"ეს არის ტექნოლოგია, რომელიც, სამწუხაროდ, მუშაობს და საკმაოდ ეფექტური იარაღია რუსეთის იმპერიის ხელში..." - რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ეს არის ტექნოლოგია, რომელიც, სამწუხაროდ, მუშაობს და საკმაოდ ეფექტური იარაღია რუსეთის იმპერიის ხელში..." - რას წერს გია ხუხაშვილი

"მთავარი კითხვა უნდა იყოს არა ის, გვინდა თუ არა დასავლეთი, არამედ - დასავლეთი გვირჩევნია, თუ რუსეთი, რადგან მესამე არჩევანი არ არსებობს", - წერს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.

"ბოროტება კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ყოველთვის პოულობს სიკეთის სისუსტეებს. ამ სისუსტეებს წარმოადგენს, როგორც სიკეთის მთავარ მახასიათებელს და სისტემურად ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ რეალურად არჩევანი არის არა სიკეთესა და ბოროტებას, არამედ ორ ბოროტებას შორის.

ეს არის ტექნოლოგია, რომელიც, სამწუხაროდ, მუშაობს და საკმაოდ ეფექტური იარაღია რუსეთის იმპერიის ხელში პოსტ-საბჭოური სისტემების მოსაწამლად და დასამორჩილებლად.

ეს მუშაობს მანამდე, სანამ საზოგადოებას ვუსვამთ კითხვას - გვინდა თუ არა დასავლეთი?

არ არსებობს არაფერი იდეალური და შესაბამისად ბოროტება ყოველთვის იპოვის დასავლეთში სისუსტეებს, რომელზე აპელირებითაც, თუ ვერ შეგვაძულებს, ეჭვებს მაინც გაგვიჩენს… ამიტომ, საჭიროა საზოგადოებაში მორალური სიცხადის დანერგვა.

შესაბამისად, მთავარი კითხვა უნდა იყოს არა ის, გვინდა თუ არა დასავლეთი, არამედ - დასავლეთი გვირჩევნია, თუ რუსეთი, რადგან მესამე არჩევანი არ არსებობს.

თუ პოლიტიკური და სამოქალაქო კლასი მოახერხებს ხალხის ცნობიერებაში ამ მთავარი კითხვის შესაბამის კორექტირებას, ყველაფერი კარგად იქნება…", - წერს ხუხაშვილი.