"ქართული ოცნება" კონტროლის გამყარებას ცდილობს, რისთვისაც სათანადოდ იყენებს საკუთარ დანამატს - "ხალხის ძალას"
აშშ-ში ისევ ღრმა შეშფოთების საფუძველი უწოდეს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და განაცხადეს, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნედ პრაისის შეფასებით, ეს კანონი სტიგმატიზაციას მოახდენს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც საკუთარი საზოგადოების უკეთესი მომავლის მშენებლობის ერთგულნი არიან. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოზიციაა, რომ მსგავსმა კანონმა შესაძლოა, პოტენციურად ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რომელსაც ბოლო ათწლეულებია, ქართველი ხალხი მკაფიოდ გამოხატავს. მან აშკარად მცდარი უწოდა განცხადებებს, რომ ქართული კანონპროექტი ამერიკულ კანონებს ეფუძნება. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თანახმად, კანონპროექტი, როგორც ჩანს, ეფუძნება ანალოგიურ, რუსულ და უნგრულ კანონებს და არა - ამერიკულს. შეუშლის თუ არა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის კანონად ქცევა საქართველოს ევროინტეგრაციას, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- როდესაც ოპოზიცია სუსტია, მმართველი გუნდი ცდილობს, ისარგებლოს მოცემული სიტუაციით და მთლიანად აიღოს ხელში ქვეყნის კონტროლი. „ქართული ოცნება“ ახლა სწორედ კონტროლის გამყარებას ცდილობს, რისთვისაც სათანადოდ იყენებს საკუთარ დანამატს - „ხალხის ძალას“. ახლოვდება არჩევნები და იწყება შეტევა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მედიასაშუალებებზე და ა.შ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მხოლოდ დასაწყისია. ე.ი აკრძალვით კი არა, დისკრედიტაციით იწყებენ, არასასურველ სუბიექტებს აგენტებს არქმევენ. რაც შეეხება, დიმიტრი ხუნდაძის და ირაკლი კობახიძის თავის მართლებას, რომ თითქოს კანონპროექტი ამერიკული მოდელის ანალოგია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მსგავსი კანონი ამერიკაში შემოიღეს 30-იან წლებში ანუ თითქმის ერთი საუკუნის წინ. კანონი მუშაობს დროისა და სივრცის შესაბამისად. არასწორია დღეს დანერგო საკუთარ ქვეყანაში ის კანონი, რომელიც ამერიკასა და დანარჩენ მსოფლიოში ერთი საუკუნის წინ მუშაობდა. როდესაც ვამბობთ, რომ კანონი რუსულია, დოკუმენტის შინაარსს კი არ ვგულისხმობთ, ის პროცესები გვაქვს მხედველობაში, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვა რუსეთში. რა მოხდა რუსეთში?! შეიზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა, ოპოზიციური მედია მთლიანად განიდევნა და ა.შ. „ქართული ოცნება“ კანონს ჯერ მიიღებს და შემდეგ ნელ-ნელა დაიწყებს შესწორებების შეტანას.
- როგორც ხუნდაძემ გვითხრა, კანონპროექტის ორივე ვერსია, ვენეციის კომისიას გადაუგზავნეს. თქვენი აზრით, როგორი იქნება ეს შეფასება და რამდენად გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის შენიშვნებს „ქართული ოცნება“?
- არ მაქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ რამე შენიშვნას გაითვალისწინებს. კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა პიარისთვის გამიზნული ნაბიჯია. 27-მა ევროპულმა ქვეყანამ უკვე გამოხატა საკუთარი პოზიცია, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზეც და ამ კანონზეც, მაგრამ ამას არ ითვალისწინებს "ქართული ოცნება". ნახეთ, რას აკეთებს? ცდილობს, ევროკავშირს გადააბრალოს, თავად რომ ვერ ან არ ცდილობს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებას.
- ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე არა ერთხელ აღნიშნეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება შეიძლება აღმოჩნდეს დაბრკოლება საქართველოს ევროინტეგრაციას გზაზე. ოპოზიცია ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებასაც“ სწორედ ის უნდა, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. ასეთ მოცემულობაში რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას დასავლეთმა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის უკვე საკმაოდ სოლიდური რესურსი აქვს გახარჯული?
- ჯერჯერობით ისევ შეეცდებიან „ქართული ოცნებაზე“ გავლენის მოხდენას და ამ პოლიტიკური ჯგუფის ანტიდასავლური ხუშტურების როგორმე განეიტრალებას. მგონია, რომ წლის ბოლომდე მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, თუ რა მოხდება უკრაინაში ამ ერთი წლის განმავლობაში.
- რა შეიძლება გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი, რის გამოც დასავლეთი აღარ გაითვალისწინებს საქართველოში ამ დრომდე ჩადებულ რესურსს, საკუთარ ინტერესებსა და პრინციპულ უარს იტყვის ჩვენთვის სტატუსის მონიჭებაზე, ან რა შეიძლება იყოს ისეთი, რის გამოც „ქართული ოცნების“ ყველა „ხუშტურის“ მიუხედავად, სტატუსი მაინც მოგვცენ?
- ძალიან ბევრ ფაქტორზე შეიძლება საუბარი, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია უკრაინაში. რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი აუცილებლად იმოქმედებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე. თუ „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ რუსეთი უკრაინაში მარცხდება, სუსტდება ან ომი კიდევ ხანგრძლივდება და მოსკოვს საქართველოსთვის აღარ სცალია, მაშინ მხოლოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისადმი კი არა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მიმართაც შეცვლის დამოკიდებულებას. თუ დღევანდელი ვითარება შენარჩუნდება, მმართველი გუნდი ისევ ამ პოლიტიკას გააგრძელებს და ევროპას ისევ აქეთ დაადანაშაულებს, შესაბამისად, გამწვავდება შიდაპოლიტიკური მდგომარეობაც.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე