"მგზავრს ჩემზე უთქვამს, - ეგ თუ მფრინავია, არ გამოვფრინდები, მეშინიაო... არადა, მშვენივრად იმგზავრა" - თუში მფრინავის მაგდა ქააძის ჯვრისწერა სამხედრო ბაზაზე და ფრენის სიყვარული
"თუ მოინდომებ და დასახული მიზნის მისაღწევად ენერგიას არ დაიშურებ, შედეგს აუცილებლად მიიღებ“,- გვეუბნება მაგდა ქააძე, ერთ-ერთი ავიაკომპანიის ახალგაზრდა მფრინავი ქალი. როგორც გვიყვება, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალიან საინტერესო, საჭირო და არც ისე მარტივ პროფესიას დაუფლებოდა და პროფესიონალი გამხდარიყო.
"მფრინავობაზე ბავშვობაში არ მიოცნებია. კარგი მოსწავლე ვიყავი. ეს პროფესია სკოლას რომ ვამთავრებდი, მაშინ ავირჩიე. მანამდე საფრენოსნოზე ჩემი ძმა სწავლობდა, ამასთანავე, მყავს ბიძაშვილები, ნათესავები, ახლობლები, რომლებიც მფრინავები არიან... წარმოშობით თუში ვარ და ჩვენს სოფელში ამ პროფესიის ბევრი ადამიანია. ამიტომ ბავშვობაში ვერტმფრენთან აქტიური შეხება მქონდა, ის ჩემთვის ახალი ხილი არ იყო... თან მფრინავებზე და მათ გაბედულ ნამოქმედარზე არაერთი ამბავი მსმენია, რაც სულ მეამაყებოდა. ამ ყველაფერმა გავლენა ნამდვილად იქონია და სურვილი გამიჩნდა, საავიაციო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, სადაც აღმოვჩნდი კიდეც...“ - გვეუბნება მაგდა.
- ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ გქონიათ?
- ბავშვობაში ისეთი რაღაცები მიტაცებდა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემგან დიდად არ გაჰკვირვებიათ. მამამ - თუ გინდა, მიდი და შენი მიზნის მისაღწევად იმოქმედეო. რაკი მამამ თქვა, - კიო, - ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. ისე, ბავშვობიდან კიკბოქსინგში ვვარჯიშობდი, უნივერსიტეტში სწავლის დროს საქართველოს ნაკრებშიც ვიყავი. მერე ვინაიდან მფრინავებს ჯანმრთელობის კომისიის გავლა მუდმივად გვიწევს, ტრავმები არ იყო სახარბიელო და ამიტომ ამ სპორტს თავი დავანებე.
როცა იქ დავდიოდი, ახლობლები, კეთილისმსურველები, ძმაკაცები მამას ეუბნებოდნენ, - მანდ მაგდას რატომ ატარებო? მამა ჩემი ვარჯიშით, შეჯიბრებით ყოველთვის ინტერესდებოდა. იყო ჩემპიონატები, სტატიები გაზეთებში, სიუჟეტები ტელევიზიაში. მამა ჩემი სპორტული მიღწევებით კმაყოფილი იყო. ამას ახლობლები რომ იგებდნენ და ხედავდნენ, უკვე ნაკლებად უკვირდათ და კითხვებსაც აღარ სვამდნენ. თან ამ სპორტში ვარჯიშიც თანდათან ბევრმა დაიწყო, მათ შორის გოგონებმაც.
- როგორც მითხარით, მამა ცოცხალი აღარ არის...
- კი, გარდაცვლილია, მან მხოლოდ ის გაიგო, რომ საავიაციო უნივერსიტეტში ჩავაბარე, რაც ძალიან გაუხარდა... მერე თუშეთში ავარია მოხდა, მანქანით მოდიოდნენ და გზაში სიმაღლიდან გადავარდნენ. თუშეთის გზა მოგეხსენებათ, ძალიან რთულია. საჭესთან მამა არ ყოფილა, თუმცა მანქანაში სამნი იყვნენ და სამივე გარდაიცვალა... მოკლედ, ჩემთვის მშობლის ასეთი მხარდაჭერა დიდი სტიმული იყო. მამა ისეთი კაცი გახლდათ, სიტყვა ეთქმოდა, ის გვერდში მედგა, მიაჩნდა, რომ შვილის გადაწყვეტილებისთვის პატივი უნდა ეცა. როგორც ვთქვი, მისი ასეთი პოზიციის გამო საზოგადოების დამოკიდებულებაც იცვლებოდა.
- დედამ რა გითხრათ?
- ჩემი მხრიდან დედაც მიჩვეული იყო ასეთ ნაბიჯებს. უბრალოდ, მითხრა, რომ რთული პროფესია იქნებოდა, მაგრამ რადგან გადავწყვიტე, იცოდა, რომ ამისთვის მაინც ყველაფერს გავაკეთებდი.
- როგორი აღმოჩნდა სწავლის პროცესი?
- უნივერსიტეტში რაღაც პერიოდი თეორიულ მასალას სწავლობ, გარკვეული დრო პრაქტიკულ სწავლებას, ფრენას ეთმობა. თელავის აეროპორტში დავფრინავდით, პირველი კურსანტები ვიყავით, ვინც იქ სწავლა დავიწყეთ. იმ აეროპორტში ახლაც ხშირად დავდივარ, რადგან ჩემი ქმარია უკვე ინსტრუქტორი. ისიც მფრინავია.
- ე.ი. ძმა და ქმარიც მფრინავები არიან...
- მამას თუშეთში საქონელი ჰყავდა და მეურნეობას მისდევდა. ასევე ბინა გვაქვს იქ, საძოვარი. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩემს ძმას მოუწია ამ მოვალეობის საკუთარ თავზე აღება. გადაწყვიტა წასულიყო და საქონლისთვის მიეხედა. სხვა გზა არ იყო, რადგანაც საკმაოდ დიდი ფერმაა... ამიტომ ამ ყველაფერს ჩამოცილდა. (გააგრძელეთ კითხვა)