"ოპოზიციას 2024 წელს ძალიან დიდი გამოცდა ელოდება... ვინც იქ დარჩა, არც ღირსება აწუხებს და არც ჩვენი ქვეყნის მომავალი"
ნათქვამია, "მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, იმ მარცხს შეიძლება ეწოდოს ნამდვილი მარცხი, რომლისგანაც ვერაფერი ვისწავლეთ". დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ქართველ ერს არაერთი შეცდომა და მარცხი მოსვლია... საინტერესოა, როგორ აფასებს უახლოეს წარსულსა და თანამედროვე საქართველოში არსებულ სიტუაციას "მართლმსაჯულების სახლის" დამფუძნებელი ეკა ბესელია.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, ძალაუფლების უზურპაციისკენაა მიდრეკილი. პოლიტიკოსისთვის ყველაზე დიდი ცდუნებაა შეინარჩუნოს სტატუსი და ძალაუფლება, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნას ახლავს. ჩვენი დემოკრატია არ არის ისეთი მტკიცე და გამოცდილი, რომ "ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნების ცდუნება არ გასჩენოდა. ამიტომ "ოცნების" მთავარი მიზანი სწორედ ეს გახდა და არა - ხალხისთვის მიცემული დაპირებების შესრულება..."
"2018 წლის თებერვალში დავტოვე პარტია, რომლის შექმნაში ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის. დავტოვე იმიტომ, რომ დავინახე: არანაირი შანსი აღარ ჩანდა, რომ ხალხისთვის მიცემული დაპირებები შეგვესრულებინა, თუნდაც უკეთესი სასამართლოსთვის გვებრძოლა. მმართველმა პარტიამ ყველაზე მთავარი დაპირებაც ვერ შეასრულა: მან თვალი დახუჭა წარსული რეჟიმის შემოქმედ ადამიანებზე და განაცხადა - ისინი უკვე გამოსწორდნენ, რადგან ჩვენ გვემსახურებიანო..."
"მოქალაქეების აქტიურობას დიდი ძალა აქვს. ცხადია, იმდენი ხალხი, რამდენიც 24 თებერვალს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე გამოვიდა, ყოველთვის ვერ გამოვა, მაგრამ რამდენჯერაც გაბედავს და იტყვის კალაძე, კობახიძე ან სხვა, რომ ევროკავშირი არ გვინდა, ხალხმა პროტესტი იმდენჯერ უნდა გამოხატოს..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 2 მარტის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე