"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მისი სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება" - Amnesty International და Human Rights Watch მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - კვირის პალიტრა

"საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს მისი სამედიცინო ნიშნით გათავისუფლება" - Amnesty International და Human Rights Watch მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით

საქართველოს ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უარს ეუბნება ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე, აყენებს მას სიკვდილის, ან ჯანმრთელობის სხვა შეუქცევადი ზიანის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ Amnesty International-ისა და Human Rights Watch-ის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

„მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა შესაძლოა, წამებას ან სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას უთანაბრდებოდეს და მის სიცოცხლეს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის მოადგილემ დენის კრივოშეევმა.

მისი თქმით, სამედიცინო დახმარებაზე მიზანმიმართულად უარის თქმის შედეგად პატიმრობაში მყოფი ადამიანის სიკვდილი არის სიცოცხლის თვითნებური აღკვეთა, რაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობით სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

„საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, მათ შორის, განიხილოს მისი გათავისუფლება სამედიცინო ნიშნით“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა.

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი მიიჩნევს, რომ „პატიმრობა არ უნდა ნიშნავდეს სასიკვდილო განაჩენს, სადაც განკურნებადი დაავადებები ტრაგიკულად ფატალური ხდება“.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს ქვეყნის სისხლის სამართლის სისტემის ამ ასპექტის გაჰუმანურება და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„მათ უნდა დაიწყონ ისეთი ზომების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამედიცინო დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, ითვალისწინებს ნებისმიერი ადამიანის პატიმრობიდან გათავისუფლებას, ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პატიმრობაში დარჩენისთვის ქმედუუნაროდ ითვლება“, - აცხადებს ჰიუ უილიამსონი.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ჯერ არ მიუღიათ პასუხი 2023 წლის 10 თებერვალს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსადმი მიწერილ ერთობლივ წერილზე, სადაც ასახული ორგანიზაციების შეშფოთება.

IPN