"რუსეთშიც ვიყავი ჩასული ქმრის სანახავად და იქ გავიგე, რომ სხვა ოჯახი შეუქმნია. ძალიან შეურაცხყოფილი, თავგზააბნეული წამოვედი, დიდხანს ვტიროდი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა" - კვირის პალიტრა

"რუსეთშიც ვიყავი ჩასული ქმრის სანახავად და იქ გავიგე, რომ სხვა ოჯახი შეუქმნია. ძალიან შეურაცხყოფილი, თავგზააბნეული წამოვედი, დიდხანს ვტიროდი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა"

ახალგაზრდა ქალი გულახდილად საუბრობს თავის ცხოვრებაზე, აშკარად ხმაშიც ეტყობა, რომ ამდენი წლის მერეც ძალიან განიცდის თავისი უიღბლო ქორწინების ამბავს. წლების წინ, ქმარმა 4 წლის გოგონასთან ერთად მიატოვა, ისე დატოვა, რომ განმარტებებიც კი არ გაუკეთებია. ამ დრომდე შვილთან კომუნიკაციაც კი არ აქვს, არადა, გოგონა უკვე მეორე კურსის წარმატებული სტუდენტია.

მაიკო:

- სიმართლე გითხრათ, ამ ინტერვიუზე მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდით, რომ მინდა ჩემ მსგავსად მიტოვებულ ქალებს ვუთხრა, ფარ-ხმალი არ დაყარონ და იბრძოლონ. ბრძოლას და შრომას ყოველთვის აქვს ფასი და ისინი აუცილებლად შეძლებენ ყველა მიზნის მიღწევას.

კარგი ბავშვობა მქონდა, მშობლები არაფერს მაკლებდნენ და მეც კარგად ვსწავლობდი. მშობლები ყველა სურვილს მისრულებდნენ და ცხოვრებას ლამაზ ფერებში ვხედავდი, მაგრამ რომ წამოვიზარდე, მერე ყველაფერი შეიცვალა, ბევრი ტკივილიანი დღე მქონია ცხოვრებაში, მაგრამ ამის მიუხედავად, დღეს წუწუნს არ ვაპირებ. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ჯანმრთელი, მოსიყვარულე და ლამაზი შვილის დედა ვარ და მეც ყველაფერს ვაკეთებ მისი კარგად ყოფნისთვის. არავინ იცის, ცხოვრება ვის რა გამოცდას უმზადებს, ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, შვილები პატარაობიდანვე შევაჩვიოთ შრომას და ცხოვრებასთან ბრძოლას. მე ერთი განებივრებული გოგონა ვიყავი, მერე როცა აღმოვჩნდი პრობლემების წინაშე, გამიჭირდა. მერვე კლასში ვიყავი, ჩემი სკოლელი ბიჭი რომ შემიყვარდა. ეს მართლაც გულწრფელი გრძნობა იყო, მასაც ძალიან ვუყვარდი და ხშირად გვიოცნებია ჩვენს მომავალზე. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, ჩვენი გზები გაიყარა და ერთმანეთს დავშორდით. მას დღეს ოჯახი ჰყავს, შვილები და იმედია, ბედნიერია.

- რატომ დაშორდით ერთმანეთს?

- არ მინდა ამაში ვინმე დავადანაშაულო. ალბათ ამ გადასახედიდან სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ მაშინ ბავშვი ვიყავი და ოჯახისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შევძელი. ჩვენი დაშორება ჩემი ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო. სკოლას რომ ვამთავრებდით, იმ წელს ჩემი შეყვარებული ავარიაში მოყვა, სერიოზულად დაშავდა, რამდენიმე თვე კლინიკაში გაატარა, ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ამ ფაქტს ყველანი განვიცდიდით. საავადმყოფოში ვაკითხავდი, ვამხნევებდი, ყველამ იცოდა, რომ ჩვენ შეყვარებულები ვიყავით და ყველაზე მეტად როცა ვჭირდებოდი, მაშინ სულ მის გვერდით ვიყავი. კლინიკიდან რომ გამოწერეს დიდ დეპრესიაში იყო, მაშინაც გვერდიდან არ მოვშორებივარ. დედაჩემი ამას ვერ შეეგუა, სულ აპროტესტებდა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ დავშორებოდით.

- რატომ?

- როგორც ჩანს, ხეიბარი სიძე არ უნდოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლად თბილისში წამოვედი, ის ბიჭი რაიონში დარჩა, მას სწავლა არ გაუგრძელებია. ვურეკავდი და მის ამბებს სულ ვიგებდი, ხშირად თბილისშიც ჩამოდიოდა, მაგრამ მერე მოულოდნელად გაწყვიტა ჩემთან ყველანაირი კომუნიკაცია. არც ზარებზე მპასუხობდა. ერთ დღეს მესიჯი გამომიგზავნა და მწერდა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მიზეზი არც განუმარტავს. დიდი ხნის მერე გავარკვიე, რომ მას დედაჩემი შეხვდა და მოსთხოვა, ჩვენი ურთიერთობა დაესრულებინა. ამაყი ბიჭი იყო, ეტყობა ამ სიამაყეს არ გადააბიჯა და გაწყვიტა ჩემთან კავშირი. ერთხელ, შეხვედრას ვითხოვდი, რომ მიზეზი აეხსნა, მაგრამ უარი თქვა. ასე გავიდა სამი წელი. ძალიან ბევრჯერ მიტირია და მინერვიულია...

ცხოვრება გრძელდება, თბილისში სტუდენტობის დროს გავიცანი გიორგი, მას მოვწონდი, მაგრამ თავიდან კატეგორიულ უარზე ვიყავი, მერე დათოზე გაბრაზებული მას გავყევი ცოლად ისე, რომ არ მიყვარდა. ახლა რომ ვუფიქრებდი, არ მაქვს პასუხი იმაზე, რატომ გავთხოვდი უსიყვარულოდ. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, გიორგი შემიყვარდა და მეც ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე ვიყავი. ორივე ერთ სამსახურში ვმუშაობდით და ბედნიერად ვგრძნობდით თავს. მერე ფეხმძიმედ დავრჩი და ამიტომ მომიწია სამსახურიდან წამოსვლა. თვითონ თამაში დაიწყო და რასაც მუშაობდა, ყველაფერს აგებდა. ვალებიც დაიდო და სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. ამის გამო გვქონდა კონფლიქტები. სამსახურიდანაც მოუწია წამოსვლამ და მთლად უმუშევარი დარჩა. ჩემმა მამამთილმა თავის ძმასთან, მოსკოვში გაუშვა სამუშაოდ. მას იქ მაღაზიები ჰქონდა და უთხრა, მე დავასაქმებო. მე და ჩემი შვილი დავრჩით მის მშობლებთან და თვითონ წავიდა. კარგა ხანს იქიდან აგზავნიდა ბიძამისი თანხებს, რომ აქ გიორგის დატოვებული ვალები გაგვესტუმრებინა. დიდი ნაწილი გაისტუმრა, ჩემი ოქროულობა ლომბარდში დარჩა და ყველაფერი დაიკარგა. თავიდან რეკავდა, გვეუბნებოდა, რომ ჩვენც წაგვიყვანდა მასთან, მაგრამ ორ წელიწადში უკვე დარეკვითაც აღარ რეკავდა. მერე ჩემი მამამთილი ჩავიდა მასთან, ისიც იქ იყო თითქმის ერთი წელი, ისიც მუშაობდა, იქიდან რომ დაბრუნდა, შევატყვე, რომ დიდად არ სიამოვნებდა მე და ჩემი შვილი მათ სახლში რომ ვიყავით და გამუდმებით იმას მიმეორებდა, რომ გიორგი აქ ჩამომსვლელი არ იყო.

- რატომ?

- დღესაც არ მაქვს ამაზე პასუხი. ჩვენ არც კი გვიჩხუბია, არ გვქონია სერიოზული დაძაბული ურთიერთობები. განვიცდიდი მის თამაშდამოკიდებულებას, მაგრამ მას მერე, რაც ვალებს ისტუმრებდა, უფრო მშვიდად ვიყავი. ნელ-ნელა გაწყვიტა ჩვენთან კომუნიკაცია, უკვე არც ფინანსურად გვეხმარებოდა მე და ჩემს შვილს. მამამთილს ვთხოვე, გაერკვია, რას აპირებდა, მაგრამ თავს დიდად არ იწუხებდა, ვხედავდი, მათთვისაც ტვირთი ვიყავით მე და ჩემი შვილი. ასეთ გაურკვევლობაში რამდენ ხანს ვყოფილიყავით და ჩემს მშობლებთან წამოვედი. მაშინ გაიგეს ჩემი ოჯახის წევრებმა ყველაფერი, მანამდე ამ ამბებს სულ ვუმალავდი. ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი. შემოსავალი არ მქონდა, რადგან უკვე რაიონში გადავბარგდით და იქ სამსახურის შოვნაც არ იყო ადვილი.

ბავშვი დედასთან დავტოვე და ისრაელში წავედი სამუშაოდ. მინდოდა, როგორმე ბინის ფული მომეგროვებინა და ცხოვრება თავიდან დაგვეწყო. ძალიან გამიჭირდა შვილის გარეშე ყოფნა და ბავშვსაც ძალიან უჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სახლებს ვალაგებდი, ბევრს ვშრომობდი და ასე მოვაგროვე ბინის საყიდელი ფული. ჩემებმა მომიძებნეს თბილისში ბინა, მიყიდეს და დედა ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებლად იქ გადავიდა. პირობები მოვიწყე, ცოტა ფულიც მოვაგროვე. შვილს დავპირდი, სკოლას რომ დაამთავრებ, იმ დროისთვის მეც ჩამოვალ-მეთქი საქართველოში და ეს დაპირება შევასრულე. ჩავალაგე ჩემოდანი და ჩემს შვილთან დავბრუნდი. გარკვეული თანხა მქონდა მოგროვილი და საცხობი გავხსენი. დღეს ეს პატარა ბიზნესი მაქვს და თავის რჩენას ვახერხებთ. კიდევ ერთი ბინა ვიყიდე და ისიც გაქირავებული მაქვს. მე და ჩემს შვილს გვყოფნის ეს შემოსავალი. ის სტუდენტია, კარგად სწავლობს და უნივერსიტეტს რომ დაამთავრებს, სურვილი აქვს, მერე საზღვარგარეთ გააგრძელოს სწავლა. თუ ეს გადაწყდა, დედა-შვილი ერთად წავალთ, მთელი ეს წლები იმდენად დიდი იყო მისი მონატრება, რომ მას მარტო ვერ გავუშვებ. ვცდილობ, არაფერი მოვაკლო.

ამდენი წელი გავიდა და მამასთან ურთიერთობა არ აქვს.

ბედნიერი ვარ იმით, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს, არც მამის ნათესავებთან აქვს კომუნიკაცია. უკვე დიდია გოგოა და ჩემთან მამაზე არ საუბრობს. უარს ამბობს ბებიასთან და ბაბუასთან შეხვედრაზე. ამდენი ხნის განმავლობაში ისე გავიზარდე, ერთი არ მოვუკითხივართო. მე აღმოვჩნდი ძლიერი და შევძელი პრობლემებთან ბრძოლა. უფლის მადლობელი ვარ, რომ ეს გამომივიდა და კარგი შვილის დედა ვარ. მანაც დააფასა ჩემი შრომა და სულ ცდილობს, გამახაროს.

- ახალი ოჯახის შექმნაზე არ გიფიქრიათ?

- არა. მყავს შვილი და ბედნიერი ვარ ამით.

- თქვენს მეუღლესთან მერე კომუნიკაცია არ გქონიათ?

- რამდენიმე წელი ჩვენ განქორწინებულებიც კი არ ვიყავით. საზღვარგარეთ რომ მივდიოდი, მაშინ გავაკეთე სასამართლოს გზით განქორწინება. მაშინ ისიც გავიგე, რომ რუსეთში მას სხვა ოჯახი ჰქონდა და იქ შვილიც ჰყავდა. ეს ამბავიც დამიმალეს მისმა მშობლებმა და ამიტომ, ამის მერე მათთან კომუნიკაციაც არ მქონია. რუსეთშიც ვიყავი ჩასული მის სანახავად, იქ გავიგე, რომ სხვა ოჯახი ჰქონდა და წერტილიც საბოლოოდ მაშინ დავსვი. ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი და იქიდან თავგზააბნეული წამოვედი, დიდხანს ვტიროდი, იმედგაცრუებული ვიყავი და არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მაგრამ გამოსავალი ვიპოვე. ბევრი ვიბრძოლე და დღეს ყველაფერი მაქვს. ბედნიერი ვარ ჩემი შვილით და მიხარია, რომ ის ჩემს ამაგს აფასებს.

ყველა მარტო დარჩენილ ქალს მინდა ვუთხრა, არ დანებდეს, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იცხოვრონ თავიანთი ბედნიერებისთვის. თუ იშრომებენ, ამას მიაღწევენ კიდეც.

უამრავი ქალი ვიცი, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს უცხო ქვეყანაში იმისთვის, რომ ოჯახი არჩინოს. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის ქმარი სახლში ზის და იმას ელოდება, როდის გამოუგზავნის ცოლი იქიდან ფულს. ამის წინააღმდეგი ვარ, რომ ცოლებმა ქმრები არჩინონ. შვილს არაფერი უდგას წინ, შვილისთვის მართლა ყველაფერს გააკეთებს ადამიანი და მინდა, ყველა დედას ჯანმრთელი შვილი გვყავდეს და ის შრომა დაგვიფასდეს .

(სპეციალურად საიტისთვის)