"ქალბატონების გარეშე არარაობა ვარ!" - პედაგოგებისგან დაწუნებული ბელმონდოს წარმატებული კარიერა, ქალები და კონკურენცია ალენ დელონთან
კინოვარსკვლავების კარიერა თუ პირადი ცხოვრება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში, ამჯერად ფრანგული კინოს შეუდარებელ წარმომადგენელზე - ჟან-პოლ ბელმონდოზე მოგიყვებით, რომელმაც საოცარი სამსახიობო ოსტატობით მაყურებელს თავი განსაკუთრებულად შეაყვარა.
ფრანგული კინემატოგრაფის ვარსკვლავი 1933 წლის 9 აპრილს პარიზში დაიბადა. ჟან-პოლის მამა, პოლ ბელმონდო ალჟირში მცხოვრები იტალიური წარმოშობის მოქანდაკე გახლდათ, დედა - მადლენ ბელმონდო კი მხატვარი იყო.
ჟან-პოლი ბავშვობიდან იმდენად ლამაზი იყო, რომ მამა ხშირად სთხოვდა პოზირებას, რათა ბავშვის მიხედვით პატარა ანგელოზის ფიგურები შეექმნა. დედა კი ცელქ ბიჭს, რომელსაც ქუჩაში ფეხბურთის თამაში უყვარდა, სწავლას არ აძალებდა, თუმცა ხშირად დაჰყავდა სპექტაკლებზე, საბოლოოდ კი, ბიჭსაც თეატრის სიყვარული გაუჩნდა და მსახიობობა გადაწყვიტა.
ბიჭის გადაწყვეტილებით გახარებულმა მამამ, ჟან-პოლი მეგობართან წაიყვანა, რომელმაც ახალგაზრდას შემოწმების შემდეგ საკმაოდ ცუდი ვერდიქტი გამოუტანა:
„სამწუხაროდ, ჩემო მეგობარო, თქვენ მსახიობი ვერ გახდებით. სასცენო ხელოვნებისთვის თქვენ სრულიად გამოუსადეგარი ხართ“, - უთხრა მომავალ მსახიობს მამის მეგობარმა. მაშინ პოლ ბელმონდომ წარსულის გამოცდილება გაიხსენა და ვაჟი ანუგეშა: „დამწყები სკულპტორი რომ ვიყავი, ერთხელ პედაგოგმა ჩემი ბიუსტი დაამსხვრია და მითხრა, რომ უნიჭო და არარაობა ვარ, შემდეგ კი მითხრა, რომ გამეგრძელებინა საკუთარ თავთან მუშაობა“.
წლები გადიოდა, თუმცა უმცროს ბელმონდოს ოცნება არ შეუწყვეტია და ისევ სურდა მსახიობობა. სანამ მსახიობი გახდებოდა, ის აქტიურად იყო დაკავებული სპორტით, ვარჯიშობდა კრივში და ნახევრად საშუალო წონით კატეგორიაში პარიზის ჩემპიონიც გახდა.
სპორტის სიყვარულის მიუხედავად, 20 წლის ასაკში ჟან-პოლმა დრამატურგიული ხელოვნების კონსერვატორიაში ჩააბარა. მეამბოხე ბიჭი არასდროს ყოფილა საუკეთესო სტუდენტი, უფრო მეტიც, ბევრი პედაგოგი მას უნიჭოდაც თვლიდა. ერთ-ერთმა მათგანმა მომავალ მსახიობს გამოცდაზე განუცხადა:
„შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ შენ ამ შენი სახით სცენაზე ქალს მოეფერები. მაყურებელი ამას ვერ გადაიტანს, მთელი დარბაზი სიცილით მოკვდება“...
მსგავსი შეფასებების მიუხედავად, ახალგაზრდა მსახიობმა მალევე მოიგო მაყურებლის, განსაკუთრებით კი - ქალბატონების გული. ის ძალიან სიმპათიური იყო და მსახიობმა მალევე განაცხადა, რა იყო მისი სიცოცხლის აზრი:
„ქალბატონების გარეშე - არარაობა ვარ!“.
კონსერვატორიის დამამთავრებელ წელს ბელმონდო უკვე ითვლებოდა კურსის საუკეთესო მსახიობად, თუმცა მას „საუკეთესო მსახიობის“ ყოველწლიური პრემია არ მიანიჭეს, რამაც ბელმონდოს თანაკურსელებში დიდი პროტესტი გამოიწვია, ისინი სამართლიანობას მოითხოვდნენ.
კარიერა
1956 წელს, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ბელმონდომ პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმში - „მოლიერი“ მიიღო მონაწილეობა, სულ მალე კი ერთ-ერთ ფილმში ახალგაზრდა ალენ დელონთან ერთად ითამაშა. ისინი დამეგობრდნენ. მიუხედავად მეგობრობისა, ისინი ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, როგორც სცენაზე, ასევე - რეალურ ცხოვრებაში, თუმცა ამის შესახებ ღიად არ საუბრობდნენ, კონკურენცია კი უმეტესად ქალბატონების ყურადღებამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ფილმ „ბორსალინოს“ გამოსვლის შემდეგ ბელმონდო განრისხებული იყო, რადგან აფიშაზე პირველი ალენ დელონის სახელი ეწერა, შემდეგ კი - ჟან-პოლ ბელმონდოსი...
26 წლის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“, რომლის ზუსტი სცენარი რეჟისორს არ ჰქონდა დაწერილი, ბელმონდო კი მეამბოხეს როლს ასრულებდა, რომელსაც საზოგადოების აზრი არ აინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ზუსტი სცენარის არქონის გამო, ფილმის ზოგიერთი კადრი ფარული კამერით გადაიღეს. სწორედ ამ ფილმმა მოუტანა მსახიობს პირველი აღიარება. ყველა რეჟისორს სურდა, ბელმონდოს მათ ფილმებში ეთამაშა, ახალგაზრდები კი ცდილობდნენ, ბელმონდოსთვის მიებაძათ.
„ფილმის „უკანასკნელ ამოსუნთქვაზე“ შემდეგ, მთელი ჩემი ცხოვრება ზღაპრად იქცა. ტელეფონი დილიდან ღამემდე რეკავდა. მეგონა, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა და ყველა შემოთავაზებას ვთანხმდებოდი. ჩემი ცხოვრება სიზმარს ჰგავდა“, - აღნიშნა ბელმონდომ.
1965 წელს მაყურებელმა იხილა მორიგი ფილმი, რომელშიც ბელმონდო შესანიშნავად თამაშობდა. ფილმში „გიჟი პიერო“ მსახიობი მოტყუებული მამაკაცის როლს ასრულებს, ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე ჯილდო „ოქროს ლომიც“ მიიღო.
ამის შემდეგ ბელმონდომ კომერციულად უფრო წარმატებულ ფილმებში მიიღო მონაწილეობა. ერთ-ერთი მათგანი კი მეორე მსოფლიო ომის ვითარებას ასახავდა. ამ ფილმის შემდეგ მსახიობს ეკითხებოდნენ, ახსოვდა თუ არა მეორე მსოფლიო ომის პერიოდი.
„ომი რომ დაიწყო 8 წლის ვიყავი. პარიზიდან წამიყვანეს. პარიზის გათავისუფლების შემდეგ კი ისევ დავბრუნდით ქალაქში და კარგად მახსოვს ეს ბედნიერებით სავსე ატმოსფერო, ბედნიერებისგან აღელვებული ხალხი. ალბათ, ეს ყველაზე მეტად დამამახსოვრდა“.
1973 წელს ფილმმა „ბრწყინვალე“ მსახიობის კარიერა უფრო დიდ მწვერვალზე აიყვანა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საყვარელი ფილმი იყო საბჭოთა კავშირშიც. როგორც თავად ამბობდა, ამ სურათით მაყურებელს გაახსენდა, რომ ის პირველ რიგში კომედიური ჟანრის მსახიობია.
1981 წელს კი გამოვიდა ფილმი „პროფესიონალი“, რომელიც კინოკრიტიკოსების აზრით, ბელმონდოს საუკეთესო ნამუშევარია.
ფრანგმა მსახიობმა დაამტკიცა, რომ რამდენი დროც უნდა გავიდეს, ის მაინც შესანიშნავ მსახიობად რჩება. კინოვარსკვლავი მალე თეატრსაც დაუბრუნდა და სპექტაკლებშიც იღებდა მონაწილეობას.
60 წლის ასაკში კი მან განაცხადა, რომ მძაფრსიუჟეტიანი ფილმების მონაწილე აღარ იქნებოდა:
„არ მინდა, გავხდე ფრანგული კინოს მფრინავი ბაბუა... დავიღალე დამნაშავეებით და პოლიციელებით. ახლა უფრო კომედიური ჟანრის ფილმები მხიბლავს. თუ ჩემი ოცნება ახდება, თეატრისთვის კინოს დავტოვებ“ - განაცხადა მსახიობმა.
მოგვიანებით მან საკუთარი კინოსტუდიაც დააარსა.
2001 წელს კინოვარსკვლავმა ინსულტი გადაიტანა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მას ხელჯოხით შეეძლო სიარული.
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 2008 წელს, ბელმონდო ისევ გადაიღეს ახალ ფილმში, სადაც ის მოხუცის როლს ასრულებდა. მაყურებელს კი არ სურდა დაეჯერებინა, რომ ერთ დროს მომხიბვლელი ახალგაზრდა მსახიობი მოხუც მამაკაცად იქცა...
„მიუხედავად იმისა, რომ 95 ფილმში გადამიღეს და თეატრში 40 როლი შევასრულე, ამ ფილმის გადაღებებზე ისეთი ბედნიერი ვიყავი, როგორც არასდროს. ეს ფილმი არ ჰგავს იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი, ყველაზე განსხვავებული ნამუშევარია“, - აღნიშნა მსახიობმა.
პირადი ცხოვრება
ბელმონდო როგორც კინოში, პირად ცხოვრებაშიც მშვენიერი ქალბატონების გარემოცვაში იმყოფებოდა. ოფიციალურად ის ორჯერ დაქორწინდა.
მსახიობის პირველი მეუღლე ელოდი კონსტანტენი იყო, რომლისგანაც მას სამი შვილი ჰყავს. ახლობლები ჟან-პოლის მეუღლეს რენეს ეძახდნენ, თუმცა ეს სახელი მსახიობს არ მოსწონდა. ბელმონდო მეუღლეს იმ სიმღერის პერსონაჟის სახელით მიმართავდა, რომელიც მათი გაცნობისას ჟღერდა.
12-წლიანი ქორწინების შემდეგ ელოდიმ მსახიობთან განქორწინება გადაწყვიტა. მსახიობ ურსულა ანდრესსთან ურთიერთობა იყო ის ბოლო წვეთი, რამაც ელოდის განქორწინება გადააწყვეტინა.
ურსულასა და ბელმონდოს რომანი 7 წელი გაგრძელდა. ურსულა დიდი სიამოვნებით უმშვენებდა გვერდს ჟან-პოლს სხვადასხვა ღონისძიებაზე, თუმცა ოჯახის შექმნაზე მაინც არ ფიქრობდნენ.
შემდეგი რომანი ბელმონდოს ეროტიკული ფილმების იტალიელ მსახიობთან - ლაურა ანტონელისთან ჰქონდა. ამ შემთხვევაშიც წყვილი ერთად 7 წლის განმავლობაში იყო, თუმცა არ დაოჯახებულან. როგორც ცნობილია, ქალს თავისუფლება სურდა და ეს გახდა მათი დაშორების მიზეზი. ლაურამ დაშორება ძალიან განიცადა, დეპრესიაში ჩავარდა და ალკოჰოლური სასმელების დალევაც დაიწყო.
ბელმონდოს შემდეგი რომანი 48 წლის ასაკში დაიწყო, მისი რჩეული 19 წლის მოდელი მარია სოტომაიორი გახლდათ. ეს ურთიერთობაც 7 წლის შემდეგ დასრულდა... დაშორებისას მარიამ მსახიობს იორკშირ ტერიერის ლეკვი აჩუქა და უთხრა, რომ ამ ძაღლთან მაინც ეპოვა ბედნიერება და ისე აღმოჩნდა, რომ ლეკვმა მაიამ მართლაც აპოვნინა მსახიობს ბედნიერება.
1989 წელს ბელმონდომ საყვარელი ძაღლი Roland Garros-ის ტურნირზე წაიყვანა, მოულოდნელად ტრიბუნაზე მსახიობმა ამავე ჯიშის ძაღლით ქალბატონი შენიშნა, რომელსაც ძაღლების დამეგობრების მიზნით გაეცნო. ქალბატონი მონაკოელი ბალერინა ნატალი ტარდიველი აღმოჩნდა. ასაკში 30-წლიანი სხვაობის მიუხედავად, მათ ერთმანეთი მალევე შეუყვარდათ. 2001 წელს კი, როცა ჟან-პოლი ცუდად იყო, სწორედ ნატალი ეხმარებოდა მსახიობს გამოჯანმრთელებაში.
70 წლის ასაკში კი მსახიობს საყვარელმა ქალმა დიდი საჩუქარი გაუკეთა, ნატალიმ ბელმონდოს გაუმხილა, რომ ის მალე მამა გახდებოდა. 2003 წლის 13 აგვისტოს მათ გოგონა - სტელა შეეძინათ. 2008 წელს ცნობილი გახდა, რომ ნატალის გული სხვა მამაკაცმა დაიპყრო, რომელიც ქალს ასაკით უფრო შეეფერებოდა. მეუღლემ ეს ყველაფერი გაიგო და ნატალი ყოველგვარი სკანდალის გარეშე გაუშვა.
2011 წელს ყვითელი პრესით ცნობილი გახდა ბელმონდოს ახალი რომანის შესახებ, ამჯერად მსახიობის რჩეული „ფლეიბოის“ მოდელი ბარბარა გენდოლფი გახდა. სულ მალე კი საზოგადოებამ გაიგო, რომ სამართალდამცველები ბარბარას მის ყოფილ ქმართან ერთად თაღლითობაში ადანაშაულებდნენ. ეს ამბავი მსახიობმა არ დაიჯერა მიუხედავად იმისა, რომ ჟან-პოლის ყოფილ მეუღლესა და შვილს მუქარების შემცველი შეტყობინებები მისდიოდათ, მსახიობის ვილა კი ორჯერ გაძარცვეს. საბედნიეროდ, მალე გამოაშკარავდა ბარბარას თაღლითური სქემა, თუმცა მსახიობმა მას მაინც არ უჩივლა, მან ქალთან ურთიერთობა შეწყვიტა.
ბოლო პერიოდში მსახიობი მარტო ცხოვრობდა... 2021 წლის 6 სექტემბერს მსოფლიო კინომოყვარულებმა სამწუხარო ამბავი გაიგეს, ფრანგი კინოვარსკვლავი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.