"ვფიქრობ, მთავარი სიყვარული ჯერ არ გამომიცდია"
ნოდიკო ტატიშვილი ჩვენს ბლიც-შეკითხვებს პასუხობს:
- ბავშვობისას რა პროფესიაზე ოცნებობდით?
- სანამ მომღერლობას გადავწყვეტდი, ექიმობაზეც ვფიქრობდი. თუმცა, სცენაზე როგორც კი დავდგი ფეხი, მივხვდი, ამის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო.
- ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეთ, რამეს შეცვლიდით?
- ვფიქრობ, რა გზაც უნდა გამევლო აქამდე, უკვე გავიარე და საკმაოდ კარგი გამოცდილებაც მივიღე, თუმცა რაღაცებს ალბათ შევცვლიდი, მაგრამ არა რადიკალურად.
- თქვენი პირველი წარმატება გაიხსენეთ...
- ჩემი პირველი წარმატებაც და ასე მგონია, ყველა წარმატების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს; ამაზე დიდი წარმატება და გამართლება არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. ისე, ზოგადად, ერთ წარმატებას ვერ გამოვყოფ. მადლობა ღმერთს, წარმატება ბევრჯერ მიგემია და იმედია, უფრო მეტი მექნება.
- დაასახელეთ თვისება, რომელიც თქვენში ყველაზე მეტად მოგწონთ...
- პასუხისმგებლობის გრძნობა, ერთგულება, გრანდიოზული სიყვარულის უნარი...
- პატიება შეგიძლიათ?
- კი, თუ ვხედავ, რომ ადამიანი გულწრფელად ნანობს და განიცდის. მხოლოდ აღიარება არაა საკმარისი ჩემთვის.
- ამწუთას რას ინატრებდით?
- ცოტა ხნით მაინც დავიბრუნო საყვარელი ადამიანები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან. ჩავეხუტო და მოვეფერო...
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საყვარელი ადამიანების დაკარგვის.
- რამეს მალავთ?
- რაღაცებს ვმალავ, ალბათ... ისე, რასაც უახლოეს მეგობრებთან ვყვები, იმ თემებზე საჯაროდ არ ვსაუბრობ და ეს ნორმალურია.
- სიყვარული რა არის?
- ვფიქრობ, მთავარი სიყვარული ჯერ არ გამომიცდია. ისე, სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანი შეგრძნებაა, რომელიც განსაკუთრებული ემოციებით გმუხტავს.
- პირველად როდის შეგიყვარდათ?
- საბავშვო ბაღში. მაშინ ალბათ 3 წლის ვიყავი. მზიკო ერქვა, ძალიან საყვარელი გოგო იყო. მახსოვს, წამითაც არ ვტოვებდი მარტოს, როცა ბაღში ვიყავით.
- სიზარმაცე გახასიათებთ?
- ძალიან არ მსიამოვნებს ზარმაც და უპასუხისმგებლო ადამიანებთან ურთიერთობა. სიზარმაცე საშინელებაა. მე არ ვარ ზარმაცი და ეს შემიძლია თავმდაბლობის გარეშე გითხრათ.
- ვინ არის მომღერალი, რომელთანაც დუეტს სიამოვნებით ჩაწერდით?
- სტივ ვანდერი. ეს ჩემი ნატვრაა.
- ტყუილს რა შემთხვევაში ამბობთ?
- როცა სხვა გამოსავალი არაა. თუმცა, არასდროს მითქვამს ტყუილი, რომელიც სხვას დააზიანებდა ან გულს ატკენდა.
- როცა მარტო ხართ, დრო როგორ გაგყავთ?
- მუსიკას ვუსმენ ან ფილმს ვუყურებ, ხანდახან ვკითხულობ. არც ისე იშვიათად მინდება მარტო ყოფნა.
მარიამ ჭანტურია