კლდიდან 2-3 ნაბიჯში დანახული ამქვეყნიურ-იმქვეყნიურ სამყარო - კედელზე გადაშლილი სამოთხე, ჯოჯოხეთი და განკითხვის დღე! - კვირის პალიტრა

კლდიდან 2-3 ნაბიჯში დანახული ამქვეყნიურ-იმქვეყნიურ სამყარო - კედელზე გადაშლილი სამოთხე, ჯოჯოხეთი და განკითხვის დღე!

იხილეთ დასაწყისი - 4-სართულიანი ვაზელონის მონასტრის იდუმალი ტალანები

დიდხანს დავყავით ულამაზესი და იდუმალი ვაზელონის ტყვეობაში. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე იყო, ერთმანეთსაც ნაკლებად ველაპარაკებოდით, ისიც - ჩურჩულით და, ალბათ, ქვეცნობიერის კარნახით ვიქცეოდით ისე, როგორც მონასტრის სტუმრებს შეეფერებოდა, თუნდაც - მასპინძელი ბერების არყოფნისას. იქაურ მყუდროებას ხანდახან ჩვენი ფეხის ხმა ან სართულიდან სართულზე, ნანგრევებს შორის ძრომიალისას, ფეხქვეშ გამოცლილი და ხმაურით დაგორებული ქვა თუ არღვევდა, კიდევ - შიგადაშიგ აპარატების ჩხაკუნიც - ვინ იცის, როდის დავბრუნდებოდით ვაზელონში და, აბა, იქაური ტალანების თუ გასაოცარი ფრესკების გადაღების შანსი როგორ გაგვეშვა ხელიდან!

2-1677589955..jpg

3-1677589969..jpg

თავახდილი, სენაკებში ხეებ და ძეძვნარამოსული 4-სართულიანი ვაზელონის მონასტრის "ლაბირინთებში" დავძვრებოდით და, თითქოს, საუკუნეების ისტორია ცოცხლდებოდა თვალწინ - მრავალი თავდასხმა-აწიოკება, მხოლოდ 490 წელიც კი კმარა იმ საშინელებების აღსაწერად - სასანიდური სპარსეთის დარბევას შეწირული 400-მდე ბერი; დროთა განმავლობაში მრავალჯერ დანგრეული და კვლავ აღდგენილი მონასტერი... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად მაინც 565 წელს ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის მიერ აღდგენილ ვაზელონს მიიჩნევენ. დღეისთვის შემორჩენილი ნაგებობა კი ტრაპიზონის იმპერიაში ააგეს, 1410 წელს.

4-1677590107..jpg

5-1677590117..jpg

რომელი ერთზე გიამბოთ - 1821 წელს მონასტრის წინამძღვარ ქრიზანთოსის გამჭრიახობისა და დიპლომატიის წყალობით და გულუხვად გაცემული სიმდიდრით ხოცვა-ჟლეტასაც გადარჩენილ მიმდებარე 40 სოფელზე თუ ოსმალთა ბატონობისას მონასტრის ბერების უმნიშვნელოვანესი ჩანაწერებითა და უძვირფასესი ხელნაწერებით სავსე გიგანტური ბიბლიოთეკის მრავალგზის გაძარცვაზე; ან იქნებ მონასტრის უკანასკნელ ბერზე, დიონისიოს ამარანტიდისზე, რომელმაც როგორღაც მაინც მოახერხა წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატის გადარჩენა. ეს ხატი ჯერ ეგეოსის კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრში, საბერძნეთის აგია ტრიადას ანუ ყოვლადწმინდა სამების მონასტერში დაასვენეს, შემდეგ კი რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში გადააბრძანეს და დღემდე იქ ინახება.

6-1677590130..jpg

7-1677590138.jpg

ვაზელონის მონასტერი ბერძენი ბერებისგან და სამონასტრო ცხოვრებისგან 1923 წელს, თურქეთსა და საბერძნეთს შორის მოსახლეობის გაცვლის შედეგად დაიცალა. ბერების წასვლის შემდეგ უძველესი, უმდიდრესი და რეგიონში განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეული ვაზელონის მონასტერი სამუდამოდ დადუმდა...

ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასეა, თუმცა...

8-1677590156.jpg

9-1677590168.jpg

მონასტრის კედლების ნაწილი დღესაც მყარად დგას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ფრესკების "შეუპოვრობა" მაოცებს - როგორ შეინარჩუნა თავმოხდილმა მონასტერმა მათი სილამაზე და ფერები?! ვფიქრობ, ეს მაინც გონიერი აღმშენებლების დამსახურებაა - სტრატეგიულად ყველა თვალსაზრისით კარგ ადგილას აუშენებიათ მონასტერი. არემარე კარგად რომ დავათვალიერეთ, მივხვდით, რომ ფრესკების ნაწილი ზემოდან გადმოფარებულმა კლდემ დაიცვა! ყველაზე მძაფრი შთაბეჭდილება ზედა სართულზე, ეკლესიის კედლების ჩრდილოეთ ნაწილის ფრესკამ დაგვიტოვა - სამოთხის, ჯოჯოხეთისა და განკითხვის დღის უმაღლეს დონეზე შესრულებულმა კომპოზიციამ.

10-1677590186.jpg
მზია ეგიაშვილი

მცირე მანძილი იყო, ასე, 2-3 ნაბიჯი მოხატულ მაღალ კედელსა და მოპირდაპირე კლდეს შორის, ამიტომ მე, მზევინარ მჟავანაძე და თამთა ჭანტურია მხოლოდ ქვემოდან ყურებას და გადაღებას ვერ დავჯერდით და რიგრიგობით ავძვერით კლდეზე. მახსოვს, მონუსხული შევყურებდი მთელ კედელზე გადაშლილ ამქვეყნიურ-იმქვეყნიურ სამყაროს. რას განვიცდიდი, ახლაც ვერ ვიტყვი, ერთბაშად წუთებში ბევრი ფიქრი და ემოცია ჩნდებოდა - ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების ამაოებაზე თუ ამქვეყნად ადამიანის მნიშვნელობაზე; ცოდვა-მადლზე, სინანულზე, ტკივილზე, სიხარულზე, სიყვარულზე, გარდაცვალებაზე, სამყაროს უსასრულობაზე... თითქოს, ხელისგულზე გადამეშალა ყველაფერი, ერთად აღებული! გვიან გამახსენდა, რომ ფოტოც უნდა გადამეღო - წარმოუდგენელი იყო, მხოლოდ თვალის მეხსიერებისთვის მიმენდო ეს საუცხოო ნამუშევარი!

11-1677590224..jpg
მზევინარ მჟავანაძე

ზუსტად ვგრძნობ - ვაზელონის მონასტერი ბევრ საიდუმლოს ინახავს, მათ შორის - საქართველოს ისტორიისასაც, რადგან იმ მხარეში, ისტორიულ ლაზეთში, ქართველებიც ცხოვრობდნენ, ამიტომ რაც შეიძლებმა ბევრმა ქართველმა უნდა მოინახულოს იქაურობა. მით უფრო, ლაზეთში მოგზაურობისას, ეს ისტორიული ადგილი და ძეგლი აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან არქიტექტურაც უნიკალური აქვს და - ფრესკებიც. რაც მეტი ადამიანი ივლის, მით უფრო დაინტერესდება თურქეთის სახელმწიფო მისი აღდგენით, იქნებ ვაზელონსაც გაუმართლოს, სუმელას ბედი გაიზიაროს და გაცოცხლდეს.

ვაზელონის მონასტრიდან გამოსული, სულ სხვა თვალით დავაკვირდი კლდეს, რომელიც მოსვლისას ამოვიარეთ. ამ რაკურსით უჩვეულოდ გამოჩნდა იქაურობა - კლდე თითქოს "გარმონივით" იყო დაკეცილი და თითოეული ნაკეცი მუზარადიან და აბჯარასხმულ მეომარს მაგონებდა. ასე მეგონა, მთელი ჯარი გვაცილებდა ვაზელონიდან.

12-1677590250..jpg

13-1677590262..jpg

გაგრძელება იქნება