"ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ცოლი ფეხმძიმედ ხვდება... მას ლამაზი ვაჟკაცი შეუჩნდება და შეაცდენს" - ქართული ფილმი ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით - კვირის პალიტრა

"ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ცოლი ფეხმძიმედ ხვდება... მას ლამაზი ვაჟკაცი შეუჩნდება და შეაცდენს" - ქართული ფილმი ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით

"ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ფატი ფეხმძიმედ ხვდება. სახელგატეხილი ქალი თავს იხრჩობს... სასოწარკვეთილი სიკო კი სახლ-კარს გადაწვავს და თავადაც იღუპება", - ქართული ფილმი ნატო ვაჩნაძის მონაწილეობით.

ფილმი, რომელიც დღევანდელობას განსაკუთრებულად ეხმიანება.

როგორც ცნობილია, საქართველოში ძველი ფილმები ეტაპობრივად ბრუნდება... მალე ჩამოიტანენ ფილმს „ვინ არის დამნაშავე?“, რომელიც ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა...

ლეო ანთაძე, მსახიობი:

- ბებიაჩემი - ნინო ნაკაშიძე საბავშვო მწერალი გახლდათ. თავის დროზე, ძალიან ცნობილი პიროვნება იყო და უფროსი თაობიდან მის მიერ წარმოთქმული სიტყვა ილია ჭვაჭავაძის საფლავთან ყველას ახსოვდა... მოგეხსენებათ, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, უდიდესი პიროვნებები გამოვიდნენ სიტყვით და მათ შორის - ბებიაჩემი, რომლის სიტყვამაც ხალხზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან დიდხანს იხსენებდნენ... სკოლაში ჩემი ქართულის პედაგოგი ბაბო მჭედლიძე გახლდათ და ამ ამბავს ისიც ხშირად იგონებდა... სხვათა შორის, ეს სიტყვა მაშინდელ თაობაში ძალიან გავრცელდა.

filmm-1-1678043714.jpg

ნინო ნაკაშიძეს ეკუთვნოდა პიესა - „ვინ არის დამნაშავე?“ და მიხედვით ალექსანდრე წუწუნავამ ფილმი გადაიღო... სხვათა შორის, ფილმი დღევანდელობას ძალიან ეხმიანება: ღარიბი ოჯახია და მამაკაცი საშოვარზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მიდის. იგი იმდენად საოცარი ცხენოსანია, ამერიკაში, ცირკში გამოდის, თავის ოსტატობას აჩვენებს და მნიშვნელოვან წარმატებასაც აღწევს. მის აქ დატოვებულ ცოლს კი ლამაზი ვაჟკაცი შეუჩნდება და შეაცდენს... ამერიკაში გამდიდრებული მამაკაცი, შინ საჩუქრებით რომ ბრუნდება, ამ ამბავს გაიგებს და მთელ სახლს გადაწვავს, ყველაფერს ცეცხლს მისცემს... აქ ის მორალია, რომ ჯობია, შენს ქვეყანაში ღარიბულად იცხოვრო, ვიდრე წახვიდე და ასე დაგემართოს...

ფილმი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, შალვა დადიანმა რეცენზია მიუძღვნა, რომელიც ბოლოს ასე მთავრდებოდა: "ვაშა, მსახიობებს, ვაშა, რეჟისორს, ვაშა და ვაშა, პიესის ავტორს!"

ამ სპექტაკლში წამყვანი მსახიობები თამაშობდნენ, მთავარ როლს კი ნატო ვაჩნაძე ასრულებდა...

filmm-2-1678043727.jpg

ქართული ფილმი "ვინ არის დამნაშავე?"

ჟანრი: მელოდრამა

სიუჟეტი: ახალგაზრდა გლეხი სიკო, ფულის შოვნის მიზნით ამერიკაში მიემგზავრება ცირკის მოჯირითედ. შინ რჩებიან ცოლ-შვილი და მოხუცებული დედა. ქმრის გამგზავრების შემდეგ სიკოს ცოლს, ფატის შვილი უკვდება. მეზობელი ბესია გასაქანს არ აძლევს მარტოხელა ქალს. ფატის დედამთილი, სალიხე, რომელიც სიკოს გამოგზავნილი ფულით ბესიას დახმარებით სახლს იშენებს, ხელს უწყობს მათ დაახლოებას. ბესია საწადელს აღწევს და ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ფატი ფეხმძიმედ ხვდება. სახელგატეხილი ქალი თავს იხრჩობს. თუმცა სალიხე შვილს ახალ ოდას ახვედრებს და უკეთესი ცოლის შერთვასაც ჰპირდება, სასოწარკვეთილი სიკო სახლ-კარს გადაწვავს და თავადაც იღუპება.

სცენარის ავტორი: ალექსანდრე წუწუნავა ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხ.

ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი მხატვარი: დიმიტრი შევარდნაძე

როლებში: კოტე მიქაბერიძე (სიკო), ცეცილია წუწუნავა (სალიხე), ნატო ვაჩნაძე (ფატი), დიმიტრი ყიფიანი (ბესია), ვლადიმერ ტრაპაიძე (ისიდორე, სიკოს ძმა), არკადი ხინთიბიძე (ყარამანი), ნიკოლოზ კახიძე (ჯეკი, კოვბოების შეფი), სოფია ჟოზეფი (ჟანეტა, ცირკის მსახიობი), კოტე ანდრონიკაშვილი (ცირკის დირექტორი), ვასილ (ვასო) არაბიძე (მაჭანკალი), ელისაბედ ჩერქეზიშვილი (ჯუფანა, ექიმბაში), მიხეილ გელოვანი (ეპიზოდი)

ხანგრძლივობა: 2836 მ. ფერი: შავ-თეთრი

ფილმი 1966 წელს აღადგინა და გაახმოვანა რეჟისორმა კ. გრძელიშვილმა

filmm-1678043742.jpg

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გამოფენა ფილმის - „ვინ არის დამნაშავეს“ შესახებ...

"ფილმი, რომლის შესახებაც გამოფენა მოგითხრობთ, არის ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე“. იგი 1924 წელს გადაიღეს, ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით, მთავარ როლებში არიან ნატო ვაჩნაძე და კოტე მიქაბერიძე.

ფილმის სიუჟეტი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და ეძღვნება გურული მხედრების მოგზაურობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლებიც იქაურ ცირკში „უაილდ-ვესთის“ შოუში მონაწილეობდნენ და ჯირითით ფულს აგროვებდნენ. ერთი ოჯახის ტრაგედია რეალისტურად გამოხატავს იმ ეპოქის სინამდვილეს, რამაც ფილმს პოპულარობა მოუტანა... ალექსანდრე წუწუნავას უნდოდა, ეჩვენებინა გრანდიოზული მასობრივი ეპიზოდები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა მაყურებლებზე. მან გადაწყვიტა, ფილმში ამერიკული ველური დასავლეთის შოუების კადრები ჩაერთო, ამიტომ იგი მიადგა გურული ცხენოსნების ოჯახს, ვერიკო და მარო კვიტაიშვილებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში მონაწილეობდნენ ამერიკულ შოუში, თავიანთ გუნდთან ერთად. რეჟისორი მათი დახმარებით დაწვრილებით გაეცნო ამერიკული ცირკის კონსტრუქციებს, შემორჩენილი სურათებითა და აფიშებით შეისწავლა მონაწილეთა და ცირკის მსახიობთა კოსტიუმები. ამ მხრივ, კვიტაიშვილებს უამრავი მასალა აღმოაჩნდათ...

გადაღება დაიწყო „საქართველოს კინომრეწვის“ ეზოში. ხუთ დღეში აშენდა სამწრიანი ამერიკული ცირკი, შეიკერა ინდიელების, მოცეკვავეებისა და მოჯირითეების კოსტიუმები, ძირითად სცენებში იღებდნენ ამერიკასა და ევროპაში ნამყოფ მოჯირითეებს, მათ შორის იყვნენ კვიტაიშვილები. გარდა მოჯირითეებისა, საჭირო იყო ორი ათასამდე „ამერიკელი“ მაყურებელი, ვინც დარბაზს შეავსებდა, რაც ადვილად გადაწყდა. ყველა მსურველს იღებდნენ იმ პირობით, რომ ევროპულ კოსტიუმებში უნდა ყოფილიყვნენ გამოწყობილნი. მოსალოდნელზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. ვინც თავისი ჩაცმულობით ძალიან ჰგავდა ამერიკელს, მისვლისთანავე უშვებდნენ, ნახევრად ამერიკელს კი „ოქროს თადარიგში“ აყენებდნენ...

ფილმი „ვინ არის დამნაშავე?“ ორ სერიად იყო გადაღებული, მაგრამ მოსკოვში, „სახ. კინომრეწვში“, კინოსურათი შეკვეცეს და ქართველი მოჯირითეების ნაცვლად, „კავკასიელი მოჯირითეები“ დაწერეს ტიტრებში, რაზეც წუწუნავას მწვავე პროტესტი ჰქონდა, მაგრამ - უშედეგოდ. მიუხედავად ამისა, ფილმს დიდი წარმატება ჰქონდა. ბევრ ქვეყანაში უჩვენეს და დიდი მოგება მოუტანა ქართულ კინომრეწველობას...

(სპეციალურად საიტისთვის)