"მიხეილ სააკაშვილს 38,3 აქვს ტემპერატურა და წნევაც მაღალია, წონა 66 კილოგრამი და 700 გრამი - ადამიანი გაილია" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილს 38,3 აქვს ტემპერატურა და წნევაც მაღალია, წონა 66 კილოგრამი და 700 გრამი - ადამიანი გაილია"

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ხელისუფლება მზადაა, მიხეილ სააკაშვილი მოკლას.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლონეთი მზად იყო, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაეყვანა, მაგრამ ხელისუფლებისგან უარი მიიღო.

„ხელისუფლების მხრიდან მზაობა არის, რომ მოკლან. თითქმის წელიწად ნახევარი ამას ვხედავ პირადად. რაც შეეხება პოლონური მხარის მზაობას, ვიცი, რომ ჩამოსული იყო პოლონეთის პრეზიდენტი, რომელიც ითხოვდა წაყვანას, მაგრამ უარი მიიღო. იმავე წინადადებით ჩამოსული იყო პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ყველა უარს იღებდა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს დღეს 38.3 აქვს ტემპერატურა, ხოლო წონით 66 კილოგრამს იწონის.

„38,3 აქვს სიცხე და წნევაც მაღალი. წონა 66 კილოგრამი და 700 გრ. ვითხოვე, იქნებ სიცხე გაუზომოთ -მეთქი და მითხრეს, როცა ვიღაც უზის, მისი თანდასწრებით სიცხეს აღარ ვზომავთო. ადამიანი გაილია“, - განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 ქვეყნის სახელით იუსტიციის მინისტრისთვის დემარშის გადაცემა შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ ასეთ მხარდაჭერას შედეგი ექნება.

„წერილში წერია, რომ არის მძიმე მდგომარეობა და სასწრაფოდ საჭიროა მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. ეს არ არის დამალული ინფორმაცია. იმედია, გამოქვეყნდება.

იმედი მაქვს, ამ დემარშს შედეგი ექნება“, - განაცხადა ალასანიამ.

მან იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ ოფიციალური დემარში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს არ ეხება, არასწორი ინფორმაცია უწოდა.

„იმასაც ამბობენ, ჯანმრთელია ადამიანი, უნდა ირბინოს და ბევრი ჭამოსო, 1500 კალორია დღეშიო, მაგრამ მე ვხედავ რაც სჭირს“,-განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის დედამ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ძალიან კომპეტენტური ექიმები აწერენ ხელს, რის გამოც კმაყოფილი და მადლიერია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

დიპლომატის თქმით, ამ დემარშს ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ბრიუსელში დაეთანხმა. ჰერჩინსკის განცხადებით, იუსტიციის მინისტრ, რატი ბრეგაძესთან მას „ძალიან ღია და გულწრფელი საუბარი“ ჰქონდა.

IPN