ცნობილია, რომ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ს შორის წლებია მიმდინარეობს გლობალური დავა. მას საფუძველი დაუდო ბანკის მენეჯმენტის მიერ წახალისებულმა დანაშაულმა კლიენტის წინააღმდეგ, რომელიც 2008 წლიდან 2015 წლამდე მიმდინარეობდა და რომლის გამოაშკარავება ისევ კლიენტის მოქმედებების შედეგად, 2015 წელს მოხდა. სწორედ დანაშაულის გამჟღავნების შემდეგ, ბატონმა ივანიშვილმა დანაშაულს გადარჩენილი თანხების დიდი ნაწილი სხვა შვეიცარიულ ბანკში გადაიტანა, თუმცა, სხვადასხვა სამართლებრივი და პროცესუალური მიზეზების გამო, რაზეც წარსულში დეტალურად ვისაუბრეთ, აქტივების მმართველად დარჩა ისევ „კრედიტ სუისს“-ის ტრასტი. ამდენად, ბატონი ივანიშვილის გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი აღმოჩნდა არა „კრედიტ სუისს“-ში, არამედ სხვა ბანკში და, ლოგიკურად, „კრედიტ სუისს“-ს აღნიშნული თანხის შენარჩუნების სურვილი ან ინტერესი ვეღარ უნდა ჰქონოდა, ხოლო თავად ამ სხვა ბანკში არსებულ აქტივებს მართავს „კრედიტ სუისს“-ის სტრუქტურისა და მართვის ქვეშ არსებული ტრასტი, დაფუძნებული გერნსის კუნძულზე. ტრასტის ვალდებულება და მისი არსებობის ერთადერთი ფუნქცია მისი ბენეფიციარების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაა. ტრასტი მეტ-ნაკლებად ახერხებდა ამ ფუნქციის შესრულებას 2022 წლის მარტამდე. სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მოქმედების ლოგიკა შეიცვალა (უფრო სწორად, ლოგიკისგან დაიცალა):
ბენეფიციარის ინსტრუქციების შესრულება და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარ აქტივებთან მიმართებით ხელოვნურად დაუკავშირდა ბატონ ივანიშვილთან დაუკავშირებელ გარემოებებს: „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკურ მოვლენებს“. შედეგად, გამოიკვეთა რა, რომ ბენეფიციარს ტრასტის ქვეშ მოქცეულ საკუთარ აქტივებზე წვდომა უსაფუძვლოდ ეზღუდებოდა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა დაეხურა ტრასტი, რომელიც მისი ინტერესებისთვის იყო შექმნილი, ხოლო რეალობაში ყველა ინტერესის სამსახურში ჩადგა, გარდა ბენეფიციარის ინტერესისა. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ, დაიწყო კლიენტის ჩიხში მოქცევა: მას არც ტრასტის დახურვის საშუალება ეძლევა და არც ტრასტის მართვის ქვეშ არსებული აქტივების განკარგვის. არადა, რამდენიმე თვით ადრე, ბატონმა ივანიშვილმა უპრობლემოდ შეძლო იმავე „კრედიტ სუისს“-ის სხვა ტრასტის დახურვა და აქტივების პირდაპირ ბენეფიციართა საკუთრებაში წამოღება.
ბანკის მენეჯმენტის მხრიდან ბატონი ივანიშვილის შანტაჟმა არაერთი კომიკური სიტუაციაც წარმოშვა: მათ იმაზე მეტი „ზრუნვა“ დაიწყეს ბატონი ივანიშვილის ოჯახის წევრებზე და მემკვიდრეებზეც კი, ვიდრე უშუალოდ ოჯახის უფროსმა. მხოლოდ ერთი მაგალითის სახით: ყოველთვის, როდესაც ბატონი ივანიშვილი ახორციელებდა თანხის გადარიცხვას ტრასტიდან, უთითებდა შესაბამის დანიშნულებას. ახალ რეალობაში კი, როდესაც ბენეფიციარმა მორიგი გადარიცხვის დანიშნულებად მიუთითა ქველმოქმედება, მან „კრედიტ სუისს“-ის ტრასტისგან მიიღო პასუხი, რომ ბატონი ივანიშვილი არასტანდარტულად დიდ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაში და ამით საფრთხეში აგდებდა საკუთარი მემკვიდრეების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხს. ამიტომ, ტრასტის მენეჯმენტი მიუთითებდა, რომ ამგვარი ხარჯების გაწევა მიზანშეუწონელი იყო და ამ დანიშნულებით თანხას ვერ გადარიცხავდა. ამის შემდეგ, ბენეფიციარმა მიუთითა, რომ როგორც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ვისზეც ჩათვლიდნენ საჭიროდ და რა პროპორციითაც ჩათვლიდნენ საჭიროდ, ისე გადაერიცხათ თანხა ბენეფიციარსა და მის ოჯახის წევრებზე. ცხადია, ეს მოთხოვნაც ჰაერში გამოეკიდა. დაახლოებით ასე ანეკდოტურად გამოიყურება ბანკის მენეჯმენტის მხრიდან „ზრუნვის აქტები“ ბატონი ივანიშვილის ოჯახისა და მემკვიდრეებისა მიმართ. აქ შევჩერდებით და გამოვეხმაურებით სათაურში გამოტანილ საკითხს: იძლევა თუ არა ამგვარი ფაქტები იმ დასკვნის ობიექტურ საშუალებას, რომ „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტი ახორციელებს პოლიტიკურ შანტაჟს ბატონ ივანიშვილზე და თანაც ისეთი დაუფარავი ფორმით, რომელიც იწვევს ბანკისთვის მძიმე რეპუტაციულ ზიანს? და, იმის გათვალისწინებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი არის წამყვანი, სისტემური ბანკი შვეიცარიაში, ხდება თუ არა ამით შვეიცარიის საბანკო სისტემის იმიჯის დაზიანება?
ცხადია, ისტორია აქ არ სრულდება. მიწერ-მოწერამ და მსჯელობამ იმაზე, შეიძლებოდა თუ არა თანხის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“-სთვის გადაცემა (რაც იქამდე არასდროს წარმოადგენდა პრობლემას) რამდენიმე თვეს გასტანა. აქ, ბატონმა ივანიშვილმა შესთავაზა ყველა პოტენციური ბენეფიციარის თანხმობა იმაზე, რომ გადარიცხვას ეთანხმებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. როგორც წინა სტატიაშიც აღვნიშნეთ, ბანკის მენეჯმენტს აქაც, მაშველ რგოლად 2022 წლის ივნისის ევროპარლამენტის რეზოლუცია წამოეწია, სადაც ევროპარლამენტი ბატონი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვდა ევროკავშირისვე აღმასრულებელი ორგანოებიდან. მკითხველისთვის ცნობილია, რომ არც 2022 წლის ივნისის და არც იმავე წლის დეკემბრის მსგავსი შინაარსის მქონე რეზოლუციებს გაგრძელება არ მოჰყოლია და ევროპულ საბჭოს ისინი არც გაუზიარებია და არც სისრულეში მოუყვანია. თუმცა, ეს დაბრკოლება არ გამხდარა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტისთვის, რომ რეზოლუციას ამოფარებოდა და განეცხადებინა, რომ რეზოლუციიდან გამომდინარე, ბანკის მენეჯმენტი თანხის გადმორიცხვას თავის თავზე ვერ აიღებდა და რომ თანხის გადმოსარიცხად ან ტრასტის დასახურად, ბატონ ივანიშვილს სასამართლოსთვის უნდა მიემართა. გააგრძელე კითხვა