მამა ვერმახტის გენერლის მეხოტბე, შვილი - “წითელი არმიის” ფანი: საინტერესოა ბარიკადების რომელ მხარესაა მამა-შვილი? - კვირის პალიტრა

მამა ვერმახტის გენერლის მეხოტბე, შვილი - “წითელი არმიის” ფანი: საინტერესოა ბარიკადების რომელ მხარესაა მამა-შვილი?

დღეს დავასრულოთ გასული საუკუნის 70 წლებში ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ კა-გე-ბეს "ოპერატიული კომბინაციების" შესახებ საუბარი. ბუნებრივია, ბლოგის ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ იმ პერიოდის ყველა ფაქტი და მოვლენა დაწვრილებით განვიხილოთ. ერთი კი უნდა ვაღიაროთ: მაშინ კა-გე-ბემ შეძლო დისიდენტური მოძრაობის ორი აქტიური წევრის (ზვიად გამსახურდიას და ვიქტორ რცხილაძის) დისკრედიტირება და მათ ირგვლივ უნდობლობის დათესვა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მერაბ კოსტავაც ათი წლის მანძილზე სამშობლოდან იყო მოცილებული და უმძიმეს პირობებში იხდიდა საპატიმრო სასჯელს, მაშინ ნათელი გახდება, რომ სუკ-მა მიზანს მიაღწია და ქართული დისიდენტური მოძრაობა ლიდერების გარეშე დატოვა და თითქმის ათი წლით გაანეიტრალა.

საქართველოს პირველ პრეზიდენტი "ავტობიოგრაფიის" მესამე ნაწილში ("საუბრები სუკ-ში") წერს, რომ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ მას გადასცეს საქართველოს "პირველი ჩეკისტის" ალექსი ინაურის დანაბარები, რომ გამსახურდია მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა. მართლაც ზ. გამსახურდია კვლავ კა-გე-ბეს მუდმივი ფარული და ღია თვალთვალის ობიექტი იყო. 1981 წლის თებერვლიდან მას ხშირად იბარებდნენ საქართველოს სსრ სუკ-ის მე-5 განყოფილებაში, რომლის ხელმძღვანელები მოუწოდებდნენ ზ. გამსახურდიას თავი შეეკავებინა სხვადასხვა სახის წერილის და პეტიციის (ძირითადად აფხაზეთისა და საინგილოს შესახებ) წერისა და მოსკოვში გაგზავნისაგან. დისიდენტების პირველი თაობის კომპრომეტირება - გადასახლების შემდეგ კა-გე-ბემ ახალი "პოლიტიკური პარტიების" შექმნა დაიწყო, რომელთაც თავად აკონტროლებდა. პარალელურად, საქართველოში არალეგალურად მოქმედ პოლიტიკურ და სტუდენტურ ჯგუფებში კა-გე-ბე თავის აგენტურას ნერგავდა და აძლიერებდა. გასული საუკუნის 70 იანი წლების ბოლოდან ზ. გამსახურდიას "მონანიების” თემა მუდმივი განხეთქილების საგანი იყო, ჯერ დისიდენტურ, შემდეგ ეროვნულ მოძრაობაში და პოლიტიკურ პარტიებსა თუ ცალკეულ ლიდერებს გაერთიანების საშუალებას უსპობდა. კა-გე-ბეც, აგენტურის მეშვეობით, ხელს უწყობდა ამ დაპირისპირებას. თვითმხილველების გადმოცემით კვირაობით სიონის ეზოში შეკრებების დროს ზ. გამსახურდია ყოველთვის განცალკევებულად და გარიყულად იდგა. 1987 წლიდან, მერაბ კოსტავას ათწლიანი პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ, იწყება ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური გააქტიურება.

rcxil3-1677575166.jpg

ჩემი აზრით ამ დროისათვის კა-გე-ბე უკვე მთლიანად აკონტროლებდა და წარმართავდა პროცესებს. ჯერ დისიდენტური, შემდგომ კი ეროვნული მოძრაობის ლიდერების კამათი თუ უბრალო შელაპარაკება, მყის ხდებოდა საზოგადოების განსჯის საგანი. ამას კი ლიდერებს და მათ მომხრეებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვებოდა. შედეგად მივიღეთ მრავალ წვრილ-წვრილ პარტიად დაქსასული და ურთიერთდაპირისპირებული საქართველო. ქართველი დისიდენტების წინააღმდეგ კა-გე-ბეს "ოპერატიული კომბინაციები" შემდეგ "მართვადი ქაოსის” ოპერაციაში გადაიზარდა, რომელიც ათწლეულებია გრძელდება.

თუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს "გარედან" შევხედავთ, კარგად დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყანა 1989 წლიდან "მართვადი ქაოსის" რეჟიმში იმყოფება. იმ პერიოდში მე და ჩემი მეგობრები (რომელთაგან რამდენიმე დეპუტატიც გახდა და პირნათლად იღწვოდა პირველ ეროვნულ მთავრობასა და პარლამენტში) "სახალხო ფრონტის" აქტიური წევრები ვიყავით და უშუალოდ ვიღებდით მონაწილეობას მიმდინარე პროცესებში. საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, რაც ძალზე კარგად ჩანდა. მაშინ ასეთი პოპულარული ფრაზა იყო გავრცელებული: "იმპერია იმგრევა, ახლა მთავარია ჩვენ არ მოვყვეთ მის ნანგრევებში". თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. საქართველო ყველაზე მეტად დაზარალდა. საბჭოთა/რუსულმა იმპერიამ ყველაზე მეტად საქართველო დასაჯა! რა იყო ამის მიზეზი: ედუარდ შევარდნაძის ფაქტორი, თუ ურჩი პატარა რესპუბლიკის სამაგალითოდ დასჯის სურვილი, ეს ცალკე საუბრის თემაა. ფაქტია, რომ 1989 წლის დასაწყისიდან საქართველოში მზარდ დაძაბულობას "კარგი რეჟისორის" ხელი ეტყობოდა. კა-გე-ბემ ეთნოკონფლიქტების პროვოცირება ქრონოლოგიურად ამგვარად დაიწყო: აფხაზეთი, ქვემო ქართლი და სამაჩაბლო. ორივე მხრიდან რადიკალური და ექსტრემისტული მოწოდებები მოსკოვიდან იგეგმებოდა. 1989 წლის დასაწყისში პროვოკაციები სოხუმში საბედნიეროდ სისხლისღვრაში არ გადაიზარდა, შემდეგ ივნისის ბოლოს ქვემო ქართლში გადავრჩით შეიარაღებულ დაპირისპირებას აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენ თანამოქალაქეებთან. 1989 წლის 23 ნოემბერს კი ცხინვალში შესვლის და იქ მიტინგის ჩატარების რადიკალური მოწოდებები, რომ შესრულებულიყო, ეს უცილობლად სისხლისღვრას გამოიწვევდა. კა-გე-ბე ძალას არ იშურებდნენ, რომ ათასგვარი დეზინფორმაცია გავრცელებულიყო ყველაზე პატრიოტ და ზომიერ ლიდერებზე, რითაც გზას უკაფავდა ემოციურ და გაუწონასწორებელ პიროვნებებს.

ჩემი აზრით დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ სწორედ მაშინ, 1989 წლის შემოდგომიდან დაიწყეს საბჭოთა სპეცსამსახურებმა "მართვადი ქაოსის” სპეცოპერაციის ყველაზე დაუნდობელი პოლიტიკური მკვლელობების განხორციელება საქართველოში. დროც გამიზნულად იყო შერჩეული. გავიხსენოთ, რომ 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ საქართველოში "ერი და ბერი” არნახულმა ერთიანობამ მოიცვა. მთავარი იყო, თუ რა გზას აირჩევდა საზოგადოება (რომელიც ხშირ შემთხვევაში ბრმად მიჰყვებოდა ეროვნული მოძრაობის ლიდერებს): ზომიერს, გონივრულს, თუ ყველაზე უკომპრომისო-რადიკალურს. ვითომ შემთხვევითობა იყო, რომ "უხილავმა ძალამ” სწორედ ურაპატრიოტული ლოზუნგებისა და მოქმედებების მომხრე პოლიტიკურ ლიდერებს გაუკაფა გზა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად? ფაქტია, რომ 1980-იანი წლების ბოლოს ეროვნული მოძრაობის მომძლავრების და ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ კა-გე-ბემ შეძლო მნიშვნელოვან სახელისუფლებო და პარტიულ პოსტებზე თავისი აგენტურის გაყვანა. ერთი იმდროინდელი კა-გე-ბეს მაღალჩინოსანი წლების შემდეგ იხსენებდა: 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატების სია რომ ვნახე, თითქმის ნახევარი ჩვენი კონტიგენტი იყოო. კარგად მახსოვს იმ არჩევნებზე საქართველოს კომუნისტურმა მთავრობამ ფაქტიურად უბრძოლველად დათმო ხელისუფლება და ესეც "მართვადი ქაოსის" ოპერაციის შემადგენელი ნაწილი იყო. პარალელურად საბჭოთა კავშირის (შემდგომ რუსეთის) სპეცსამსახურებმა შეძლეს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შორის დაპირისპირების შეტანა და ქვეყნისთვის დამღუპველი სამოქალაქო ომის ინსპირირება. სხვადასხვა პარტიის ლიდერების მიერ ერთმანეთის კა-გე-ბეს აგენტობაში დადანაშაულების პირობებში უფრო იოლი ხდებოდა რეალური აგენტურის მუშაობა. "კრემლის აგენტობაში” ბრალდებებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა 1991 წლის დეკემბერის ბოლოს სამოქალაქო ომის დაწყებასა და მის ესკალაციაში. მტერი ორივე მხარეს აქეზებდა, ორივე მხარეზე იარაღს ყიდდა და საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს ჩვენი ხელით აღწევდა. შედეგად კი მივიღეთ: რამდენიმე ნაწილად გახლეჩილი ეროვნული მოძრაობა, სამოქალაქო ომი, აფხაზი და ოსი სეპარატისტების მოძლიერება და ომები, 2008 წლის აგვისტო - საბოლოოდ კი ქვეყნის ათწლეულებით უკუსვლა.

გასული საუკუნის 70 იანი წლების მოვლენების გამოძახილი დღესაც ძალზე აქტუალურია. რამდენიმე წლის წინ 9 მაისს ქართველების პრორუსულმა ორგანიზაციებმა თბილისში "გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი აქცია-მსვლელობები პირველად მოაწყვეს. რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული ეს ადამიანები ვითომდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავენ მიზნად, სინამდვილეში შეგნებულად, თუ შეუგნებლად რუსეთის იმპერიის დაკვეთას ასრულებდნენ. წითელი არმიის გამარჯვების აღსანიშნავი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი "ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე იყო. საყოველთაოდაა ცნობილი მისი პრორუსული შეხედულებები და მოქმედებები. ამ დროს კი, 1976 წელს მისი მამის, ვიქტორ რცხილაძის მიერ ვერმახტის გენერლის, შალვა მაღლაკელიძის დადებით კონტექსტში მოხსენიება ქართული დისიდენტური მოძრაობის დარბევის საბაბი გახდა, რასაც 1977 წელს ზ. გამსახურდიას, მ. კოსტავასა და ვ. რცხილაძის დაპატიმრება, ხოლო ერთი წლის შემდეგ მათი სხვადასხვა ვადით საქართველოს ფარგლებს გარეთ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გაგზავნა მოჰყვა. საინტერესოა ამჟამად რა მოვლენასთან გვაქვს საქმე: პოლიტიკურ ნიადაგზე მამა-შვილის დაპირისპირებათან, თუ უფრო ღრმად დასაფიქრებელ და შესასწავლ შემთხვევასთან?

(დასასრული)