"თითქოს ბადრი ესებუა შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და დაქორწინება უნდოდა, რეალობას არ შეესაბამება" - რას აცხადებს ადვოკატი?
ბადრი ესებუას ადვოკატ ალექსანდრე კობაიძისთვის არანაირი წერილი არ გადაუცია, - ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძემ და ნიკა მემანიშვილმა გაავრცელეს ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამება.
ჯანაშია თქმით, თითქოს ბადრი ესებუას შეყვარებული ჰყავდა და ამის გამო გადმოვიდა აფხაზეთიდან, სიმართლეს არ შეესაბამება.
"რაც შეეხება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს, ცოტა რთული საკითხია, ამასთან დაკავშირებით ორი პროცესია კომენტარი არ გამიკეთებია, თუმცა გაუგებარი მდგომარეობა გრძელდებოდა. გუშინ, როცა საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშებს იღებდნენ, ვიყავით ესებუასთან და ბუნებრივია გვქონდა ამაზე საუბარი. ანუ გავრცელებული სიუჟეტი, რაც ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ და ასევე, ჩემთვის უცნობმა მეორე ადვოკატმა, რომელიც უცნობი იყო ბადრი ესებუასთვისაც, გაავრცელეს ინფორმაცია, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. არანაირი წერილი ბადრი ესებუას ადვოკატისთვის არ გადაუცია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შეყვარებული ჰყავდა და შეყვარებულის გამო იყო გადმოსული აფხაზეთის ტერიტორიიდან და უნდოდა დაქორწინება, შემდეგ მისი დაკავება სხვა ადგილას მოხდა. თითქოს ბათუმსა და თბილისში იყო. ასეთი ინფორმაცია როგორც გავიგეთ ბადრი ესებუას არ მიუცია, არც იმის უფლება მიუცია ადვოკატისთვის ასეთი ინფორმაცია გაევრცელებინა, მისი ნებართვის გარეშე.
ესებუას ინტერესებს დამცველის თქმით, ადვოკატი ჭორაობით არ უნდა იყოს დაკავებული . მისივე თქმით, ესებუამ კობაიძის აცილებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
"ორი პროცესი ვიცავდი კოლეგიალობას, არ მინდოდა კოლეგის მიმართ ზედმეტად რადიკალური ვყოფილიყავი, მაგრამ დღეს ვამბობ, რომ ადვოკატი ჭორაობით კი არ უნდა იყოს დაკავებული, არამედ თავის მოვალეობას უნდა ასრულებდეს და უნდა იცავდეს პირის ინტერესებს. ბადრიმ დღეს მიიღო გადაწყვეტილება და ალექსანდრე კობაიძე გაათავისუფლა თავისი დაცვის მოვალეობისგან “, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.
შეგახსენებთ, დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ წაიკითხა ბადრი ესებუას განცხადება, სადაც ის უარს ამბობს მისი ინტერესები ალექსანდრე კობაიძემ დაიცვას.
"ინტერპრესნიუსი"