"სამწუხაროდ მივიჩნევთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული"
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის განხილვების გარეთ დატოვება.
„განხილული საკითხები, რომელიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს და, მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის თაობაზე ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ 28 თებერვალს გაავრცელა. პრესსამსახურის ინფორმაციის თანახმად, სხდომაზე განიხილეს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.
"ინტერპრესნიუსი"