"მოსახლეობამ დაგვირეკა მიწა ჩამოწვაო... რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ თვითლიკვიდაციას" - რა ფოტოებს აქვეყნებს თეა გოდოლაძე
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც მისი ინფორმაციით ტიციან ტაბიძის ქუჩის ზემოთ არის გადაღებული. როგორც გოდოლაძე წერს, მოსახლეობამ აცნობათ მიწის ჩამოწოლის შესახებ.
"ეს არის ტიციან ტაბიძის ქუჩის ზემოთ, ვაკეში. გუშინ მოსახლეობამ დაგვირეკა მიწა ჩამოწვაო. ძალიან ბევრჯერ ვთქვით! არ დატვირთოთ შენობებით ლისის და მთაწმინდის ფერდი თქო. დანაპრალებას და მეწყერს იწვევს.
არ შეიძლება ასეთი მშენებლობები და გრუნტის ჭრა. არ არის კარგი უბანი ვაკე ასეთი მშენებლობებისთვის.
ასეთი დანაპრალება ლოკალურად ერთი ჩაჭრის ბრალი არა მგონია იყოს. ძალიან დაიტვირთა ვაკეში ფერდი! ძალიან! რაღად უნდა ამას მიწისძვრა, უმიწისძვროდაც ვახერხებთ თვითლიკვიდაციას", - წერს თეა გოდოლაძე.